ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 29
1. და წამოდგა იაკობი ფეხზე და წავიდა აღმოსავლეთის ქვეყანაში ლაბანთან, ბათუელ
ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას, ძმასთან.
2. და დაინახა, და აჰა, ჭა არის ველზე და იყო იქ ცხვრის სამი ფარა, რომელიც
ისვენებდა მასთან, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარას. და იყო ერთი დიდი ქვა ჭის
პირზე;
3. და გროვდებოდა იქ ყველა ფარა და გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და
ასმევნდნე ცხვარს და აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე, თავის ადგილას
4. და უთხრა მათ იაკობმა: ძმებო, საიდან ხართ თქვენ? ხოლო მათ უთხრეს: ხარანიდან
ვართ.
5. და უთხრა მათ: იცნობთ ლაბანს, ნაქორის ძეს? ხოლო მათ უთხრეს: ვიცნობთ.
6. და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის? ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის. და აჰა,
რაქელი, მისი ასული, მოდიოდა ცხვრებთან ერთად.
7. და თქვა იაკობმა: ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დღე, არ არის დრო საქონლის
შეგროვების. ვინც დაალევინა ცხვარს, წადით და აძოვეთ.
8. ხოლო მათ უთხრეს: ვერ შევძლებთ, ვიდრე არ შეგროვდება ყველა მწყემსი და არ
გადააგორებენ ქვას ჭის პირიდან და არ დავალევინებთ ცხვარს.
9. როცა იგი ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ, რაქელიც, ლაბანის ასული, მოვიდა
თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი აძოვებდა თავისი მამის ცხვარს.
10. და იყო, როგორც კი დაინახა იაკობმა რაქელი, ასული ლაბანისა, თავისი დედის
ძმისა, და ცხვარი ლაბანისა, თავისი დედის ძმისა, მივიდა იაკობი და გადააგორა ქვა
ჭის პირიდა და დაალევინა ლაბანის, თავისი დედის ძმის, ცხვარს.
11. და ეამბორა იაკობი რაქელს და შეყვირა ხმით და ატირდა.
12. და უთხრა რაქელს, რომ ძმა არის მისი მამისა და, რომ ძე არის რებეკასი. და
გაიქცა და აუწყა თავის მამას ეს სიტყვები.
13. და იყო, როგორც კი გაიგონა ლაბანმა იაკობის, თავისი დისწულის, სახელი,
გაიქცა მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და შეიყვანა იგი თავის
სახლში. და უამბო ლაბანეს ეს ყველაფერი.
14. და უთხრა მას ლაბანმა: ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ. და იყო
მასთან ერთი თვის განმავლობაში.
15. და უთხრა ლაბანმა იაკობს: რადგან ძმა ხარ ჩემი, ნუ მემსახურები მე
უსასყიდლოდ; მითხარი მე, რა არის შენი საზღაური.
16. ხოლო ლაბანს ჰყავდა ორი ასული. სახელი უფროსისა - ლია და სახელი უმცროსისა -
რაქელი;
17. და თვალები ლიას სუსტი ჰქონდა, ხოლო რაქელი იყო ლამაზი სახით და მშვენიერი
შესახედად.
18. და შეუყვარდა იაკობს რაქელი და თქვა: გემსახურები შენ შვიდ წელიწადს
რაქელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
19. და უთხრა მას ლაბანმა: უმჯობესია ჩემთვის, მოგცე იგი შენ, ვიდრე მივცე იგი
სხვა კაცს; დასახლდი ჩემთან.
20. და იმსახურა იაკობმა რაქელისთვის შვიდ წელიწადს და იყო ეს მისთვის, როგორც
რამდენიმე დღე მისი მისდამი სიყვარულის გამო.
21. და უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შესრულდა ჩემი დღეები,
რომ შევიდე მასთან.
22. და შეკრიბა ლაბანმა იმ ადგილის ყველა კაცი და გამართა ქორწილი.
23. და დადგა საღამო, და მოიყვანა ლაბანმა ლია, თავისი ასული, და შეიყვანა იგი
იაკობთან, და შევიდა მასთან იაკობი.
24. და მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს, ზელფა, თავისი მხევალი, მხევლად.
25. და დადგა განთიადი, და აჰა, იყო ლია. და უთხრა იაკობმა ლაბანს: ეს რა მიყავი
მე? რაქელისთვის არ გემსახურე შენ? და რატომ მომატყუე მე?
26. და უთხრა ლაბანმა: არ არის ასე ჩვენს მხარეში, რომ მისცენ უმცროსი უფროსზე
ადრე;
27. შეასრულე მისი შვიდეულიც და მოგცემ შენ მასაც იმ სამუშაოს სანაცვლოდ, რასაც
იმუშავებ ჩემთან კიდევ სხვა შვიდ წელიწადს.
28. და მოიქცა იაკობი ასე და შეასრულა მისი შვიდეულიც, და მისცა მას ლაბანმა
რაქელი, თავისი ასული, ცოლად.
29. და მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს, ბალა, თავისი მხევალი, მხევლად.
30. და შევიდა რაქელთან; და შეუყვარდა რაქელი უფრო, ვიდრე ლია; და ემსახურა მას
სხვა შვიდ წელიწადს.
31. და იხილა უფალმა, რომ მოძულებულია ლია, და გაუხსნა მას საშო; ხოლო რაქელი
იყო ბერწი.
32. და მუცლადიღო ლიამ და უშვა ძე იაკობს; და უწოდა მისი სახელი რუბენი და თქვა:
რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება; ახლა მე შემიყვარებს ჩემი ქმარი.
33. და მუცლადიღო ისევ ლიამ და უშვა მეორე ძე იაკობს და თქვა: რადგან ესმა
უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა მე ესეც; და უწოდა მისი სახელი სიმეონი.
34. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ამჯერად ჩემკენ იქნება ჩემი ქმარი,
რადგან ვუშვი მას სამი ძე; ამის გამო უწოდა მას სახელი ლევი.
35. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ახლა კიდევ ასე ვაღიარებ უფალს; ამის
გამო უწოდა მას სახელი იუდა. და შეუჩერდა შობა.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|