ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 1


1. დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა.

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.

3. და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.

4. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი.

5. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი.

6. და თქვა ღმერთმა: იქმნას სამყარო წყლის შუაში და იყოს გამყოფი წყალსა და წყალს შორის. და იქმნა ასე.

7. და შექმნა ღმერთმა სამყარო, და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც იყო სამყაროს ქვემოთ, და წყალი სამყაროს ზემოთ.

8. და უწოდა ღმერთმა სამყაროს ცა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეორე.

9. და თქვა ღმერთმა: შეიკრიბოს წყალი ცის ქვეშ ერთ შესაკრებელში, და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. და შეიკრიბა წყალი ცის ქვეშ თავის შესაკრებლებში, და გამოჩნდა ხმელეთი.

10. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა ნაკრებს უწოდა ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

11. და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იქმნა ასე.

12. და გამოიღო მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მესამე.

14. და თქვა ღმერთმა: იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა, გასაყოფად ერთმანეთისაგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად,

15. და იყვნენ გასანათებლად ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე. და იქმნა ასე.

16. და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: დიდი მნათობი - დღის განმგებლად და მცირე მნათობი - ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.

17. და დაადგინა ისინი ღმერთმა ცის სამყაროში, რათა ანათებდნენ ქვეყანაზე.

18. და განაგებდნენ დღეს და ღამეს და ყოფდნენ ერთმანეთისაგან ნათელსა და ბნელს. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეოთხე.

20. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს წყლებმა ქვეწარმავლები ცოცხალი სულით და ფრინველები, რომლებიც იფრენენ ქვეყანაზე, ცის სამყაროს შესაბამისად. და იქმნა ასე.

21. და შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და ყოველი სული ცოცხალ ქვეწარმავალთა, რომლებიც გამოიღებს წყლებმა მათი გვარისაებრ, და ყოველი ფრთოსანი ფრინველი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

22. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ წყლები ზღვებში, და ფრინველები გამრავლდნენ ქვეყანაზე.

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეხუთე.

24. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სული გვარისაებრ, ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი და მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ. და იქმნა ასე.

25. და შექმნა ღმერთმა მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ და პირუტყვი გვარისაებრ და ყოველი ქვეწარმავალი ქვეყნისა მათი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.

26. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.

27. და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.

29. და თქვა ღმერთმა: აჰა, მოგეცით თქვენ ყველა დასათესი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც არის მთელი მიწის ზედაპირზე, და ყველა ზე, რომელსაც აქვს თავის თავში ნაყოფი დასათესი თესლისა, - თქვენთვის იქნება საჭმელად

30. და ქვეყნის ყველა მხეცისთვის და ცის ყველა ფრინველისთვის და ყველა ქვეწარმავლისთვის, რომელიც დახოხავს მიწაზე, რომელსაც აქვს თავის თავში სიცოცხლი სული, ყველა მწვანე მცენარე იქნება საჭმელად. და იქმნა ასე.

31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე.

 

სარჩევი - - - შემდეგი