კათოლიკე ეპისტოლე წმ. მოციქულისა
იაკობისი

1 2 3 4 5

 

თავი 1.


1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტეს მონაი, ათორმეტთა ნათესავთა, - გიხაროდენ!
2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა;
3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაი,
4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაითა იყვნეთ სრული და ყოვლად ცოცხალ და არარაით ნაკლულევან.
5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.
6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღვისასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.
7. ნუ ჰგონებ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაიმე-იღოს ღმრთისაგან.
8. კაცი ორგული დაუდგორმელ არს ყოველთა გზათა მისთა.
9. იქადოდენ ძმაი იგი მდაბალი ამაღლებასა თვისსა,
10. ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თვისსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაი, ეგრეთ წარხდეს.
11. რამეთუ აღმოჰხდა მზე სიცხითა თვისითა და განახმო თივაი იგი და ყუავილი მისი დასაცვივა და შუენიერებაი პირისა მისისაი წარხდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თვისსა დაჭნეს.
12. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაი, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.
13. ნურვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმერთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი.
14. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების.
15. მერმე გულის თქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი.
16. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!
17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდმო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.
18. მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა, რაითა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაიმე მისთა დაბადებულთა.
19. აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად.
20. რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის.
21. ამისთვის განიშოეთ ყოველი მწიკულევანებაი და მეტი იგი სიბოროტისაი, სიმშვიდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყვისაი, რომელი შემძლებელი არს ცხორებად სულთა თქუენთა.
22. და იყვენით მყოფელ სიტყვისა მის და ნუ ხოლო სმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თვისთა.
23. უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყვისა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თვისისაი სარკითა.
24. რამეთუ განიცადა თავი თვისი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაი იყო.
25. ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.
26. რომელსა ეგონოს თქუენს შორის ვითარმედ, ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ-ასხმიდეს ენასა თვისსა, არმედ აცთუნებდეს გულსა თვისსა, ამისი ამაო არს მსახურებაი.
27. მსახურებაი წმიდაი და შეუგინებელი ღმერთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაი ობოლთა და ქურივთაი ჭირსა შინა მათსა და შეუგინებლად დაცვაი თავისა თვისისაი ამის სოფლისაგან.

თავი 2.

1. ძმანო ჩემნო, ნუ თუალ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს დიდებისაი.
2. რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროისა ბეჭდითა და სამოსელითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა.
3. და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქვეშე ფერხთა ჩუენთა,
4. და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენითა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყვითა ბოროტითა?
5. ისმინეთ ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკვიდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თვისთა?
6. ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ?
7. არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?
8. უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მზგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი, კეთილად ჰყოფთ.
9. ხოლო უკუეთუ თუალ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი.
10. რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ.
11. რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა.
12. ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი.
13. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთვის. რომელთა არა ყონ წყალობაი; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.
14. რაი სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაი მაქუს, და საქმენი არა ჰქონდენ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?
15. რამეთუ უკუეთუ ძმაი გინა დაი შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა
16. და ჰრქუას მას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშვიდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ სახმარი ხორცითაი, რაი სარგებელ არს?
17. ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო.
18. არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაი გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაი შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი.
19. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.
20. გნებავსა ცნობად, ჰოი კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს?
21. აბრაჰამ, მამაი ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თვისი, საკურთხეველსა ზედა?
22. ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაი შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაი იგი სრულ იქმნა?
23. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყვის: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა.
24. ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?
25. ეგრეთვე რააბცა მეძავი არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხვით გზით წარავლინნა?
26. რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს.

თავი 3.

1. ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.
2. რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყვით არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღვირსხმად ყოვლისავე გუამისა.
3. უკუეთუ ცხენსა აღვირნი აღუხსნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.
4. აჰა ესერა ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.
5. ეგრეცა ენაი მცირე ასოი არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!
6. და ენაი ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაი. ენაი დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.
7. რამეთუ ყოველივე ბუნებაი მხეცთა და მფრინველთაი და ქუეწარმავალთაი და მცურვალთაი დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.
8. ხოლო ენაი კაცთაი ვერვის ხელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა.
9. რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მზგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.
10. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაი და წყევაი. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.
11. ნუუკუე წყაროისაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?
12. ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენახმან ლეღვი? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროი მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად.
13. ვინ არს ბრძენი და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თვისნი სიმშვიდითა სიბრძნისაითა.
14. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ხმდომაი გულსა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სიტყუით ჭეშმარიტებასა ზედა.
15. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდმოსული, არამედ ქუეყანისი, მშვინვიერი და საეშმაკოი.
16. რამეთუ სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე.
17. ხოლო ზეგარდმოი სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაითა, განუკითხველ და შეუორგულებელ.
18. რამეთუ ნაყოფი სიმართლისაი დაეთესვის მშვიდობით მათთვის, რომელნი ჰყოფენ მშვიდობასა.

თავი 4.

1. ვინაი არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?
2. გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.
3. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაითა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ.
4. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.
5. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყვის წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკვიდრებულ არს ჩუენ თანა?
6. უფროის მოცემად მადლი; ამისთვის იტყვის: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
7. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.
8. მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.
9. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.
10. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.
11. ნუ ძვირსა იტყვით, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძვირსა იტყოდის ძმისათვის და განიკითხვიდეს ძმასა თვისსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.
12. ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?
13. აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყვით: დღეს გინა ხვალე წარვიდე მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.
14. რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაი, რამეთუ ვითარი არს ცხორებაი თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.
15. ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.
16. ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.
17. რომელმან იცოდის კეთილისა საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.

თავი 5.

1. აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთვის თქუენ ზედა მომავალთა.
2. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.
3. ოქროი თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ხორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაისკნელთა.
4. აჰა ესერა სასყიდელი მოქმედთთაი მათ, რომელთა განლეწეს ყანაი თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან, ღაღადებს და ღაღადებაი იგი მომკალთაი მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.
5. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდე. განჰზარდენით ხორცი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.
6. დაჰსაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.
7. სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წვიმაი მსთუაი და მცხუედი.
8. სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაი უფლისაი მოახლოებულ არს.
9. ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაითა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა განმკითხველი წინაშე კართა დგას.
10. სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძვირის ხილვისა და სულგრძელობისა წინაისწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაითა.
11. აჰა ესერა ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაი იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაი იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.
12. ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეი ჰე და არაი არა, რაითა არა ორგულებასა შესცვივეთ.
13. სჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცვიდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.
14. უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა.
15. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.
16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაითა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად.
17. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაი ილოცა არა წვიმად, და არა წვიმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,
18. და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წვიმაი და ქუეყანამა აღმოაცენა ნაყოფი თვისი.
19. ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს იგი,
20. უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი.