ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 35


1. და უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და ადი ბეთელში და დასახლდი იქ და გაუკეთე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გეჩვენა შენ, როცა გარბოდი ესავის, შენი ძმისგან.

2. და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველა მასთან მყოფს: მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც არიან თქვენთან, და განიწმინდეთ და გამოიცვალეთ თქვენი სამოსი,

3. და ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში და გავუკეთოთ იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელმაც შეისმინა ჩემი გაჭირვების დღეს და რომელიც იყო ჩემთან და მიხსნა მე გზაზე, რომელზეც დავდიოდი.

4. და მისცეს იაკობს უცხო ღმერთები, რომლებიც იყო მათ ხელში, და საყურეები, რომლებიც ჰქონდათ ყურებზე, და დამალა ისინი იაკობმა ბელეკონის ქვეშ სიკიმში და გაანადგურა ისინი დღევანდელ დღემდე.

5. და დაიძრა ისრაელი სიკიმიდან და იყო ღვთის შიში ქალაქებზე, რომლებიც იყო მათ გარშემო, და არ დაედევნენ უკან ისრაელის ძეებს.

6. და მივიდა იაკობი ლუზაში, რომელიც არის ქანაანის ქვეყანაში და რომელიც არის ბეთელი, ის და მთელი ხალხი, რომელიც იყო მასთან.

7. და ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელი ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გარბოდა იგი ესავისგან, თავისი ძმისგან.

8. და მოკვდა დებორა, რებეკას გამზრდელი, და დაიმარხა ბეთელის დაბლა, მუხის ქვეშ, და უწოდა იაკობმა მას სახელი გლოვის მუხა.

9. და ეჩვენა ღმერთი იაკობს კვლავ ლუზაში, როცა მივიდა ასურეთის შუამდინარეთიდან, და აკურთხა იგი ღმერთმა.

10. და უთხრა მას ღმერთმა: შენი სახელია იაკობი; აღარ გეწოდება იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი.

11. და უთხრა მას ღმერთმა: მე ვარ ღმერთი შენი; აღორძინდი და გამრავლდი; ხალხები და ხალხთა კრებულები იქნებიან შენგან და მეფენი შენი წელიდან გამოვლენ.

12. და ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისააკს შენ მოგეცი იგი; შენი იქნება და შენს თესლს შენ შემდეგ მივცემ ამ ქვეყანას.

13. და ამაღლდა ღმერთი მისგან იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკა მას.

14. და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა მას ღმერთი, ქვის სვეტი, და შესწირა მასზე შესაწირავი და დაასხა მასზე ზეთი.

15. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელი, იქ, სადაც ელაპარაკა მას ღმერთი, ბეთელი.

16. და დაიძრა იაკობი ბეთელიდან და აღმართა თავისი კარავი გადერის გოდლის გადაღმა. და იყო, როცა მიუახლოვდა ქაბრათაზე ეფრათას ქვეყანას, ვიდრე მივიდოდა, შვა რაქელმა და ძნელად შვა შობისას.

17. და იყო, როცა იგი მძიმეს შობდა, უთხრა მას ყრმის ამქმელმა: გამხნევდი, რადგან ესეც ძე გყავს შენ.

18. და იყო, როცა განუტევებდა იგი სულს, რადგან კვდებოდა, უწოდა მისი სახელი ძე ჩემი ტკივილისა; ხოლო მამამ უწოდა მას ბენიამინი.

19. და მოკვდა რაქილი და დაიმარხა ეფრათას ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი.

20. და აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე; ეს არის რაქელის სამარხის სვეტი დღევანდელ დღემდე.

21. და დაიძრა ისრაელი და აღმართა თავისი კარავი გადერის გოდლის გადაღმა.

22. და იყო, როცა დამკვიდრდა ისრაელი იმ ქვეყანაში, წავიდა რუბენი და დაწვა ბალასთან, თავისი მამის ხარჭასთან; და გაიგო ისრაელმა და ბოროტად გამოჩნდა მის წინაშე. და იყვნენ ისრაელის ძეები თორმეტნი.

23. ლიას ძეები: იაკობის პირმშო რუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისახარი, ზაბულონი.

24. რაქელის ძეები: იოსები და ბენიამინი.

25. ბალას, რაქელის მხევლის, ძეები: დანი და ნეფთალი.

26. ზელფას, ლიას მხევლის, ძეები: გადი და ასერი. ესენი არიან იაკობის ძეები, რომლებიც ეყოლა მას ასურეთის შუამდინარეთში.

27. და მივიდა იაკობი ისააკთან, თავის მამასთან, მამბრეში, ველის ქალაქში - ეს არის ქებრონი - ქანაანის ქვეყანაში, სადაც მწირობდნენ აბრაამი და ისააკი.

28. და იყო ისააკის დღეები, რაც იცოცხლა, ას ოთხმოცი წელი;

29. და დაილია და მოკვდა და შეუერთდა თავის მოდგმას მოხუცებული და დღესრული და დაასაფლავეს იგი ესავმა და იკობმა, მისმა ძეებმა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი