ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 32


1. და ადგა ლაბანი განთიადისას და ეამბორა თავის ძეებს და თავის ასულებს და აკურთხა ისინი და დაბრუნდა ლაბანი და წავიდა თავის მხარეში.

2. და იაკობი წავიდა თავის გზაზე. და აიხედა და დაინახა ღვთის ბანაკი, დაბანაკებული, და შეხვდნენ მას ღვთის ანგელოზები;

3. და თქვა იაკობმა, როცა დაინახა ისინი: ღვთის ბანაკია ეს; და უწოდა იმ ადგილს სახელად ბანაკები.

4. და გაგზავნა იაკობმა მაცნეები თავისზე წინ ესავთან, თავის ძმასთან, სეირის ქვეყანაში, ედომის მხარეში,

5. და უბრძანა მათ და თქვა: ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს შენი მონა იაკობი: ლაბანთან ვმწირობდი და დავყოვნდი აქამდე.

6. და მყავს მე ძროხები და სახედრები და ცხვრები და მონები და მხევლები და გამოვგზავნე, რომ შევატყობინო ჩემს ბატონს, ესავს, რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე.

7. და დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და აჰა, მოდის შენს შესახვედრად და ოთხასი კაცი მასთან ერთად.

8. და შეეშინდა იაკობს ძლიერ და შეშფოთდა. და გაყო თავისთან მყოფი ხალხი და ძროხები და ცხვრები ორ ბანაკად

9. და თქვა იაკობმა: თუ მოვა ესავი ერთ ბანაკში და გაანადგურებს მას, მეორე ბანაკი გადარჩება.

10. და თქვა იაკობმა: ღმერთო ჩემი მამის, აბრაამისაო, და ღმერთო ჩემი მამის, ისააკისაო, უფალო, რომელმაც მითხარი მე: იჩქარე ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და სიკეთეს გაგიკეთებ შენ,

11. საკმარისია ჩემთვის მთელი სიმართლე და მთელი ჭეშმარიტება, რაც გაუკეთე შენს მონას, რადგან ჩემი კვერთხით გადავლახე ეს იორდანე, ხოლო ახლა ვიქეცი ორ ბანაკად.

12. მიხსენი მე ჩემი ძმის, ესავის, ხელისგან, რადგან მეშინია მე მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე დედაწულიანად.

13. ხოლო შენ თქვი: სიკეთეს კეთილად გაგიკეთებ შენ და ვაქცევ შენს თესლს, როგორც ზღვის ქვიშას, რომელიც არ დაითვლება სიმრავლის გამო.

14. და დაიძინა იქ იმ ღამეს. და აიღო, რაც ძღვენი მოჰქონდა, და გაუგზავნა ესავს, თავის ძმას;

15. თხა - ორასი, ვაცი - ოცი, ცხვარი - ორასი, ვერძი - ოცი,

16. მეწველი აქლემები და მათი კოზაკები - ოცდაათი, ძროხა - ორმოცდაათი, კურო - ათი, სახედარი - ოცი და ჩოჩორი - ათი.

17. და მისცა თავის მსახურებს ხელში სამწყსო სათითაოდ. და უთხრა თავის მსახურებს: წადით ჩემ წინ და დააშორეთ სამწყსო სამწყსოს.

18. და უბრძანა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდება შენ ესავი, ჩემი ძმა, და გკითხავს შენ და გეტყვის: ვისი ხარ და სად მიდიხარ და ვისია ეს, რაც შენ წინ მიდის,

19. უთხარი: შენი მონის, იაკობისა; ძღვენი გამოუგზავნა ჩემს ბატონს, ესავს, და აჰა, იგი ჩვენ უკან არის.

20. და უბრძანა პირველს და მეორეს და მესამეს და ყველა წინ მავალს, ვინც ამ სამწყსოს უკან მიდიოდა, და უთხრა: ამ სიტყვისამებრ უთხარით ესავს, როცა გნახავთ თქვენ იგი.

21. და უთხარით: აჰა, შენი მონა, იაკობი, მოდის ჩვენ უკან. რადგან თქვა: შემოვირიგებ მას ჩემ წინ მავალი ძღვნით და ამის შემდეგ ვნახავ მის პირს, იქნებ მიმიღოს მე.

22. და მიდიოდა ძღვენი მის წინ, ხოლო მან დაიძინა იმ ღამეს ბანაკში.

23. და ადგა იმ ღამეს და წაიყვანა თავისი ორი ცოლი და ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადალახა იაბოკის გადასასვლელი;

24. და წაიყვანა ისინი და გადალახა ნაღვარევი და გადაიყვანა ყოველივე, რაც მისი იყო.

25. და დარჩა იაკობი მარტო და ერკინებოდა კაცი მას განთიადამდე.

26. და ნახა, რომ უძლურია მასთან, და შეეხო მისი ბარძაყის არეს და გაუშეშა ბარძაყის არე იაკობს მან მასთან შერკინებისას

27. და უთხრა მას: გამიშვი მე, რადგან დადგა ცისკარი. ხოლო მან უთხრა: არ გაგიშვებ შენ, თუ არ მაკურთხებ მე.

28. და უთხრა მას: რა არის შენი სახელი? ხოლო მან უთხრა: იაკობი.

29. და უთხრა მას: აღარ გეწოდება შენ სახელი იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი, რადგან გაძლიერდი ღმერთთან და ადამიანებთანაც ძლიერი იქნები.

30. და ჰკითხა იაკობმა და თქვა: მითხარი მე შენი სახელი. და თქვა: რისთვის მეკითხები ჩემს სახელს? საკვირველია იგი. და აკურთხა იგი იქ.

31. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელი სახე ღვთისა, - რადგან ვიხილე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული.

32. და ამოვიდა მისთვის მზე, როცა წავიდა სახე ღვთისა; ხოლო იგი კოჭლობდა იმ ბარძაყით.

33. ამის გამო არ ჭამენ ისრაელის ძეები ძარღვს, რომელიც გაუშეშა და რომელიც არის ბარძაყის არეში, ამ დღემდე, რადგან შეეხო იაკობის ბარძაყის არის ძარღვს და გაუშეშა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი