ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი

ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში

„შემიძლია გასწავლოთ, როგორ ჩამოასხათ წამლის შუშაში პატივმოყვარეობა, მოადუღოთ სახელი და დიდება, ბოთლში მოაქციოთ სიკვდილი“- ურჩევენ ჩვენს ბავშვებს

ამ რამდენიმე წლის წინ ქართველმა (და არა მარტო ქართველმა) მკითხველმა მიიღო წიგნი, რომელმაც „წიგნთან დააბრუნა ბავშვები“. ეს გახლდათ ჯ.ქ. როულინგის ლეგენდარული „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ამ გამოცემამ მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას არნახული რეკლამა ახლდა. მსოფლიოს უდიდეს ქალაქების ქუჩაში თქვენ შეგიძლიათ გადააწყდეთ სათვალიანი, სიმპათიური ბიჭუნას უზარმაზარ სარეკლამო ფირნიშებს, პოტერი გვიმზერს ჟურნალების ფურცლებიდან, პოტერი გაცოცხლდა კინოში, ტელევიზიაში... ნაწარმოების გმირების თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება წიგნის პრეზენტაციებზე და ა.შ.

წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ, რომ ადამიანი თავის გონებას უფრო მეტად უნდა უფრთხილდებოდეს, ვიდრე კუჭს, რომელშიც არცერთი ჭკუათმყოფელი არ ჩაუშვებს მძაღე საჭმელს და აშმორებულ წყალს. განსაკუთრებით კი მოსაფრთხილებელია ბავშვების სათუთი გონება და სული.

ყველაფერს, რასაც ჩვენ ბავშვებს ვთავაზობთ წასაკითხად ან საყურებლად გულმოდგინე და მზრუნველი გამოკვლევა სჭირდება. ჩვენი რედაქციის დავალებით სწორედ ამგვარი გამოკვლევა იდო თავს ქვემოთ მოყვანილი ნაშრომის ავტორმა ნანა ბოკუჩავამ. უნდა ითქვას, რომ ავტორი ამ საქმეს არ შედგომია რაიმე წინასწარი, აკვიატებული განწყობით. მან ყურადღებით შეისწავლა საკითხი და შემოგვთავაზა სურათი, რომელიც გვიმჟღავნებს „პოტერის“ რეალურ არსს. ამ არსის გასაგებად კი საჭირო გახდა არამარტო „საბავშვო ბესტსელერის“, მისი ავტორის ინტერვიუების, წიგნზე დაწერილი გამოხმაურებების, არამედ ოკულტიზმისა და მაგიის შესახებ არსებული ლიტერატურის, სამედიცინო ცნობარების გაცნობა, რაც სულიერი თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ ამ სიმძიმის გამო კვლევა უფრო გამოწვლილვითი არ აღმოჩნდა, თუმცა წარმოდგენილი მასალა დასკვნების გამოსატანად სრულიად საკმარისია. დასკვნები კი ყველაზე სევდიანია და უნებლიედ გვაგონებს ზოგიერთი თანამედროვე ოკულტისტის დანაქადებს, რომ XXI საუკუნე იქნება ადამიანის დაფარული ოკულტური შესაძლებლობების გამოვლენის საუკუნე.

ნაშრომი, რომლის ბეჭდვასაც „საპატრიარქოს უწყებანი“ ამ ნომრიდან იწყებს, არაა კომპილაციური. ვფიქრობთ, იგი უნდა წაიკითხონ პედაგოგებმა, მშობლებმა და საერთოდ, ყველა ადამიანმა, ვისთვისაც ჩვენი მომავალი თაობის სულიერი მდგომარეობა სულერთი არაა. და ბოლოს, ქვემოთ წარმოდგენილ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნონ ისინი, ვისაც „ჰარი პოტერი“... უწყინარი ზღაპარი ჰგონია.

ზ. ცხოვრებაძე

 

ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი

ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

აქამდე, ყველგან ბიჭუნები ხის ხმლებით, ხის ცხენებზე „დაჯირითობდნენ“... რატომ გადასვა ინგლისელმა ყოფილმა მასწავლებელმადა დებიუტანტმა მწერალმა ჯესიკა ქესლინ როულინგმა თავისი ლიტერატურული გმირი, 11 წლის ბიჭი ჰარი პოტერი, მართალია, მოდერნიზებულ, მაგრამ მაინც ზღაპრის ბოროტი, მდედრი პერსონაჟის ატრიბუტზე, „განახლებულ“ ცოცხზე?!

მწერალი ქალი საკუთარ ვარაუდს თავისი წიგნის პერსონაჟს ათქმევინებს: „ეს ხალხი ვერასოდეს მიხვდება, ვინ არის ჰარი პოტერი.“/გვ.18/ და იმ ადამიანებს გულისხმობს, ვისაც ჯადოქრობა ცხოვრების წესად არ გაუხდია.

* * *

ეს დაპირისპირება და არჩევანი ჯერ კიდევ პირველმშობლებთან - ადამთან და ევასთან დაიწყო, როცა პირველ ტყუილზე წამოგებულმა,სიცოცხლისა და უკვდავებისთვის შექმნილმა კაცმა კვდომისა და ხრწნილებისათვის გასწირა თავი... მას შემდეგ არ წყდება ბრძოლა ადამის მოდგმის სულში, ფიქრებში, ცხოვრებაში... აქედან ლიტერატურასა და ხელოვნებაში... ამ ბრძოლის სამზადისისთვის ითქმება ბავშვებისათვის ზღაპრებიც, სადაც სიკეთეს მუდმივად ებრძვის ბოროტება, თითქოს ამარცხებს, დასცემს, მაგრამ ის მაინც დგება, იმარჯვებს! ბოროტს აქვს თავისი სახე - ის მახინჯი და მყრალია, სიკეთეს თავისი - ის მშვენიერია, ნათელია და კეთილსურნელოვანი... ისიც ხშირია, როცა ბოროტი დიდი ძალისხმევით, მიზნის მისაღწევად, მცირე ხნით სილამაზეს ამოეფარება, რადგან იცის, შემაძრწუნებელია მისი რეალური სახე...

* * *

ჯ.კ. როულინგის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი „ჰარი პოტერიდა ფილოსოფიური ქვა“ ჩვენი შვილებისათვის საშობაო „საჩუქრად“ მოგვევლინა და სწორედ საშობაო ზრუნვით გართულებმა ეს ნაკმაზი შხამი გასინჯვამდე ვაგემეთ მათ, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს. აქ ზღაპარი ლამის რეალობად იქცეს, აქ „ცოცხზე ამხედრებულ“ ალქაჯ დედაკაცს ობოლი, სათვალიანი ბიჭის იერი მიუღია და ჩვენს პატარა თუ მოზრდილ შვილებს თავის „ქოხში“ მიერეკება თუ რისთვის, ამის გახსენება ძველი, ნაცნობი ზღაპრიდანაც იოლია...

ახალგაზრდა დებიუტანტი მწერალი გაცილებით დიდ ამოცანას ისახავს და უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვებასაც ზეიმობს: იგი ბავშვებს ახალ „ესთეტიკაზე“ აგებულ სინამდვილეზე უმყნობს სათავგადასავლო ისტორიას. ეს ანტიესთეტიკა - ბნელეთის გაიდეალების, მასთან შეჩვევისა და მასთან ზიარების მიზანია. აქამდე საბავშვო ლიტერატურაში, ასეთი ურცხვობითა და მიზანმიმართულობით არავის გამოურიცხავს ღვთაებრივი გზა და არ დაუყენებია მოზარდი ეშმაკისეული გზის ორი მიმართულების: გაცხადებული ბოროტებისა და შელამაზებული ბოროტების - შავი და თეთრი მაგიის არჩევანის წინაშე.

ბოროტების ამ სკნელში საკუთარი ცხოვრების მიძღვნის ასეთი მძლავრი მოწოდება სწორედ ჯესიკა ქეთრინროულინგის „მიღწევად“ და „დამსახურებად“ შეიძლება ჩაითვალოს.

* * *

ჯ.ქ. როულინგი თავის ინტერვიუებში სრულებით არ მალავს, რომ პრაქტიკოსი ჯადოქარია: „ - ჰარი პოტერი გვასწავლის, როგორ გამოვავლინოთ საკუთარი პოტენციალი. ჯადოქრობა კი ამის ერთ-ერთ საშუალებად მიმაჩნია, - აცხადებს ავტორი და თავისი ლიტერატურული გმირის პროტოტიპსაც გვიმხელს: „- შეიძლება მთავარი გმირი ჰარი - ჰარიეტი ყოფილიყო. ისე კი სათვალეებს ბავშვობაში მეც ვატარებდი!“

ჯ. ქ. როულინგი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმასაც აცხადებს, რომ ვიდრე წიგნის წერას შეუდგებოდა:

„ - ჩაატარა მაგიური რიტუალებისა და წარმართობის სპეციალური გამოკვლევა, რამაც საშუალება მისცა მის წიგნებში აღწერილი რიტუალები ნამდვილ ოკულტურ მოქმედებებზე ყოფილიყო დაფუძნებული“.

მწერალი ქალი პედაგოგიურმა წარსულმა მოზარდთა ასაკობრივი თავისებურების ცოდნით შეაიარაღა. მისი ნაშრომის ასე ფართომასშტაბიანი პოპულარობის ერთი გასაღები აქ, ნამდვილად, არის საძიებელი, მაგრამ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ბნელეთის გაიდეალების პიროვნულმა არჩევანმა მისი ხელწერა და მეთოდები ანტიპედაგოგიური ქვეტექსტებით დატვირთა და გააძლიერა. იგი ბავშვთა ასაკით განპირობებულ ფსიქოლოგიურ კრიზისებს კი არ ძლევს, არამედ „წარმატებით“ აღრმავებს. მაგალითად, სასწავლო პროცესის დამახასიათებელი ცოდნის მიწოდებისათვის მიმდინარე შიდა ჭიდილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის წიგნში განსაკუთრებითაა გამძაფრებული. ჯადოქრობის სკოლაში ეს ურთიერთობა მტრულ დაპირისპირებამდე აღწევს და სამკვდრო სასიცოცხლო ზღვარზე დგება. ჰოგვორსტში მიმდინარე მეცადინეობებს უარყოფითი შტრიხებით შექმნილი პედაგოგები: ცოცხლები და მოჩვენებები ატარებენ, ისინი ერთნაირი „პატივისცემით“ არიან „შემკულნი“ ყოველი მათგანი ან ბოროტია ან უნარშეზღუდული ანდა ცივი და უკარება.

მოჩვენებებს სკოლაში ძირითადად „აღმზრდელობით“-დამთრგუნველობითი ფუნქცია ეკისრებათ: „მოჩვენებები ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. გული გაგისკდებოდა, როცა კარის გაღებას ცდილობდი და უცებ, იქიდან რომელიმე მათგანი გამოსხლტებოდა, ერთადერთი „თითქმის უთავო ნიკი“ იყო, რომელიც სიამოვნებით ეხმარებოდა ახალ გრიფინდორელებს სწორი გეზის აღებაში“ /გვ.122/. ვნახოთ როგორ შემოდის ეს პერსონაჟი ე.წ. თითქმის უთავო ნიკი. იგი მოსწავლეებს შემდეგნაირად ეცნობა: მან: „მარცხენა ყურზე ხელი იტაცა და დაქაჩა. თავი მაშინვე გადაქანდა და მხარზე დაეკიდა… შეშინებული სახეების დანახვაზე... გამხიარულდა“.

XVII საუკუნის გრავიურა, სადაც წარმოდგენილია დემონი პოლტერგეისტი

ამავე კატეგორიის მეორე პერსონაჟია პოლტერგეისტი პივსი: „პოლტერგეისტ პივსს… თუ მაშინ გადაეყრებოდი, როცა გაკვეთილზე გაგვიანდებოდა, თავზე ქაღალდების სანაგვე კალათას ჩამოგაცვამდა, ფეხქვეშ ხალიჩას გამოგაცლიდა, ცარცით დაგბომბავდა...“ /გვ.122/. სიტყვა პოლტერგეისტი ნაწარმოებია გერმანული სიტყვებიდან „გეისტ“ - „პოლტერ“ და სიტყვასიტყვით აღნიშნავს ხმაურის გამომწვევ „სულს“. ჯადოქრობის ისტორიაში შესულ დემონთა ლეგიონიდან პოლტერგეისტის მიმართ შიში დღემდე ნარჩუნდება. მას მიეწერება ის ხმები, რომლის გამომწვევი მიზეზები ხილული არაა: ხმაურები, კაკუნები კედელზე, ჭერზე და კიბეებზე. ანუ ის რასაც ეკლესია ბოროტ სულთა მანქანებას მიაწერს და რაც სახლის კურთხევით ან ნაკურთხი წყლის სხურებითა და ეკლესიაში მიღებული სხვა წესებით დაიძლევა. ხსენებული როულინგისეული პერსონაჟი პივსი კი შემდეგნაირად შემოდის: „ეი, პივს გამოდი დაგვენახე! ცოტა უხერხული პასუხი მიიღეს, თითქოს დიდი საჰაერო ბუშტი დაიცალაო... ტკაც! და გამოჩნდა ჰაერში დაკიდებული პატარა კაცუნა, დიდპირიანი და ბოროტთვალებიანი. ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ხელებით ვითომ ყავარჯნებს ეყრდნობოდა. „პოლტერგეისტის მე-17 საუკუნისეული ილუსტრაცია თითქმის თანხვდება წიგნში აღწერილს /იხ.ილუსტრაცია/.

ჰოგვორსტის სკოლის ბნელი დერეფნების მოსახლე და მეთვალყურე ფილჩიც „მაშინ ჩნდება, როცა არელი.“ იგი თავისი გაძვალტყავებული ჭუჭყისფერი კატით: „ყველა მოსწავლეს სძულს“.

მაგიის ისტორიას მოჩვენება - პროფესორი ბივსი ატარებს. „ყველაზე მოსაწყენი მაგიის ისტორია იყო, ერთადერთი საგანი, რომელსაც მოჩვენება ასწავლიდა. /გვ. 123/ - წმიდა მამები მაგიური ლიტერატურის სახლში შენახვასაც კი მკაცრად კრძალავდნენ. წმიდა კიპრიანე მოგვყოფილმა, როდესაც ჯადოქრობისათვის თავის დანებება და გაქრისტიანება გადაწყვიტა, მაგიური წიგნები ქალაქის ცენტრში საჯაროდ დაწვა. როულინგისეულ პატარა ჯადოქრების სკოლაში კი მაგიის ისტორიის გაკვეთილის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ის მოსაწყენია. წარმოდგენა მაგიის თაობაზე ნორჩი მკითხველის ცნობიერებაში ჯდება, როგორც საინტერესო ან უინტერესო, მაგრამ არა საშიში.

„იდეალური“ პერსონაჟის ჰარის დაპირისპირება სწორედ პედაგოგთან, ტრანსფიგურაციის მასწავლებელთან სნეიპთან იწყება, რომლის ჰარის მიმართ ზიზღის მოტივაცია შემდეგნაირი ლოგიკითაა ახსნილი:

„ - პროფესორი სნეიპი, ჰარი.

- დიახ ქვირელმა მითხრა, იმიტომ სძულხარ, რომ მამაშენი სძულდაო. მართალია?

- ერთმანეთი მართლა არ უყვარდათ... მოხდა რაღაც, რაც სნეიპმა არ აპატია.

- რა მოხდა?

- მამაშენმა სიკვდილისაგან იხსნა.

- რაა?

- ო, რა უცნაურადაა ადამიანის ტვინი მოწყობილი, არა? სნეიპი იტანჯება, რადგან ვალში დარჩა მამაშენთან. მთელი წელია თავს იკლავს შენს დასაცავად, რომ მაგ ვალიდან ამოვიდეს, შემდეგ კი ისევ მშვიდად განაგრძოს მისი სიძულვილი“ /გვ.263/. აქ მადლიერების სრულიად დემონური, არალოგიკური საზღაური ჩვეულებრივ ადამიანურ განცდად საღდება. სიძულვილი კი მუდმივ განწყობად ფიქსირდება.

„სანატრელი“ ჰოგვორტსის მასწავლებლებთან დაპირისპირების კულმინაცია „ბნელი ძალებისაგან თავდაცვის“ პედაგოგთან ქვირელთან ხდება, აქ ბავშვებს კიდევ ერთ ტყუილს სთავაზობენ - რა ბნელი ძალებისაგან უნდა დაიცვან სკოლის აღსაზრდელებმა თავი, როცა ჰოგვორტსი ბნელ ძალთა ნამდვილ შესაკრებელს წარმოადგენს. ეს პერსონაჟი წარმოგვიდგება ენაბრგვილ, შეშინებულ სუსტ არსებად. მიუხედავად ამისა, სწორედ იგი ხდება უმაღლესი ბოროტების ვოლდემორის მედიუმი, ე.წ. „ორსახა ადამიანი“. იგი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „დიდმა ვოლდემორმა თვალი ამიხილა. არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება - სულ ტყუილია. არსებობს მხოლოდ ძალაუფლება და არსებობენ ადამიანები, მეტისმეტად სუსტნი, რომელთაც არ ძალუძთ მისი მოპოვება“ /გვ.256/ ჰარი ქვირელის მეშვეობით ხვდება ვოლდემორსაც, რომლის სახელის წარმოთქმასაც მთელს ჯადოქრულ სამყაროში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა გაურბის და„ჩვენ-რომ-ვიცით“-ით მოიხსენიებს: „ - შემომხედე რას დავემსგავსე, - თქვა სახემ, - მხოლოდ ჩრდილი ვარ და მოჩვენება... თუ ვინმეს სხეულში არ შევუსახლდი, ფორმა არა მაქვს... კიდევ კარგი, რომ ყოველთვის მოიძებნება კაცი, ვინც გულშიც შემიშვებს და გონებაშიც“/გვ.258/.

(მკითხველს პატიებას ვთხოვთ მოყვანილი ვრცელი ციტირებებისათვის. ეს გზა თანამოაზრეობისა და თანაოპონირების ერთადერთ საშუალებად მივიჩნიეთ.)

(გაგრძელება)

ნანა ბოკუჩავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 47 (255), 2003 წ.