ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 16


1. ხოლო სარა, აბრამის ცოლი, არ უშობდა მას. და ჰყავდა მას მხევალი ეგვიპტელი, რომლის სახელი იყო აგარი.

2. და უთხრა სარამ აბრამს ქანაანის ქვეყანაში: აჰა, დამხშა მე უფალმა, რომ არ ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, რათა შვილიერი გახდე მისგან. და შეისმინა აბრამმა სარას ხმისა.

3. და მოიყვანა სარამ, აბრამის ცოლმა, ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ათი წლის შემდეგ აბრამის დასახლებიდან ქანაანის ქვეყანაში, და მისცა იგი აბრამს, თავის ქმარს, ცოლად.

4. და შევიდა აგართან, და მუცლადიღო. და ნახა, რომ მუცლადღებულია, და უპატიო გახდა ქალბატონი მის წინაშე.

5. და უთხრა სარამ აბრამს: ვიჩაგრები შენგან; მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; ხოლო როცა ნახა, რომ მუცლადღებულია, უპატიო გავხდი მის წინაშე. განსაჯოს ღმერთმა ჩემსა და შენ შორის.

6. და უთხრა აბრამმა სარას: აჰა, შენი მხევალი შენ ხელთ არის. მოექეცი მას, როგორც შენ გინდა. და ცუდად ექცეოდა მას სარა, და გაიქცა მისგან.

7. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, წყაროსთან სურის გზაზე.

8. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აგარ, სარას მხევალო, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? და თქვა: სარასგან, ჩემი ქალბატონისგან, გავრბივარ მე.

9. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: მიბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ.

10. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გამრავლებით გავამრავლებ შენს თესლს და არ აღირაცხება სიმრავლის გამო.

11. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, შენ მუცლადღებული ხარ და შობ ძეს და უწოდებ მას სახელს, ისმაელს (ებრ. შეისმინა ღმერთმა), რადგან შეისმინა უფალმა შენი სიმდაბლისა.

12. იქ იქნება ველური კაცი; მისი ხელები ყველაზე და ყველას ხელები მასზე, და თავისი ყველა ძმის პირისპირ დამკვიდრდება.

13. და უწოდა აგარმა სახელი უფალს, რომელიც ელარაპაკებოდა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმაც მომხედე მე; - რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე, რომელიც მეჩვენა მე.

14. ამის გამო უწოდა ჭას: „ჭა, სადაც პირისპირ ვიხილე“; აჰა, კიდესსა და ბარადს შორის.

15. და უშვა აგარმა აბრამს ძე, და უწოდა აბრამმა სახელი თავისი ძისა, რომელიც უშვა მას აგარმა, ისმაელი.

16. ხოლო აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როცა უშვა აგარმა ისმაელი აბრამს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი