ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 21


1. და უფალმა გადმოხედა სარრას, როგორც თქვა,  და გაუკეთა უფალმა სარრას, როგორც ეუბნებოდა,

2. და მუცლადიღო და უშვა სარრამ აბრაამს ძე სიბერისას, იმ დროს, როგორც ელაპარაკა მას უფალი.

3. და უწოდა აბრაამმა სახელი თავის ძეს, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარრამ, ისააკი.

4. და დასცვითა აბრაამმა ისააკს მერვე დღეს, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.

5. ხოლო აბრაამი იყო ასი წლისა, როცა ეყოლა მას ისააკი, თავისი ძე.

6. და თქვა სარრამ: გასაცინი რამ გამიკეთა მე უფალმა, რადგან ვინც გაიგებს, გაიხარებს ჩვენთან ერთად.

7. და თქვა: ვინ შეატყობინებს აბრაამს, რომ აწოვებს ყრმას სარრა? რადგან ვშობე ძე ჩემს სიბერეში.

8. და გაიზარდა ყრმა და მოაშორეს ძუძუს, და გამართა აბრაამმა დიდი ლხინი, რომელ დღესაც მოაშორეს ძუძუს ისააკი, მისი ძე.

9. და დაინახა სარრამ ეგვიპტელი აგარის ძე, რომელიც ეყოლა აბრაამს, რომ ლაღობდა ისააკთან, მის ძესთან,

10. და უთხრა აბრაამს: გააგდე ეგ მხევალი და მისი ძე, რათა არ დამკვიდრდეს მაგ მხევლის ძე ჩემს ძესთან, ისააკთან.

11. და სასტიკი ეჩვენა ეს სიტყვა ძლიერ აბრაამს მისი ძის შესახებ.

12. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სასტიკი ნუ იქნება ეს სიტყვა შენთვის ყრმისა და მხევლის შესახებ; ყველაფერი, რასაც გეტყვის შენ სარრა, ისმინე მისი ხმისა, რადგან ისააკისგან გეწოდება შენ მოდგმა.

13. ხოლო მაგ მხევლის ძეს, დიდ ხალხად ვაქცევ მას, რადგან შენი თესლია.

14. და ადგა აბრაამი განთიადისას და აიღო პურები და წყლის თხიერი და მისცა აგარს, და შეუსვა მხარზე ყრმაც, და გაუშვა იგი. და წავიდა, და დაიბნა უდაბნოში ფიცის ჭასთან.

15. და იკლო წყალმა თხიერში, და მიაგდო ყრმა ერთი ფიჭვის ქვეშ.

16. და წავიდა და დაჯდა მის პირდაპირ მოშორებით, დაახლოებით მშვილდის სასროლზე, რადგან თქვა: არ ვნახო სიკვდილი ჩემი ყრმისა. და დაჯდა მის წინ. და შეყვირა ყრმამ და ატირდა.

17. და შეისმინა ღმერთმა ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც იყო, და მოუხმო ღვთის ანგელოზმა აგარს ზეციდან და უთხრა მას: რა არის, აგარ? ნუ გეშინია, რადგან შეისმინა ღმერთმა შენი ყრმის ხმისა ადგილიდან, სადაც არის.

18. ადექი, აიყვანე ყრმა და მოჰკიდე შენი ხელი მას, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.

19. და აუხილა ღმერთმა თვალები მას, და დაინახა ცოცხალი წყლის ჭა; და წავიდა და აავსო წყლის თხიერი და დაალევინა ყრმას.

20. და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა, და დასახლდა უდაბნოში და გახდა მშვილდოსანი.

21. და დამკვიდრდა ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამ ცოლი ეგვიპტის ქვეყნიდან.

22. და იყო იმ დროს, და უთხრა აბიმელექმა, და ოქოზათმა, მისმა მძახალმა, და ფიქოლმა, მისი ძალების მხედართმთავარმა, აბრაამს და თქვა: ღმერთი შენთან არის ყველაფერში, რასაც აკეთებ;

23. ამიტომ ახლა შემომფიცე მე ღმერთი, რომ არ მომექცევი უსამართლოდ არც მე, არც ჩემს თესლს, არც ჩემს სახელს; არამედ სამართლისაებრ, როგორც მოგექეცი შენ, მომექეცი მე და ქვეყანას, სადაც შენ მწირობდი.

24. და თქვა აბრაამმა: მე დავიფიცებ.

25. და ამხილა აბრაამმა აბიმელექი წყლის ჭების გამო, რომლებიც წაართვეს აბიმელექის მსახურებმა.

26. და უთხრა მას აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ გააკეთა ეგ საქმე, არც შენ მაუწყე მე, არც მე მსმენია დღემდე.

27. და მიიყვანა აბრაამა ცხვრები და ხბოები და მისცა აბიმელექს, და დადო ორივემ აღთქმა.

28. და დააყენა აბრაამმა ცხვრის შვიდი კარავი ცალკე.

29. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ცხვრის ეგ შვიდი კრავი, რომლებიც დააყენე ცალკე?

30. და თქვა აბრაამმა: ეს შვიდი კრავი მიიღე ჩემგან, რათა იყოს ჩემთვის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.

31. ამის გამო დაარქვა სახელი იმ ადგილს „ფიცის ჭა“, რადგან იქ დაიფიცა ორივემ.

32. და დადეს აღთქმა ფიცის ჭაზე. და ადგა აბიმელექი, და ოქოზათი, მისი მძახალი, და ფიქოლი, მისი ძალების მხედართმთავარი, და გაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

33. და დათესა აბრაამმა ყანა ფიცის ჭასთან და მოუხმო იქ უფლის სახელს, საუკუნო ღმერთს.

34. და მწირობდა აბრაამი ფილისტიმელტა ქვეყანაში მრავალ დღეს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი