ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 27


1. და იყო, როცა მოხუცდა ისააკი, მოაკლდა მას თვალისჩინი და მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: ძეო ჩემო; და თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

2. და უთხრა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი დღე ჩემი აღსასრულისა;

3. ამიტომ ახლა აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი

4. და გამიკეთე მე შეჭამანდი, როგორც მიყვარს მე, და მომიტანე მე, რომ ვჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, ვიდრე მოვკვდები მე.

5. ხოლო რებეკამ გაიგონა, რომ ელაპარაკებოდა ისააკი ესავს, თავის ძეს; და წავიდა ესავი ველად, რომ მოენადირებინა ნადირი თავისი მამისთვის;

6. და რებეკამ უთხრა იაკობს, თავის უმცროს ძეს: აჰა, მე გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას, და ეუბნებოდა:

7. მომიტანე მე ნანადირევი და გამიკეთე მე შეჭამანდი, რათა ვჭამო და გაკურთხო შენ უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.

8. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი, როგორც მე შენ გიბრძანებ,

9. და წადი ცხვარში და მომიყვანე მე იქიდან ორი თიკანი, ჩვილი და კარგი, და გავუკეთებ მათგან შეჭამანდს მამაშენს, როგორც უყვარს,

10. და შეუტანე მამაშენს და შეჭამს, რათა გაკურთხოს შენ მამაშენმა თავისი სიკვდილის წინ.

11. და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ესავი, ჩემი ძმა, ბალნიანი კაცია, ხოლო მე - კაცი უბალნო.

12. ვაითუ შემეხოს მე მამაჩემი, და ვიქნები მის წინაშე, როგორც საძულველი და მოვიწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.

13. და უთხრა მას დედამ: ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო; მხოლოდ შეისმინე ჩემი ხმისა და წადი და მომიტანე მე.

14. და წავიდა და მოიყვანა და მიუტანა დედას, და გააკეთა მისმა დედამ შეჭამანდი, როგორც უყვარდა მის მამას.

15. და აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, კარგი სამოსი, რომელიც იყო მასთან სახლში, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს ძეს,

16. და თიკნების ტყავები მოახვია მის მკლავებს და მის შიშველ კისერს;

17. და მისცა შეჭამანდი და პურები, რომლებიც გაამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს.

18. და შეუტანა თავის მამას და უთხრა: მამა. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე. ვინ ხარ შენ, შვილო?

19. და უთხრა იაკობმა თავის მამას: მე ვარ ესავი, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი მე; წამოდექი და დაჯექი და ჭამე ჩემი ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.

20. და უთხრა ესააკმა თავის ძეს: რა არის ეს, რა სწრაფად იპოვე, ო, შვილო? ხოლო მან უთხრა: ეს მომცა უფალმა, შენმა ღმერთმა მე.

21. და უთხრა ისააკმა იაკობს: მომიახლოვდი მე და შეგეხები შენ, შვილო, შენ ხარ ჩემი ძე, ესავი, თუ არა.

22. და მიუახლოვდა იაკობი ისააკს, თავის მამას, და შეეხო მას და თქვა: ხმა - იაკობის ხმაა, ხოლო ხელები - ესავის ხელებია.

23. და ვერ იცნო იგი, რადგან იყო მისი ხელები, როგორც ხელები ესავისა, მისი ძმისა, ბალნიანი; და აკურთხა იგი.

24. და უთხრა: შენ ხარ ჩემი ძე ესავი? ხოლო მან თქვა: მე ვარ.

25. და უთხრა: მომიტანე მე და შევჭამ შენი ნანადირევიდან, შვილო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა. და მიუტანა მას და შეჭამა და შეუტანა მას ღვინო და დალია.

26. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: მომიახლოვდი მე და მეამბორე მე, შვილო.

27. და მიუახლოვდა და ეამბორა მას და იყნოსა სუნი მისი სამოსისა და აკურთხა იგი და თქვა: აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სურნელი სავსე მინდვრისა, რომელიც აკურთხა უფალმა.

28. და მოგცეს შენ ღმერთმა ცვარი ცისა და პოხიერება მიწისა, და სიმრავლე ხორბლისა და ღვინისა.

29. და დაგემონონ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ შენ მთავრები; და გახდი ბატონი შენი ძმისა და თაყვანს გცემდნენ შენ ძეები შენი მამისა. მაწყევარი შენი წყეული იყოს, და მაკურთხებელი შენი კურთხეულ იყოს.

30. და იყო, როცა დაამთავრა ისააკმა კურთხევა იაკობისა, თავისი ძისა, და იყო, როგორც კი გამოვიდა იაკობი ისააკისგან, თავისი მამისგან, ესავი, მისი ძმა, მოვიდა ნადირობიდან.

31. და გააკეთა მანაც შეჭამანდი და მიუტანა თავის მამას, და უთხრა მამას; ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე ჩენმა სულმა.

32. და უთხრა მას ისააკმა, მისმა მამამ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან თქვა: მე ვარ შენი ძე, პირმშო, ესავი.

33. და განცვიფრდა ისააკი ძლიერ დიდი განცვიფრებით და თქვა: ვინ იყო, რომ მოინადირა ჩემთვის ნადირი და შემომიტანა მე? და შევჭამე ყველაფერი შენს მოსვლამდე და ვაკურთხე იგი, და კურთხეული იქნება.

34. და იყო, როცა გაიგონა ესავმა ისააკის, თავისი მამის სიტყვები, შეყვირა ძლიერ დიდი და მწარე ხმით და თქვა: მაკურთხე მეც, მამა.

35. და უთხრა მას: მოვიდა შენი ძმა მზაკვრებით და მიიღო შენი კურთხევა.

36. და თქვა: სამართლიანად ეწოდა თავისი სახელი იაკობი, რადგან დამწიხლა მე ეს უკვე მეორედ - ჩემი პირმშოობაც მიიღო და ახლა მიიღო ჩემი კურთხევაც. და უთხრა ესავმა თავის მამას: არ დაგრჩა ჩემთვის კურთხევა, მამა?

37. და მიუგო ისააკმა და უთხრა ესავს: თუ შენს ბატონად ვაქციე იგი, და ყველა მისი ძმა ვაქციე მის მონად, ხორბლით და ღვინით განვამტკიცე იგი, შენ რაღა გიყო, შვილო?

38. და უთხრა ესავმა თავის მამას: ერთი კურთხევაც აღარ გაქვს, მამა? მაკურთხე მეც, მამა. და როცა შეწუხდა ისააკი, შეყვირა ხმით ესავმა და ატირდა.

39. და მიუგო ისააკმა, მისმა მამამ, და უთხრა მას: აჰა, მიწის პოხიერებისგან იქნება შენი სამკვიდრებელი და ცის ცვარისაგან - ზემოდან;

40. და შენი მახვილით იცხოვრებ,
და შენს ძმას დაემონები;
და იქნება, როცა გათავისუფლდები
და მოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.

41. და ემტერებოდა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მისმა მამამ. და თქვა ესავმა თავის გონებაში: მოახლოვდეს მამაჩემის გლოვის დღეები, და მოვკლა იაკობი, ჩემი ძმა.

42. და აუწყეს რებეკას ესავის, მისი უფროსი ძის, სიტყვები და გაგზავნა და მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ძეს, და უთხრა მას: აჰა, ესავი, შენი ძმა, გემუქრება შენ, რომ მოგკლას;

43. ამიტომ ახლა, შვილო, ისმინე ჩემი ხმისა და ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში;

44. და დასახლდი მასთან რამდენიმე დღე, ვიდრე გაუვლის გულისწყრომა და რისხვა შენს ძმას შენზე,

45. და დაივიწყებს, რაც გაუკეთე მას, და გამოვგზავნი და გამოგიხმობ შენ იქიდან, რათა არ დავრჩე უშვილო ორივე თქვენგანისგან ერთ დღეს.

46. და უთხრა რებეკამ ისააკს: მობეზრებული მაქვს სიცოცხლე ქეტის ძეთა ასულების გამო; თუ მოიყვანს იაკობი ცოლს ამ ქვეყნის ასულთაგან, რა იქნება ჩემთვის სიცოცხლე?

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი