ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 20
1. და დაიძრა აბრაამი სამხრეთის ქვეყნისკენ, და დამკვიდრდა კადესსა და სურს
შორის, და მწირობდა გერარში.
2. და თქვა აბრაამმა სარრაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის; რადგან შეეშინდა,
ეთქვა: ჩემი ცოლია, - რომ არ მოეკლათ იგი ქალაქის კაცებს მის გამო. და გააგზავნა
აბიმელექმა, გერარის მეფემ და წაიყვანა სარრა.
3. და მივიდა ღმერთი აბიმელექთან ძილში ღამით და უთხრა: აჰა, შენ მოკვდები
დედაკაცის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან იგი ცხოვრობს ქმართან.
4. ხოლო აბიმელექი არ შეეხო მას და თქვა: უფალო, უმეცარ და მართალ ხალხს
დაღუპავ?
5. მან არ მითხრა მე: ჩემი და არის? - და ამან მითხრა მე: ჩემი ძმა არის. -
წრფელი გულით და მართალი ხელებით გავაკეთე ეს.
6. და უთხრა მას ღმერთმა ძილში: მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს, და
დაგინდე მე შენ, რათა არ შეგეცოდა შენ ჩემ მომართ; ამის გამო არ გაგიშვი შენ, რომ
შეხებოდი მას.
7. ხოლო ახლა დაუბრუნე ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია და ილოცებს შენთვის და
იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ მოკვდები შენ და ყველა შენიანი.
8. და ადრე ადგა აბიმელექი, განთიადისას, და მოუხმო თავის ყველა მსახურს, და
თქვა ყველა ეს სიტყვა მათ ყურადსაღებად, და შეეშინდა ყველა კაცს ძლიერ.
9. და დაუძახა აბიმელექმა აბრაამს და უთხრა მას: ეს რა გვიყავი ჩვენ? განა რა
შეგცოდეთ შენ, რომ მოაწიე ჩემზე და ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც
არავის გაუკეთებია, გამიკეთე მე.
10. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა გედო გულში, ეს რომ გააკეთე?
11. და თქვა აბრაამმა: რადგან ვთქვი: იქნებ არ არის ღვთისმოშიშება ამ ადგილას,
და მე მომკლავენ ჩემი ცოლის გამო.
12. რადგან მართლაც ჩემი და არის მამის მხრიდან, და არა დედის მხრიდან; და გახდა
ჩემი ცოლი.
13. და იყო, როცა გამომიყვანა მე ღმერთმა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: ეს
სამართალი ჰყავ ჩემთვის: ყველა ადგილას, სადაც შევალთ, იქ თქვი ჩემზე: ჩემი ძმა
არის.
14. და აიღო აბიმელექმა ათასი დიდრაქმა, ცხვრები და ხბოები და მონები და
მხევლები, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა მას სარრა, მისი ცოლი.
15. და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: აჰა, ჩემი ქვეყანა შენ წინაშეა; სადაც შენ
მოგწონს, დასახლდი.
16. ხოლო სარრას უთხრა: აჰა, მივეცი ათასი დიდრაქმა შენს ძმას; ეს იქნება შენი
პირის საფასურად შენთვის და ყველასთვის, ვინც შენთან არის; და ყველასთან გამართლდი.
17. და ილოცა აბრაამმა ღვთის მიმართ, და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი
ცოლი და მისი მხევლები, და შვეს;
18. რადგან დახშვით დახშა უფალმა გარედან ყველა საშო აბიმელექის სახლში სარრას,
აბრაამის ცოლის, გამო.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|