ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 19
1. და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამოს; ხოლო ლოთი იჯდა სოდომის
კარიბჭესთან. და დაინახა ლოთმა და წამოდგა მათ შესაგებებლად და თაყვანი სცა პირით
მიწამდე,
2. და უთხრა: აჰა, ბატონებო, გადმოუხვიეთ თქვენი მონის სახლისკენ და დაისვენეთ
და დაიბანეთ თქვენი ფეხები, და ადრე ადექით და წადით თქვენს გზაზე. და თქვეს: არა,
მოედანზე დავისვენებთ.
3. და აიძულა ისინი, და გადაუხვიეს მასთან და შევიდნენ მის სახლში. და მოუმზადა
მათ სასმელი და ხმიადები გამოუცხო მათ, და ჭამეს,
4. და ვიდრე დაიძინებდნენ, ქალაქის კაცები, სოდომელები, გარშემოერტყნენ სახლს
ჭაბუკიდან მოხუცამდე, მთელი ერი ერთად,
5. და გამოუხმეს ლოთს და ეუბნებიან მას: სად არიან კაცები, რომლებიც მოვიდნენ
შენთან ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რათა თანავეყოთ მათ.
6. და გამოვიდა ლოთი მათთან წინკარში და კარი მოიხურა თავის უკან.
7. და უთხრა მათ: არა, ძმებო, არ ჩაიდინოთ ბოროტება.
8. მყავს მე ორი ასული, რომლებსაც არ შეუცვნიათ მამაკაცი; გამოვიყვან მათ
თქვენთან და მოექეცით მათ, როგორც გესიამოვნებათ თქვენ. მხოლოდ ამ კაცებს ნუ
მოექცევით უსამართლოდ, რადგან შემოვიდნენ ჩემი სახლის ჭერქვეშ.
9. და უთხრეს: გადი იქით. მოხვედი მწირობისთვის თუ სამართლის განსასჯელად?
ამიტომ ახლა შენ უფრო ცუდს გაგიკეთებთ, ვიდრე მათ. და მძლავრობდნენ კაცზე, ლოთზე,
ძლიერ, და მიუახლოვდნენ კარს შესამტვრევად.
10. ხოლო გაიწოდეს კაცებმა ხელები და შეიტაცეს ლოთი თავისთან სახლში და სახლის
კარი ჩაკეტეს;
11. ხოლო კაცებს, რომლებიც იყვნენ სახლის კართან, დამართეს სიბრმავე დიდიდან
პატარამდე, და დაიღალნენ კარის ძებნით.
12. და უთხრეს კაცებმა ლოთს: გყავს შენ ვინმე აქ: სიძეები ან ძეები, ან ასულები?
ან თუ სხვა ვინმე გყავს შენ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან;
13. რადგან დავაქცევთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათი ღაღადება უფლის
წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის მოსასპობად.
14. და გამოვიდა ლოთი და ელაპარაკა თავის სიძეებს, რომლებმაც ითხოვეს მისი
ასულები, და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან მოსპობს უფალი ქალაქს. და
სასაცილო გამოჩნდა თავისი სიძეების წინაშე.
15. ხოლო როცა ცისკარი დადგა, აჩქარებდნენ ანგელოზები ლოთს და ეუბნებოდნენ:
ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, რომლებიც გყავს, და გადი, რათა
შენც არ დაიღუპო ქალაქის უსჯულოებასთან ერთად.
16. და შეძრწუნდნენ; და მოჰკიდეს ანგელოზებმა მის ხელს და მისი ცოლის ხელს და
მისი ორი ასულის ხელებს, რადგან შეიბრალა უფალმა იგი.
17. და იყო, როცა გაიყვანეს ისინი გარეთ, უთხრეს: გადარჩენით გადაარჩინე შენი
სული; ნუ მოიხედავ უკან, ნურც გაჩერდები მთელ შემოგარენში; მთაში გადარჩი, რათა არ
იყო მათი თანაზიარი.
18. და უთხრა ლოთმა მათ: გევედრები, უფალო, რადგან პოვა შენმა მსახურმა წყალობა
შენ წინაშე და განადიდე შენი სიმართლე, რომელსაც აღასრულებ ჩემზე, რათა იცოცხლოს
ჩემმა სულმა; ხოლო მე ვერ შევძლებ გადარჩენას მთაში, ვაითუ მეწიოს მე ბოროტება და
მოვკვდე,
19. აჰა, ეს ქალაქი ახლოს არის ჩემთვის, რომ გავიქცე იქ, ის პატარაა, იქ
გადავრჩები; განა პატარა არ არის? და იცოცხლებს ჩემი სული.
20. და უთხრა მას: აჰა, გამაკვირვა შენმა სახემ და ამ სიტყვამ, რომ არ
გავანადგურო ქალაქი, რომლის შესახებაც თქვი;
21. ამიტომ იჩქარე, რათა გადარჩე იქ; რადგან ვერ შევძლებ საქმის აღსრულებას,
ვიდრე არ შეხვალ შენ იქ. ამის გამო უწოდა იმ ქალაქს სახელი სეგორი (ებრ. პატარა).
22. მზე ამოვიდა ქვეყანაზე, და ლოთი შევიდა სეგორში.
23. და უფალმა აწვიმა სოდომზე და გომორზე გოგირდი და ცეცხლი უფლის მიერ ზეციდან,
24. და გაანადგურა ეს ქალაქები და მთელი შემოგარენი და ყველა მცხოვრები
ქალაქებში და ყველაფერი, აღმოცენებული მიწიდან.
25. და მიიხედა მისმა ცოლმა უკან და იქცა მარილის სვეტად.
26. და ადრე ადგა აბრაამი, განთიადისას, მივიდა ადგილას, სადაც იდგა
უფლის წინაშე,
27. და გადახედა სოდომისა და გომორის სახეს და შემოგარენის მიწის პირს და
დაინახა: და აჰა, ადიოდა ალი მიწიდან, როგორც ალმური ღუმლისა.
28. და იყო, როცა მოსრა უფალმა შემოგარენის ყველა ქალაქი, გაიხსენა ღმერთმა
აბრაამი და გაიყვანა ლოთი ნგრევის შუაგულიდან, როცა გაანადგურა უფალმა ქალაქები,
რომლებშიც ცხოვრობდა ლოთი.
29. და ავიდა ლოთი სეგორიდან და დაჯდა მთაზე, და მისი ორი ასული მასთან ერთად,
რადგან შეეშინდა დამკვიდრება სეგორში. და დასახლდა გამოქვაბულში, ის და მისი ორი
ასული მასთან ერთად.
30. და უთხრა უფროსმა უმცროსს: ჩვენი მამა მოხუცია, და არავინ არის ქვეყანაზე,
ვინც შემოვა ჩვენთან, როგორც წესია მთელ ქვეყანაზე;
31. მოდი და დავალევინოთ ჩვენს მამას ღვინო და დავწვეთ მასთან და აღვადგინოთ
ჩვემი მამისაგან თესლი.
32. და დაალევინეს თავის მამას ღვინო იმ ღამეს, და შევიდა უფროსი და დაწვა თავის
მამასთან იმ ღამეს, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.
33. და იყო, მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: აჰა დავწექი გუშინ ჩვენს
მამასთან; დავალევინოთ მას ღვინო ამ ღამესაც, და შედი და დაწექი მასთან, და
აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან თესლი.
34. და დაალევინეს იმ ღამეს თავის მამას ღვინო, და შევიდა უმცროსი და დაწვა
თავის მამასთან, და ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა.
35. და მუცლადიღო ლოთის ორივე ასულმა თავისი მამისაგან.
36. და შვა უფროსმა ძე და უწოდა მისი სახელი მოაბი (ებრ. მამაჩემისაგან);
და თქვა: მამაჩემისაგან არის; - ეს არის მოაბელთა მამა დღევანდელ დღემდე.
37. და შვა უმცროსმაც ძე და უწოდა მისი სახელი ამანი (ებრ. ძე ჩემი ერისა);
და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. - ეს არის ამანელთა მამა დღევანდელ დღემდე.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|