კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

თესალონიკელთა მიმართ


წერილი I

1 2 3 4 5

წერილი II

1 2 3

წერილი I

თავი 1.

1. პავლე და სილოვანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესო ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტესა.
2. ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათვის, ხსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა.
3. მოუკლებელად მოვიხსენებთ თქუენთა მათ სამქეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა.
4. უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაი ეგე თქუენი,
5. რამეთუ სახარებაი ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყვით ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულსავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთვისვე.
6. და თქუენ მობაძავ ჩემდა იქმნენით და უფლისა და შეიწყნარეთ სიტყუაი იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაითა,
7. ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მიერ მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაიას.
8. რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაი იგი უფლისაი არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაი თქუენი ღმრთისა მიმართ განხდა; ვიდრემდის არღარაი გვიხმს ჩუენ სიტყუად რაიმე.
9. მაგათ თვით გითხრან ჩუენთვის, ვითარი შესლვაი გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა
10. და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესო, მხსნელი ჩუენი რისხვისა მისგან მომავალისა.

თავი 2.

1. რამეთუ თქუენ თვით უწყით, ძმანო, შემოსლვაი იგი ჩუენი თქუენდა მიმართ რამეთუ არა ცუდად რაი იყო;
2. არამედ წინაისწარ ვივნეთ და ვიგინენით, ვითარცა-იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებასა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა,
3. რამეთუ ნუგეშინის-ცემაი ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არაწმიდებისა, არცა ზაკუვით,
4. არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაი იგი, ეგრეთცა ვიტყვით, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაი.
5. რამეთუ არცა სადა სიტყვითა ლიქნისაითა ვიყვენით, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისაითა, ღმერთი მოწამე არს.
6. არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან;
7. და ესეღა ხელ-გუეწიფების, და- თუმცა რაიმე -გიმძიმეთ, ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებენ თვისთა შვილთა.
8. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გვიჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაი იგი ღმრთისაი, არამედ თვისთაცა სულითაი, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით.
9. მოიხსენენით, ძმანო, შრომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაი იგი ღმრთისაი.
10. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით,
11. ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაი თვისსა შვილსა,
12. ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაითა ხვიდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თვისსა მას სასუფეველსა და დიდებასა.
13. ამისთვის ჩუენცა ვჰმადლობთ ღმერთსა მოუკლებელად, რამეთუ მიიღეთ თქუენ სიტყუაი იგი სმენისა ღმრთისაი ჩუენ მიერ და შეიწყნარეთ არა თუ სიტყუაი კაცთაი, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაი ღმრთისაი, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ.
14. რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესოის მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თვისთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან,
15. რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესო და თვისნი წინაისწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნოეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან
16. და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაითა ცხოვნდენ, რაითა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის, რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაი სრულიად.
17. ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირთა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა.
18. ვინაიცა ვინებეთ მისლვაი თქუენდა მე, პავლე, ერთ გზის და ორ გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა.
19. რამეთუ რაი-მე არს სასოებაი ჩუენი ანუ სიხარული ანუ გვირგვინი სიქადულისაი? ანუ არა თქუენა წინაშე უფლისა იესო ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?
20. რამეთუ თქუენ ხართ დიდებაი ჩუენი და სიხარული.

თავი 3.

1. ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაი მარტოთა
2. და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაი ჩუენი და მსახური ღმრთისაი და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესსა, რაითა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის-გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათვის,
3. რაითა არას იურვიოდით ჭირთა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თვით უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისთვის.
4. და ვიდრე-იგი თქუენ თანა ვიყვენით, წინაისწარ გითხრობდით თქუენ, ვითარმედ ჭირთა შესლვად ვართ, ვითარცა-ესე იქმნაცა და იხილეთ.
5. ამისთვის მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაითა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაი, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაი იგი ჩუენი.
6. ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაი და სიყუარული თქუენი, და არმეთუ გაქუს ხსენებაი ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა.
7. ამისთვის ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა,
8. რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ.
9. რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთვის ყოველისა მისთვის სიხარულისა, რომლითა გვიხარის თქუენთვის წინაშე ღმრთისა ჩუენისა?
10. ღამე და დღე უფროის და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა და განმტკიცებად დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაი.
11. ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან წარჰმართენ გზაი ჩუენი თქუენდა მიმართ.
12. ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთას და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ
13. განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა. ამინ.

თავი 4.

1. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესო ქრისტესა, რაითა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაი და სათნო-ყოფაი ღმრთისაი, ეგრეცა ხვიდოდით, რაითა უფროის ჰმატებდეთ;
2. რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესო ქრისტესა.
3. რამეთუ ესე არს ნებაი ღმრთისაი, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან,
4. ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თვისისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით,
5. ნუ ვნებითა გულის თქუმისაითა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,
6. არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თვისისასა: რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათვის, ვითარცა-იგი წინაისწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით.
7. რამეთუ არა გვიჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ.
8. აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგუცა სული წმიდაი მისი ჩუენ ზედა.
9. ხოლო ძმათ-მოყუარებისათვის არა გვიხმს მიწიერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თვით ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათვის ურთიერთას.
10. და რამეთუ ჰყოფთ-ცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროისღა,
11. და პატივის-ცემისა მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თვისსა და შურებოდეთ ხელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ,
12. რაითა ხვიდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაი ვის გიხმნ.
13. ხოლო არა გუნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთვის, რაითა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი.
14. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესო მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესოის მიერ მოიყვანნეს მის თანა.
15. ხოლო ამას გეტყვით თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწიფენით შესუენებულთა მათ,
16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთ მთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდამოხდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;
17. მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით.
18. ვინაიცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას სიტყუათა ამათ მიერ.

თავი 5.

1. ხოლო ჟამთა მათთვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მიწერად თქუენდა,
2. რამეთუ თქუენ თვით გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი, ეგრეთ მოიწევის.
3. რამეთუ რაჟამს თქუან: მშვიდობაი და კრძალულებაი, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაი შობადისაი, და ვერ განერნენ.
4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაითა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.
5. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი.
6. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღვიძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.
7. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.
8. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭვი იგი სარწმუნოებისაი და სიყუარულისაი და ჩაფხუტი იგი სასოებისაი და ცხოვრებისაი.
9. რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესო ქრისტესა,
10. რომელი მოკუდა ჩუენთვის, რაითა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღვიძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.
11. ამისთვის ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ერთიერთას, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.
12. ხოლო გლოცავთ თქუენ ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი
13. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროის საქმისათვის მათისა, და მშვიდობასა ჰყოფდით მათ თანა.
14. გლოცავთ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.
15. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ. არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ.
16. მარადის გიხაროდენ.
17. მოუკლებელად ილოცევდით.
18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაი ღმრთისაი ქრისტე იესოის მიერ თქუენდა მიმართ.
19. სულსა ნუ დაივიწყებთ.
20. წინაისწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.
21. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ.
22. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.
23. ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა დაჰმარხენინ.
24. სარწმუნო არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ, ვითარმედ და ყოსცა.
25. ძმანო, ილოცევდით ჩუენთვისცა,
26. მოიკითხენით ძმანი ყოველნი ამბორის-ყოფითა წმიდითა.
27. გაფუცებ თქუენ უფალსა, წარუკითხეთ წიგნი ესე ყოველთა ძმათა წმიდათა.
28. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ თანა. ამინ.

წერილი მეორე
II

თავი 1.

1. პავლე და სილოვანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტესა:
2. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტესა.
3. მადლობაი გვიღირს ღმრთისა მარადის თქუენთვის, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაი ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული თქუენისაი ურთიერთას,
4. ვიდრეღა ჩუენ თვით თქუენთვის ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათვის და სარწმუნოებისა, ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ
5. სახედ სიმართლისა, სასჯელისა ღმრთისა, რაითა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათვისცა გევნების.
6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,
7. და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა, გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,
8. ცეცხლითა ალისაითა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა,
9. რომელთა-იგი სასჯელი მიეხადოს, მომსრველი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა,
10. რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკვირველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაი ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა.
11. რომლისათვის ვილოცავთ მარადის თქუენთვის, რაითა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაითა და საქმითა სარწმუნოებისაითა და ძალითა,
12. რაითა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაითა და უფლისა იესო ქრისტესითა.

თავი 2.

1. ხოლო გეტყვით თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა და ჩუენისა შეკრებისათვის მისა მიმართ,
2. რაითა არა ადრე აღიძრეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყვითა, არცა წიგნითა ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაი.
3. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად და გამოჩნდეს კაცი იგი უსჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი,
4. მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ დაცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი.
5. არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?
6. და აწ, რომელი-იგი გისწავიეს და იცით გამოჩინებად იგი თვისსა მას ჟამსა.
7. რამეთუ საიდუმლოი იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაი, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორის განვიდეს,
8. და მაშინ გამოჩნდეს უსჯულოი იგი, რომელი-იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაითა,
9. რომლისა-იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაითა
10. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა წარწყმედულთა მათ შორის. რამეთუ, ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვნდეს იგინი,
11. ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა,
12. რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენ ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა.
13. ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაი ღმრთისაი მარადის თქუენთვის, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა,
14. რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა.
15. ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა გინა წიგნითა ჩუენითა.
16. ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაი საუკუნოი და სასოებაი კეთილი მადლითა მით,
17. ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყვითა და საქმითა კეთილითა.

თავი 3.

1. ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთვის, რაითა სიტყუაი ღმრთისაი რბიოდის და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,
2. და რაითა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაი არს სარწმუნოებაი.
3. ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.
4. ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთვის, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.
5. ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.
6. გამცნებთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.
7. რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა, რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქუენ შორის.
8. და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ,
9. არათუ, რამეთუ არა გუაქუს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაითა მბაძვიდეთ ჩუენ.
10. და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ.
11. რამეთუ მესმის ვიეთთვისმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოწულილვენ;
12. ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესო ქრისტესა, რაითა მყუდროებით შურებოდიან და თვისსა პურსა ჭამდენ.
13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.
14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაითა შეიკდიმოს,
15. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.
16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან მოგეცინ თქუენ მშვიდობაი მარადის ყოველთა თანა.
17. კითხვაი ჩემითა ხელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა, ესრეთ მივწერე:
18. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.