ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 17
1. და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, და ეჩვენა უფალი აბრამს და უთხრა მას:
მე ვარ ღმერთი შენი; სათნო იყავი ჩემ წინაშე და იყავი უბიწო,
2. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენ შორის და გაგამრავლებ შენ ძლიერ.
3. და დავარდა აბრამი პირქვე და ელაპრაკა მას ღმერთი და უთხრა:
4. და აჰა, მე, აღთქმა ჩემი შენთან, და იქნები მამა მრავალი ხალხისა.
5. და აღარ გეწოდება სახელი შენ აბრამი, არამედ იქნება სახელი შენი აბრაამი,
რადგან მრავალი ხალხის მამას დაგადგინე შენ.
6. და აგაღორძინებ შენ ძლიერ, ძლიერ, და დაგადგენ შენ ხალხად, და მეფეები შენგან
გამოვლენ.
7. და დავდებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს თესლს შორის შენ შემდეგ
მათს მოდგმაში საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენთვის ღმერთი და შენი თესლისთვის შენ
შემდეგ.
8. და მოგცემ შენ და შენს თესლს შენ შემდეგ ქვეყანას, სადაც მწირობ, ქანაანის
მთელ ქვეყანას, საუკუნო სამფლობელოდ და ვიქნები მათთვის ღმერთი.
9. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ხოლო შენ ჩემს აღთქმას დაიცავ, შენ და შენი თესლი
შენ შემდეგ თავის მოდგმაში.
10. და ეს არის აღთქმა, რომელსაც დაიცავ, ჩემსა და თქვენ შორის და შენს თესლს
შორის შენ შემდეგ მათს მოდგმაში: წინადაიცვეთს თქვენგან ყოველი წული,
11. და დაიცვეთთ ხორცს თქვენი წინადაცვეთილობისას, და იქნება აღთქმის ნიშნად
ჩემსა და თქვენ შორის.
12. და ყრმამ რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა წულმა თქვენს მოდგმაში,
სახლისწულმა შენი სახლისამ და ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა უცხო ძეთაგანმა, რომელიც არ
არის შენი თესლიდან.
13. დაცვეთით დაიცვეთს სახლისწული შენი სახლისა და ვერცხლით ნაყიდი, და იქნება
ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.
14. და დაუცვეთელი მამაკაცი, რომელიც არ დაიცვეთს ხორცს თავისი დაცვეთილობისას
მერვე დღეს, მოიკვეთება ის სული თავისი მოდგმიდან, რადგან ჩემი აღთქმა დაარღვია.
15. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარას, შენს ცოლს, აღარ ეწოდება თავისი სახელი
სარა, არამედ სარრა იქნება მისი სახელი.
16. და ვაკურთხებ მას და მოგცემ შენ მისგან შვილს, და ვაკურთხებ მას, და იქცევა
ხალხად, და ხალხთა მეფეები მისგან გამოვლენ.
17. და დავარდა აბრაამი პირქვე და გაეცინა და თქვა თავის გონებაში: ნუთუ ასი
წლისას ეყოლება ძე, და ნუთუ სარრა ოთხმოცდაათი წლისა შობს?
18. და უთხრა აბრამმა ღმერთს: ისმაელმა, ამან იცოცხლოს შენ წინაშე.
19. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: ჰო; აჰა, სარრა, შენი ცოლი, გიშობს შენ ძეს, და
უწოდებ მას სახელს, ისააკს; და დავდებ ჩემს აღთქმას მასთან საუკუნო აღთქმად და მის
თესლთან მის შემდეგ.
20. ხოლო ისმაელის შესახებ, აჰა, მე ვისმინე შენი; აჰა, ვაკურთხე იგი და
ავაღორძინებ მას და გავამრავლებ მას ძლიერ; თორმეტ ხალხს წარმოშობს, და ვაქცევ მას
დიდ ხალხად.
21. ხოლო ჩემს აღთქმას დავდებ ისააკთან, რომელსაც გიშობს შენ სარრა ამ
დროისთვის, მეორე წელიწადს.
22. და დაასრულა ლაპარაკი მასთან და ამაღლდა ღმერთი აბრაამისგან.
23. და მოიყვანა აბრაამმსა ისმაელი, თავისი ძე, და ყველა თავისი სახლისწული და
ყველა ვერცხლით ნაყიდი და ყოველი წული კაცთაგან, აბრაამის სახლში მყოფი, და
დასცვითა მათი წინადაცვეთილობა იმ დღის იმ ჟამს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
24. და აბრაამი იყო ოთმოცდაცხრამეტი წლისა, როცა დაიცვითა ხორცი თავისი
წინადაცვეთილობისა,
25. ხოლო ისმაელი, მისი ძე, ცამეთი წლისა იყო, როცა დასცვითა ხორცი მისი
დაცვეთილობისა.
26. იმ დღის იმ ჟამს დაიცვითეს აბრაამმა და ისმაელმა, მისმა ძემ,
27. და მისი სახლის ყველა მამაკაცმა და სახლისწულმა და ვერცხლით ნაყიდმა სხვა
მოდგმის ხალხთაგან; დასცვითა მათ.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|