ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 30


1. ხოლო ნახა რაქილმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა რაქელს თავისი დისა და უთხრა იაკობს: მომეცი მე შვილები; თუ არა, მოვკვდები მე.

2. და განურისხდა იაკობი რაქელს და უთხრა მას: განა მე ღვთის ნაცვალი ვარ, რომელმაც მოგაკლო შენ მუცლის ნაყოფი?

3. და უთხრა რაქელმა იაკობს: აჰა, ჩემი მხევალი ბალა; შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან.

4. და მისცა მას ბალა, თავისი მხევალი, ცოლად; და შევიდა მასთან იაკობი.

5. და მუცლადიღო ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.

6. და თქვა რაქელმა: განმსაჯა მე ღმერთმა და შეისმინა ჩემი ხმისა და მომცა მე ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი დანი.

7. და მუცლადიღო კვლავ ბალამ, რაქელის მხევალმა, და უშვა მეორე ძე იაკობს.

8. და თქვა რაქელმა: შემეწია მე ღმერთი, და გავუთანასწორდი ჩემს დას და შევძელი; და უწოდა მისი სახელი ნეფთალი.

9. ხოლო ნახა ლიამ, რომ შეუჩერდა შობა, და მიიყვანა ზელფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.

10. და შევიდა მასთან იაკობი და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა იაკობს ძე.

11. და თქვა ლიამ: გავბედნიერდი; და დაარქვა მისი სახელი გადი.

12. და მუცლადიღო ზელფამ, ლიას მხევალმა, და უშვა კვლავ იაკობს მეორე ძე.

13. და თქვა ლიამ: ნეტარი ვარ მე, რადგან შემნატრიან მე დედაკაცები; და უწოდა მისი სახელი ასერი.

14. და წავიდა რუბენი ხორბლის მკის დღეებში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები მინდორში და მიუტანა ისინი ლიას, თავის დედას. და უთხრა რაქელმა ლიას: მომეცი მე შენი ძის მანდრაგორები.

15. და უთხრა ლიან: არ არის საკმარისი შენთვის, რომ წამართვი ჩემი ქმარი? ნუთუ ჩემი ძის მანდრაგორებსაც წამართმევ? და უთხრა რაქელმა: ეგრე არა; დაწვეს შენთან ამ ღამეს შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.

16. და მოვიდა იაკობი მინდვრიდან საღამოს, და გავიდა ლია მის შესაგებებლად და უთხრა: ჩემთან შემოდი დღეს, რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ. და დაწვა მასთან იმ ღამეს.

17. და შეისმინა უფალმა ლიასი, და მუცლადიღო და უშვა იაკობს მეხუთე ძე.

18. და თქვა ლიამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმის სანაცვლოდ, რომ მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს; და უწოდა მას სახელი ისაქარი, რაც არის საზღაური.

19. და მუცლადიღო კვლავ ლიამ და უშვა მეექვსე ძე იაკობს.

20. და თქვა ლიამ: მაჩუქა მე ღმერთმა კარგი საჩუქარი; ამჯერად ამომარჩევს მე ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას ექვსი ძე; და უწოდა მისი სახელი ზაბულონი.

21. და ამის შემდეგ შვა ასული და უწოდა მისი სახელი დინა.

22. და გაიხსენა ღმერთმა რაქელი და შეისმინა მისი ღმერთმა და გაუხსნა მას საშო,

23. და მუცლადიღო და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა: ამარიდა ჩემმა ღმერთმა ყვედრება.

24. და უწოდა მისი სახელი იოსები და თქვა: შემმატოს ღმერთმა მე სხვა ძე.

25. და იყო, როგორც კი შვა რაქელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: გამიშვი მე, რომ წავიდე ჩემს მხარეში და ჩემს ქვეყანაში.

26. მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გამოც გემსახურე შენ, რომ წავიდე; რადგან შენ იცი სამსახური, რაც გემსახურე შენ.

27. და უთხრა მას ლაბანმა: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მივხვდები, რადგან მაკურთხა მე ღმერთმა შენი შემოსვლით,

28. გამოაცალკევე შენი საზღაური ჩემგან და მოგცემ.

29. და უთხრა მას იაკობმა: შენ იცი, რაც გემსახურე შენ, და რამდენიც იყო შენი საქონელი ჩემთან;

30. რადგან ცოტა იყო, რაც შენ გყავდა ჩემთან, და გაიზარდა სიმრავლით, და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ავიშენო მეც ჩემთვის სახლი?

31. და უთხრა მას ლაბანმა: რა მოგცე შენ? და უთხრა მას იაკობმა: ნუ მომცემ მე ნურაფერს; და შემისრულებ მე ამ სიტყვას, ისევ დავმწყემსავ შენს ცხვარს და დავიცავ.

32. მოიარე მთელი შენი ცხვარი დღეს და გამოარჩიე იქიდან ყველა რუხი ცხვარი კრავებიდან და ყველა მოთეთრო და წინწკლებიანი - თხებიდან; და ეს იქნება ჩემთვის საზღაური.

33. და შეისმენს ჩემსას ჩემი სიმართლე ხვალინდელ დღეს, რომ ეს არის ჩემი საზღაური შენ წინაშე; ყოველი, რომელიც არ იქნება წინწკლებიანი და მოთეთრო თხებში და რუხი - ცხვრებში, ჩემი მოპარული იქნება.

34. და უთხრა მას ლაბანმა: იყოს შენი სიტყვისამებრ.

35. და გამოაცალკევა იმ დღეს ვაცები, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყველა თხა, წინწკლებიანი და მოთეთრო, და ყოველი, რომელიც იყო თეთრი მათ შორის, და ყოველი, რომელიც იყო რუხი კრავებში, და მისცა ხელში თავის ძეებს.

36. და დაადგინა სამი დღის გზა მათსა და იაკობს შორის; ხოლო იაკობი მწყემსავდა ლაბანის დარჩენილ ცხვარს.

37. და აიღო იაკობმა ნედლი ჯოხი ამბრისა და კაკლისა და ჭადრისა და მოაცლა მათ იაკობმა ქერქი სითეთრემდე, შემოაცალა რა სიმწვანე; და გამოჩნდა გაქერქილ ჯოხებზე თეთრი ჭრელად.

38. და ჩააწყო ჯოხები, რომლებიც გაქერქა, წყლის სასმელ გეჯებში, რათა, როცა მივიდოდა ცხვარი დასალევად ჯოხებთან, დასალევად მოსული ცხვარი დამაკებულიყო ჯოხების შესაბამისად;

39. და იგებდა ცხვარი მოთეთროს და ჭრელს და ნაცრისფერწინწკლებიანს.

40. ხოლო კრავები გამოყო იაკობმა და დააყენა ცხვრების წინ ვერძი მოთეთრო, და ყოველი ჭრელი - კრავებში. და გამოარჩია თავისთვის ფარა ცალკე და არ შეურია ისინი ლაბანის ცხვარს.

41. და იყო იმ დროს, როცა მაკდებოდა ცხვარი და მუცლად იღებდა, დააწყო იაკობმა ჯოხები ცხვრების წინ გეჯებში, რომ დამაკებულიყვნენ ისინი ჯოხებისამებრ;

42. ხოლო როცა იგებდა ცხვარი, არ აწყობდა; და იყვნენ უნიშნოები ლაბანისა, ხოლო ნიშნიანები - იაკობისა.

43. და გამდიდრდა ეს კაცი მეტად ძლიერ, და ჰყავდა მას ბევრი საქონელი და ძროხები და მონები და მხევლები და აქლემები და სახედრები.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი