ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 24
1. და აბრაამი იყო მოხუცებული და ხანგადასული, და უფალმა აკურთხა აბრაამი
ყოველმხრივ.
2. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, თავის სახლთუხუცესს, რომელიც განაგებდა
ყოველივეს, რაც იყო მისი: დადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ,
3. და გაფიცებ შენ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს ქვეყნისას, რომ არ მოუყვან
ცოლს ჩემს ძეს, ისააკს, ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ.
4. არამედ ჩემს ქვეყანაში, სადაც დავიბადე, და ჩემს ტომში, წადი და მოუყვანე
ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.
5. და უთხრა მას მსახურმა: რომ არ მოინდომოს დედაკაცმა წამოსვლა ჩემთან ერთად არ
ქვეყანაში, დავაბრუნო შენი ძემ ქვეყანაში, საიდანაც მოხვედი?
6. და უთხრა მას აბრაამმა: გაფრთხილდი შენ, არ დააბრუნო ჩემი ძე იქ.
7. უფალი, ღმერთი ცისა და ქვეყნისა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და
ქვეყნიდან, სადაც დავიბადე, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა მე და მითხრა: შენ
მოგცემ ამ ქვეყანას, და შენს თესლს, - იგი გაგზავნის თავის ანგელოზს შენ წინ, და
მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს, იქიდან.
8. ხოლო თუ არ მოინდომებს დედაკაცი წამოსვლას შენთან ერთად ამ ქვეყანაში,
თავისუფალი იქნები ამ ფიცისგან; მხოლოდ ჩემს ძეს ნუ დააბრუნებ იქ.
9. და დადო მსახურმა თავისი ხელი აბრაამის, თავისი ბატონის, საზარდულის ქვეშ და
შეჰფიცა მას ამ სიტყვაზე.
10. და თან წაიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემებიდან და წაიღო
თავისი ბატონის მთელი სიმდიდრიდან და ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნაქორის
ქალაქში.
11. და დააწვინა აქლემები ქალაქის გარეთ, წყლის ჭასთან შეღამებისას, როცა
გამოდიან მერწყულები.
12. და თქვა: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, წარმართე გზა ჩემ წინაშე
დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.
13. აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, ხოლო ქალაქის მკვიდრთა ასულები გამოდიან
წყლის ამოსაღებად.
14. და იქნება ქალწული, რომელსაც მე გეტყვი: დახარე შენი ჭურჭელი, რომ დავლიო; -
და მეტყვის მე: დალიე, და შენს აქლემებსაც დავალევინებ, ვიდრე არ დაწყულდებიან; ეს
გაუმზადე შენს მონას, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს,
აბრაამს.
15. და იყო, ვიდრე იგი დაამთავრებდა ლაპარაკს გონებაში, აჰა, რებეკა გამოდიოდა -
აბრაამის ძმის, ნაქორის, ცოლის, მელქას, ძის, ბათუელის, შობილი, რომელსაც ედგა
ჭურჭელი მხრებზე.
16. ხოლო ქალწული იყო ძლიერ მშვენიერი შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცმა არ
იცოდა იგი. და ჩავიდა წყაროზე, აავსო ჭურჭელი და ამოვიდა.
17. და გაიქცა მსახური მის შესაგებებლად და უთხრა: დამალევინე მე ცოტა წყალი
შენი ჭურჭლიდან.
18. ხოლო მან უთხრა: დალიე, ბატონო. და იჩქარა და გადმოიღო ჭურჭელი თავის
მკლავზე და დაალევინა მას, ვიდრე არ მოიკლა წყურვილი.
19. და უთხრა: შენს აქლემებსაც დავარწყულებ, ვიდრე ყველა არ დალევს.
20. და აჩქარდა და დაცალა ჭურჭელი სარწყულებელში და გაიქცა ისევ ჭისკენ წყლის
ამოსაღებად და ამოიღო დაარწყულა ყველა აქლემი.
21. ხოლო კაცი აკვირდებოდა მას, და გაჩუმდა, რათა გამოეცნო, წარმართა უფალმა
მისი გზა თუ არა.
22. და იყო, როცა დარწყულდა ყველა აქლემი, აიღო კაცმა ოქროს საყურეები, თითო
დრაქმის წონისა და ორი სამაჯური მისი ხელებისათვის, ათი ოქრო იყო მათი წონა.
23. და ჰკითხა მას და უთხრა: ვისი ასული ხარ? მითხარი მე, თუ არის მამაშენთან
ადგილი ჩვენთვის დასასვენებლად?
24. და უთხრა მას: ბათუელის ასული ვარ მე, მელქას ძისა, რომელიც უშვა ნაქორს.
25. და უთხრა მას: ბზეც და საკვებიც ბევრია ჩვენთან და ადგილიც - დასასვენებლად.
26. და მოეწონა კაცს და თაყვანის სცა უფალს.
27. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი ჩემი ბატონის, აბრაამისა, რომელმაც არ
მოაკლო თავისი სიმართლე და ჭეშმარიტება ჩემს ბატონს; მე წარმიმართა გზა უფალმა ჩემი
ბატონის ძმის სახლისკენ.
28. და გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა თავისი დედის სახლს ეს სიტყვები.
29. ხოლო რებეკას ძმა ჰყავდა, რომლის სახელი იყო ლაბანი; და გაიქცა ლაბანი იმ
კაცთან გარეთ, წყაროზე.
30. და იყო, როცა დაინახა საყურეები და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა
გაიგონა სიტყვები რებეკასი, თავისი დისა, რომელმაც თქვა: ასე მელაპარაკა მე ის
კაცი. - წავიდა იმ კაცთან, რომელიც იდგა აქლემებთან წყაროზე.
31. და უთხრა მას: მოდი, შემოდი; კურთხეულია უფალი; რისთვის დგახარ გარეთ? მე
გამზადებული მაქვს სახლი და ადგილი - აქლემებისთვის.
32. და შევიდა კაცი სახლში და გადმოტვირთა აქლემები. და მისცა ბზე და საკვები
აქლემებს და წყალი - მისი ფეხებისა და მასთან მყოფი კაცების ფეხების დასაბანად.
33. და დაუდო მათ პური საჭმელად. და თქვა: არ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი მე ჩემს
სათქმელს. და უთხრეს: თქვი.
34. და თქვა: აბრაამის მსახური ვარ მე.
35. და უფალმა აკურთხა ჩემი ბატონი ფრიად, და ამაღლდა; და მისცა მას ცხვრები და
ხბოები, ვერცხლი და ოქრო, მონების და მხევლები, აქლემები და სახედრები.
36. და უშვა სარრამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ერთი ძე ჩემს ბატონს მას შემდეგ, რაც
მოხუცდა იგი, და მისცა მას ყოველივე, რაც იყო მისი.
37. და დამაფიცა მე ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს
ასულთაგან ქანანელთა, რომელთა შორისაც მე ვმკვიდრობ მათ ქვეყანაში,
38. არამედ მამაჩემის სახლში, და ჩემს ტომში წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს
იქიდან.
39. და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამოვიდეს დედკაცი ჩემთან ერთად?
40. და მითხრა მე: უფალი, რომლის წინაშე სათნო ვიყავი, იგი გამოგზავნის თავის
ანგელოზს შენთან ერთად და წარმართავს შენს გზას, და მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს ჩემი
ტომიდან და მამაჩემის სახლიდან.
41. მაშინ თავისუდალი იქნები ჩემი წყევლისგან; ხოლო როცა წახვალ ჩემს ტომში და
არ მოგცემენ შენ, იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან.
42. და მოვედი დღეს წყაროზე და ვთქვი: უფალო ღმერთო ჩემი ბატონის, აბრაამისა, თუ
შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ახლა მე ვადგავარ,
43. აჰა, მე ვდგევარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის კაცთა ასულები გამოვლენ წყლის
ამოსაღებად, და იქნება ქალწული, რომელსაც მე ვეტყვი: დამალევინე მე ცოტა წყალი შენი
ჭურჭლიდან,
44. და მეტყვის მე: შენც დალიე და შენს აქლემებსაც დავარწყულებ, - ეს იქნება
დედაკაცი, რომელიც გაუმზადა უფალმა თავის მსახურს, ისააკს, და ამით გავიგებ, რომ
უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაამს.
45. და იყო, ვიდრე დავამთავრებდი მე ლაპარაკს ჩემს გონებაში, უკვე მოვიდა
რებეკა, რომელსაც ედგა ჭურჭელი მხრებზე, და ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. და
ვუთხარი მას: დამალევინე მე.
46. და აჩქარდა და ჩამოიღო ჭურჭელი, და თქვა: დალიე შენ, და შენს აქლემებსაც
დავალევინებ. და დავლიე, და ჩემს აქლემებსაც დაალევინა.
47. და ვკითხე მას და ვუთხარი: ვისი ასული ხარ? ხოლო მან თქვა: ბათუელის ასული
ვარ, ნაქორის ძისა, რომელიც უშვა მას მელქამ. და გავუკეთე მას საყურეების და
სამაჯურები - ხელებზე;
48. და კეთილად მივიჩნიე და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი ღმერთი ჩემი
ბატონისა, აბრაამისა, რომელმაც წარმმართა მე ჭეშმარიტების გზაზე, რომ მივუყვანო
ჩემი ბატონის ძმის ასული მის ძეს.
49. ამიტომ თუ მოიღებთ თქვენს წყალობას და სამართალს ჩემი ბატონის მიმართ,
მაუწყეთ მე, ხოლო თუ არა, მაუწყეთ მე, რათა გავბრუნდე მარჯვნივ ან მარცხნივ.
50. მიუგეს ლაბანმა და ბათუელმა და უთხრეს: უფლისაგან გამოვიდა ეს ბრძანება;
ამიტომ არ შეგვიძლია გითხრათ შენ ავი კარგის წილ.
51. აჰა, რებეკა შენ წინაშეა; წაიყვანე და იჩქარე, და იყოს ცოლი შენი ბატონის
ძისა, როგორც თქვა უფალმა.
52. და იყო, როცა გაიგონა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა მიწამდე
უფალს.
53. და გამოიტანა მსახურმა ჭურჭელი ვერცხლისა და ოქროსი და სამოსი და მისცა
რებეკას და ძღვენი მისცა მის ძმას და მის დედას.
54. და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა და დაიძინეს. და ადგა დილით
და თქვა: გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.
55. და უთხრეს მისმა ძმებმა და დედამ: დარჩეს ქალწული ჩვენთან ათიოდე დღე, და
ამის შემდეგ წამოვიდეს.
56. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ მაყოვნებთ მე, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა;
გამიშვით მე, რომ წავიდე ჩემს ბატონთან.
57. ხოლო მათ უთხრეს: მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ მას.
58. და მოუხმეს რებეკას და უთხრეს მას: წახვალ შენ ამ კაცთან ერთად? ხოლო მან
თქვა: წავალ.
59. და გაუშვეს რებეკა, თავისი და, მისი მზითვით, და აბრაამის მსახური და მასთან
მყოფნი.
60. და აკურთხეს რებეკა, თავისი და, და უთხრეს მას: ჩვენი და ხარ; გახდი
ათიათასჯერ ათასი, და დაიმკვიდროს შენმა თესლმა მოწინააღმდეგეთა ქალაქები.
61. და ადგა რებეკა, და მისი შიმუნავრები და შესხდნენ აქლემებზე, და წავიდნენ იმ
კაცთან ერთად, და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62. ხოლო ისააკი დადიოდა უდაბნოში ხილვის ჭასთან, რადგან იგი მკვიდრობდა ქვეყნის
სამხრეთით.
63. და გავიდა ისააკი თავის შესაქცევად ველზე საღამოხანს, და აახილა თვალები და
დაინახა მომავალი აქლემები.
64. და აახილა რებეკამ თვალები და დაინახა ისააკი და გადმოვიდა აქლემიდან,
65. და უთხრა მსახურს: ვინ არის ის კაცი, რომელიც მოდის ველზე ჩემს
შესაგებებლად? და უთხრა მსახურმა: ეგ არის ჩემი ბატონი. ხოლო მან აიღო მოსასხამი და
შემოიხვია.
66. და უამბო მსახურმა ყველაფერი, რაც გააკეთა. და შევიდა ისააკი თავისი დედის
სახლში და მიიყვანა რებეკა, და გახდა მისი ცოლი, და შეიყვარა იგი; და ნუგეში ეცა
ისააკს სარრას, თავისი დედის, გამო.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|