ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 12


1. და უთხრა უფალმა აბრამს გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან და წადი ქვეყანაში, რომელსაც შენ გიჩვენებ.

2. და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული;

3. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებლებს და შენს მაწყევრებს დავწყევლი, და იკურთხება შენით ქვეყნის ყველა ტომი.

4. და წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა, და გაემართა მასთან ერთად ლოთი; ხოლო აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა, როცა გამოვიდა ხარანიდან.

5. და წაიყვანა აბრამმა სარა, თავისი ცოლი, და ლოთი, თავისი ძმის ძე, და მთელი თავიანთი ქონება, რაც შეიძინეს, და ყველა სულიერი, რაც შეიძინეს ხარანში, და გამოვიდნენ, რათა წასულიყვნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.

6. და გაიარა აბრამმა ქვეყანა მის სიგრძეზე სვიქემის ადგილამდე, მაღალ მუხასთან; ხოლო ქანანელები მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

7. და ეჩვენა უფალი აბრამს და უთხრა მას: შენს თესლს მივცემ ამ ქვეყანას. და აუგო იქ აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც ეჩვენა მას.

8. და დაიძრა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და დადგა იქ თავისი კარავი, ბეთელი იყო ზღვისკენ და ანგე - აღმოსავლეთით; და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს და მოუხმო უფლის სახელს.

9. და გაემართა აბრამი და წავიდა და დაბანკდა უდაბნოში.

10. და იყო შიმშილობა ქვეყანაზე, და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, იქ მწირობისთვის, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.

11. და იყო, როცა მიუახლოვდა აბრამი შესასვლელად ეგვიპტეს, უთხრა აბრამმა სარას, თავის ცოლს: ვიცი მე, რომ პიმშვენიერი დედაკაცი ხარ.

12. და იქნება, როგორც კი დაგინახავენ შენ ეგვიპტელები, იტყვიან, რომ: მისი ცოლია ეს, და მომკლავენ მე, ხოლო შენ დაგტოვებენ.

13. ამიტომ თქვი, რომ: მისი და ვარ, რათა სიკეთეს ვეწიო მე შენ გამო, და იცოცხლებს ჩემი სული შენი მეშვეობით.

14. და იყო, როცა შევიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა დედაკაცი, რომ მშვენიერი იყო ძლიერ,

15. და დაინახეს იგი ფარაონის მთავრებმა და აქეს იგი ფარაონთან და შეიყვანეს იგი ფარაონის სახლში;

16. და აბრამს სიკეთე მიაგეს მის გამო, და მისი იყო ცხვრები და ხბოები და სახედრები, მონები და მხევლები, ჯორები და აქლემები.

17. და გამოსცადა ღმერთმა დიდი და მძიმე განსაცდელებით ფარაონი და მისი სახლი სარას, აბრამის ცოლის, გამო.

18. და მოუხმო ფარაონმა აბრამს და უთხრა: ეს რა მიყავი მე, რატომ არ მითხარი მე, რომ შენი ცოლია?

19. რატომ თქვი, რომ: ჩემი და არის? და მოვიყვანე იგი ჩემთვის ცოლად. და ახლა, აჰა, შენი ცოლი შენ წინაშეა; წაიყვანე და წადი.

20. და უბრძანა ფარაონმა თავის კაცებს აბრამის შესახებ, რომ გაეცილებინათ იგი და მისი ცოლი და ყველაფერი, რაც იყო მისი, და ლოთი მასთან ერთად.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი