ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 18


1. და ეჩვენა მას ღმერთი მამბრეს მუხასთან, როდესაც იჯდა იგი თავისი კარვის კართან შუადღისას.

2. და აახილა თავისი თვალები და დაინახა: აჰა, სამი კაცი თავზე დაადგა მას; და დაინახა და გაიქცა მათ შესაგებებლად თავისი კარვის კარიდან და თაყვანი სცა მიწამდე,

3. და თქვა: უფალო, თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ნუ ჩაუვლი შენს მონას;

4. მოიტანენ წყალს და დაგბანენ თქვენ ფეხებს და გაგრილდით ხის ქვეშ.

5. და მოვიტან პურს და ჭამეთ, და ამის შემდეგ წადით თქვენს გზაზე, რომლის გამოც გადმოუხვიეთ თქვენს მონასთან. და უთხრეს: ისე გააკეთე, როგორც თქვი.

6. და იჩქარა აბრაამმა კარავში სარრასთან და უთხრა მას: იჩქარე და მოზილე სამი საწყაო სამინდო და გააკეთე კვერები.

7. და ძროხებისკენ გაიქცა აბრაამი, და აიყვანა ხბო, ჩვილი და კარგი, და მისცა მსახურს და ჩქარობდა მის მომზადებას.

8. და აიღო ერბო და რძე და ხბო, რომელიც მომზადდა, და წინ დაუწყო მათ, და ჭამეს; ხოლო თვითონ წინ ედგა მათ, ხის ქვეშ.

9. და უთხრა მას: სად არის სარრა, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო და უთხრა: აჰა, კარავშია.

10. და თქვა: მოვბრუნდები და მოვალ შენთან ამ დროის ამ ჟამისთვის და ეყოლება ძე სარრას, შენს ცოლს. ხოლო სარრამ გაიგონა კარვის კართან, იყო რა მის უკან.

11. ხოლო აბრაამი და სარრა მოხუცებულები და ხანგადასულები იყვნენ, და შეწყვეტილი ჰქონდა სარრას დედათა წესი.

12. და გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ჯერ არ მყოლია მე აქამდე, ჩემი ბატონი კი მოხუცებულია.

13. და უთხრა უფალმა ღმერთმა აბრაამს: რატომ გაიცინა სარრამ თავისთვის და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ? მე ხომ დავბერდი.

14. განა უძლურია ღვთის სიტყვა? ამ დროისთვის დავბრუნდები შენთან, ამ ჟამისთვის, და ეყოლება სარრას ძე.

15. და უარყო სარრამ და თქვა: არ გამიცინია, - რადგან შეეშინდა. და უთხრა: არა, გაიცინე.

16. და ადგნენ იქიდან კაცები და გადახედეს სოდომისა და გომორის სახეს, ხოლო აბრაამი მიჰყვებოდა და აცილებდა მათ.

17. და უფალმა თქვა: განა დავფარავ მე აბრაამისგან, ჩემი მსახურისგან, რასაც მე ვაკეთებ?

18. და აბრაამი იქცევა დიდ და მრავალ ხალხად, და იკურთხება მისით ქვეყნის ყველა ხალხი.

19. რადგან ვიცი, რომ უბრძანებს თავის ძეებს და თავის სახლს თავის შემდეგ, და დაიცავენ უფლის გზებს, რომ აღასრულონ სამართალი და მსჯავრი; რათა მოავლინოს უფალმა აბრაამზე ყველაფერი, რაც უთხრა მას.

20. და თქვა უფალმა: ღაღადება სოდომისა და გომორისა გამრავლდა, და მათი ცოდვები დიდია ძლიერ;

21. ამიტომ ჩავალ და ვნახავ, ჩემამდე მოღწეული მათი ღაღადებისაებრ თუ იქცევიან, ხოლო თუ არა - მეცოდინება.

22. და გაბრუნდნენ იქიდან კაცები და მივიდნენ სოდომში, ხოლო აბრაამი ისევ იდგა უფლის წინაშე.

23. და მიუახლოვდა აბრაამი და უთხრა: ნუთუ დაღუპავ მართალს უღვთოსთან ერთად და იქნება მართალი, როგორც უღვთო?

24. თუ იქნება ორმოცდაათი მართალი ქალაქში, დაღუპავ მათ? არ დაინდობ მთელ იმ ადგილს ორმოცდაათი მართლის გამო, თუ იქნებიან მასში?

25. არაფრით არ გააკეთებ შენ ამ სიტყვისაებრ, რომ მოკლა მართალი უღვთოსთან ერთად; და იქნება მართალი, როგორც უღვთო? არაფრით; მსაჯული მთელი ქვეყნისა არ აღასრულებ მსჯავრს?

26. და თქვა უფალმა ღმერთმა: თუ ვიპოვი სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, დავტოვებ მთელ იმ ადგილს მათ გამო.

27. და მიუგო აბრაამმა და თქვა: ახლა დავიწყე ლაპარაკი უფალთან, ხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი;

28. და თუ დააკლდება ორმოცდაათ მართალს ხუთი, დაღუპავ ხუთის გამო მთელ ქალაქს? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ორმოცდახუთს.

29. და დაუმატა კვლავ მის მიმართ ნათქვამს და თქვა: და თუ აღმოჩნდება იქ ორმოცი? და თქვა: არ დავღუპავ ორმოცის გამო.

30. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი: და თუ აღმოჩნდება იქ ოცდაათი? და თქვა: არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ოცდაათს.

31. და თქვა: რადგან მაქვს სათქმელი უფალთან, და თუ აღმოჩნდება იქ ოცი? და თქვა: არ დავღუპავ ოცის გამო.

32. და თქვა: რა იქნება, უფალო, თუ ვიტყვი კიდევ ერთხელ: და თუ აღმოჩნდება იქ ათი? და თქვა: არ დავღუპავ ათის გამო.

33. და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან, და აბრაამი დაბრუნდა თავის ადგილას.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი