ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 22


1. და იყო, ამ ამბების შემდეგ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ; ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

2. და უთხრა: წაიყვანე შენი საყვარელი ძე, რომელიც შეიყვარე, ისააკი, და წადი მაღალ ქვეყანაში, და შესწირე იგი იქ ყოვლადდასაწველად ერთ-ერთ მთაზე, რომელზეც შენ იტყვი.

3. და ადგა აბრაამი განთიადისას და შეკაზმა თავისი სახედარი; და თან წაიყვანა ორი მსახური და ისააკი, თავისი ძე, და დააპო შეშა ყოვლადდასაწველისათვის, და ადგა და წავიდა და მივიდა ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა, მესამე დღეს.

4. და აახილა აბრაამმა თვალები და დაინახა ადგილი შორიდან.

5. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: დასხედით აქ სახედართან, ხოლო მე და ყრმა მივალთ იქამდე და თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით თქვენთან.

6. და აიღო აბრაამმა ყოვლადდასაწველის შეშა და აჰკიდა ისააკს, თავის ძეს; და აიღო ცეცხლიც ხელით და დანაც, და წავიდა ორივე ერთად.

7. და უთხრა ისააკმა აბრაამს, თავის მამას, და თქვა: მამა. ხოლო მან თქვა: რა არის შვილო? და უთხრა: აჰა, ცეცხლი და შეშა; სად არის ცხვარი ყოვლადდასაწველად?

8. და თქვა აბრაამმა: ღმერთი ნახავს თავისთვის ცხვარს ყოვლადდასაწველად, შვილო. და წავიდა ორივე ერთად.

9. და მივიდნენ ადგილზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. და ააგო იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დადო იგი სამსხვერპლოზე, შეშაზე.

10. და გაიწოდა აბრაამმა თავისი ხელი დანის ასაღებად, თავისი ძის დასაკლავად.

11. და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ზეციდან და უთხრა მას: აბრაამ, აბრაამ. ხოლო მან თქვა: აჰა, აქა ვარ მე.

12. და უთხრა: ნუ აღმართავ შენს ხელს ყრმაზე, ნურც უზამ მას ნურაფერს, რადგან ახლა ვიცი, რომ გეშინია ღვთისა შენ და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის.

13. და აახილა აბრაამმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ერთი ვერძი გახლართული იყო საბეკის ნერგში რქებით; და მივიდა აბრაამი და მოიყვანა ვერძი და შესწირა იგი ყოვლადდასაწველად ისააკის, თავისი ძის, ნაცვლად.

14. და უწოდა აბრაამმა იმ ადგილის სახელი „უფალმა იხილა“, რომელზეც ამბობენ დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.

15. და უხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს მეორედ ზეციდან და უთხრა:

16. ჩემი თავი დავიფიცე, - ამბობს უფალი, - რადგან შეასრულე ეს სიტყვა და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის,

17. კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარსკვლავებს და როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და დაიკვიდრებს შენი თესლი მოწინააღმდეგეთა ქალაქებს;

18. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი იმის სანაცვლოდ, რომ შეისმინე ჩემი ხმისა.

19. და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და მივიდნენ ერთად ფიცის ჭასთან. და დამკვიდრდა აბრაამი ფიცის ჭასთან.

20. და იყო, ამ ამბის შემდეგ შეატყობინეს აბრაამს და უთხრეს: აჰა, უშვა მელექმაც ძეები ნაქორს, შენს ძმას,

21. ოქსი, პირმშო, და ბავქსი, მისი ძმა, და კამუელი, ასურელთა მამა.

22. და ქასადი და აზავი და ფალდასი და იედლაფი და ბათუელი;

23. და ბათუელმა შვა რებეკა. ეს არის რვა ძე, რომლებიც უშვა მელქამ ნაქორს, აბრაამის ძმას.

24. და მისმა ხარჭამ, რომლის სახელია რეიმა, შვა მანაც გაამი და ტაბექი და ტოქოსი და მოქა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი