კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

ტიმოთეს მიმართ


წერილი I

1 2 3 4 5 6


წერილი II

1 2 3 4

წერილი I

თავი 1.

1. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა მაცხოვრისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაითა,
2. ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებითა: მადლი, წყალობაი და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა.
3. ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მირაი-ვიდოდე მაკედონიად, რაითა ამცნო ვიეთმე, რაითა არა სხუასა რასმე ჰმოძღურებდენ,
4. არცა ერჩდენ ზღაპართა და ტომის რაცხათა დაუსრულებელთა, რომელთა-იგი ძიებაი შეამთხვიან უფროის, ვიდრე მოღუაწებაი ღმრთისაი, რომელ არს სარწმუნოებაი.
5. ხოლო დასასრული მცნებისაი არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა,
6. რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხვინეს და გარდაიქცეს ამაოისა სიტყუად,
7. უნდა მათ, რაითამცა იყვნეს სჯულის მოძღუარ და არა იცოდეს არცა რასა-იგი იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ.
8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს სჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი.
9. უწყი ესე, რამეთუ მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთა და ურჩთა და უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის მკლველთა,
10. მეძავთა, მამათ-მავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუვართა, ცრუ-ფიცთა და სხუა, რომელიცა რაიმე სიცოცხლისა ამის მოძღურებასა უხდების,
11. სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე.
12. და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესოის უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას,
13. რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვყავ ურწმუნოებასა შინა;
14. ხოლო უფროის გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაი სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესოის მიერ.
15. სარწმუნო არს სიტყუაი და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხოვრებად, რომელთაი პირველი მე ვარ.
16. არამედ ამისათვის შევიწყალე, რაითა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესო ქრისტემან ყოველი სულგრძელებაი მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხოვრებად საუკუნოდ.
17. ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაი უკუნითი უკუინისამდე. ამინ.
18. ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაისწარმეტყუელებათა, რაითა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა,
19. და გაქუნდეს სარწმუნოებაი და კეთილი გონებაი, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცვივეს.
20. რომელ არიან ვიმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაითა განისწავლნენ არა გმობად.

თავი 2.

1. გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაითა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის,
2. მეფეთათვის და ყოველთა მთავართა, რაითა მშვიდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის-მსახურებითა და სიწმიდითა,
3. რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა,
4. რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.
5. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაი, კაცი იესო ქრისტე,
6. რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თვისთა,
7. რომლისათვის დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, ჭეშმარიტსა ვიტყვი ქრისტეს მიერ და არა ვტყუი მოძღუარი წარმართთაი სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.
8. მნებავს უკუე ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;
9. ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასისაითა,
10. არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაი საქმეთა მიერ კეთილთა.
11. დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა.
12. მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს იგი მყუდროებით.
13. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე ევა.
14. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და სჯულსა გარდაჰხდა,
15. არამედ ცხოვნდების შვილთ სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.

თავი 3.

1. სარწმუნო არს სიტყუაი, უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყვის.
2. ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რაითა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,
3. არა მეღვინე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,
4. თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.
5. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისისა სახლისა განგებაი არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაი აგოს?
6. ნუ ახალ-ნერგ, რაითა არა განლაღნეს და სასჯესა შევარდეს ეშმაკისასა.
7. არამედ ჯერ-არს მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა.
8. დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორის-მეტყუელ, ნუ ღვინოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ,
9. აქუსმცა საიდუმლოი იგი სარწმუნოებისაი წმიდითა გონებითა.
10. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.
11. ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.
12. დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედა-მდგომელ და თვისისა სახლისა.
13. რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონებდენ, პატივი თავთა თვისთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაი სარწმუნოებითა ქრისტე იესოისითა.
14. ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა,
15. ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაითა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაი, რომელ არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი.
16. და აღსარებულად დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლოი; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებით.

თავი 4.

1. ხოლო სული წმიდაი ცხადად იტყვის, რამეთუ უკუანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცდურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა
2. ორგულებითა და სიტყვითა ტყუილისაითა შემწუარნი თვისითა გონებითა,
3. აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებით.
4. ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული,
5. რამეთუ განწმიდნების სიტყვითა ღმრთისაითა და ლოცვითა.
6. ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესოისა და იზარდებოდი სიტყვითა სარწმუნოებისაითა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდეგ.
7. ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ბოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,
8. რამეთუ ხორციელი წურთილებაი წუთ ერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაი ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაი აქუს ცხოვრებისა აწინდელისა და მერმისაი.
9. სარწმუნო არს სიტყუაი და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.
10. რამეთუ ამისთვის ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაი, უფროისღა მორწმუნეთაი.
11. ამცნებდ ამას და ასწავებდ.
12. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.
13. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა.
14. ნუ უდებ-ჰყოფ, რომელი-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაისწარმეტყუელებითა დასხმითა ხელთა ხუცობისაითა.
15. ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაითა წარმატებულებაი ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ, ამას რაი ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.

თავი 5.

1. მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა,
2. მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა.
3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.
4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილიშვილ ესხნენ, ისწავებდედ პირველად თვისსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივსცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
5. ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე.
6. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივ მკუდარ არს.
7. და ამას ამცნებდ, რაითა უბრალო იყვნენ.
8. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისთა და უფროისღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაი უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოისა უძვირეს.
9. ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულეს სამეოცისა წლისა, რომელი ყოფილ არს ერთისა ქმრისა ცოლ
10. და საქმეთა შინა კეთილითა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერხნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა.
11. ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ.
12. აქუს მათ სასჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაი შეურაცხ-ყვეს.
13. და ამას თანა უქმობასა ისწავებედ და მიმოსლვასა სახლითი სახლად; არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყვიედ უჯეროსა.
14. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაი, შვილთ სხმაი, სახლისა პყრობაი და არცა ერთსა მიზეზისა ცემად მხდომსა ადგილად გინებისა.
15. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შემდგომად ეშმაკისა.
16. უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაითა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.
17. რომელი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივისა ღირს იყვნედ, უფროის ხოლო, რომელნი შურებოდიან სიტყვითა და მოძღურებითა.
18. რამეთუ იტყვის წიგნი: ხარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი, და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა.
19. ხუცისათვის შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.
20. და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთასა ამხილე, რაითა სხუათა მათ ეშინოდის.
21. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესსა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა ესე დაიმარხო თვინიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით.
22. ხელთა ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა ცოდვათა, თავი შენი წმიდად დაიმარხე.
23. ნუ წყალსა ხოლო ჰსუამ, არამედ ღვინოიცა მცირედ იხუმიე სტომაქისათვის და ზედაისზედა უძლურებისა შენისათვის.
24. რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაისწარ ცხად არიან და წინა უძღვიან სასჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგიან.
25. ეგრეთვე საქმენი კეთილნი წინაისწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ხელ-ეწიფების.

თავი 6.

1. რავდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თვისნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაითა არა სახელი ღმრთისაი და მოძღურებაი ესე იგემოს.
2. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფეთ, რამეთუ ძმანი არიან, არამედ უფროისად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმისა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
3. უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაი იცის.
4. არმედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ხდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი,
5. გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაი და ნაკლულევანთაი ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაი; განეშორე ესევითართა მათგან.
6. ხოლო ნანდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაი უნაკლულოებით.
7. არარაი შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რაის ხელ-გუეწიფების.
8. ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა ამათ, კმა-ვიყოფოდით ჩუენ.
9. ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცვივიან განსაცდელსა და საფრხესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად.
10. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლის მოყუარებაი, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თვისნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
11. ხოლო შენ, ჰოი კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშვიდესა,
12. მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაი, შეიტკბე საუკუნოი ცხოვრებაი, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაი წინაშე მრავალთა მოწამეთა.
13. გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნეს ყოველნი, და ქრისტე იესოისა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაი
14. დამარხვად შენდა მცნებაი იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა,
15. რომელი-იგი ჟამთა თვისთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან,
16. რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელ-ეწიფების, რომლისაი არს პატივი და ძალი საუკუნოი. ამინ.
17. მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაითა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად,
18. კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ,
19. და იუნჯებდედ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთვის ჟამისა, რაითა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხოვრებასა.
20. ჰოი ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ხმათა და სიტყვისგებათა მათგან ტყუილით სახელის მეცნიერებისათა,
21. რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ.

წერილი მეორე
II

თავი 1.

1. პავლე, მოციქული ქრისტე იესოისი ნებითა ღმრთისაითა, აღთქუმისა მისებრ ცხოვრებისა ქრისტე იესოის მიერ,
2. ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაი, მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესოის უფლისა ჩუენისა.
3. ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთვის ხსენებაი ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,
4. და მსურის ხილვაი შენი, მომეხსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, რაითა სიხარულით აღვივსო.
5. მოვიხსენებ, რომელი-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაი, რომელმან დაიმკვიდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.
6. რომლისათვის მოგახსენებ შენ განცხოველებად მხურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ხელთა ჩემთაითა.
7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაი, არამედ ძლიერებისა და სიყუარულისა და სიწმიდისაი.
8. ნუ უკუე გრცხუენინ წამებაი იგი უფლისა ჩუენისაი, ნუმცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანაიჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაითა,
9. რომელმან-იგი მიხსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათვის, არამედ თვისითა ნებითა და მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესოის მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,
10. რომელი გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხოვრებაი და უხრწნელებაი სახარებითა მით,
11. რომლისათვის დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა.
12. რომლისათვისცა-ესე მევნების, არამედ არა მრცხუენის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.
13. სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაი იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესოისითა,
14. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკვიდრა ჩუენ თანა.
15. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი.
16. მიეცინ უფალმან წყალობაი ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ გზის მე განმისუენა და ჯაჭვი ესე ჩემი არა სირცხვილ უჩნდა,
17. არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.
18. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაი უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რავდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.

თავი 2.

1. ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესო ქრისტესითა,
2. და რაი-იგი გესმა ჩემგან, მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
3. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესოისმან.
4. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
5. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების, არა თუ სჯულიერად იღუაწოს.
6. მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისა ჯერ-არს პირველად ნაყოფისა გამოღებაი.
7. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყვი. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულის ხმის-ყოფაი ყოველსა შინა.
მოიხსენე იესო ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩუენისა,
9. რომელსა შინა ძვირსა ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძვირის-მოქმედი; არამედ სიტყუაი იგი ღმრთისაი არა შეკრულ არს.
10. ამისთვის ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთვის, რაითა მათცა ცხოთრებაი პოვონ ქრისტე იესოის მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
11. სარწმუნო არს სიტყუაი, რამეთუ უკუეთუ ქრისტეს თანა მოვწყდეთ, მის თანაცა ვცხოვნდეთ.
12. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.
13. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თაისა თვისისა ვერ ძალ-უც.
14. ამას მოახსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყვითა ლალვისაითა არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.
15. ისწრაფე თავისა შინისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხვინელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა,
16. ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ხმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უსჯულოებითა,
17. და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსვილმან, საძოვარი პოვოს. რომელ არიან ვიმენოს და ფილიტოს,
18. რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყვიან, ვითარმედ აღდგომაი აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა.
19. ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაი ჰგიეს, და აქუს ბეჭედი ესე: “იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი” და “განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა”.
20.სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროისაი ხოლო და ვერცხლისაი, არამედ ძელისაიცა და კეცისაიცა, რომელიმე უპატიოდ.
21. უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თვისი ამათგან, იყოს იგი ჭურპატიოსან, წმიდა და სახმარ უფლისა, ყოვლისავეთვის საქმესა კეთილისა განმზადებულ.
22. ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშვიდობასა მათ თანა, რომელნი ჰხადიან უფალსა გულითა წმიდითა.
23. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი;
24. ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,
25. მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო- ხოლო თუ –სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,
26. და განიფრთხონ საფრხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.

თავი 3.

1. ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაისკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი.
2. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავ-მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ,
3. უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, უმშვიდებელ, კეთილის მოძულე,
4. შინ-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყუარე,
5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა ურაჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.
6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თითო სახეთა,
7. ყოველადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.
8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უხდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უხდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.
9.გარნა არა წარემატნენ უფროის, რამეთუ უგუნურებაი მათი ცხად იყოს ყოველთა, ვითარცა- იგი მათი იყო.
10. ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა,
11. დევნულებათა, ვნებათა, რავდენი შემემთხვია მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას. რავდენი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიხსნა მე უფალმა.
12. და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოის მიერ, იდევნენ.
13.ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან.
14. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს,
15. და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხოვრებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესოისითა.
16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,
17. რაითა სრულ იყოს ღმრთისაი კაცი იგი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.

თავი 4.

1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.
2. ქადაგე სიტყუაი, ზედა-ადეგ ჟამითი უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.
3. რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ურთაითა.
4. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ.
5. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოთელსა შინა, ძვირსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაი, მსახურებაი შენი კეთილად აღასრულე.
6. რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაი მოიწია.
7. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს.
8. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცემს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაი მისი.
9. ისწრაფე მოსლვად ჩემდა ადრე,
10. რამეთუ დემა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე – გალატიად, ტიტე – დალმატიად, ლუკა არს მარტოი ჩემ თანა.
11. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ სახმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა.
12. ტვიქიკოს წარვავლინე ეფესოდ.
13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაი-ხვიდოდი, მოიღე და წიგნებიცა, უფროისღა წიგნის ტყავებისაი.
14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებარ.
15. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა.
16. პირველსა მას სიტყვის-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ.
17. ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაითა ჩემ მიერ ქადაგებაი ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა.
18. და მიხსნეს მე უფალმან ყოველისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაი არს დიდებაი უკუნუთი უკუნისამდე. ამინ.
19. კითხვაი არქუ პრისკილას და აკვილას და ონისიფორეს სახლსა.
20. ერასტოს დადგა კორინთეს შინა, ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური.
21. ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევბულოს და პუდე და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი.
22. უფალი იესო ქრისტე სულისა შენისა თანა მადილი თქუენ თანა. ამინ.