ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 14


1. და იყო, ამარფალის, სენაარის მეფის, მეფობისას არიოქმა, ელასარის მეფემ და ქოდოლოგომორმა, აილამის მეფემ და თარგალმა, წარმართთა მეფემ

2. გამართეს ბრძოლა ბალასთან, სოდომის მეფესთან და ბარსასთან, გომორის მეფესთან და სენაართან, ადამას მეფესთან და სიმობორთან, სებოიმის მეფესთან და ბალაკის (ეს არის სეგორი) მეფესთან.

3. ესენი ყველანი შეითქვნენ მარილოვან ხეობაში (ეს არის მარილის ზღვა).

4. თორმეტი წელი ემონებოდნენ ქოდოლოგომორს, ხოლო მეცამეტე წელს განუდგნენ.

5. ხოლო მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქოდოლოგომორი და მეფეები, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად და ამოხოცეს გმირები ასტაროთ-კარნაინში და ძლიერი ხალხი მათთან ერთად და ომეელები ქალაქ სავეში

6. და ქორელები, რომლებიც იყვნენ სეირის მთებში, ფარანის ბელეკონამდე, რომელიც არის უდაბნოში.

7. და დაბრუნდნენ და მივიდნენ მსჯავრის წყაროსთან (ეს არის კადესი) და ამოხოცეს ამალეკის ყველა მთავარი და ამორელები, რომლებიც მკვიდრობდნენ ასასან-თამარში.

8. და გამოვიდა სოდომის მეფე და გომორის მეფე და ადამის მეფე და სებოიმის მეფე და ბალაკის (ეს არის სეგორი) მეფე და დაეწყვნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მარილოვან ხეობაში,

9. ქოდოლოგომორის, აილამის მეფის და თარგალის, წარმართთა მედის და ამარფალის, სენაარის მეფის და არიოქის, ელასარის მეფის წინააღმდეგ, ოთხი მეფე - ხუთის წინააღმდეგ.

10. ხოლო მაროლოვანი ხეობა არის ფისის ორმოები; გაიქცა სოდომის მეფე და გომორის მეფე და ჩაცვივდნენ იქ, ხოლო დანარჩენები მთაში გაიქცნენ.

11. და წაიყვანეს სოდომის და გომორის ყველა ცხენი და მთელი მათი საკვები და წავიდნენ.

12. და წაიყვანეს ლოთიც, ძე აბრამის ძმისა და მისი მონაგარი და წავიდნენ, რადგან იყო დამკვიდრებული სოდომში.

13. და მოვიდა ერთი გადარჩენილთაგანი და აუწყა აბრამს, მწირს; ხოლო იგი მკვიდრობდა მუხასთან ამორელი მამბრესი, ესქოლის ძმისა და ავნანის ძმისა, რომლებიც იყვნენ აბრამის თანამზრახველები.

14. და გაიგო აბრამმა, რომ დაატყვევეს ლოთი, მისი ძმა, და გადათვალა თავისი საკუთარი სახლისწულნი, სამას თვრამეტნი, და დაედევნა მათ უკან დანამდე.

15. და დაეცა მათ ღამე, ის და მისი მსახურები, და დასცა ისინი და სდია მათ ქობალამდე, რომელიც არის დამასკოს მარცხნივ.

16. და დააბრუნდა სოდომის ყველა ცხენი; და ლოთი, თავისი ძმა დააბრუნა და მისი ქონება და დედაკაცები და ხალხი.

17. და გამოვიდა სოდომის მეფე მის შესახვედრად მისი დაბრუნების შემდეგ - როცა ამოწყვიტა ქოდოლოგომორი და მასთან მყოფი მეფეები - სავეს ხეობაში (ეს იყო მეფის ველი)

18. და მელქისედეკმა, სალემის მეფემ, გამოუტანა პურები და ღვინო; და იყო მღველი მაღალი ღმერთისა.

19. და აკურთხა აბრამი და თქვა: კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის მიერ, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.

20. და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელიც მოგცა შენი მტრები შენ ხელქვეშ. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყველაფრიდან.

21. და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი მე კაცები, ხოლო ცხენები წაიყვანე შენთვის.

22. და უთხრა აბრამმსა სოდომის მეფეს: აღვაპყრობ ჩემს ხელს მაღალი ღმერთის მიმართ, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა,

23. თუ ძაფიდან ფეხსაცმლის თასმამდე ავიღო ყველაფრიდან, რაც შენია, რათა არ თქვა, რომ: მე გავამდიდრე აბრამი;

24. გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და ჩემი თანმხლები კაცების წილისა - ესქოლის, ავნანის, მამბრესი - ესენი აიღებენ წილს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი