ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 34


1. და გავიდა დინა, ლიას ასული, რომელიც უშვა იაკობს, იქაური ასულების გასაცნობად.

2. და დაინახა იგი სიქემმა, ემორის ძემ, ქორელმა, იმ ქვეყნის მთავარმა, და წაიყვანა და დაწვა მასთან და დაამდაბლა იგი.

3. და შეეთვისა დინას, იაკობის ასულის, სულს და შეუყვარდა ქალწული და ელაპარაკა მას ქალწულის ფიქრისამებრ.

4. და უთხრა სიქემმა ემორს, თავის მამას, და თქვა: მომიყვანე მე ის ყმაწვილი ქალი ცოლად.

5. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ შებღალა ემორის ძემ დინა, მისი ასული; ხოლო მისი ძეები იყვნენ საქონელთან ველზე და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.

6. და გავიდა ემორი, სიქემის მამა, იაკობთან, რათა დალაპარაკებოდა მას.

7. ხოლო იაკობის ძეები მოვიდნენ ველიდან და როგორც კი გაიგეს, შეწუხდნენ კაცები და გამწარდნენ ისინი ძლიერ, რადგან შეურაცხყო ისრაელი, რომ დაწვა იაკობის ასულთან; და ასე არ უნდა მომხდარიყო.

8. და ელაპარაკა მათ ემორი და უთხრა: სიქემმა, ჩემმა ძემ, აირჩია თქვენი ასულის სული; მიეცით იგი მას ცოლად.

9. დაგვიმოყვრდით ჩვენ; თქვენი ასულები მოგვეცით ჩვენ და ჩვენი ასულები წაიყვანეთ თქვენი ძეებისთვის.

10. და ჩვენ შორის დამკვიდრდით, და ქვეყანა, აჰა, ვრცელია თქვენ წინაშე; დამკვიდრდით მასზე და ივაჭრეთ და მოიგეთ მასში.

11. და უთხრა სიქემმა მის მამას და მის ძმებს: ნეტავი, ვპოვო მადლი თქვენ წინაშე და რასაც იტყვით, მოგცემთ.

12. გაზარდეთ ურვადი ძლიერ და მოგცემთ, რასაც მეტყვით მე; და მომეცით მე ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.

13. ხოლო მიუგეს იაკობის ძეებმა სიქემს და ემორს, მის მამას, მზაკვრობით და უთხრეს მათ, რომ შებღალეს დინა, მათი და,

14. და უთხრეს მათ სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ლიას ძეებმა: არ შეგვიძლია ამ სიტყვის შესრულება - მიცემა ჩვენი დისა კაცისათვის, რომელიც წინადაუცვეთელია, რადგან დასაძრახია ჩვენთვის.

15. ამით დაგემსგავსებით თქვენ და დავმკვიდრდებით თქვენ შორის, თუ გახდებით თქვენც ჩვენსავით, თქვენი ყველა მამაკაცის დაცვეთით;

16. და მოგცემთ ჩვენს ასულებს თქვენ და თქვენი ასულებიდან მოვიყვანთ ჩვენ ცოლებს და დავსახლდებით თქვენთან და ვიქნებით, როგორც ერთი მოდგმა.

17. ხოლო თუ არ შეისმენთ ჩვენსას, რომ დაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულებს და წავალთ.

18. და მოეწონათ ეს სიტყვები ემორს და სიქემს, ემორის ძეს.

19. და არ დააყოვნა ჭაბუკმა ამ სიტყვის შესრულება, რადგან ეტრფოდა იაკობის ასულს; ხოლო თვითონ იყო ყველაზე დიდებული თავისი მამის სახლში.

20. და მივიდნენ ემორი და სიქემი, მისი ძე, თავისი ქალაქის კარიბჭესთან და დაელაპარაკნენ თავისი ქალაქის კაცებს და უთხრეს:

21. ეს კაცები მშვიდობიანები არიან; ჩვენთან დასახლდნენ ქვეყანაში და ივაჭრონ მასში, ხოლო ქვეყანა, აჰა, ვრცელია მათ წინაშე. მათს ასულებს მოვიყვანთ ჩვენ ცოლებად და ჩვენს ასულებს მივცემთ მათ.

22. მხოლოდ ამით დაგვემსგავსებიან ჩვენ ეს კაცები, როცა დასახლდებიან ჩვენთან, რომ ვიყოთ ერთი ერი ყველა ჩვენი მამაკაცის დაცვეთით, როგორც თვითონ არიან დაცვეთილები.

23. და მათი საქონელი და მათი ქონება და ოთხფეხი ჩვენი არ იქნება? მხოლოდ ამით დავემსგავსებით მათ და დასახლდებიან ჩვენთან.

24. და შეისმინა ემორისა და სიქემისა, მისი ძისა, ყველამ, ვინც გამოდიოდა მათი ქალაქის კარიბჭით, და დაიცვითა თავისი წინადაუცვეთელობის ხორცი ყოველმა მამაკაცმა.

25. და იყო მესამე დღეს, როცა ტკივილი ჰქონდათ, აიღო იაკობის ორმა ძემ, სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, თითოეულმა თავისი მახვილი, და შევიდნენ ქალაქში ფრთხილად და დახოცეს ყოველი მამაკაცი;

26. და ემორი და სიქემი, მისი ძე, დახოცეს მახვილის პირით და წამოიყვანეს დინა სიქემის სახლიდან და გამოვიდნენ.

27. ხოლო იაკობის ძეები შევიდნენ დაჭრილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რომელშიც შებღალეს დინა, მათი და;

28. და მათი ცხვრები და მათი ძროხები და მათი სახედრები, რაც იყო ქალაქში და რაც იყო ველზე, წაასხეს.

29. და მათი ყველა სულდგმული და მთელი მათი ჭურჭელი და მათი ცოლები დაატყვევეს და გაძარცვეს ყველაფერი, რაც იყო ქალაქში და რაც იყო სახლებში.

30. და უთხრა იაკობმა სიმეონს და ლევის: საძულველი გამხადეთ მე, რადგან ბოროტი ვიქნები მე ქვეყნის ყველა მკვიდრისთვის, ქანაანელებსა და ფერეზელებს შორის; ხოლო მე მცირე ვარა რიცხობრივად და შეკრებილნი ჩემ წინააღმდეგ გამანადგურებენ მე და მოვისპობი მე, და ჩემი სახლი.

31. ხოლო მათ უთხრეს: აბა, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას?

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი