ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 13


1. და გამოვიდა აბრამი ეგვიპტიდან, ის და მისი ცოლი და ყოველივე, რაც იყო მისი, და ლოთი მასთან ერთად, უდაბნოში.

2. ხოლო აბრამი იყო ძლიერ მდიდარი პირუტყვით და ვერცხლით და ოქროთი.

3. და წავიდა, საიდანაც მოვიდა, უდაბნოში ბეთელამდე, იმ ადგილამდე, სადაც იყო მისი კარავი პირველად, ბეთელსა და ანგეს შორის.

4. სამსხვერპლოს ადგილზე, რომელიც გააკეთა იქ პირველად; და მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.

5. და ლოთს, აბრამის თანამგზავრს, ჰყავდა ცხვრები და ძროხები და ჰქონდა კარვები.

6. და ვერ იტევდა მათ ქვეყანა, რომ დასახლებულიყვნენ ერთად, რადგან იყო მათი ქონება ბევრი, და არ შეეძლოთ, რომ დასახლებულიყვნენ ერთად.

7. და იყო დავა აბრამის პირუტყვის მწყემსებსა და ლოთის პირუტყვის მწყემსებს შორის; და ქანანელები და ფერეზელები მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

8. და უთხრა აბრამმა ლოთს: ნუ იქნება დავა ჩემსა და შენ შორის და ჩემს მწყემსებსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან კაცები ძმები ვართ ჩვენ.

9. აჰა, მთელი ქვეყანა შენ წინაშე არ არის? გამომეყავი მე. თუ შენ მარცხნივ, მე - მარჯვნივ; ხოლო თუ შენ მარჯვნივ, მე - მარცხნივ.

10. და აახილა ლოთმა თვალები და დაინახა იორდანის მთელი შემოგარენი, რომ მთლიანად ირწყვებოდა  - ვიდრე გაანადგურებდა ღმერთს სოდომს და გომორს - როგორც ღვთის სამოთხე და როგორც ეგვიპტის ქვეყანა ზოგორის მისასვლელამდე.

11. და ამოირჩია თავისთვის ლოთმა იორდანის მთელი შემოგარენი, და წამოვიდა ლოთი აღმოსავლეთიდან, და გამოეყო თითოეული თავის ძმას.

12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოთი დამკვიდრდა შემოგარენთა ქალაქში და კარვები გაშალა სოდომში.

13. ხოლო ადამიანები სოდომში ძლიერ ბოროტნი და ცოდვილნი იყვნენ ღვთის წინაშე.

14. და ღმერთმა უთხრა აბრამს მისგან ლოთის გამოყოფის შემდეგ: აახილე შენი თვალები და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთით და სამხრეთით და აღმოსავლეთით და ზღვისკენ;

15. რადგან მთელ ქვეყანას, რასაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას, და შენს თესლს უკუნისამდე.

16. და ვაქცევ შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას, თუ შეძლებს ვინმე, დათვალოს მიწის ქვიშა, შენი თესლიც დაითვლება.

17. ადექი და მოიარე ქვეყანა მისი სიგრძით და სიგანით, რადგან შენ მოგცემ მას.

18. და აიღო კარვები აბრამმა და წავიდა და დამკვიდრდა მამბრეს მუხასთან, რომელიც იყო ქებრონში, და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი