ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 2


1. და დასრულდა ცა და ქვეყანა და მთელი მათი მორთულობა.

2. და დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმეები, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა.

3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა.

4. ეს არის წიგნი ცისა და ქვეყნის შექმნისა, როდესაც შეიქმნა, რომელ დღესაც შექმნა უფალმა ღმერთმა ცა და ქვეყანა,

5. და ველის მთელი სიმწვანე, ვიდრე შეიქმნებოდა ქვეყანაზე, და ველის ყველა მცენარე, ვიდრე აღმოცენდებოდა; რადგან არ უწვიმებია ღმერთს ქვეყანაზე, და კაცი არ იყო, რომ დაემუშავებინა მიწა.

6. ხოლო წყარო ამოდიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელს ზედაპირს.

7. და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად.

8. და გააშენა უფალმა ღმერთმა სამოთხე ედემში, აღმოსავლეთით, და დადო იქ კაცი, რომელიც გამოსახა.

9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.

10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ოთხ სათავედ.

11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მთელს ქვეყანას, იქ, სადაც არის ოქრო;

12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; და იქ არის ანთრაკი და მწვანე ქვა.

13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.

14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.

15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

16. და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: სამოთხის ყველა ხიდან ჭამით ჭამე,

17. ხოლო ხიდან კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა არ ჭამოთ, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით.

18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი.

19. და გამოსახა კიდევ ღმერთმა მიწისგან ველის ყველა მხეცი და ცის ყველა ფრინველი, და მიუყვანა ისინი ადამს, რათა ენახა, რას უწოდებდა მათ; და ყოველივე, რაც უწოდა ადამმა ცოცხალ სულს, ეს არის მისი სახელი.

20. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს და ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა მხეცს, ხოლო ადამს არ მოეძებნა შემწე, თავისი მსგავსი.

21. და მოჰგვარა ღმერთმა გაოგნება ადამს და დააძინა; და აიღო ერთი მის გვერდთაგან და ამოავსო ხორცით მის ნაცვლად.

22. და აუშენა ღმერთმა გვერდი, რომელიც აიღო ადამისგან, ცოლად, და მიუყვანა იგი ადამს.

23. და თქვა ადამმა: ეს არის ახლა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული იგი.

24. ამის გამო დატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, და იქნებიან ორნი ერთხორცი.

25. და იყო ორივე შიშველი, ადამიც და მისი ცოლიც, და არა რცხვენოდათ.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი