იოანეს სახარება

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

 

თავი 1.


1. პირველთგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმერთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი.
2. ესე იყო პირველითგან ღმერთისა თანა.
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა.
4. მის თანა ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იგი იყო ნათელ კაცთა.
5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოანე.
7. ესე მოვიდა მოწამედ, რაითა წამოს ნათლისა მისთვის, რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაითა წამოს ნათლისა მისთვის.
9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
11. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს.
12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
14. და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიიდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდ შობილისაი მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
15. იოანე წამა მისთვის, ღაღადყო და თქუა: ესე არს, რომელისათვის-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ.
17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაი ქრისტე იესოის მიერ იქმნა.
18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
19. და ესე არს წამებაი იოანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალემით მღდელნი და ლევიტელნი, რაითა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?
20. და აღიარა და არა უარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ, წინაისწარმეტყუელნი იგი ხარ შენ? და მიუგო: არა.
22. და ჰრქეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაითა სიტყუაი მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა: რასა იტყვი შენთვის?
23. და თქუა: მე - ხმაი მღაღადებელისაი უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაისწარმეტყუელმან.
24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.
25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაისათვის ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაისწარმეტყუელი იგი?
26. მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი არა იცით,
27. რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაითა განვჰხსნნე საბელნი ხმალთა მისთანი.
28. ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სად-იგი იყო იაონე და ნეთელ–სცემდა.
29. ხვალისგან იხილა იოანე იესო, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სრფლისანი.
30. ესე არს, რომლისათვის-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.
31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაითა გამოეცხადოს ისრაელსა, ამისთვის მოვედ მე წყლისთა ნათლის-ცემად.
32. და წამა იოანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაი ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით და დაადგრა მას ზედა.
33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.
34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაი.
35. ხვალისა დღე დგა კუალად იოანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
36. და მიჰხედა იესოს, ვიდოდა რაი იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაი.
37. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაი ამას, და მისდევდეს იესოს.
38. მოექცა იესო და იხილნა იგინი, მი-რაი-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი, რომელი ათარგმანების მოძღუარ, სადა იყოფი?
39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ; და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა; ჟამი იყო ვითარ მეათე.
40. იყო ანდრეა, ძმაი სვიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოანესგან, და მისდევდეს მას.
41. პოვა ამან პირველად ძმაი თვისი სვიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტე.
42. ამან მოიყვანა იგი იესოისა. მიჰხედა მას იესო და ჰრქუა: შენ ხარ სვიიმონ, ძე იონაისი, შენ გეწადოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე.
43. ხვალისაგან უნდა იესოს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესო: მომდევდი მე.
44. ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაით, ქალაქისაგან ანედრეაისა და პეტრესა.
45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაისწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესო, ძე იოსებისი ნაზარეთით.
46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნახარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
47. იხილა რაი იესო ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთვის: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომელისა თანა ზაკუვაი არა არს.
48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაი მიცი მე? მიუგო იესო და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენდა, იყავ რაი ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი.
50. მიუგო იესო და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლუღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროისი ამათსა იხილო.
51. და ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.

თავი 2.

1. და მესამე დღეს ქორწილი იყო კანას გალილეაისასა, და მუნიყო დედაი იესოისი.
2. მიჰხადეს იესოს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას.
3. და ვითარ მოაკლდა ღვინოი, ჰრქუა იესოს დედამან მისმან: ღვინოი არა აქუს.
4. ჰრქუა მას იესო: რაი არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწვნულ არს ჟამი ჩემი.
5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაიცა გრქუას ვქუენ, ყავთ.
6. იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაისა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი.
7. და ჰრქუა მათ იესო: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ.
8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.
9. და ვითარცა გემოი იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაი იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა
10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინოი პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღვინოი კეთილი აქამომდე.
11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესო კანას გალილეაისასა და გამოუცხადა დიდებაი თვისი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
12. ამისა შემდგომად შთავიდა იესო კაპერნაუმდ, იგი და დედაი მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე.
13. და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაი, და აღვიდა იესო იერუსალემდ.
14. და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი.
15. და შექმნა შოლტი საბლისაი და ყოველი იგი გამოასხა ტაძერით: ზროხაი და ცხოვარი; და კერმის მსყიდელთა მათ დაუთხია კრემაი და ტაბლები იგი დაუმხუა.
16. და ტრედის მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.
17. და მოეხსენი მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე.
18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?
19. მიუგო იესო და ჰრქუა: დაჰხსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინეო ეგე.
20. ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოც და ექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი?
21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათვის გუამისა თვისისა.
22. და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეხსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთვის იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაი და სიტყუაი იგი, რომელი ჰრქუა მათ იესო.
23. და ოდეს იყო იგი იერუსალემს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა.
24. ხოლო თვით იესო არა არწმუნებდა მათ თავით თვისით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი.
25. და რამეთუ არა უხმდა, რაითა წამოს ვინმე კაცისა მისთვის, რამეთუ მან თვით იცოდა, რაი იყო კაცისა მის თანა.

თავი 3.

1. იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდემოს, მთავარი ჰურიათაი.
2. ესე მოვიდა იესოისა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ხელეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.
3. მიუგო იესო და ჰრქუა მას: ამინ, ამინ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი.
4. ჰრქუა მას ნიკოდემოს: ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თვისისასა შესლვად მეორედ და შობად?
5. მიუგო იესო და ჰრქუა მას: ამინ, ამინ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა, ღმრთისასა.
6. შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, შობილი იგი სულისაგან სული არს.
7. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი.
8. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ხმაი მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.
9. მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?
10. მიუგო იესო და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაელისაი და ესე არა იცია?
11. ამინ, ამინ გეტყვი შენ: რამეთუ რომელი ვიცით, ვიტყვით, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.
12. უკუეთუ ქვუეყანისაი გითხარ თქუენ, და არა გოწამს, ვითარ უკუე ზეცისაი გითხრა თქუენ, და გრწმენს?
13. და არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისაი, რომელი არს ზეცათა შინა.
14. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი.
15. რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი.
16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი.
17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.
18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ შობილისა.
19. და ესე არს სასჯელი. რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.
20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტს იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი.
21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაითა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.
22. ამის შემდგომად მოვიდა იესო და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.
23. იყო იოანეცა და ნათელსცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელ-იღებდეს მისგან.
24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოანე საპყრობილედ.
25. და იყო გამოძიებაი მოწაფეთაგან იოანესთა ჰურიათა თანა განწმედისათვის.
26. და მოვიდეს იოანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.
27. მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: ვერ ხელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თვისით არცა ერთი რაი, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.
28. თქუენ თვით მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა.
29. რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაი რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისაითა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.
30. მისა ჯერ-ერს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად.
31. ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს.
32. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.
33. რომელმან მიიღო წამებაი მისი, დაბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.
34. და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყვის, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული.
35. მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ხელთა მისთა.
36. რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი არამედ რისხვაი ღმერთისაი დადგრომილ არს მის ზედა.

თავი 4.

1. ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოანეს,
2. რამეთუ თვის იესო არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
3. დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.
4. ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაით.
5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქვიან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თვისსა.
6. და იყო მუნ წყაროი იაკობისი, ხოლო იესო, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა ჟამი იყო ვითარ მეექუსე.
7. მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესო: მასუ მე წყალი.
8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ.
9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.
10. მიუგო იესო და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: მეც მე წყალი, რაითა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.
11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი?
12. ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი?
13. მიუო იესო და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,
14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლისა, რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ.
15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.
16. ჰრქუა მას იესო: წარვედ და მოჰხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.
17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი, ჰრქუა მას იესო: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი.
18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.
19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაისწარმეტყუელი ხარ შენ.
20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმედ: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაი.
21. ჰრქუა მას იესო: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს თაყუანის-სცემდეთ მამასა.
22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელ არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხოვრებაი ჰურიათაგან არს.
23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი, თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.
24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი.
25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.
26. ჰრქუა მას იესო: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ.
27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა და მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა. რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა?
28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:
29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?
30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.
31. და ვიდრე-იგი მოიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!
32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.
33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინ-მე-არ-თუა მას ჭამადი?
34. ჰრქუა მათ იესო: ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი.
35. არა თქუენ იტყვით, ვითარმედ: ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი? აჰა ესერა მე გეტყვი თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.
36. და მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ, რაითა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.
37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაი იგი, ვითარმედ სხუაი არს მთესვარი და სხუაი არს მომკალი.
38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაჰშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.
39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიართ სამარიტელთა მათ სიტყვითა მის დედაკაცისაითა, რამეთუ წამებად, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენ ვქმენ.
40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ვედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.
41. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი.
42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე.
43. და შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.
44. რამეთუ თავადი იესო წამებად, ვითარმედ: წინაისწარმეტყუელსა თვისსა სოფელსა პატივი არა აქუს.
45. და ოდეს მოვიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რავდენი ქმნა იერუსალმეს დღესაწაულსა მას, და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
46. მოვიდა იესო მერმეცა კანად გალილეაისა, სადა-იგი ქმნა წყალი ღვინოდ. და იყო ვინმე სამეუფოით მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.
47. ამას ესმა, ვითარმედ: იესო მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას, მოვიდა მისა და ევედრებოდ, რაითა მოვიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.
48. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.
49. ჰრქუა მას სამეუფოისა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა.
50. ჰრქუა მას იესო: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაი იგი, რომელი ჰრქუა მას იესო, და წარვიდა.
51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს.
52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშვიდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მხურვალებამან.
53. მოეხსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესო, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.
54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესო, მო-რაი-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.

თავი 5.

1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაი, და აღვიდა იესო იერსულემდ.
2. და არს იერუსალემს ცხოვართა საბანელსა მას ტბაი, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო.
3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაი, ბრმები, მკელობლები, განხმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.
4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვიის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არს სენეულებითა.
5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.
6. ესე იხილა იესო მდებარე და გულისხმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა, ჰრქუა მას იესო: გნებავსა, რაითა განიკურნო.
7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაითა რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაი უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.
8. ჰრქუა მას იესო: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თვისი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.
10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.
11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან ჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე.
12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესო მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.
14. ამისა შემდგომად პოვა იგი იესო ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ.
15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესო არს, რომელმან განმკურნა მე.
16. და მითვის სდევნიდეს ჰურიანი იგი იესოს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა. შაბათსა შინა.
17. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.
18. ამისთვის უფროის ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესოს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰხსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თვისად სწორ-ჰყოფადა ღმრთისა.
19. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: არა ხელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თვისით არცა ერთი რაი, უკუეთუ არა იხილოს რაიმე მამისაგან საქმე, რამეთუ რაოდენსა-იგი მამაი იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.
20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროისიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაითა თქუენ გიკვირდეს.
21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაი აღადგინესბ მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რაომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს.
22. არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა.
23. რაითა ყოველნი პატივსცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.
24. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად.
25. ამინ, ამინ გეტყვი ვქუენ, რამეთუ მოვალს, ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ.
26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხოვრებაი თავისა თვისისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაითა აქუნდეს ცხოვრებაი თავისა თვისისა თანა.
27. და ხელმწიფებაი მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს.
28. ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი.
29. და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.
30. არა ხელ-მეწიფების მე საქმედ თავით თვისით არარაი, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
31. უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათვის, წამებაი ჩემი არა არს ჭეშმარიტ.
32. სხუაი არს, რომელი წამებს ჩემთვის, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი, რომელსა წამებს ჩემთვის.
33. თქუენ მიავლინეთ იოანესა, და წამა ჭეშმარიტი.
34. ხოლო მე წამებაი კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყვი, რაითა თქუენ სცხოვნდეთ.
35. იგი იყო სანთელი აღნეთებული და საჩინოი. ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.
36. ხოლო მე მაქუს წამებაი უფროის იოანესა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაითა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთ მამამან მომავლინა მე.
37. და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთვის. თქუენ არცა ხმაი მისი გესმის სადმე. არაცა ხატი მისი იხილეთ.
38. და სიტყუაი მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გწამს.
39. გამოიძიებდით წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხოვრებაი საუკუნოი მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის.
40. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაითა ცხოვრებაი გაქუნდეს.
41. დიდებაი კაცთაგან არა მოვიღო,
42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაი არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.
43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ.
44. ვითარ უკუე ხელ-ეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ?
45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.
46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის, დაწერა.
47. უკუეთუ მისთა წიგნთაი არა გრწამს, ჩემთა სიტუათაი ვითარმე გრწმენეს?

თავი 6.

1. ამისა შემდგომად წიაღხდა იესო წიაღხდა იესო წიაღ მას გალილეისასა, რომელ არს ტიბერიაისაი.
2. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.
3. და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თვისით.
4. და იყო მოახლებულ პასქაი, დღესასწაული იგი ჰურიათაი.
5. აღიხილნა თუალნი თვისნი იესო და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაი ვიყიდოთ პური, რაითა ჭამონ ამათ?
6. ამას რაი ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თვით უწყოდა, რაი ეგულებოდა ყოფად.
7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაითა კაცად-კაცადმან მცირედ რაიმე მიიღოს.
8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სვიმონ-პეტრესმან:
9. არს აქა ყრმაი, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაი და ორი თევზი, არამედ ესე რაი არს ესოდენთა წინაშე?
10. ჰრქუა მათ იესო: დასხით კაცები ესე. და იყო თივაი ფრიად ადგილსა მას. და დასხდა კაცები იგი რიცხვით ვითარ ხუთ ათას ოდენ.
11. და მოიხუნა იესო პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა. და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს; ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.
12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაითა ნუმცა რაი წარწყმდების.
13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.
14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესო, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაისწარმეტყვუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.
15. ხოლო იესო გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაითამცა ყვეს იგი მეფედ, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოი.
16. და ვითარცა შემწუხრდა. შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად
17. და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესო,
18. და ზღუაი იგი ქარისაგან დიდისა აღიძვროდა,
19. და შე-ოდენ-სრულ იყვნეს, ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესო, ვიდოდა რაი ზღასა ზედა და მოეახლა რაი ნავსა მას, შეეშინა მათ.
20. ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!
21. უნდა მათ, რაითამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.
22. ხვალისგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაი ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესოისნი, და რამეთუ არა შევიდა იესო მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.
23. მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიაით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.
24. ვითარცა იხილა ერმან მან, ვიარმედ იესო არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესოს.
25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?
26. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: მეძიებთ მე არა თუ, რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.
27. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, რომელი ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ; რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან.
28. ჰრქუეს მას: რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?
29. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.
30. და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაითა ვიხილოთ და გურწმენს შენი? რასა იქმ?
31. მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად.
32. ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით, არმედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშიარიტი ზეცით.
33. რამეთუ პური ღმრთისაი არს, რომელი გარდამოხდა ზეცით და მოსცა ცხოვრებაი სოფელსა.
34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.
35. ჰრქუა მათ იესო: მე ვარ პური ცხოვრებისაი; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.
36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.
37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
38. რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რაითა ვყო ნებაი ჩემი, არამედ ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი.
39. ხოლო ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი, რაითა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა.
40. რამეთუ ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი, რაითა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა.
41. დრტვინვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვხედ,
42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესო, ძე იოსებისი, რომლისა მამაი და დედაი ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყვის ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვხედ?
43. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ნუ სდრტვინავთ ურთიერთას.
44. ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა.
45. წერილ არს წინაისწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმას მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.
46. არა თუ ღმერთი ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაი.
47. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელსა რ ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი.
48. მე ვარ პური ცხოვრებისაი.
49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაი უდაბნოსა და მოწყდეს.
50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს.
51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ: უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა.
52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმე ხელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ხორცი თვისი ჭამად?
53. ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა.
54. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა.
55. რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.
56. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.
57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველი ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოვნდეს ჩემ მიერ.
58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაი და მოწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხოვნდეს უკუნისამდე.
59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.
60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაი ესე; ვის ხელ-ეწიფების სმენად მისა?
61. იცოდა იესო თავით თვისით, რამეთუ დრტვინვენ მოწაფენი მისნი ამისვის, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქუენ?
62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაი აღმავალი, სადაცა იყო პირველ?
63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხოვრება.
64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს, რამეთუ იცოდა იესო პიველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.
65. და ეტყოდა: ამისთვის გარქუ თქუენ: ვერვის ხელ-ეწფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩეისა.
66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.
67. ჰრქუა იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?
68. მიუგო მას სვიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ.
69. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი.
70. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩინა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.
71. ხოლო იტყოდა იუდა სვიმონისსა ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მისცემაი მისი.

თავი 7.

1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესო გალილეასა და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.
2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაი, რომელ არს კარვობისაი.
3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაითა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.
4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაითამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.
6. ჰრქუა მათ იესო: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.
7. ვერ ხელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთვის, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.
8. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.
9. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.
10. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესო აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.
11. ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?
12. და იყო მრავალი დრტვინვაი მითვის ერსა შორის: რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.
13. და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთვის შიშისათვის ჰურიათაისა.
14. და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესო ტაძრად და ასწავებდა.
15. უკვირდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?
16. მიუგო იესო და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაი არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაი.
17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაი ესე, ვითარ რაი არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თვისით ვიტყვი.
18. რომელი თავით თვისით იტყვინ, დიდებასა თავისა თვისისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თვისისასა, იგი ჭეშმარიტ არს და სიცრუე არა არს მის თან.
19. ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაისთვის მეძიებთ მე მოკლვად?
20. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?
21. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკვირს.
22. ამისთვის მოსე მოგცა თქუენ წინადაცეთაი. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცვითის კაცმან.
23. უკუეთუ წინადაცუეთილებაი მოიღის კაცმან შაბათსა, რაითა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოველადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?
24. ნუ სჯით თუალთ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.
25. იტყოდეს ვინმე იერუსალემელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?
26. აჰა ესერა განცხადებულად იტყვის, და არას ეტყვიან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?
27. არამედ ესე ვიცით, ვინაი არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაი არს.
28. ღაღად-ყო იესო ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, მენაი ვარ, და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.
29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.
30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ხელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ, და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?
32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტვინვაი მისთვის. და მიავლინნეს მღდელთ მთავართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაითა შეიპყრან იგი.
33. და თქუა იესო: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.
34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სიადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.
35. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი, ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოვოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?
36. რაი არს სიტყუაი ესე, რომელსა იტყვის: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ხელ-გეწიფების მოსლვად?
37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესო, ლაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.
38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითაცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.
39. ესე თქუა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაი, რამეთუ იესო არღა იყო დიდებულ.
40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს ისტყუაი ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაისწარმეტყუელი.
41. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაით მოსლვად არს ქრისტე?
42. არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?
43. და განწვალებაი იყო მისთვის ერსა შორის.
44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაი მისი, და არავინ მიყვნა ხელნი მის ზედა.
45. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ მთავართანი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?
46. მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი.
47. მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შევე-ცთომილ ხართა?
48. ნუუკუე მთავათაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი ანუ ფარისეველთა?
49. არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, წყეულ არიან.
50. ჰრქუა მათ ნიკოდემოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი:
51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?
52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაით ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაით წინაისწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.
53. და წარვიდეს კაცად-კაცადი სახიდ თვისა.

თავი 8.

1. ხოლო იესო წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.
2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
3. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს
4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.
5. და მოსე ამცნო სხულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაი. შენ უკუე რასა იტყვი?
6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაითა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესო ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
7. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაი მაგას ზედა.
8. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა.
9. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითოი, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოი, და დედაკაცი იგი დგა შორის.
10. ხოლო იესო აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?
11. ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო. ხოლო იესო ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.
12. მერმეცა ეტყოდავე იესო და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი.
13. ჰრქუა მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათვის სწამებ, და წამებაი შენი არა არს ჭეშმარიტ.
14. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათვის, ჭეშმარიტ არს წამებაი ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაი მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაი მოვედ და ვიდრე ვალ.
15. თქუენ ხორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.
16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოი, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაი.
17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაი ჭეშმარიტ არს.
18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთვის, და წამებს ჩემთვის მომავლინებელი ჩემი მამაი.
19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაი შენი? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაი ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაიცამცა ჩემი იცოდეთ.
20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი. რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
21. მერმე ჰრქუა მათ იესო: მე წარვალ და მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ, და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ხელ-გეწიფების მოსლვად.
22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თვისსა, რამეთუ იტყვის: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ხელ-გეწიფების მოსლვად?
23. და ეტყოდა მათ იესო: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.
24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესო: პირველად, რამეთუ მე გეტყვი თქუენ.
26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად; არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაი-იგი მესმა მისგან, მას ვეტყვი სოფელსა ამას შინ.
27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თვისსა უთხრობდა მათ.
28. მერმე ჰრქუა მათ იესო: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაი, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყვი.
29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოი მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
30. ამას რაი იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
31. და ეტყოდა იესო მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ,
32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით, ვითარ-ეგე შენ იტყვი, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ.
34. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი.
35. და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე.
36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაი ჩემი ვერ დატევის თქუენს შორის.
38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყვი, და თქუენ რომელი ლიხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.
39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაი ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.
40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.
41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაი ვიცით ღმერთი.
42. ჰრქუა მათ იესო: უკუეთუმცა ღმერთი მამაი თქუენი იყო, გიყურადიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თვისით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
43. რაისათვის სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალგიც სიტყუთა ჩემთა სმენად.
44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა. ოდეს იტყვინ ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაიცა მისი მტყუვარი არს.
45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ, და არა გრწამს ჩემი.
46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ, რაისათვის არა გრწამს ჩემი?
47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.
48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?
49. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს რომელი ეძიებს და სჯის.
51. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გვიცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაისწარმეტყუელნიცა, და შენ იტყვი: უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოი სიკუდილისაი უკუნისამდე.
53. ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაისწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
54. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს, არამედ არს მამაი ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი; და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.
57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
58. ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.
59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაითა დაჰკრიბონ მას; ხოლო იესო დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.

თავი 9.

1. და ვითარცა წარვიდოდა იესო, იხილა კაცი ბრმაი შობითგან.
2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა?
3. რქუა მათ იესო: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა.
4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ.
5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი.
6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა
7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების მოვლინებულად. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ჰხედვიდა.
8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?
9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი ეტყოდა: მე ვარ.
10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?
11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქვიან იესო, თიხაი შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მოვედ და დავიბანე და აღვიხილენ.
12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი.
13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიხაი შექმნა იესო და აღუხილნა თვალნი მისნი.
14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაი იყო.
15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიხაი დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.
16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაი იყო მათ შორის.
17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაისწარმეტყუელი არს.
18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთვის, ვითარმედ ბრმაი იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა.
19. ჰკითხავდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძე იგი თქუენი, რომელისაი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაი იშვა? აწ უკუე ვითარ ჰხედავს?
20. მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძე ჩუენი და რამეთუ ბრმაი იშვა.
21. ხოლო აწ ვითარ ჰხედავს, ჩუენ არა ვიცით, ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით. მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თვისისათვის იტყოდენ.
22. ამისთვის ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქმულ იყვნეს ჰურიანი, რაითა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განხადონ იგი.
23. ამისთვის თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.
24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაი ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.
25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაი ვიყავ და აწ ვხედავ.
26. მერმე ჰრქუეს მას: რაი გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?
27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაისაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?
28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.
29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაი არს.
30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკვირველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაი არს, და მე აღმიხილნა თუალნი.
31. ესე უწყით, რამეთუ ცოდვილისა არა ისმინოს ღმერთმან; არამედ უკუეთუ ვინმა არნ ღმერთის მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფენ, ამისი ისმინის ღმერთმან.
32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.
33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.
34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განხადეს იგი გარე.
35. ესმა იესოს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაი?
36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი?
37. ჰრქუა მას იესო: იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა, იგი არს.
38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.
39. და თქუა იესო: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაითა რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ.
40. ესმა ესე ფარისეველთაგან, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?
41. ჰრქუა მათ იესო: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაიმცა არა გაქუნდა, ხოლო აწ იტყვით, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

თავი 10.

1. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
2. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი.
3. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ხმისა მისისაი ისმინიან, და თვისთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.
4. და ოდეს თვისნი იგი ცხოვარნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ხმაი მისი.
5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის.
6. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესო, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
7. ხოლო იესო მერმეცა ჰრქუა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაი.
8. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.
9. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.
10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ბოლო მე მოვედ, რაითა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართავვის.
12. ხოლო სასყიდლით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.
13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.
15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის.
16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
17. ამისთვის უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაითა კუალად მოვიღო იგი.
18. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით.ხელ-მეწიფების დადებად მისა და ხელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაი მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.
19. და იყო განწვალებაი კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყვისათვის.
20. და იტყოდე სმრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაისა ისმინეთ მისსა?
21. და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ხელ-ეწიფების ბრმისა თუალთა აღხილვად?
22. და იყო მაშინ სატფურებაი იერუსალემს; ზამთარი იყო.
23. და იქცეოდა იესო ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.
24. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუხდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარ ჩუენ განცხადებულად.
25. მიუგო იესო და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაითა, ესენი წამებენ ჩემთვის.
26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.
27. ცხოვართა ჩემთახმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე.
28. და მე ცხოვრებაი საუკუნოი მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ხელთაგან ჩემთა.
29. მამაი ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროის ყოველთასა არს, და არავის ხელ-ეწიფების მიტაცებად მათა ხელთაგან მამისა ჩემისათა.
30. მე და მამაი ჩემი ერთ ვართ.
31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაითამცა დაჰკრიბეს მას.
32. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათვის ქვასა დამკრებთ მე?
33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისავის ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისავის, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.
34. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?
35. უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაი ღმრთისაი, და ვერ ხელ-ეწიფების დახსნად წერილი,
36. და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყვით, ვითარმედ: ჰგმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაი ვარი მე.
37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.
38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაითა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაი ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.
39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ხელთაგან მათთა.
40. და წიაღხდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელსცემდა პირველად იოანე, და დაადგრა მუნ.
41. და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოანე სასწაული არარი ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოანე ამისთვის, ჭეშმარიტ იყო.
42. და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.

თავი 11.

1. იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაით, დაბისაგან მარიამისა და მართაისა, დისა მისისა.
2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თვისითა წარჰხოცნა ფერხნი მისნი, რომლისაი ძმაი მისი ლაზარე სნეულ იყო.
3. მიუვლინეს იესოს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.
4. ხოლო ვითაცა ესმა იესოს, თქუა: ესე სნეულებაი არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან.
5. უყუარდა იესოს მართა და დაი მისი და ლაზარე.
6. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორდღე.
7. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თვისთა: გუალეთ წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად.
8. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?
9. ჰრქუა მათ იესო: არა ათორმეტნი ჟამნი არიან დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერხი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედავს.
10. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
11. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი.
12. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.
13. ხოლო იესო ჰრქუა სიკუდილისა მისისათვის, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათვის ძილისა თქუა.
14. მაშინ ჰრქუა მათ იესო განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.
15. და მე მიხარის თქვენთვის, რაითა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ მივიდეთ მისა.
16. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ მივიდეთ, რაითა მოვწყდეთ ჩუენცა მისთანა.
17. და ვითარცა მოვიდა იესო ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.
18. ხოლო იყო ბეთანიაი მახლობელ იერუსალემსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.
19. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაისა და მარიამისა, რაითა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათვის.
20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესო მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.
21. ჰრქუა მართა იესოს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი.
22. არამედ აწცა უწყი, ვითარმედ: რაიცა-იგი სთხოვო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
23. ჰრქუა მას იესო: აღდგეს ძმაი შენი.
24. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაისკნელსა დღესა.
25. ჰრქუა მას იესო: მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.
26. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?
27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაი, მომავალი სოფლად.
28. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თვისსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
29. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისსა.
30. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესო დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.
31. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა.
32. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესო, ვითაროცა იხილა იგი, დავარდა ფერხთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი.
33. ხოლო იესო ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა ვითარცა რისხვით
34. და ჰრქუა მათ: სადა დასდევთ იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.
35. და ცრემლოოდა იესოცა.
36. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი.
37. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლოა ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაიმე, რაითამცა ესეცა არა მოკუდა?
38. ხოლო იესო კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თვისსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.
39. ჰრქუა მათ იესო: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.
40. ჰრქუა მას იესო: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაი ღმრთისაი?
41. აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესო აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.
42. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთვის, რომელი გარე-მომადგს მე, ვთქუ, რაითა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
43. და ესე ვითარცა თქუა, ხმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!
44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ხელით და ფერხით სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესო: განჰხსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაისა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესო, და ჰრწმენა მისა მიმართ.
46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაი-იგი ქმნა იესო.
47. და შეკრიბეს მღვდელთ მთავართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაი-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?
48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგვიღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.
49. ერთმან ვინმე მათგანმან კაიაფა, რომელი იყო მღვდელთ მთავარი მის წელიწადისაი, ჰქუა მათ: თქვენ არა იცით არცა ერთი,
50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაითა ერთი კაცი მოკუდეს ერისათვის,და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.
51. ესე თავით თვისით არა თქუა, არამედ მღვდელთ მთავარი იყო მის წელიწადისაი და წინაისწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესოს მოსიკუდიდ ნათესავისათვის;
52. და არა ხოლო ნათესავისათვის, არამედ რაითა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
53. მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაითა მოკლან იგი.
54. ხოლო იესო არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქვიან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თვისით.
55. ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაი, და აღვიდეს მრავალნი იერუსალემდე სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაითა განიწმიდნენ თავნი თვისნი.
56. ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესოს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაი ტაძარსა შინა: ვითარ გონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?
57. რამეთუ მიეცა მცნებაი მღვდელთ მთავართა მათ და ფარისეველთა, რამეთუ, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაითა შეიპყრან იგი.

თავი 12.

1. ხოლო იესო უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.
2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა.
3. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაი ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი მრავალ-სასყიდლისაი და სცხო ფერხთა იესოისთა და თმითა თვისითა წარჰხოცნა ფერხნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სუნნელებითა მის ნელსაცხებელისაითა.
4. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სვიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაი მისი:
5. რაისათვის ნელსაცხებელი ესე არა განყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა!
6. ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაი რაიმე ზრუნვაი ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.
7. და ჰრქუა იესო: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე.
8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან,ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესო მუნ არს, მოვიდეს არა ხოლო თუ იესოისთვის, არამედ რაითა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.
10. ხოლო ზრახვა-ყვეს მღვდელთ მთავართა მათ, რაითა ლაზარეცა მოკლან;
11. რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთვის მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესოისსა.
12. ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ,
13. მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანნა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისაი!
14. და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
15. ნუ გეშინნ, ასულნო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.
16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესო, მაშინ მოეხსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთვის, და ესე უყვეს მას.
17. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,
18. ამისთვისცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესო.
19. ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ჰხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შემდგომას მისა.
20. იყვნეს ვინმე წარმათთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაითა თაყვანის-სცენ დღესასწაულსა მას.
21. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბედსაიდაით გალილეაისაით, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესოის ხილვაი.
22. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესოს.
23. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაითა იდიდოს ძე კაცისაი.
24. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკეთუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალინ ნაყოფნი გამოიღოს.
25. რომელსა უყვარდეს სული თვისი ამას სოფელსა, ცხოვრებაც საუკუნოდ დაიმარხოს იგი.
26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.
27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაი-მე ვთქუა! მამაო, მიხსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთვის მოვედ ჟამსა ამას.
28. მამაო, ადიდე სახელი შენი. მოიწია მისა ხმაი ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.
29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.
30. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა ჩემთვის იყო ხმაი ესე, არამედ თქუენთვის.
31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაი, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდეს გარე.
32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.
33. ხოლო ამას რაი იტყოდა, აუწყებდა, რომელითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილდ.
34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს და შენ ვითარ იტყვი, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი? ვინ არს ესე ძე კაცისაი?
35. რქუა მათ იესო: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდედ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.
36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენი ნათელი, რაითა ძე ნათლისა იყვნეთ. ამას ეტყოდა იესო და წარვიდა და დაეფარა მათგან.
37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.
38. რაითა აღესრულოს სიტყვაი იგი ესაია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის: უფალო, ვისტირე მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაი ვის გამოეცხადა?
39. ამისთვის ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია:
40. დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაითა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაითა არა გულისხმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.
41. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაი მისი და იტყოდა მისთვის.
42. ხოლო მთავართაგანიცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათვის ვერ აღიარეს, რაითა არა კრებულისაგან განასხნენ.
43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაი კაცთაი უფროის ვიდრე დიდებაი ღმრთისაი.
44. ხოლო იესო ღაღად-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.
45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.
46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.
47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაითა ვაცხოვნო სოფელი.
48. ხოლო რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანაისკნელსა დღესა.
49. რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე არამედ რომელმან მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაი, რაი ვთქუა და რასა ვიტყოდი.
50. და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყვი მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყვი.

თავი 13.

1. და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესო, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაითა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.
2. და ვითარცა სერობაი იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაისსა, სვიმონ ისკარიოტელისასა, რაითა განსცეს იგი.
3. იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მისცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმერთისა მივალს,
4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
5. და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარჰხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
6. და მოვიდა სვიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?
7. მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმნ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.
8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა დაგბანნე შენი ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.
9. ჰრქუა მას სვიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი.
10. ჰრქუა მას იესო: განბანილსა მას არა უხმს გარნა ფერხნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.
11. რამეთუ იცოდა იესო მიმცემელი იგი. ამისთვის თქუა: არა ყოველნი წმიდა ხართ.
12. და ოდეს დაჰბანნა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელი თვისი და ინახ-იდგა და მერე თქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?
13. თქუენ მხადით მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.
14. უკუეთუ მე დაგბანე ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა.
15. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.
16. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა, არცა მოციქული უფროის მომავლინებელისა თვისისა.
17. ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.
18. არა თქუენ ყოველთათვის ვიტყვი, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაითა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემზედა ბრჭალი მისი.
19. ამიერითგან გეტყვი თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაითა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.
20. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს და რომელმან მე შემიწყნაროს,შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.
21. ესე თქუა იესო და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა:ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
22. ჰხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთვის იტყოდა.
23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესოისთა, რომელი-იგი უყუარდა იესოს.
24. წამ-უყვნა მას სვიმონ-პეტრე, რაითა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათვის იტყვის?
25. ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესოისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?
26. მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სვიმონისსა, ისკარიოტელსა.
27. და შემდგომად მიღებისა იუდაისა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესო: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
28. ესე უკუე არავინ ცნა ინახით-მჯომარეთაგანმან იესოის თანა, რაისათვის ჰრქუა მას.
29. რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს, ვინაითგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესო: იყიდე, რაი-იგი გვიხმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაიმე გლახაკთა.
30. ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.
31. და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესო: აწ იდიდა ძე კაცისაი, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.
32. უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თვისისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.
33. შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ხელ-გეწიფების მოსლვად; აწ თქუენ გეტყვ.
34. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაითა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.
35. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
36. ჰრქუა მას სვიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესო: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.
37. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაისა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.
38. მიუგო იესო და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთვის დასდვა? ამინ, ამინ გეტყვი შენ: არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უარ-მყო მე სამ გზის.

თავი 14.

1. ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი; გრწმენინ ღმრთისაი და გრწმენინ ჩემდა მომართ.
2. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.
3. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.
4. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაიცა იგი იცით.
5. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?
6. ჰრქუა მას იესო: მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.
7. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაიცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.
8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაი შენი, და კმა არს ჩუენდა.
9. ჰრქუა მას იესო: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი, და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩუენე ჩუენ მამაი შენი?
10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაი ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, თავით ჩემით არა გეტყვი, არამედ მამაი ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.
11. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაი ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.
12. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროისი-ღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.
13. და რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაითა იდიდოს მამაი ძისა თანა.
14. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.
15. უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
16. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაი ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაითა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.
17. სული იგი ჭეშმარიტებისაი, რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.
18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვის, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.
20. მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.
21. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
22. ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაი არს, რამეთუ ჩუენ გამოგვიცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?
23. მიუგო იესო და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.
24. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.
25. ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
26. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაი, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ.
27. მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.
28. გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაი ჩემი უფროის ჩემსა არს.
29. და აწ გარქუ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაითა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.
30. არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაი და ჩემ თანა პოვოს არარაი.
31. არამედ რაითა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაი, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ.

თავი 15.

1. მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედი არს.
2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაითა უფროისი ნაყოფი გამოიღოს.
3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყვითა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა. ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.
5. მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი; რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.
6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე ვითარცა ნასხლევი და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას.
7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაიცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.
8. ამით იდიდოს მამაი ჩემი, რაითა ნაყოფი მრავალი გამოიყოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.
9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა.
10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემისა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა.
11. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
12. რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.
13. უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის.
14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.
15. არღარა გეტყვი თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თუ თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ.
16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაითა, რაი-იგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
17. ამას გამცნებ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას.
18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.
19. უკუეთუ თუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა.
20. მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.
21. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათვის, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.
22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის.
23. რომელსა ვსძულდე მე, მამაიცა ჩემი სძულს.
24. უკეთუმცა არა ვიქმენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არვინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაიცა ჩემი.
25. არამედ რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.
26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის.
27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

თავი 16.

1. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არა დაჰბრკოლდეთ.
2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.
3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაი, არცა მე.
4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაითა, რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიხსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
5. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?
6. არამედ ამას რაი გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.
7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.
8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის.
9. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ;
10. ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე.
11. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს.
12. ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად.
13. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ, რაოდენი-რაი ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.
14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
15. ყოველი, აროდენი აქუს მამასა, ჩემი არს და ამისთვის გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
16. მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა.
17. ჰრქუეს უკუე მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაი არს, რომელსა-ესე მეტყვის ჩუენ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა?
18. და იტყოდეს უკუე: რაი არს ესე მცირედ? არა უწყით, რასა იტყვის.
19. გულისხმა-ყო იესო, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთვის გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე?
20. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაი თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.
21. დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაი, არღარა მოეხსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა.
22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
23. და მას დღესა შინა მე არარაი მკითხოთ. ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაი სთხოვოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
24. აქამომდე არარაი გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაითა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არრაღა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათვის გითხრა თქუენ.
26. მას დღესა შინა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყვი თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთვის.
27. რამეთუ თვით მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ.
28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა.
29. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყვი და იგავსა არცა ერთსა რას იტყვი.
30. და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიხმს, რაითა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ.
31. მიუგო იესო და ჰქუა მათ: აწ სამე გრწამს?
32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თვისად ადგილად და მე მარტოი დამიტევოთ; და არა ვარ მე მარტოი, არმედ მამაი ჩემი ჩემ თანა არს.
33. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.

თავი 17.

1. ამას იტყოდა იესო და აღიხილნა თუალნი თვისნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.
2. ვითარცა-ესე მოეც მას ხელ-მწიფებაი ყოველთა ხორციელთაი, რაითა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხოვრებაი საუკუნოი.
3. და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელნი მოავლინე იესო ქრისტე.
4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაითა ვყო.
5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.
6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუი შენი დაუმარხავს.
7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.
8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
9. მე მათთვის გკითხავ; არა თუ სოფლისათვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.
10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ.
12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაი, რაითა წერილი აღესრულოს.
13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყვი სოფელსა შინა, რაითა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.
14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფელსა ამისგანი.
15. არა ვიტყვი, რაითა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაითა დაიცვენ იგინი ბოროტისაგან.
16. სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
17. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაი შენი ჭეშმარიტ არს.
18. ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.
19. და მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაითა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.
20. და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ;
21. რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაითა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
22. და მე დიდებაი, რომელიც მომეც მე, მივეც მათ, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაითა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაითა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
25. მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან მე, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
26. და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაითა სიყუარული იგი, რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.

თავი 18.

1. ესე თქუა იესო და გამოვიდა მოწაფითურთ თვისით წიაღ ხევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.
2. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ გზის შესრულ იყო მუნ იესო მოწაფითურთ თვისით.
3. ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ მთავართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.
4. ხოლო იესო იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?
5. მიუგეს და ჰრქუეს მას: იესოს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესო: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.
6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარე უკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.
7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესოს ნაზარეველსა.
8. ჰრქუა მათ იესო: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.
9. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.
10. ხოლო სვიმონ-პეტრეს აქუნდა მახვილი, აღმოიხადა იგი და სცა მონასა მღვდელთ მთავრისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაი მის მალქოზ.
11. ჰრქუა იესო პეტრეს: დადევ მახვილი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?
12. ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.
13. და მიიყვანეს იგი პირველად ანნაისა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაისი, რომელი იყო მღდელთ მთავარი მის წელიწადისაი.
14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათვის.
15. მისდევდა იესოს სვიმონ-პეტრე და სხვაი იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერი იყო მღდელთ მთავრისა და შევიდა იესოის თანა ეზოსა მღდელთ მთავრისასა.
16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. გავიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერი მღვდელთ მთავრისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
17. ჰრქუა მხევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაი? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ.
18. დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ მთავართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.
19. ხოლო მღდელთ მთავარმან მან ჰკითხა იესოს მოწაფეთა მისთათვის და მოძღურებისა მისისათვის.
20. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.
21. რაისა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.
22. და ვითარცა ესე თქუა იესო, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესოს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას უგება მღდელთ მთავარსა?
23. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათვის; უკუეთუ კეთილსა, რაისათვის მცემ?
24. და მიავლინა იგი ანნა კრული კაიაფაისა, მღვდელთ მთავრისა.
25. ხოლო სვიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უარ-ყო და თქუა: არა ვარ.
26. ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმა მღდელთ მთავრისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?
27. და კუალად უარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
28. და მოიყვანეს იესო კაიაფაისით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაითა ჭამონ პასექი.
29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?
30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.
31. ჰრქუა მათ პილატე: მოიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაი.
32. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი იესოისი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.
33. კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეჰხადა იესოს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფე ჰურიათაი?
34. ჰრქუა მას იესო: შენ თავით თვისით იტყვი მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთვის?
35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაი ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ მთავართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაი გიქმნიეს?
36. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მეუფებაი ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაი ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთვის, რაითა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაი ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფე ხარ შენ? ჰრქუა მას იესო: შენ იტყვი, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი.
38. ჰრქუა მას პილატე: რაი არს ჭეშმარიტებაი? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოვებ ამის თანა.
39. ხოლო არს ჩვეულებაი თქუენი, რაითა ერთი მიგიტევო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაითა მიგიტევო თქუენ მეუფე ჰურიათაი?
40. კუალად უკუე ღაღად-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.

თავი 19.

1. მაშინ მოიყვანა პილატე იესო და ტანჯა იგი.
2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.
3. და მოვიდიან მისა და ეტყვიედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა.
4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოგიყვანო იგი გარე თქუენდა, რაითა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოვე.
5. გამოვიდა იესო გარე, და ედგა ეკლისა იგი გვირგვინი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!
6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ მთავართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოვებ.
7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო.
8. ვითარცა ესმა სიტყუაი ესე პილატეს, უფროის შეეშინა.
9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესოს: ვინაი ხარ შენ? ხოლო იესო სიტყუაი არა მიუგო მას.
10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფებაი მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა?
11. ჰრქუა მას იესო: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაი აქუს.
12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაი მისი. ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტევო, არა ხარ მოყუარე კეისრისაი, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყვინ თავსა თვისსა, სიტყუას უგებნ კეისარსა.
13. ხოლო პილატეს რაი ესმა სიტყვაი ესე, გამოიყვანა იესო გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა რჰქვიან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.
14. და იყო პარასკევი პასქაისაი, და ჟამი იყო მეექვსე. რქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფე თქუენი!
15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ მთავართა მათ და ჰრქუეს: არა გვივის ჩვენ მეუფე გარნა კეისარი.
16. მაშინ მისცა იგი მათ, რაითა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესო.
17. და ეკიდა თვით ჯუარი თვისი და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა.
18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხვანი ორნი ამიერ და იმიერ, და შორის იესო.
19. და დაწერა პილატე ფიცარი და დადვა ჯვარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრეთ: იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი.
20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესო. და იყო წერილი ებრაელებრ და რომაელებრ და ბერძლ.
21. ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ მთავარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფე ჰურიათაი ვარი მე.
22. ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.
23. და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესო, მოიღეს სამოსელი მისი განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად.
24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაითა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.
25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესოისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი.
26. ხოლო იესო ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!
27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა.
28. ამისა შემდგომად იხილა იესო, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, და რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის!
29. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დააგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.
30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესო, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაითა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი მის, ჰკითხეს პილატეს, რაითა წვივნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.
32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წვივნი, და ერთისა მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარს-ცმულ იყვნეს მის თანა.
33. ხოლო მო-რაი-ვიდეს იესოისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი.
34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი.
35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყვის, რაითა თქუენცა გრწმენეს.
36. რამეთუ იყო ესე, რაითა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
37. და სხუაი წერილი იტყვის: იხილონ რომელსა-იგი უგმირეს.
38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაით, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესოისი ფარულად შიშისათვის ჰურიათაისა რაითა აღიღოს გუამი იესოისი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.
39. მოვიდა ნიკოდემოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესოისა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოისაი ვითარ ასი ლიტრაი.
40. და მოიღეს გუამი იესოისი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სუნნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუელებაი არს ჰურიათაი დაფლვასა.
41. იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო.
42. მუნ დადვეს გუამი იესოისი პარასკევისათვის ჰურიათაისა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.

თავი 20.

1. ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდანელენი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
2. რბიოდა და მოვიდა სვიმონ-პეტრესა და სხვისა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესოს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
3. გამოვიდა პეტრე და სხუაი იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად.
4. რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხვაი იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.
5. და შთაჰხედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.
6. მოვიდა სვიიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.
7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თვისაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
8. მაშინ შევიდა სხუაიცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესსა საფლავად და იხილეს და ჰრწმენა.
9. რამეთუ არღა იცოდეს წერილისაი, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაი.
10. წარვიდეს უკუე კუალად თვისაგან მოწაფენი იგი.
11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთაჰხედა საფლავსა მას.
12. და იხილნა ორნი ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერხით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესოისი.
13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაისა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
14. ესე რაი თქუა, მიიქცა გარე და იხილნა იესო მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესო არს.
15. ჰრქუა მას იესო: დედაკაცო, რაისა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და რჰქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
16. ჰრქუა მას იესო: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი რომელსა ჰრქვიან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.
17. რქუა მას იესო: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
18. მოვიდა მარიამ მაგდანელენი თხრობათ მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთ შაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესო და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა!
20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი.
21. რქუა მას იესო კუალად: მშვიდობაი თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაი.
23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესო.
25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუათთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმნეს.
26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესო კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა!
27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
28. მიუგო თომა და რჰქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29. ჰრქუა მას იესო: რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
30. მრვალნი სხვანიცა სასწაულნი ქმნნა იესო წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
31. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესო არს ქრისტე, ძე ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხოვრებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.

თავი 21.

1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თვისი იესო მოწაფეთა თვისთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:
2. იყვნეს ზოგად სვიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაით გალილეაისაით, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.
3. ჰრქუა მათ სვიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაი იპყრეს.
4. და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესო კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს.
5. ჰრქუა მათ იესო: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაი? მიუგეს და ჰრქუეს: არა.
6. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე იგი მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოვოთ; ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევაი სიმრავლისა მისგან თევზთაისა.
7. ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესოს, ვითარმედ: უფალი არს. ბოლო სვიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თვისი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თვისი ზღუად.
8. ხოლო სხუანი მოწაფენი ნავით მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.
9. და ვითარცა გამოხდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური.
10. ჰრქუა მას იესო: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ.
11. აღვიდა სვიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდთა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი.
12. ჰრქუა მათ იესო: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს.
13. მოვიდა იესო და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე.
14. ესე სამ გზის გამოეცხადა იესო მოწაფეთა თვისთა, აღ-რაი-დგა მკუდრეთით.
15. და ოდეს ისადილნეს ჰრქუა სვიმონ-პეტრეს იესო: სვიმონ იონაისო, გიყუარ მეა უფროის ამათსა? ერქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ერქუა მას იესო: აძოვენ კრავნი ჩემნი.
16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სვიმონ იონაისო, გიყუარ მეა? ერქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესო: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17. კუალად ჰრქუა მას იესო მესამედ: სვიმონ იონაისო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესო: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18. ამინ, ამინ გეტყვი შენ: ორეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თვისით და ხვიდოდი, ვიდრეცა გნებავნ.ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესოს, მისდევდა რაი, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21. ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესოს: უფალო, ხოლო ესე რაი?
22. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ მინდეს ყოფაი მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაი? შენ მე შემომიდეგ.
23. და განხდა სიტყუაი ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და ჰრქუა მას იესო, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაი, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაი?
24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთვის და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი.
25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ.