ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 33
1. და აახილა იაკობმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ესავი, მისი ძმა, მოდის
და ოთხასი კაცი მასთან ერთად. და გაუნაწილა იაკობმა ბავშვები ლიას და რაქელს და ორ
მხევალს.
2. და დააყენა ორი მხევალი და მათი ძეები პირველებად და ლია და მისი ბავშვები -
უკან და რაქელი და იოსები - ბოლოს;
3. ხოლო თვითონ წაუძღვა მათ წინ და თაყვანი სცა მიწამდე შვიდგზის, ვიდრე
მიუახლოვდებოდა თავის ძმას.
4. და გაიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და დაემხო მის
ქედზე და ატირდა ორივე.
5. და აიხედა და დაინახა დედაკაცები და ბავშვები და თქვა: ვინ არიან ესენი შენი?
6. და მიუახლოვდნენ მხევლები და მათი შვილები და თაყვანი სცეს;
7. და მიუახლოვდა ლია, და მისი შვილები და თაყვანი სცეს; და ამის შემდეგ მიუახლოვდა
რაქელი, და იოსები და თაყვანი სცეს.
8. და თქვა: ვინ არიან ესენი შენი - მთელი ეს ბანაკები, რომლებსაც შევხვდი? ხოლო
მან უთხრა: რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე, ბატონო.
9. და უთხრა ესავმა: მე ბევრი მაქვს, ძმაო, გქონდეს შენი შენ.
10. და უთხრა იაკობმა: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მიიღე ძღვენი ჩემი ხელიდან,
რადგან ვიხილე შენი პირი, თითქოს ვინმეს ეხილოს ღვთის პირი, და კეთილად განეწყე
ჩემდამი;
11. მიიღე ჩემი სამადლობელი, რომელიც მოგართვი შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და
მაქვს მე ყველაფერი. და აიძულა იგი, და მიიღო.
12. და უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ პირდაპირ.
13. და უთხრა მას: ჩემმა ბატონმა იცის, რომ ბავშვები სათუთნი არიან, და ჩემი ცხვარი
და ძროხა იგებს; თუ გავრეკავ მათ ერთ დღეში, დაიხოცება მთელი საქონელი.
14. წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მონის წინ, ხოლო მე მოვძლიერდები გზაში ჩემ წინ
მავალთა ნელი სვლით და ბავშვების ნაბიჯით, ვიდრე არ მივალ მე ჩემს ბატონთან სეირში.
15. და უთხრა მას ესავმა: დავტოვებ შენთან იმ ხალხს, რომლებიც ჩემთან არიან. ხოლო
მან უთხრა: ეს რისთვის? საკმარისია, რომ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ბატონო.
16. და დაბრუნდა ესავი იმ დღეს თავისი გზით სეირში.
17. და იაკობი გაემართა კარვებისკენ; და აიშენა თავისთვის იქ სახლები. და თავის
საქონელს გაუკეთა კარვები; ამის გამო უწოდა იმ ადგილს სახელი კარვები.
18. და მივიდა იაკობი სალემში, სიკიმელთა ქალაქში, რომელიც არის ქანაანის
ქვეყანაში, როცა მივიდა ასურეთის შუამდინარეთიდან, და დაბანაკდა ქალაქის პირდაპირ.
19. და შეიძინა მიწის ნაკვეთი იქ, სადაც დადგა თავისი კარავი, ემორისგან, სიქემის
მამისგან, ას კრავად
20. და აღმართა იქ საკურთხეველი და მოუხმო ისრაელის ღმერთს.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|