ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 23


1. და იყო სარრას ცხოვრება ას ოცდაშვიდი წელი.

2. და მოკვდა სარრა ქალაქ არბოკში, (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარრას საგლოვად და დასატირებლად.

3. და წამოდგა აბრაამი თავისი მკვიდრისგან და უთხრა ქეტის ძეებს და თქვა:

4. მწირი და მოსული ვარ მე თქვენთან; ამიტომ მომეცით მე საფლავი საკუთრებად თქვენთან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს მე.

5. და მიუგეს ქეტის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:

6. არა, ბატონო, ისმინე ჩვენიც. მეფე ხარ ღვთისგან შენ ჩვენ შორის; ჩვენს რჩეულ სამარხებში დაასაფლავე შენი მკვდარი; რადგან ჩვენგან არავინ დაგიჭერთ თავის სამარხს შენ, რომ დაასაფლავო შენი მკვდარი იქ.

7. და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ერს, ქეტის ძეებს.

8. და ელაპარაკა მათ აბრაამი და უთხრა: თუ უნდა თქვენს სულს, რომ დავასაფლავო ჩემი მკვდარი მე, ისმინეთ ჩემი და დაელაპარაკეთ ჩემ შესახებ ეფრონს, საარის ძეს,

9. და მომცეს მე ორმაგი გამოქვაბული, რომელიც არის მისი და მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთში; ვერცხლად, რაც ღირს, მომცეს მე იგი თქვენ შორის საკუთრებად სამარხისთვის.

10. ხოლო ეფრონი იჯდა ქეტის ძეებს შორის; და მიუგო ეფრომ ქეტელმა აბრაამს და უთხრა, ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის გასაგონად თქვა:

11. ჩემთან იყავი, ბატონო, და ისმინე ჩემი. მიწას და გამოქვაბულს, რომელიც არის მასში, შენ გაძლევ; ყველას ჩემი მოქალაქის წინაშე მოგეცი შენ; დაასაფლავე შენი მკვდარი.

12. და თაყვანი სცა აბრაამმა იმ ქვეყნის ერის წინაშე,

13. და უთხრა ეფრონს იმ ქვეყნის ერის ყურადსაღებად: რადგან ჩემკენ ხარ, ისმინე ჩემი: ვერცხლი მიწისა აიღე ჩემგან, და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს იქ.

14. ხოლო მიუგო ეფრონმა აბრაამს და უთხრა:

15. არა, ბატონო, რადგან გამიგონია: მიწა ოთხასი დიდრაქმა ვერცხლიაა; ჩემსა და შენ შორის რა არის ეს? შენ შენი მკვდარი დაასაფლავე.

16. და ისმინა აბრაამმა ეფრონისა, და მისცა აბრაამმა ეფრონს ვერცხლი, რაც თქვა ქეტის ძეთა ყურადსაღებად - ოთხასი დიდრაქმა ვერცხლი, მიღებული ვაჭრებში.

17. და გახდა ეფრონის მიწა, რომელიც იყო ორმაგ გამოქვაბულში და რომელიც არის მამბრეს პირდაპირ - მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, და ყოველი ხე, რომელიც იყო ამ მიწაზე და რომელიც არის მისი საზღვრების გარშემო -

18. აბრაამის საკუთრება ქეტის ძეთა და ქალაქში ყველა შემომსვლელის წინაშე.

19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარრა, თავისი ცოლი, იმ მიწის ორმაგ გამოქვაბულში, რომელიც არის მამბრეს წინ (ეს არის ქებრონი), ქანაანის ქვეყანაში.

20. და დაუმტკიცა ის მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მასში, აბრაამს საკუთრებად საფლავისთვის ქეტის ძეთაგან.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი