კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

კოლასელთა მიმართ
 

1 2 3 4

 

თავი 1.

1. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა, და ტიმოთე ძმაი,
2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესოის მიერ:
3. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მარადის თქუენთვის ვილოცავთ.
4. გუვესმა სარწმუნოებაი ეგე თქუენი ქრისტე იესოის მიმართ და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა
5. სასოებისა მისთვის განმზადებულისა თქუენთვის ცათა შინა, რომელი-იგი წინაისწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა,
6. რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაით დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაი ჭეშმარიტებით,
7. ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაისგან, საყარელისა ჩემისა თანა-მონისა, რომელ-იგი არს სარწმუნოი თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,
8. რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.
9. ამისთვის ჩუენცა, ვინაით დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთვის ლოცვითა და თხოვითა, რაითა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაითა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,
10. რაითა ხვიდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებისა ყოველთა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,
11. ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა სიხარულით,
12. ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკვიდრობისა წმიდათაისა ნათელსა შინა,
13. რომელმან მიხსნნა ჩუენ ხელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა,
14. რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოხსნაი სისხლითა მისითა და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი,
15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაი, პირმშოი ყოველთა დაბადებულთაი.
16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი: ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.
17. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.
18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაი, რომელი არს დასაბამი, პირმშოი მკუდრეთით, რაითა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;
19. რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაი დამკვიდრებად
20. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშვიდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაითა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა.
21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,
22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ხორცთა მისთაითა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,
23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომელი-იგი გესმა, ქადაგებული ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომელსა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთვის და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ხორცითა ჩემითა გუამისათვის მისისა, რომელ არს ეკლესიაი,
25. რომელსა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაითა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყვისა ღმრთისა
26. საიდუმლოი იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,
27. რომელთაი-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაი-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოისაი მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაი იგი დიდებისაი,
28. რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაითა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესოის მიერ.
29. რომლისათვისცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.

თავი 2.

1. რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთვის და ლავდიკელთა მათთვის და რავდენთა არა უხილავს პირი ჩემი ხორციელად,
2. რაითა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა გულისხმის-ყოფისა მეცნიერებად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა,
3. რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი.
4. ხოლო ამას ვიტყვი, რაითა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყვითა მეტნობისაითა;
5. რამეთუ დაღათუ ხორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისაისა.
6. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესო უფალი, მას შინა ვიდოდეთ,
7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობით.
8. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაისა, წესითა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ,
9. რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად.
10. და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელნი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ხელმწიფებისაი,
11. რომლითაცა წინადაიცვითეთ წინადაცუეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცუეთითა ქრისტესითა.
12. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა შეწევნითა ღმრთისაითა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
13. და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ხორცთა თქუენთაითა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგვიტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი.
14. და ახოცა ჩუენთვის ხელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შემსჭუალა ჯუარსა,
15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ხელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.
16. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა გინა კერძო დღესასწაულისაითა, გინა თვის თავითა, გინა შაბათობითა,
17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაი მათ;
18. ხოლო ხორცთა ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაითა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ხორცთა მისთაითა
19. და არა შეიკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა.
20. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაისაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა, ჰბრძნობთ:
21. “ნუ მიეახლები, ნუცა გემოს-იხილავ, ნუცა შეეხები”,
22. რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ხუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძურებისა კაცთაისა?
23. რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაი რაიმე აქუს სიბრძნისა ნებსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ხორცთაითა, არა თუ პატივითა რაითმე განსაძღებელად ხორცთა.

თავი 3.

1. უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.
2. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა.
3. რამეთუ მოჰკუედით, და ცხოვრებაი თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.
4. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხოვრებაი იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებით.
5. მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაი, არაწმიდებაი, ვნებაი გულის თქუმაი ბოროტი და ანგაჰრებაი, რომელ არს კერპ-მსახურებაი,
6. რომელთათვის მოიწევის რისხვაი ღმრთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,
7. რომელთა-იგი შინა თქუენცა სადამე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.
8. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაი, გულის წყრომაი, უკეთურებაი, გმობაი, უშუერი სიტყუაი პირისაგან თქუენისა;
9. ნუ უტყუვით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ.
10. და შეიმოსეთ ახალი იგი განახლელი მეცნიერებაი მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,
11. სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაუცუეთელება, ბარბაროს, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.
12. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი,
13. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თვისთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთვისმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.
14. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაი,
15. და მშვიდობაი იგი ღმრთისაი განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ხორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.
16. და სიტყუაი იგი ქრისტესი დამკვიდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა, თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა.
17. და ყოველსავე რასაცა იქმოდით სიტყვით გინა საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესოისითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.
18. ცოლნი დაემორჩილენით თვისთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.
19. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ.
20. შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.
21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაითა არა იურვოდიან.
22. მონანი ერჩდით ყოვლითავე ხორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალთ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტიობითა გულისაითა გეშინოდენ ღმრთისა.
23. და ყოველსავე რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა.
24. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკვიდრობისა მის თქუენისაი, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.
25. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაიცა-იგი ავნო და არა არს თუალთ-ხუმა.

თავი 4.

1. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.
2. ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა, ჰმადლობდით,
3. ილოცევდით მის თანა და ჩუენთვისცა, რაითა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყვისაი სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათვისცა პყრობილ ვარ,
4. რაითა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად.
5. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით.
6. სიტყუაი თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაითა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თვითოეულისა სიტყვის-მიგებაი.
7. ჩემთვის ყოველივე გაუწყოს თქუენ ტვიქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანა-მონამან უფლისა მიერ,
8. რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთვის, რაითა ცნას თქუენთვის და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა,
9. ონისიმეს თანა, სარწმუნოისა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაი გაუწყონ თქუენ.
10. გიკითხავს თქუენ არისტარქოს, თანა-ტყუე ჩემი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაისი, - რომლისათვის მიიღეთ თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, -
11. და იესუ, რომელსა-იგი ერქუა იუსტოს, რომელნი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი, ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათვის ღმრთისა, რომელნი მექმნეს მე ნუგეშინის-მცემელ.
12. გიკითხავს თქუენ ეპაფრა, თქუენგანი, მონაი ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთვის ლოცვათა შინა მისთა, რაითა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაითა.
13. რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთვის და ლავდიკელთა მათთვის და იერაპოლელთა.
14. გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დემა.
15. კითხვაი არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა.
16. და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაითა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაით, - კუალად, რაითა თქუენვე აღმოიკითხოთ.
17. და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაითა იგი აღასრულო.
18. კითხვაი ხელითა ჩემითა პავლესითა, მოიხსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.