ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 25


1. და შეირთო აბრაამმა და მოიყვანა ცოლი, რომლის სახელი იყო ქეტურა.

2. და უშვა მას ზემბრანი და იექსანი და მადანი და მადიამი და იესბოკი და სოვე.

3. და იექსანმა შვა საბანი და თემანი და დედანი, ხოლო დადნის ძეები იყვნენ: რაგული და ნაბდეელი და ასურიიმი და ლატუსიიმი და ლოომიიმი.

4. ხოლო მადამის ძეები: გეფარი და აფერი და ენოქი და აბირა და ელრაგა. ესენი ყველანი იყვნენ ქეტურას ძეები.

5. და მისცა აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისააკს, თავის ძეს,

6. და თავისი ხარჭების ძეებს მისცა აბრაამმა მისაცემი და გაიყვანა ისინი ისააკისგან, თავისი ძისგან, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში აღმოსავლეთით, აღმოსავლეთის ქვეყანაში.

7. და ეს არის წლები აბრაამის სიცოცხლის დღეებისა, რაც იცოცხლა: ას სამოცდათხუთმეტი წელი.

8. და აღესრულა და მოკვდა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღესრული და შეუერთდა თავის ერს.

9. და დაასაფლავეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, ორმაგ გამოქვაბულში, ეფრონის, საარ ქეტელის ძის, მიწაზე, რომელიც არის მამბრეს პიდაპირ,

10. მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა ქეტის ძეთაგან, იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი.

11. და იყო, აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე; და დამკვიდრდა ისააკი ხილვის ჭასთან.

12. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ისმაელის, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აგარმა, სარრას მხევალმა, აბრაამს;

13. და ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, მის მოდგმათა სახელების მიხედვით: ისმაელის პიმშო ნაბეოთი და კედარი და ნაბდეელი და მასამი

14. და მასმა და იდუმა და მასე

15. და ქოდადი და თემანი და იეტური და ნაფესი და კედმა.

16. ესენი არიან ისმაელის ძეები; და ეს არის მათი სახელები მათ კარვებში და მათ ეზოებში: თორმეტი მთავარი მათი ხალხის მიხედვით.

17. და ეს არის ისმაელის სიცოცხლის წლები: ას ოცდაჩვიდმეტი წელი; და აღესრულა და მოკვდა და შეუერთდა თავის მოდგმას.

18. და დამკვიდრდა ევილატიდან სურამდე, რომელიც არის ეგვიპტის პირდაპირ, ასურელთა მისასვლელამდე; თავისი ყველა ძმის პირდაპირ დამკვიდრდა.

19. და ესენი არიან შთამომავლები ისააკის, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისააკი.

20. და იყო ისააკი ორმოცი წლისა, როცა მოიყვანა რებეკა, ასული ბათუელ ასურელისა, შუამდინარეთიდან, და ლაბან ასურელისა, თავისთვის ცოლად.

21. და ევედრებოდა ისააკი უფალს რებეკას, თავისი ცოლის გამო, რადგან ბერწი იყო; და შეისმინა მისი ღმერთმა, და მუცლადიღო რებეკამ, მისმა ცოლმა.

22. და კრთებოდნენ ბავშვები მასში, და თქვა: თუ ასე უნდა ვიყო, რატომ ხდება ეს ჩემთვის? და წავიდა საკითხავად უფალთან,

23. და უთხრა უფალმა მას: ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი შენი მუცლიდან გაიყოფა, და ერი ერს აღემატება, და უფროსი დაემონება უმცროსს.

24. და შეუსრულდა დღეები, რომ ეშვა მას; და უყვნენ ტყუპები მის მუცელში.

25. და გამოვიდა ძე, პირმშო, წითურია მთლიანად, როგორც ტყავი ბეწვიანი; და დაარქვა მისი სახელი ესავი.

26. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, და ხელი მისი მოჭიდებული იყო ესავის ქუსლზე; და უწოდა მას სახელი იაკობი. ხოლო ისააკი იყო სამოცი წლისა, როცა შვა ისინი რებეკამ.

27. და გაიზარდნენ ჭაბუკები და იყო ესავი ველის კაცი, მცოდნე ნადირობისა, ველური, ხოლო იაკობი - კაცი უბრალო, მკვიდრი სახლისა.

28. და შეიყვარა ისააკმა ესავი, რადგან მისი ნანადირევი იყო მისთვის საჭმელად, ხოლო რებეკას უყვარდა იაკობი.

29. და მოხარშა იაკობმა ნახარში; და მოვიდა ესავი ველიდან დაღლილი,

30. და უთხრა ესავმა იაკობს: გამასინჯე მე ეს წითელი ნახარში, რადგან დაღლილი ვარ. ამის გამო ეწოდა თავისი სახელი ედომი.

31. და უთხრა იაკობმა ესავს: მომეცი მე დღეს შენი პირმშოობა. ხოლო უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს, და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა?

32. და უთხრა მას იაკობმა: შემომფიცე მე დღეს. და შეჰფიცა მას; და მისცა ესავმა პირმშოობა იაკობს.

33. და უთხრა ესავმა: აჰა, მე ვუახლოვდები აღსასრულს და რაღად მინდა მე ეს პირმშოობა.

34. ხოლო იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის ნახარში, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა; და არად ჩააგდო ესავმა პირმშოობა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი