ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 26
1. და იყო შიმშილობა ქვეყანაზე, გარდა იმ პირველი შიმშილობისა, რომელიც იყო
აბრაამის დროს; და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2. და ეჩვენა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, არამედ დამაკვირდი
ქვეყანაში, რომელზეც შენ გეტყვი.
3. და მწირობდე ამ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ შენ, რადგან შენ
და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და დავდებ ჩემს ფიცს, რომელიც შევფიცე
აბრაამს, შენს მამას.
4. და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს, და მივცემ შენს თესლს
მთელ ამ ქვეყანას, და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი
5. იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინა აბრაამმა, შენმა მამამ, ჩემი ხმისა, და დაიცვა
ჩემი მცნებები და ჩემი ბრძანებები და ჩემი სამართალი და ჩემი სჯული.
6. და დამკვიდრდა ისააკი გერარში.
7. და ჰკითხეს იმ ადგილის კაცებმა მისი ცოლის, რებეკას, შესახებ, და თქვა: ჩემი
და არის; - რადგან შეეშინდა ეთქვა: ჩემი ცოლია. - რომ არ მოეკლათ იგი იმ ადგილის
კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი იყო შესახედად.
8. და იყო დიდხანს იქ; და გადაიხედა აბიმელექ, გერარელთა მეფემ, სარკმლიდან და
დაინახა, რომ ისააკი ლაღობდა რებეკასთან, თავის ცოლთან.
9. და მოუხმო აბიმელექმა ისააკს და უთხრა მას: თურმე შენი ცოლია; რატომ თქვი:
ჩემი და არის? და უთხრა მას ისააკმა: რადგან ვთქვი: არ მოვკვდე მის გამო.
10. და უთხრა მას აბიმელექმა: ეს რა გაგვიკეთე ჩვენ? ცოტაც და დაწვებოდა ვინმე
ჩემი მოდგმიდან შენს ცოლთან და ჩაგვაგდებდი ჩვენ უმეცრებაში.
11. და უბრძანა აბიმელექმა მთელ თავის ერს და უთხრა: ყველა, ვინც შეეხება ამ
კაცს და მის ცოლს, სიკვდილის ღირსი იქნება.
12. და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და მოიწია იმ წელიწადს ასწილად ქერი; და
აკურთხა იგი უფალმა.
13. და ამაღლდა კაცი, და წარმატებული და უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე არ გახდა
ძლიერ დიდი;
14. და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და საქონლის ნახირი და ჰქონდა ბევრი
სახნავ-სათესი. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15. და ყველა ჭა, რომლებიც ამოთხარეს მისი მამის მსახურებმა მისი მამის დროს,
ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა და ამოავსეს ისინი მიწით.
16. და უთხრა აბიმელექმა ისააკს: წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი გახდა
მეტად.
17. და წავიდა იქიდან ისააკი და შეისვენა გერარის ხეობაში, და დამკვიდრდა იქ.
18. და კვლავ ამოთხარა ისააკმა წყლის ჭები, რომლებიც ამოთხარეს აბრაამის, მისი
მამის, მსახურებმა და ჩახერგეს ისინი ფილისტიმელებმა აბრაამის, მისი მამის,
სიკვდილის შემდეგ, და დაარქვა მათ სახელები იმ სახელების მიხედვით, რომლებიც
დაარქვა აბრაამმა, მისმა მამამ.
19. და ამოთხარეს ისააკის მსახურებმა გერარის ხეობაში და იპოვეს იქ ცოცხალი
წყლის ჭა.
20. და ედავებოდნენ გერარელთა მწყემსები ისააკის მწყემსებს და ამტკიცებდნენ, რომ
მათია წყალი; და უწოდა ჭის სახელი „უსამართლობა“, რადგან უსამართლოდ მოექცნენ მას.
21. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და განიკითხავდნენ მის გამოც; და
დაარქვა მისი სახელი „მტრობა“.
22. და დაიძრა იქიდან და ამოთხარა სხვა ჭა, და აღარ ედავებოდნენ მის გამო; და
დაარქვა სახელი „სიფართოვე“ და თქვა: რადგან ახლა გაგვავრცო უფალმა ჩვენ და
აგვაღორძინა ჩვენ ქვეყანაზე.
23. და ავიდა იქიდან ფიცის ჭასთან.
24. და ეჩვენა მას უფალი იმ ღამეს და უთხრა: მე ვარ ღმერთი აბრაამის, შენი
მამისა; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ და გაკურთხე შენ და გავამრავლებ შენს თესლს
აბრაამის, შენი მამის, გამო.
25. და ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს და აღმართა იქ თავისი
კარავი; და ამოთხარეს იქ ისააკის მსახურებმა ჭა - გერარის ხეობაში.
26. და აბიმელექი მივიდა მასთან გერარიდან, და ოქოზათი - მისი მძახალი, და
ფიქოლი - მისი ძელბის მხედართმთავარი.
27. და უთხრა მათ ისააკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? თქვენ მომიძულეთ მე და
გამომაძევეთ მე თქვენგან.
28. და უთხრეს: ვიხილეთ და ვნახეთ, რომ იყო უფალი შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი
ჩვენსა და შენ შორის და დავდებთ შენთან აღთქმას,
29. რომ არ გაგვიკეთებ ჩვენ ბოროტებას, როგორც ჩვენ შენ არ მოგიძულეთ, და როგორც
გაგიკეთეთ შენ სიკეთე და გაგიშვით შენ მშვიდობით; და ახლა შენ კურთხეული ხარ
უფლისაგან.
30. და გაუმართა მათ ლხინი და ჭამეს და სვეს;
31. და ადგნენ განთიადისას და შეჰფიცა კაცმა თავის მოყვასს, და გაუშვა ისინი
ისააკმა, და დაშორდნენ მას მშვიდობით.
32. და იყო, იმ დღეს მივიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს მას ჭის შესახებ,
რომელიც ამოთხარეს, და უთხრეს: ვერ ვიპოვეთ წყალი.
33. და უწოდა მას „ფიცი“; ამის გამო უწოდა ქალაქს სახელი „ფიცის ჭა“ დღევანდელ
დღემდე.
34. და იყო ესავი ორმოცი წლისა და მოიყვანა ცოლად იუდინი, ასული ბეერ ქეტელისა,
და ბასემათი, ასული ელონ ეველისა.
35. და იყვნენ მოქიშპენი ისააკისა და რებეკასი.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|