ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერიანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით
მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“ არასრულწლოვანი პოტერომანები ინტერნეტსაიტებში აწყობენ დისკუსიებს და იწერება რეკომენდაციებიც თუ „როგორ ვებრძოლოთ იმ მშობლებსა და პედაგოგებს, ვინც ამ წიგნის წაკითხვას გვიშლის“! ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, მან იცის, რომ ეს მუქარა ღრმად სერიოზულია და ბავშვის პროტესტის ცნობილ გამოვლინებებს: გაბუტვასა და პატარა მუშტების დაყრას მეტისმეტად სცილდება! რამდენიმე ციტატა წიგნიდან: „გვიანობამდე სწავლობდნენ, იმეორებდნენ ურთულესი წამლების შემადგენლობას, იზეპირებდნენ ჯადოსნურ სიტყვებს და შელოცვებს, იმახსოვრებდნენ უდიდეს აღმოჩენათა თარიღებს, გობლინთ აჯანყებებს“/ გვ.220/. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, რომ ეს შელოცვები არ არის თარგმნილი და დახრილი შრიფტით მოეწოდება მკითხველს. ჯადოქართა სკოლაში შესვლა აურკვეველი სიტყვებით იწყება: „ალბუს დამბლდორი ფეხზე წამოდგა. აღიმებულმა ორივე მკლავი ფართოდ გაშალა...კეთილი იყოს ოგვორტსის ეს ახალი სასწავლო წელი! ვიდრე ლხინს შევუდგებით, მსურს წარმოვთქვა რამდენიმე სიტყვაა. ი ისინიც: იტვიტ! ბლაბერ! დდმენთ! თვიქ! გმადლობთ.“ /გვ.113/. პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელიც ყველაზე მსუბუქად არის მიჩნეული, დახრილი შრიფტით მოწოდებულია გაურკვეველი სიტყვების წყება, რომლებიც შემოთავაზებულია, როგორც: 1) საგნების უწონადობაში გადატანის შელოცვა /გვ.157/; 2) ფეხების ჩამკეტი ჯადო; 3) მთელი სხეულის ჩამკეტი ჯადო /გვ.242/; 4) ცნობილი ხდება ისიც, რომ „თუ მაგლები რაღაც ცუდს შეამჩნევენ, ჯადოქრები „დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/. შელოცვები ყველგან ზემოთმოყვანილი პრინციპითაა მოყვანილი - აუცილებლად ლათინურად და აუცილებლად დახრილი შრიფტით. კითხველი თუ „განდობილთ “ წრეს არ მიეკუთვნება, ვერასოდეს შეიტყობს ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ მათი სამომხმარებლო ფუნქცია უკვე გარკვეულია. თუნდაც ის გამოგონებული იყოს. სპეციალურ ლიტერატურაში, რომელიც ოკულტიზმს, შავსა და თეთრ მაგიას, ჯადოქრობას ეძღვნება, მითითებულია, რომ ჯადოქრად ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე აუცილებელია თუნდაც ცრუ დაჯერება საკუთარ ძალებში. აქედან გამომდინარე, დაწერილ-გამოქვეყნებული თუ დაგეგმილ-დასაწერი ტომეულები რომ ჯადოქრობის, ოკულტიზმის, წარმართობის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და იქმნება, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს წიგნი ჯ. ქ. როულინგს შვიდ ტომად აქვს ჩაფიქრებული. ყოველ წელს თითო იწერება და იბეჭდება. სულ ინგლისურენოვანმა სამყარომ ხუთი წიგნის გამოცემა „იზეიმა“. ქართულად მხოლოდ პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ითარგმნა, როგორც ცნობილია, უკვე მზადდება მეორე წიგნის, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ ქართული თარგმანიც და შესაძლოა, ესეც საშობაოდ შემოგვთავაზონ. რუსულ ენაზე თარგმნილი და გამოცემულია მესამე და მეოთხე წიგნები: „ჰარი პოტერი და აზბაკანის ტყვე“, „ჰარი პოტერი და ცეცხლის თასი“. ასე რომ, წინ მრავალი მოულოდნელობა გველის. ბოლო ხანებში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ბოლო ახალი გამოცემის „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენის“ კითხვისას ბავშვებისა და მოზარდების ნაწილს თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებათ, მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებენ კითხვის შეწყვეტას. პირველ უცნაურობად ის შეიძლება ჩაითვალოს, თუ რა ძალამ განაჭვრეტინა მწერალს თავისი წიგნის პირველივე გვერდებზე გამოთქმული, დღეს რეალობად ქცეული სიტყვები: „- ჰარი სახელგანთქმული გახდება, ლეგენდად იქცევა. არ გამიკვირდება, თუ დღევანდელი დღე ისტორიაში შევა „ჰარი პოტერის დღედ“ და ასე აღინიშნება მომავალში. მის შესახებ დაიწერება უამრავი წიგნი, ჩვენს სამყაროში ყველა ბავშვს ეცოდინება მისი სახელი!“ /გვ.18/. სხვათაშორის ზმნა „HARRY“ აოხრებას, განადგურებას, გაჩანაგებას, გატიალებას: ძარცვას; წვალებასა და გულის გაწყალებას აღნიშნავს. ხოლო „POTTER“ მეთუნე, მექოთნის გარდა, უქმად გდებას, უსაქმურად ყიალისა და დროის მოკვლის მნიშვნელობასაც შეიცავს. „- აბა, რომელ ბიჭს არა აუვარდება თავში, რომ სახელგანთქმული უფრო ადრე გახდეს, ვიდრე სიარულსა და ლაპარაკს ისწავლიდეს! სახელგანთქმული იმის გამო, რაც არც კი ემახსოვრება..“ /გვ.18/ აქ ჯადოქრული წარმომავლობა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებულად აღმატებული პრივილეგია: „მამაშენი და დედაშენი საუკეთესო ჯადოქრები იყვნენ ვინც კი ოდესმე გამიგონია!/გვ.55/. „-არ გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ეს ნაიარევი შენს შუბლზე? ხომ ხვდები, რომ ჩვეულებრივი ნაიარევი არ არის. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ბოროტი, ძლიერი ჯადოქრის წყევლა შეგეხება. მამაშენი და დედაშენი დახოცა, თქვენი სახლი დაანგრია. ხოლოდ შენზე ვერ გაჭრა იმისმა ძალამ. მიტომ ხარ სახელგანთქმული, ჰარი... საუკეთესო ჯადოქრები დახოცა და შენ, სულ ერთი ციცქნა ბავშვი გადარჩი...“ აქ, პატარა ბიჭის, პოტერის ზებუნებრივი ძალმოსილება მისსავე პიროვნებაში ექცევა, საიდუმლოს ტაბუ ედება და ბავშვებისთვის მისაბაძ შაბლონად იდება. „წამში ყველა იქ მყოფი ჰარის შემოერტყა და სათითაოდ ართმევდა ხელს. -მისტერ პოტერ არ მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს შეგხვდით. -ვოცნებობდი თქვენთვის ხელი ჩამომერთმია, ძალიან ვღელავ!“ /გვ.67/. ჯადოქრობის პოპულარიზება„-ტრანსფიგურაცია მაგიის ურთულესი და ყველაზე სახიფათო სფერო გახლავთ“ - განუცხადა პროფესორმა მაკგონაგელმა კლასს პირველივე გაკვეთილზე - „ვინც ხელს შემიშლის, იცოდეთ, სამუდამოდ დატოვებს კლასს. მე გაფრთხილებთ! ამის შემდეგ თავისი მაგიდა ჯერ ღორად გადააქცია, მერე ისევ მაგიდად გადმოაქცია, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ველას მოუნდა, დაუყოვნებლად იგივე გაემეორებინა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ავეჯის ცხოველად გადაქცევას კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდნენ.“ უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, საბჭოეთის დიდი ბელადის „ანდერძის“ მსგავსად ჯ. ქ. როულინგიც სულ „სწავლა, სწავლა და სწავლისკენ“ მოუწოდებს ახალგაზრდა თაობას. „მას შემდეგ, რაც დეტალურად ჩაიწერეს ამ ურთულესი პროცესის თეორიული აღწერა, პროფესორმა თითო ასანთის ღერი ჩამოურიგა ველას და უთხრა ნემსად აქციეთო..“ მხოლოდ ერთმა შეძლო და მაკგონაგელმა მთელ კლასს უჩვენა, როგორი წვეტიანი და ვერცხლისფერი გახდა ასანთის ღერი“. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ჯადოქართა სკოლის სახელმძღვანელოთა სახელწოდებები: „შელოცვების ქრესტომათია“, „მაგიის ისტორია“, „მაგიის თეორია“, „სასწაულმოქმედი წამლები და საწამლავები“, „ტრანსფიგურაციის დამხმარე სახელმძღვანელო“, „ ბნელი ძალები: თავდაცვის სახელძღვანელო“. ეს წიგნი ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ოკულტური ძალების სერიოზულ რევანშად შეიძლება ჩაითვალოს. აქ არა პირდაპირ არამედ სასხვათაშორისოდ გაფანტულია შემდეგი დეტალები, მაგალითად: ჰოგვორსტში ას ორმოცდაორი კიბეებიდან იყო ისეთი კიბეებიც, რომლებიც მაინცდამაინც პარასკევ დღეს სულ სხვაგან მიგიყვანდა /გვ.122/, ვიდრე სხვა დღეებში. ხოლო ოთხშაბათობით /გვ.123/ შუაღამისას აკვირდებოდნენ ღამის ცას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება შობა დღეს მომხდარ მოვლენებს, მაგრამ არაფერი ითქმება თავად დღესასწაულზე: „ჰარის არასოდეს ენახა ასეთი ზღაპრული საშობაო სუფრა: უთვალავი მსუქანი შებრაწული ინდაური... ლანგრებზე დაწყობილი სურნელოვანი ძეხვები, კარაქში მოხარშული მუხუდო.. ყველასთან ელაგა ჯადოსნური სატკაცუნოები. ისეთი კი არა მაგლებს რომ აქვთ, საცოდავი და უბადრუკი“ /გვ.187/ შობის დღესასწაულის გამოყენება მწერალს ოდნავ გაზღაპრებული სპირიტუალური სეანსისათვის ჭირდება, რათა ე.წ. სილივრუს სარკეში გარდაცვლილთა სულები ახილვინოს საკუთარ გმირს /გვ.188/. სწორედ ამ დღეს ნახავს პოტერი სარკეში თავის გარდაცვლილ მშობლებსა და წინაპრებს. ამგვარად, აღდგომის შემდეგ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე ბავშვების საყვარელი გმირი ჰარი, ეკლესიის სწავლებით, ერთ-ერთი საშიში ცოდვით, სპირიტიზმით არის დაკავებული. ასეთი სეანსების დროს ადამიანი თავის სულს უხსნის ბოროტ სულებს, რის შედეგადაც, ცნობილია ეშმაკისგან დაუფლებული ადამიანის მიერ ჩადენილი საშინელი ცოდვები - მკვლელობები, თვითმკვლელობები, ანდა შეპყრობილ მდგომარეობაში მათი დარჩენა. აღწერილია ასევე ეშმაკის მიერ სპირიტიზმის სეანსის დროს მოხდენილი სხვადასხვა ცრუსასწაულების მეშვეობით (ჭაღის ან სხვა მძიმე საგნის ჩამოვარდნა და ა.შ.) ადამიანთა დასახიჩრების შემთხვევებიც. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, გაუჩნდება თუ არა ჰარის წაბაძვით პატარა მკითხველს ამგვარი უწყინარი სპირიტუალური სეანსის ჩატარების სურვილი სწორედ შობის ღამეს, როდესაც უფროსები „მოძველებული“ და „მოსაწყენი“ საეკლესიო რიტუალებით იქნებიან დაკავებულნი. „სააღდგომო არდადეგები ისე მხიარულად ვერ გაატარეს, როგორც საშობაო.“ მწერალი ქალი თემატურ წიაღსვლებს ამაოდ არ ახდენს. სააღდგომო არდადეგებზე იწყება საუბარი კვერცხზე, მაგრამ არა წითელზე და უფლის სისხლით გამოსყიდულზე, არამედ სხვა, შავ კვერცხზე: „შუა ცეცხლში, დაკიდებული ჩაიდნის ქვეშ, ვეებერთელა შავი კვერცხი იდო“. ეს კვერცხი დრაკონის გამოსაჩეკად არის შეძენილი. აქვე ბავშვები ეცნობიან სავარაუდო ლიტერატურასაც, რომლის სათაურებიც ინფორმაციულად დატვირთულია: „დრაკონების მოშენება: სიამოვნებაც და მოგებაც“ , „დრაკონების სახეობები დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში“, „კვერცხიდან ჯოჯოხეთისაკენ“, „დრაკონის მოვლის სახელმძღვანელო“. აქვე ვიგებთ რომ „მაგთა საერთაშორისო კონვენციამ“ 1709 წელს კანონით აკრძალა დრაკონების მოშენება, რადგან „მაგლები მაშინვე მიხვდებიან ჩვენს არსებობას... რასაც მაგიის სამინისტრო მათ მიჩუმათებაზე მუშაობს! რომელიმე მაგლი შენიშნავს თუ არა დრაკონს, მაშინვე დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/. ფილოსოფიური ქვისგან განსხვავებით, რომელიც ნაწარმოების ბოლოს ნადგურდება, შავი კვერცხი არ ლაყდება, მისგან გამოდის ის, რასაც ელიან: „დრაკონი უკვე მკვდარ ვირთხებს მიირთმევდა, თანაც ძალიან ბევრს. - მიკბინა! თქვა რონმა და გასისხლიანებული ცხვირსახოცით გადახვეული ხელი უჩვენა. ეს დრაკონი ყველაზე საშინელი მხეცია, რაც კი მინახავს, მაგრამ ჰაგრიდი ისე ექცევა, თითქოს ბუნჩულა ბაჭია იყოს. მიკბინა და ჰაგრიდი აქეთ გამიჯავრდა, რატომ შეაშინეო. რომ მოვდიოდი იავნანას უმღეროდა.“ /გვ.212/ ამ სიტყვების წაკითხვისას უნებურად გახსენდება თანამედროვე ათონელი ბერის მამა პაისის (+1994) სიტყვები: „მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრი ეშმაკის მანქანებაა. ეშმაკის ამჟამინდელი პარპაში სახუმარო აღარაა, ვინაიდან თანამედროვე ადამიანებმა მას ბევრის უფლება მისცეს. ადამიანები განიცდიან საშინელ ეშმაკეულ ზემოქმედებას. ერთმა მათგანმა ეს უაღრესად მართებულად ახსნა: „ადრე, - თქვა მან, - სატანა დაკავებული იყო ადამიანებით, ახლა კი იგი მათით არაა დაკავებული. ბოროტს გამოჰყავს ისინი (თავის) გზაზე და ეუბნება: „გზა მშვიდობისა!“ ან „ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!“ და ადამიანებიც თავადვე მიეხეტებიან ამ გზაზე. ეს საშინელებაა!“ ნანა ბოკუჩავა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 48 (256), 2003 წ. |