ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 11


1. და იყო მთელი ქვეყანა ერთი ბაგე და ერთი ხმა ყველასათვის.

2. და იყო, როცა დაიძრნენ ისინი აღმოსავლეთიდან, იპოვეს ველი სენაარის ქვეყანაში და დამკვიდრდნენ იქ.

3. და უთხრა კაცმა მოყვასს: მოდით, მოვზილოთ ალიზი და გამოვწვათ იგი ცეცხლით. და იყო მათთვის ალიზი ქვად და ფისი იყო მათთვის თიხა.

4. და თქვეს: მოდით, ავაშენოთ ჩვენთვის ქალაქი და გოდოლი, რომლის თავი იქნება ცამდე, და შევიქმნათ ჩვენ სახელი, ვიდრე განვითესებით მთელი ქვეყნის ზედაპირზე.

5. და გარდამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელიც ააშენეს ადამიანის ძეებმა.

6. და თქვა უფალმა: აჰა, ერთი მოდგმაა და ერთი ბაგე აქვს ყველას, და ამის კეთება დაიწყეს, და ახლა თავს არ დაანებებენ ისინი არაფერს, რის კეთებასაც განიზრახავენ.

7. მოდით, გარდამოვიდეთ და ავრიოთ იქ მათი ენა, რომ არ ესმოდეს თითოეულს მოყვასის ხმა.

8. და განხეთქა ისინი უფალმა იქიდან მთელი ქვეყნის ზედაპირზე, და გაჩერდნენ ქალაქისა და გოდლის მშენებლები.

9. ამის გამო ეწოდა მისი სახელი „აღრევა“ (ებრ. ბაბილონი), რადგან იქ არია უფალმა მთელი ქვეყნის ბაგეები, და იქიდან განთესა ისინი უფალმა ღმერთმა მთელი ქვეყნის ზედაპირზე.

10. და ესენი არიან სემის შთამომავლები: სემი, ძე, იყო ასი წლისა, როცა შვა არფაქსადი, მეორე წელს წარღვნის შემდეგ.

11. და იცოცხლა სემმა არფაქსადის შობის შემდეგ ხუთასი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

12. და იცოცხლა არფაქსადმა ას ოცდათხუთმეტი წელი და შვა კაინანი.

13. და იცოცხლა არფაქსადმა კაინანის შობის შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა. და იცოცხლა კაინანმა ას ოცდაათი წელი და შვა სალა, და იცოცხლა კაინანმა სალას შობის შემდეგ სამას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

14. და იცოცხლა სალამ ას ოცდაათი წელი და შვა ებერი.

15. და იცოცხლა სალამ ებერის შობის შემდეგ სამას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

16. და იცოცხლა ებერმა ას ოცდათოთხმეტი წელი და შვა ფალეკი.

17. და იცოცხლა ებერმა ფალეკის შობის შემდეგ სამას სამოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

18. და იცოცხლა ფალეკმა ას ოცდაათი წელი და შვა რაგავი.

19. და იცოცხლა ფალეკმა რაგავის შობის შემდეგ ორას ცხრა წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

20. და იცოცხლა რაგავმა ას ოცდათორმეტი წელი და შვა სერუქი.

21. და იცოცხლა რაგავმა სერუქის შობის შემდეგ ორას შვიდი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

22. და იცოცხლა სერუქმა ას ოცდაათი წელი და შვა ნაქორი.

23. და იცოცხლა სერუქმა ნაქორის შობის შემდეგ ორასი წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

24. და იცოცხლა ნაქორმა სამოცდაცხრამეტი წელი და შვა თარა.

25. და იცოცხლა ნაქორმა თარას შობის შემდეგ ას ოცდაცხრა წელი, და შვა ძეები და ასულები, და მოკვდა.

26. და იცოცხლა თარამ სამოცდაათი წელი და შვა აბრამი და ნაქორი და არანი.

27. ხოლო ესენი არიან თარას შთამომავლები: თარამ შვა აბრამი და ნაქორი და არანი, და არანმა შვა ლოთი.

28. და მოკვდა არანი თარას, თავისი მამის, წინაშე ქვეყანაში, სადაც იშვა, ქალდეველთა მხარეში.

29. და მოიყვანეს აბრამმა და ნაქორმა თავისთვის ცოლები: აბრამის ცოლის სახელი - სარა, და ნაქორის ცოლის სახელი - მელქა,  ასული არანისა; ეს არის მამა მელქასი და მამა იესხასი.

30. და იყო სარა ბერწი და უშვილო.

31. და წაიყვანა თარამ აბრამი, თავისი ძე, და ლოთი, არანის ძე, ძე თავისი ძისა, და სარა, თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის, ცოლი, და გაიყვანა ისინი ქალდეველთა მხარიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად და მივიდა ხარანამდე, და დამკვიდრდა იქ.

32. და იყო თარას დღეები ხარანში ორას ხუთი წელი, და მოკვდა თარა ხარანში.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი