ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 28


1. და მოუხმო ისააკმა იაკობს და აკურთხა იგი და უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან;

2. ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ბათუელის, დედაშენის მამის, სახლში და მოიყვანე იქიდან შენთვის ცოლი ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.

3. ხოლო ჩემი ღმერთი გაკურთხებს შენ და აგაღორძინებს შენ და გაგამრავლებს შენ, და იქნები ხალხთა კრებული;

4. და მოგეცეს შენ აბრაამის, მამაჩემის, კურთხევა, შენ და შენს თესლს შენ შემდეგ, რათა დაიმკვიდროთ შენი მწირობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.

5. და გაგზავნა ისააკმა იაკობი, და წავიდა შუამდინარეთში ლაბანთან, ბათუელ ასურელის ძესთან, იაკობის და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.

6. და დაინახა ქალმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და რომ წავიდა ასურეთის შუამდინარეთში, რათა მოეყვანა თავისთვის იქიდან ცოლი; და როცა აკურთხა იგი, უბრძანა მას და უთხრა: არ მოიყვანო ცოლი ქანაანის ასულთაგან,

7. და გაუგონა იაკობმა თავის მამას და დედას და წავიდა ასურეთის შუამდინარეთში;

8. და დაინახა ესავმა, რომ უკეთურები არიან ქანაანის ასულები ისააკის, მისი მამის, წინაშე,

9. და წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა მაელეთი, ისმაელის, აბრაამის ძის, ასული, ნაბეოთის და, თავის ცოლებთან ცოლად.

10. და გამოვიდა იაკობი ფიცის ჭიდან და წავიდა ხარანში.

11. და მიაღწია ადგილს და დაიძინა იქ, რადგან ჩადიოდა მზე; და აიღო ქვა იმ ადგილიდან ქვებიდან და დაიდო სასთუმლად თავისთვის და დაიძინა იმ ადგილზე.

12. და დაესიზმრა, და აჰა, კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომლის თავიც სწვდებოდა ცას, და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ მასზე.

13. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა; ნუ გეშინია; მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას, და შენს თესლს.

14. და იქნება შენი თესლი, როგორც მიწის ქვიშა, და განივრცობა ზღვისკენ და სამხრეთით და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი შენით და შენი თესლით.

15. და აჰა, მე შენთან ვარ და შენს მცველად ყველა გზაზე, რომელზეც ივლი, და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში, რადგან არ დაგტოვებ შენ, ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს, რასაც გეუბნებოდი შენ.

16. და გამოიღვიძა იაკობმა ძილისგან და თქვა: არის უფალი ამ ადგილას, ხოლო მე არ ვიცოდი.

17. და შეეშინდა და თქვა: როგორი საშიშია ეს ადგილი; არაფერია ეს, თუ არა სახლი ღვთისა, და ეს არის ბჭე ზეცისა.

18. და ადგა იაკობი განთიადისას და აიღო ქვა, რომელიც ედო იქ სასთუმლად მას, და აღმართა სვეტად და დაასხა ზეთი მის კიდეს.

19. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს „სახლი ღვთისა“; და ულამლუზი იყო ქალაქის სახელი პირველად.

20. და აღუთქვა იაკობმა აღთქმა და თქვა: თუ უფალი ღმერთი იქნება ჩემთან და დამიცავს მე ამ გზაზე, რომელზეც მე მივდივარ, და მომცემს მე პურს საჭმელად და სამოსს შესამოსად,

21. და დამაბრუნებს მე ცოცხალს მამაჩემის სახლში, იქნება უფალი ჩემთვის ღმერთი,

22. და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, იქნება ჩემთვის ღვთის სახლი, ყველაფრიდან, რასაც მე მომცემ, მეათედს მოგცემ შენ.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი