კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა

პეტრესი

 

წერილი I

1 2 3 4 5

წერილი II

1 2 3


წერილი I

თავი 1.


1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოისა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითვინიისათა,
2. წინაისწარ ცნობითა ღმთისა მამისაითა და სიწმიდითა სულისაითა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესო ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშვიდოი განმრავლდინ!
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თვისითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესო ქრისტესითა მკუდრეთით,
4. სამკვიდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენ და მიმართ,
5. რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაითა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაისკნელსა.
6. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა.
7. რაითა გამოცდილებაი იგი სარწმუნოებისა თქუენისაი უპატიოსნეს უფროის ოქროისა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა, იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესო ქრისტესსა.
8. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ჰხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქმელითა და დიდებულითა.
9. და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაი სულთაი.
10. რომლისა ცხორებისათვის გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაისწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაისწარმეტყუელებდეს,
11. გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაისწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.
12. რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თვისთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენ და მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
13. ამისთვის მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესო ქრისტესსა.
14. ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,
15. არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.
16. რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
17. და უკუეთუ მამით ჰხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა საქმეთაი, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.
18. უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროითა იხსნენით თქუენ6 ამაოისა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,
19. არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოისა და უმანკოისა, ქრისტესითა,
20. წინაისწარ უწყებულსა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაისკნელთა ამათ ჟამთა თქუენთვის;
21. რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაი, რაითა სარწმუნოებაი ეგე თქუენი და სასოებაი იყოს ღმრთისა მიმართ.
22. სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაითა, სულითა ძმათ მოყუარებისათვის შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.
23. მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყვითა ღმრთისა ცხოველისაითა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.
24. რამეთუ ყოველი ხორცი თივაი არს და ყოველი დიდებაი კაცისაი, ვითარცა ყუავილი თივისაი: განხმა თივაი იგი და ყუავილი მისი დასცვივა.
25. ხოლო სიტყუაი ღმრთისაი ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაი, რომელი გეხარა თქუენ.

თავი 2.

1. განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაი და ყოველი ზაკუვაი და შური და ყოველივე ძვირის სიტყუაი.
2. ვითარცა აწინდეს შობილთა ყრმათა, სიტყვიერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაითა მას შინა აღორძნდეთ.
3. უკუეთუ გემოი გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,
4. რომელსა-იგი მოუხედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.
5. და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსუხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესო ქრისტეს მიერ.
6. რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არსადა ჰრცხუენეს.
7. თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათვის - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,
8. რომელნი შებრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს.
9. ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდა თქუენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა.
10. რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაი, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.
11. საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ხორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.
12. სლვაი თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაითა, რომლითა-იგი ძვირსა იტყოდიან თქვენთვის, ვითარცა ძვირის მოქმედთასა, კეთილთაგან საქმეთა შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.
13. დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათვის: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს;
14. გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათვის, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათვის.
15. რამეთუ ესრეთ არს ნებაი ღმრთისაი კეთილის მოქმედთათვის დადუმებად უგნურთა კაცთა უმეცრებასა.
16. ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურები ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისა
17. ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით.
18. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თვისთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.
19. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათვის დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებით სიცრუით.
20. რამეთუ რაი უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.
21. და იჩინენითცა მებრ ამისთვისვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩვენთვის და თქუენ დაგიტევა ხელით წერილი, რაითა შეუდგეთ კუალთა მისთა;
22. რომელმან-იგი ცოდვაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაი პირსა მისსა;
23. რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;
24. რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ხორცითა თვისითა ჯუარსა ზედა, რაითა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით.
25. რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაისა.

თავი 3.

1. ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თვისთა ქმართა, რაითა, დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყვისა მის, დედათა სლვისა მისგან თვინიერად სიტყვისა შეიძინნენ,
2. ხედვიდენ რაი იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,
3. რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაითა და შესხმითა ოქროისაითა, გინა შემოსილთა სამოსლისაითა შემკობაი,
4. არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და მყუდროისა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან.
5. რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თვისთა და დამორჩილებულ იყვნეს თვისთა ქმართა,
6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ჰხადინ ძას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.
7. ქმარნი ეგრეთვე თანა-მკვიდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა, მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკვიდრთა მადლისა ცხორებისაითა, რაითა არა დაბრკოლდებოდიან ლოცვასა თქუენსა.
8. ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.
9. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთვის მებრ იჩინენით, რაითა კურთხევაი დაიმკვიდროთ.
10. რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაი და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაი თვისი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყვიედ ზაკუასა,
11. მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშვიდობაი მისდევდინ მას,
12. რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვათა მათთა ზედა, ხოლო პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა.
13. და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით?
14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათვის, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით.
16. გონებაი გაქუნდინ კეთილი, რაითა, რომელნი-იგი ძვირსა იტყოდიან თქუენთვის, ვითარცა ძვირის მოქმედთათვის, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.
17. რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაი თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.
18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათვის ივნო, მართალმან მან ცრუთათვის, რაითა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,
19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.
20. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.
21. რომლისა სახედ აწ თქუენცა განცხოვნებს ნათლის-ღებაი, არა ხორცთაგან განშორებაი მწინკულისაი, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაი ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესო ქრისტესითა,
22. რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

თავი 4.

1. ქრისტემან რაი ივნო ჩუენთვის ხორცითა და თქუენცა იგივე გონებაი შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ხორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან,
2. რაითა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაითა ნეშტნი იგი ჟამნი ხორცითა ცხორებად.
3. რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაისა აღსრულებად, რომელნი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაითა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროითა კერპთ-მსახურებითა.
4. რომლისაგან უკვირს არა სლვაი თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ.
5. რომელთა სიტყუაი მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.
6. რამეთუ ამისთვის ეხარა მკუდართა, რაითა ისაჯნენ კაცობრივ ხორცითა და ცხოვნდენ ღმრთისა მიერ სულითა.
7. ხოლო ყოველთაი აღსასრული მოახლოებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად.
8. ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაი.
9. სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თვინიერ დრტვინვისა.
10. კაცად-კაცადმან ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრვალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი.
11. რომელნი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაითა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განხურვებაი ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოი რაიმე შეგემთხუეოდა თქუენ.
13. არამედ რავდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაითა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.
14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათვის ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაი იგი და ღმრთისაი სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.
15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძვირის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოისა განმგესა.
16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.
17. რამეთუ ჟამმან დაწყებად სასჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაი-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაი?
18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოი იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?
19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაითა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრედ სულნი თვისნი კეთილის საქმითა.

თავი 5.

1. ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაი, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.
2. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.
3. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.
4. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინი.
5. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
6. და-უკუე-მდაბლით წინაშე მტკიცესა ხელსა ღმრთისასა, რაითა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თვისსა.
7. ყოველივე ზრუნვაი თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთვის.
8. განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.
9. წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაი მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებით.
10. ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესოის მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერნინ და დაგამყარენინ.
11. მისა დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
12. სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა სარწმუნოისა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაი, რომელსაცა ზედა სდგათ.
13. გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილონს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,
14. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაითა. მშვიდობაი თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესოის მიერ, ამინ.

კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა
პეტრესი

წერილი II

თავი 1.

1. სვიმეონ-პეტრე, მონაი და მოციქული იესო ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაი სიმარლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესითა.
2. მადლი თქუენდა და მშვიდობაი განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაითა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა!
3. რომელმან-იგი ყოველივე თვისისა ღმთეებრისა ძალი საცხორებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თვისსა მას დიდებასა და სათნოებასა;
4. რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭა, რაითა ამის მიერ იქმნნეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.
5. და თქუენცა ესევე მოსწრაფებაი ყოვლითურთ მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაი და სათნოებასა შინა – მეცნიერებაი,
6. და მეცნიერებისა შინა – მარხვაი, მარხვასა შინა – მოთმინებაი, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაი
7. და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაი და ძმათ მოყუარებასა შინა –სიყუარული.
8. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს, არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს მეცნიერებასა.
9. ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმენდაი იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაი.
10. ამისთვის, ძმანო, უფროისღა ისწრაფეთ, რაითა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაი იგი თქუენი და რჩეულებაი; რამეთუ ამას რაი იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.
11. არამედ ესრეთ მდიდრად წაგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესსა,
12. რომლისათვისცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოხსენებად თქუენდა ამისთვის, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.
13. ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღვიძებად თქუენდა მოხსენებითა.
14. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაი საყოფელისა ამის ჩემისაი, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე.
15. და ვისწრაფო, რაითა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსვლისა ჩემისა ამითი მოხსენებისა ყოფაი.
16. რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს ძალი და მოსლვაი, არამედ თვით-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა.
17. რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვყავ.
18. და ესე ხმაი ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა.
19. და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაისწარმეტყუელოი სიტყუაი, რომელ კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ თუ, ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.
20. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაისწარმეტყუელებაი წიგნისაი თვისისა თავისა სათარგმნებელ არა იქმნების.
21. რამეთუ არ ნებითა კაცთაითა მო-სადამდე-იწია წინაისწარმეტყუელებაი, არამედ წუევითა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.

თავი 2.

1. იყვნეს ცრუ-წინაისწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაი წარწყმედისაი და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათვის მსთუად წარწყმედასა.
2. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაი იგი ჭეშმარიტებისაი იგმობოდის.
3. და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყვითა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა სასჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.
4. უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაითა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და სასჯელად დამარხვად.
5. და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაი იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია.
6. და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორელთაი დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა.
7. და მართალი ლოთ, დაწუნებული უსჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იხსნა.
8. რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკვიდრებულ რაი იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უსჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა.
9. იცის უფალმან ღვთის მსახურთა მათ განსაცთელთაგან ხსნაი, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას სასჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს.
10. უფროის-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ხორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავხედნი, დიდებათათვის არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ.
11. სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროის არიან, არა მოაწევენ მათ ზედა სასჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.
12. ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყვნი საცხოვარნი, შობილნი ბუნებით მოსასვრელად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ.
13. და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაი. გულის თქუმაი იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაი. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.
14. თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.
15. დაუტევეს წრფელი იგი გზაი, შეცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაი შეიყუარა.
16. მამხილებელად აქუნდა თვისისა უსჯულოებისა კარაული უტყვი, კაცობრივითა ხმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაისწარმეტყუელისა იგი უგუნურებაი
17. ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათვის წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოი დამარხულ არს.
18. რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ხორცითა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.
19. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თვით მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.
20. რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაისკნელი იგი უძვირეს პირველისა.
21. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაი იგი სიმართლისაი, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.
22. შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა.

თავი 3.

1. აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ეპისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღვიძებ მოხსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა.
2. მოხსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაისწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა.
3. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაისკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თვისისა მავალნი
4. და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაი იგი მოსლვისა მისისაი? რამეთუ ვინაითგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაით.
5. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაი წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყვითა ღმრთისაითა.
6. რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა.
7. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაი მითვე სიტყვითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ სასჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა.
8. ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე.
9. არა ყოვნის უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთვის, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაი, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაი.
10. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ.
11. რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაი ჯერ-არს თქუენი ყოფაი წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაითა მოელოდით
12. და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მხურვალენი დაიხსნენ და წესნი დაიწუნენ და დადგნენ.
13. ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს.
14. ამისთვის, საყუარელნო, ამას მოულოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშვიდობით.
15. და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაი ცხოვრებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.
16. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყვის ამისათვის, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაიმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა, მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა.
17. თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაისწარ რაი უწყით ესე, ეკრძალენით. რაითა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცვივეთ სიმტკიცისა მისგან თვისისა.
18. არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესითა. მისა დიდებაი აწ და დღეთა მათ საუკუნეთასა. ამინ.