ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 31


1. და გაიგონა იაკობმა სიტყვები ლაბანის ძეებისა, რომლებიც ამბობდნენ: წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც ჩვენი მამისაა, და იმისგან, რაც იყო ჩვენი მამისა, შექმნა მთელი ეს დიდება.

2. და დაინახა იაკობმა ლაბანის სახე, და აჰა, არ იყო მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.

3. და უთხრა უფალმა იაკობს: დაბრუნდი მამაშენის ქვეყანაში და შენს ნათესაობაში და ვიქნები შენთან.

4. და გაგზავნა იაკობმა და მოუხმო ლიას და რაქელს ველზე, სადაც იყო ფარა,

5. და უთხრა მათ: ვხედავ მე თქვენი მამის სახეს, რომ არ არის ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ; ხოლო ღმერთი ჩემი მამისა იყო ჩემთან.

6. და თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურე თქვენს მამას.

7. ხოლო თქვენმა მამამ მომატყუა მე, და შეცვალა ჩემი საზღაური ათი კრავისა, და არ დაანება მას ღმერთმა, რომ ბოროტება გაეკეთებინა ჩემთვის.

8. თუ ასე იტყვის: ჭრელები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი ჭრელს, ხოლო თუ იტყვის: თეთრები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხვარი თეთრს.

9. და წაართვა ღმერთმა მთელი ფარა თქვენს მამას და მომცა მე იგი.

10. და იყო, როცა მაკდებოდა ცხვარი, ვნახე ჩემი თვალით ისინი ძილში, და აჰა, ვაცები და ვერძები ასულები იყვნენ ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები.

11. და მითხრა მე ღვთის ანგელოზმა ძილში: იაკობ; ხოლო მე ვთქვი: რა არის?

12. და თქვა: აახილე შენი თვალები და ნახე ვაცები და ვერძები, ასულები ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწკლულები, რადგან ვნახე, რასაც შენ ლაბანი გიკეთებს.

13. მე ვარ ღმერთი, რომელიც გეჩვენა შენ ღვთის ადგილზე, იქ, სადაც სცხე ჩემთვის სვეტს და აღმითქვი მე იქ აღთქმა; ახლა ადექი და გადი ამ ქვეყნიდან და წადი ქვეყანაში, სადაც დაიბადე შენ, და ვიქნები შენთან.

14. და მიუგეს რაქელმა და ლიამ და უთხრეს მას: აღარ არის ჩვენი წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლში?

15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და ჭამით შეჭამა ჩვენი ვერცხლი.

16. მთელი სიმდიდრე და დიდება, რაც წაართვა ღმერთმა ჩვენს მამას, ჩვენი იქნება და ჩვენი შვილებისა. ახლა, რაც გითხრა შენ ღმერთმა, გააკეთე.

17. და ადგა იაკობი და შესხა თავისი ცოლები და თავისი შვილები აქლემებზე,

18. და წაიღო მთელი თავისი ქონება და მთელი თავისი მონაგარი, რაც შეიძინა შუამდინარეთში და ყველაფერი, რაც მისი იყო, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.

19. ხოლო ლაბანი მიდიოდა თავისი ცხვრის გასაპარსად, და მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.

20. და დაუმალა იაკობმა ლაბან ასურელს და არ შეატყობინა მას, რომ გარბოდა,

21. და გაიქცა იგი და ყოველივე, რაც მისი იყო, და გადალახა მდინარე და გაემართა გალაადის მთისკენ.

22. და შეატყობინეს ლაბან ასურელს მესამე დღეს, რომ გაიქცა იაკობი;

23. და თან წაიყვანა ყველა თავისი ძმა და დაედევნა უკან მას შვიდი დღის გზაზე და დაეწია მას გალაადის მთაზე.

24. და მივიდა ღმერთი ლაბან ასურელთან ძილში ღამით და უთხრა მას: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

25. და დაეწია ლაბანი იაკობს; და იაკობმა აღმართა თავისი კარავი მთაზე; ხოლო ლაბანმა დააყენა თავისი ძმები გალაადის მთაზე.

26. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რა ჩაიდინე? რატომ გაიქეცი ფარულად და გამქურდე მე და წაიყვანე ჩემი ასულები, როგორც ტყვეები, მახვილით?

27. და რომ შეგეტყობინება ჩემთვის, გამოგიშვებდი შენ მხიარულებით და სიმღერით, დაფითა და ქნარით.

28. არ მეღირსა ჩემი შვილებისა და ჩემი ასულების ამბორი. და ახლა უგუნურად მოიქეცი.

29. და ახლა შეუძლია ჩემს ხელს, რომ გიბოროტოს შენ; მაგრამ შენი მამის ღმერთმა გუშინ მითხრა მე და თქვა: გაუფრთხილდი თავს, რომ არ თქვა იაკობთან ცუდი.

30. ახლა იმიტომ წამოსულხარ, რადგან წადილით გეწადა წასვლა შენი მამის სახლში; რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?

31. ხოლო მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რადგან შემეშინდა და ვთქვი, ვაითუ წაგერთმია შენი ასულები ჩემთვის და ყველაფერი - რაც ჩემია;

32. და თქვა იაკობმა: ვისთანაც იპოვეი შენს ღმერთებს, არ იცოცხლებს ჩვენი ძმების წინაშე. ამოიცანი, რა არის შენი ჩემთან, და აიღე. - და ვერ ამოიცნო მასთან ვერაფერი. და არ იცოდა იაკობმა, რომ რაქელმა, მისმა ცოლმა, მოიპარა ისინი.

33. და შევიდა ლაბანი და ეძება ლიას სახლში და ვერ იპოვა; და გამოვიდა ლიას სახლიდან და ეძება იაკობის სახლში და ორი მხევლის სახლში და ვერ იპოვა, და შევიდა რაქელის სახლშიც.

34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.

35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.

36, და განრისხდა იაკობი და წაეჩხუბა ლაბანს; და მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: რაშია ჩემი უსამართლობა და რა არის ჩემი ცოდვა, რომ დამედევნე მე უკან,

37. და რომ ეძებე მთელ ჩემს ჭურჭელში, რა იპოვე შენი სახლის მთელი ჭურჭლიდან? დადე აქ შენი ძმებისა და ჩემი ძმების წინაშე და გვამხილონ ჩვენ ორივენი.

38. ეს ოცი წელია, მე ვარ შენთან; შენი ცხვრები და შენი თხები უშვილოები არ ყოფილან; შენი ცხვრების ვერძები არ შემიჭამია;

39. ნამხეცავი არ მომიტანია შენთვის, მე თვითონ ვზღავდი დღისით მოპარულს და ღამით მოპარულს;

40. ვიყავი დღისით დამწვარი სიცხით და ღამით - ყინვით და არ მიჰკარებია ძილი ჩემს თვალებს.

41. ეს ოცი წელია, მე ვარ შენს სახლში; ვიმსახურე შენთვის თოთხმეტი წელი შენი ორი ასულის სანაცვლოდ და ექვსი წელი - შენს ცხვარში, და დააკელი ჩემს საზღაურს ათი კრავი.

42. რომ არ ყოფილიყო ღმერთი ჩემი მამის, აბრაამისა, ჩემთან და შიში ისააკისა, ახლა ცარიელს გამიშვებდი მე; ჩემი დამდაბლება და ჩემი ხელების ნაშრომი იხილა ღმერთმა და გამხილა შენ გუშინ.

43. და მიუგო ლაბანმა და უთხრა იაკობს: ეს ასულები ჩემი ასულები არიან და ეს ძეები ჩემი ძეები არიან, და ეს საქონელი ჩემი საქონელია, და ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, ჩემია და ჩემი ასულებისა. რა ვუყო მათ დღეს ან მათს შვილებს, რომლებიც შვეს?

44. და ახლა, მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ, და იქნება მოწმობად ჩემსა და შენ შორის. და უთხრა მას იაკობმა: აჰა, არავინ არის ჩვენთან; აჰა, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

45. და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი სვეტად.

46. და უთხრა იაკობმა თავის ძმებს: შეაგროვეთ ქვები. და შეაგროვეს ქვები და გააკეთეს ბორცვი, და ჭამეს და სვეს იქ, ბორცვზე. და უთხრა მას ლაბანმა: ეს ბორცვი მოწმობს ჩემსა და შენ შორის დღეს.

47. და უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის; მოწმობს ეს ბორცვი და მოწმობს ეს სვეტი; ამის გამო ეწოდა მისი სახელი „ბორცვი მოწმობს“

49. და სვეტს - „ხილვა“, რაზეც თქვა: იხილოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის, რომ დავშორდებით ერთმანეთს.

50. თუ დაამდაბლებ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან ცოლებს ჩემს ასულებთან, იხილე, არავინ არის ჩვენთან; ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის.

51. და უთხრა ლიბანმა იაკობს: აჰა, ეს ბორცვი და სვეტი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენ შორის.

52. და თუ მე არ გადმოვლახავ შენკენ, ნურც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ სვეტს ბოროტებით,

53. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის.

54. და დაიფიცა იაკობმა ისააკის, თავისი მამისა, შიში. და შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე, და მოუხმო თავის ძმებს და ჭამეს და სვეს და დაიძინეს მთაზე.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი