კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

ეფესელთა მიმართ
 

1 2 3 4 5 6

 

თავი 1.

1. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტეს იესოის მიერ:
2. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტესი.
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.
4. ვითარცა – იგი გამოგვირჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაითა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.
5. წინაისწარ გვიჩინნა ჩუენ შვილებად იესო ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა
6. საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ,
7. რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოხსნაი სისხლითა მისითა და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა.
8. რომელი – იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა.
9. გუაუწყა ჩუენ საიდუმლოი იგი ნებისა მისისაი სათნოებისაებრ მისისა, რომელი – იგი წინაითვე განაჩინა მას შინა
10. განსაგებელად აღსავსებისა მის ჟამთაისა, თავ ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაი - იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
11. მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაისწარ ვიჩინენით წინა განზრახვითა ღმრთისაითა, რომელმან – იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა.
12. რაითა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი – ესე წინაისწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა,
13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაი იგი ჭეშმარიტებისაი, სახარებაი იგი ცხოვრებისა თქუენისაი, რომლითაცა – იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაითა.
14. რომელ – იგი არს წინდი მკვიდრობისა ჩუნისაი გამოსახსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.
15. ამისთვის მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაი უფლისა იესოის მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.
16. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთვის, ხსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა,
17. რაითა ღმერთმან უფლისა ჩუენისა იესო ქრისტემან, მამამან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული, სიბრძნისაი და გამოცხადებისაი ცნობად მისა.
18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაითა იცოდით თქუენ, რაი-იგი არს სასოებაი ჩინებისა მისისაი და რაი-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკვიდრობისა მისისაი წმიდათა შორის,
19. და რაი-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაი ჩუენდა მომართ მორწმუნეთა – შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
20. რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,
21. უზესთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას;
22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიასა,
23. რომელი – იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.

თავი 2.

1. და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა,
2. რომელთა შინა ოდესმე ხვიდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ხელმწიფებისა ჰაერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა,
3. რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ხორცითა ჩუენითასა, ვჰყოფდით ნებასა ხორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.
4. ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,
5. და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ, -
6. და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესოის მიერ,
7. რაითა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაი სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესოის მიერ.
8. რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:
9. არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს.
10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოის მიერ საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინაისწარ განმზადა ღმერთმან, რაითა მათ შინა ვიდოდით.
11. ამისთვის მოიხსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ხორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ხორცითა მით ხელით ქმნულითა,
12. რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თვინიერად ქრისტესა, უცხოქმნულნი მოქალაქობისა მისგან ისრაელისა და უცხო სჯულთა მათგან აღთქუმათაისა, სასოებაი არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.
13. ხოლო აწ ქრისტე იესოის მიერ თქუენ, რომელი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.
14. რამეთუ იგი თავადი არს მშვიდობაი ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაი მის დაჰხსნა,
15. მტერობაი იგი ხორცითა მისითა, სჯული იგი მცნებათაი მათ ბრძანებითა განაქარვა, რაითა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშვიდობისა
16. და დაადგნეს ორნივე იგი ერთითა მით ხორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაი იგი მას ზედა,
17. და მოვიდა და გახარა მშვიდობაი თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,
18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაი იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.
19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,
20. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაისწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო,
21. რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ,
22. რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებელად ღმრთისა სულითა.

თავი 3.

1. ამისთვის მე, პავლე, კრული ქრისტე იესოისი თქუენ წარმართთათვის.
2. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაი იგი მადლისა ღმრთისაი, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ,
3. რამეთუ გამოცხადებით მაუწყე მე საიდუმლოი იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე,
4. რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაი, ცნობად გულისხმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოითა მით ქრისტესითა,
5. რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაისწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,
6. რაითა იყვნენ წარმართნი თანა-მკვიდრ და თანა-ხორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის იესო ქრისტეს მიერ სახარებითა მით.
7. რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.
8. მე, უმრწმესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი
9. და განათლებად ყოველთა, რაი-იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისა მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესო ქრისტეს მიერ,
10. რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ხელმწიფებათა ზეცისა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაი
11. გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაისა, რომელი-იგი ქმნა ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა,
12. რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაი და მოსლვაი სასოებით სარწმუნოებითა მისითა.
13. ამისთვის ვითხოვ, რაითა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთვის, რომელი-იგი არს დიდება თქუენდა.
14. ამის ჯერისათვის მოვიდრეკ მუხლთა ჩემთა მამისა მიმართ,
15. რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,
16. რაითა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,
17. დამკვიდრებად ქრისტე სარწმუნოებით გულთა შინა თქუენთა,
18. სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაითა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაი-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
19. ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისაი სიყუარული ქრისტესი, რაითა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაითა.
20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,
21. მისა დიდებაი ეკლესიასა შინა ქრისტე იესოის მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

თავი 4.

1. გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით,
2. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა,
3. ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრველითა მით მშვიდობისაითა.
4. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაითა;
5. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლის-ღებაი,
6. ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის.
7. ხოლო თვითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა.
8. რომლისათვის იტყვის: აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.
9. ხოლო აღსლვაი იგი რაი-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთახდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?
10. რომელი გარდამოხდა, იგივე არს რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი.
11. და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი
12. დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,
13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა;
14. რაითა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩვილ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაითა მის მიმართ საცთურებისა.
15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,
16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.
17. ამას უკუე ვიტყვი და ვწამებ უფლისა მიერ, რაითა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაითა,
18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხოვრებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაითა.
19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.
20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.
21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაი იესოის თანა,
22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,
23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაითა
24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაითა.
25. ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ.
26. გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ, მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
27. ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა.
28. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროისღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უხმდეს.
29. ყოველი სიტყუაი უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაი-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად სარწმუნოებისა სახმრისათვის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.
30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა.
31. ყოველი სამწარე და რისხვაი და გულის წყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით.
32. იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.

თავი 5.

1. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,
2. და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი სიყუარულით ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თვისი ჩუენთვიის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სრულად სულნელად.
3. ხოლო სიძვაი და ყოველი არაწმინდებაი გინა ანგაჰრებაი ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა
4. და საძაგლებაი და სიტყუაი სიცოფისაი გინა ლაღობაი, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროისად მადლობაი.
5. და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკვიდრობაი სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
6. ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისთვის მოიწევის რისხვაი ღმრთისაი ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა.
7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა.
8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,
9. რამეთუ ნაყოფი სულისაი ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
10. გამოიცადეთ, რაი-იგი არს სათნო უფლისა,
11. და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა.
12. რამეთუ, რაი-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა.
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,
14. რომლისათვის იტყვის: განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.
15. ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი;
16. გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან.
17. ამისთვის ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისხმა-ჰყოფდით, რაი- იგი არს ნებაი ღმრთისაი.
18. და ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,
19. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა,
20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.
21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.
22. ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა.
23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაი;
24. არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა.
25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის,
26. რაითა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა სიბნელითა მით წყლისაითა და სიტყვითა,
27. რაითა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად კელესიაი, რაითა არა აქუნდეს მწინკულევანებაი არცა ნაოჭბრძვილისაი, არცა სხუაი რაი ესე-ვითარი, არამედ რაითა იყოს წმიდა და უბიწო.
28. ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთაი, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყუარს.
29. რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა,
30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.
31. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორივე იგი ერთ ხორც.
32. საიდუმლოი ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყვი ქრისტესათვის და ეკლესიისა.
33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თვისი; ხოლო ცოლსა მას რაითა ეშინოდის ქმრისა.

თავი 6.

1. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ.
2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაი პირველი აღთქუმასა შინა.
3. რაითა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.
4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაითა.
5. მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაითა, ვითარცა ქრისტესა,
6. ნუ თუალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად;
7. გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა;
8. უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.
9. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.
10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაითა,
11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.
12. რამეთუ არა არს ბრძოლაი ჩუენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
13. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაითა სდგეთ.
14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაი
15. და შეიხსენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისაი,
16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად;
17. და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისაი დაიდგით და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყუაი ღმრთისაი.
18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათვის
19. და ჩემთვისცა, რაითა მომეცეს მე სიტყუაი აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოი იგი სახარებისა,
20. რომლისათვის-ესე ვციქუ ჯაჭვითურთ, რაითა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.
21. ხოლო თქუენცა რაითა უწყოდით ჩემთვის, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტვიქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ,
22. რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთვის მებრ, რაითა უწყოდით ჩუენთვის და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა.
23. მშვიდობაი ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა.
24. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.