ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 4


1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ.

2. და შემატა და შვა მისი ძმა აბელი. და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაინი იყო მიწათმოქმედი.

3. და იყო, გავიდა დღეები და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან მსხვერპლი უფალს,

4. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს,

5. ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაინი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე.

6. და უთხრა უფალმა ღმერთმა კაინს: რად შეწუხდი და რად შეგეჭმუხნა სახე?

7. არც სწორედ შემოსწირე, არც სწორად გაყავი, შესცოდე? გაჩუმდი; შენკენ მობრუნდება იგი და შენ იბატონებ მასზე.

8. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველზე. და იყო, მათი ველზე ყოფნისას აღდგა კაინი აბელის, თავისი ძმის, წინააღმდეგ და მოკლა იგი.

9. და უთხრა ღმერთმა კაინს: სად არის აბელი, შენი ძმა? ხოლო მან თქვა: არ ვიცი. განა ჩემი ძმის მცველი ვარ მე?

10. და თქვა ღმერთმა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან.

11. და ახლა წყეული იყავ მიწისგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან;

12. რადგან დაამუშავენ მიწას, და არ შეგმატებს თავის ძალას, და არ მოგცემს შენ; შევიწროებული და შეძრწუნებული იქნები ქვეყანაზე.

13. და უთხრა კაინმა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული, ვიდრე მომეტევება მე.

14. თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და იქნება, ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე.

15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე; ყველა, კაინის ყოველი მკვლელი, შვიდგზის შურისგებული იქნება. და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.

16. და გამოვიდა კაინი ღვთის პირისაგან და დასახლდა ნაიდის ქვეყანაში, ედემის პირდაპირ.

17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ენოქი, და ააშენა ქალაქი და დაარქვა ქალაქს თავისი ძის სახელის მიხედვით - ენოქი.

18. და შეეძინა ენოქს გაიდადი, გაიდადმა შვა მაიელი, და მაიელმა შვა მათუსალა, და მათუსალამ შვა ლამექი.

19. და მოიყვანა თავისთვის ლამექმა ორი ცოლი, ერთის სახელი - ადა, და მეორის სახელი - სელა.

20. და შვა ადამ იობელი; ეს იყო კარვებში მცხოვრებ მესაქონლეთა მამა.

21. და მისი ძმის სახელი - იუბალი; ეს იყო წარმომჩენი ქნარისა და ებნისა.

22. ხოლო სელამ კი შვა თობელი, და იყო ჭედვის ოსტატი, სპილენძისა და რკინის მჭედელი. ხოლო თობელის და იყო ნოემა.

23. და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: ადა და სელა, ისმინეთ ჩემი ხმისა, ლამექის ცოლებო, ყურადიღეთ ჩემი სიტყვები, რადგან კაცი მოვკალი ჩემს წყლულად და ჭაბუკი - ჩემს საგვემად,

24. რადგან შვიდგზის შურისგებულია კაინისგან, ხოლო ლამექისგან - სამოცდაჩვიდმეტგზის.

25. ხოლო შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ძე და დაარქვა მისი სახელი სეითი და თქვა: რადგან აღმიდგინა მე ღმერთმა სხსვა თესლი აბელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა.

26. და სეითს შეეძინა ძე, და დაარქვა მისი სახელი ენოსი;  ეს სასოებდა და უხმობდა უფალი ღმერთის სახელს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი