ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 3
1. ხოლო გველი იყო უგონიერესი ყველა მხეცს შორის ქვეყანაზე, რომლებიც შექმნა
უფალმა ღმერთმა; და უთხრა გველმა დედაკაცს: რატომ თქვა ღმერთმა: არ ჭამოთ სამოთხის
ყველა ხიდან?
2. და უთხრა დედაკაცმა გველს: სამოთხის ყველა ხის ნაყოფიდან ვჭამთ,
3. ხოლო ხის ნაყოფიდან, რომელიც არის სამოთხის შუაში, - თქვა ღმერთმა, - არ
ჭამოთ მისგან, არც შეეხოთ მას, რომ არ მოკვდეთ.
4. და უთხრა გველმა დედაკაცს: სიკვდილით არ მოკვდებით;
5. რადგან იცოდა ღმერთმა, რომ რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, აგეხილებათ თქვენ
თვალები და იქნებით, როგორც ღმერთები, შემცნობელნი კეთილისა და ბოროტისა.
6. და იხილა დედაკაცმა, რომ კარგია ხე საჭმელად და რომ საამოა თვალთათვის
სახილველად და მშვენიერია შესაცნობად, და აიღო მისი ნაყოფი და შეჭამა; და მისცა თან
თავის ქმარსაც, და შეჭამეს.
7. და აეხილა თვალები ორივეს, და შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ, და შეკერეს
ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს თავისთვის შემოსარტყმელები.
8. და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც დადიოდა სამოთხეში საღამოს, და
დაიმალნენ ადამიც და მისი ცოლიც უფალი ღმერთის პირისგან სამოთხის ხის შუაში.
9. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: ადამ, სადა ხარ?
10. და უთხრა მას: შენი ხმა გავიგონე, როცა დადიოდი სამოთხეში და შემეშინდა,
რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.
11. და უთხრა მას: ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ, თუ არ ჭამე იმ ხიდან,
რომელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა?
12. და თქვა ადამმა: დედაკაცმა, რომელიც მომეცი მე, მან მომცა მე ხიდან, და
ვჭამე.
13. და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ქენი? და თქვა დედაკაცმა: გველმა
მაცდუნა მე, და ვჭამე.
14. და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რადგან გააკეთე ეს, წყეული იყავ შენ ქვეყნის
ყველა პირუტყვს შორის და ყველა მხეცს შორის; შენს მკერდზე და მუცელზე ივლი და მიწას
შეჭამ შენი ცხოვრების ყოველ დღეს.
15. და მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენ თესლსა და მის თესლს
შორის; იგი ჩაუსაფრდება შენს თავს, და შენ ჩაუსაფრდები მის ტერფს.
16. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს
ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე
იბატონებს.
17. ხოლო ადამს უთხრა: რადგან ისმინე შენი ცოლის ხმისა და შეჭამე ხიდან,
რემელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა, წყეული იყოს მიწა შენი
საქმეებით; მწუხარებით შეჭამ მას შენი ცხოვრების ყოველ დღეს;
18. ეკალსა და ნარს აღმოგიცენებს შენ, და შეჭამ მინდვრის ბალახს.
19. შენი პირის ოფლით შეჭამ შენს პურს, ვიდრე მიუბრუნდები შენ მიწას,
რომლისგანაც ხარ აღებული; რადგან მიწა ხარ და მიწას დაუბრუნდები.
20. და უწოდა ადამმა სახელი თავის ცოლს - ცხოვრება, რადგან იგია დედა ყოველი
მცხოვრებისა.
21. და გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსი და შემოსა
ისინი.
22. და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი
კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების
ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ.
23. და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის
დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული.
24. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და
დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|