|
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თეოდორესეული ხატისადმი ევედრებიან მძიმე მშობიარობისას
ტროპარი, ხმა 4
შევრდომილი პატიოსანსა ხატსა შენსა, ღმრთივგანცხადებულო, იხარების დღეს ღმრთივდაცული ერი ჩუენი და ვითარცა ძუელი ისრაელი კიდობნისა მიმართ აღთქუმისასა მოილტვის წმიდისა სახისა შენისა გამოხატულებისა და შენგან ხორცშესხმულისა ღმრთისა ჩუენისა მომართ, დედობრივითა მეოხებითა შენითა ევედრე მარადის ყოველთათვის, ვინაცა წმიდასა საფარველსა შენსა სასოებს, მშვიდობაჲ მიჰმადლე მათ და დიდი წყალობაჲ.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, შეიწირე მდაბალი ლოცუაი შუენი და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მეოხო და ნავთსაყუდელო ჩუენო, ნუ გუგლებელს-გვყოფ ჩუენ უღირსთა, არამედ, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ, ნუ დააცადებ ლოცუასა, რამეთუ შენ შევ იგი, რომელი მოგუმადლებს შენდობასა ურიცხუათა ცოდუათა ჩუენთათვის და გვიხსნენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთაგან, შემიწყალენ ჩუენ, დედუფალო, შემიწყალენ ჩუენ. არა არს ჩუენდა ცხორებაჲ თვინიერ შენსა, ამისთვისცა სამართლად გიგალობთ შენ: შემიწყალენ მონანი შენნი და გულნი ჩუენნი უნაყოფონი კეთილთა საქმეთა მიერ ნაყოფიერ ჰყვნენ. მოიხილე უღირსთა ამათ ზედა, რამეთუ შენ ხარ სასო და მფარველი ჩუენი, ცხორებაჲ და ბრწყინვალებაჲ გულთა ჩუენთა. რამეთუ აღმოგიბრწყინდა წიაღთა შენთაგან ნათელი უმწუხროჲ და განმანათლებელი სულთა ჩუენთა და შემწუელი ყოვლისა წყუდიადისა გულთა შინა ჩუენთა. ღირს გუყვენ ჩუენ, რაჲთა ვეგნეთ მორჩილებითა ნებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, და მას მხოლოსა სათნო-ვექმნეთ. ჰოი, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცუასა წინაშე შენგან შობილსა ძისა ყოველთათვის, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ, მსწრაფლ შემწე ექმენ მათ ყოველთა მწუხარებათა, ზედამოსლვათა და განსაცდელსა შინა, განათავისუფლე ყოვლისა წყევისა და კაცთა სიბოროტისაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან. დაიცევ მამული ჩუენი, ყოველნი ქუეყანანი ყოვლისაგან ჭირისა და ზედამოსვლისა. და ლმობიერ-ჰყავ ღმერთი ჩუენი ჩუენ ზედა განმაშორე ყოველი რისხუა მისი და ჩუენ ზედა სამართლად მოწევნულისა მშჯავრისა მისისაგან მიხსნენ. ჰოი, დედუფალო ღმრთისმშობელო, ანგელოსთა სამკაულო, მოწამეთა დიდებაო და ყოველთა წმიდათა სიხარულო, მათთანა ევედრე უფალსა, რაჲთა ღირს გუყვნეს სიმშვიდით აღსასრულსა და ჟამსა სიკუდილისასა, დედუფალო, მიხსნენ ეშმაკისაგან და სამსჯავროსა სიტყუის საგებელისა და საშინელისა განსაცდელისა და მწარეთა საზუერეთაგან და ცეცხლისა უშრეტისა, ღირს მყუენ ჩუენ ღუთისა დიდებულსა სასუფეველსა! გიგალობთ შენ და ვნატრით შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ვადიდებთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხატის დღესასწაული დაწესდა 1613 წლის 14 მარტს. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის რუსეთის მეფედ არჩევის დღის აღსანიშნავად. თევდორესეული ხატი კოსტრომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში ეს ხატი ქალაქ კიდეკშის ახლოს აშენებულ სამრეკლოში იყო დასვენებული. ფსკოვის მთავარმა გიორგი ვსევოლოდის ძემ ხატის ქალაქ კიდეკშაში გადმოტანა მოისურვა. მაგრამ სამრეკლოში გაგზავნილმა მსახურებმა ხატის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს. მთავარი მიხვდა, რომ ღვთისმშობელს მისი ხატის სხვა ადგილად გადასავენება არ ენება, ამიტომ 1164 წელს მან სამრეკლოს ადგილას წმიდა სავანე აღაშენა და ზეციური დედოფლის ხატი ახლადაგებულ ტაძარში დააბრძანა. სავანეს გოროდეცკი უწოდეს, ხოლო ღვთისმშობლის ხატი სავანის მთავარ, თევდორე სტრატილატის სახელობის ტაძარში დაასვენეს. ხის ძველი ეკლესიაც თევდორე სტრატილატის სახელობის იყო. ბათო ყაენის შემოსევის დროს სავანე, ისევე როგორც მთელი რუსეთის მიწა-წყალი, აოხრდა და გადაიბუგა. შეშინებული ხალხი ისე თავზარდაცემული ილტვოდა მონღოლთაგან, რომ მათ ტაძრიდან ხატის გამოსვენება ვერ მოასწრეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარესაც წმიდა დიდმოწამე პარასკევა იყო გამოსახული, ტაძარში დარჩა. ყველას ეგონა, რომ იგი ხანძარმა შთანთქა. 1239 წელს თავადი ვასილი გიორგის ძე კვაშნია უღრან ტყეში სანადიროდ იყო გასული. მოულოდენლად თავადს წინ რომელიღაც ნადირმა გადაურბინა. მონადირე ნადირს გამოუდგა, მაგრამ უეცრად მან თავის წინ, ფიჭვის ხის ტოტებში ღვთისმშობლის ხატი დაინახა.
კვაშნიამ ხელი გაიწოდა, რათა ხატი ხიდან ჩამოეღო, მაგრამ ხატი ზევით აიწია და თავადმა მისთვის ხელის შეხება ვერ შესძლო. შეძრწუნებული მონადირეები მუხლებზე დაეცნენ. ვასილი კვაშნიამ ერთხელ კიდევ სცადა ხატისთვის ხელი მოეკიდა, მაგრამ ხატმა იგი კვლავ არ მიიკარა. თავადი მხლებლებითურთ სასწრაფოდ ქალაქში გაეშურა. შეკრიბა სამღვდელო დასი, მოსახლეობა და ყველა ერთად, ჯვრებით, ხატებით და ლიტანიობით ტყისკენ გაეშურა. მღვდელმსახურებმა სასწაულთმოქმედი ხატის წინ ლოცვა აღავლინეს და ხატი ხიდან ჩამოასვენეს. მთელი ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახვედრად და ცრემლითა და ამბორისყოფით ხატი კოსტრომის ტაძარში შეაბრძანეს. ქალაქის რამოდენიმე კეთილმორწმუნე მცხოვრებმა თავადს ახალი სასწაულის შესახებაც უამბეს. მოქალაქეთა თქმით მათ თავად იხილეს თუ ამ ხატს ქალაქში როგორ მოაბრძანებდა მეომრის მდიდრული სამოსით აღჭურვილი რაინდი, ზუსტად იმის მსგავსი, რომელიც წმიდა დიდმოწამე თევდორე სტრატილატის ხატზე იყო გამოსახული. ხატიც ხომ ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ კოსტრომის თევდორე სტრატილატის სახელობის ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ამ სასწაულის შემდგომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს თევდორესეული ეწოდა. კოსტრომაში მცხოვრებ ვაჭრებს შორის ქალაქ გოროდეცკიდან ლტოლვილებიც იყვნენ, რომლებმაც მაშინვე იცნეს ის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც მათ ქალაქს წლების განმავლობაში იფარავდა. იმ ადგილას, სადაც თავადმა ხატი იხილა, მდინარე ზაპრუდნის პირას, მან ზაპრუდნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი დააარსა. ყოველი წლის 16 აგვისტოს, ხატის გამოცხადების დღეს, კოსტრომელები ქალაქიდან ლიტანიობით მიეშურებოდნენ მონასტრისკენ და ხატის გამოცხადების დღეს დიდი დღესასწაულით აღნიშნავდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ კოსტრომის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და ნაგებობა მთალიანად დაიწვა. ყველას ეგონა, რომ ხატი ცეცხლში დაიღუპა, მაგრამ მესამე დღეს მათ ტაძრის ფერფლში უვნებელი ღვთისმშობლის თევდორესეული ხატი აღმოაჩინეს. გახარებულმა მოსახლეობამ ნაეკლესიარის ადგილას წმიდა თავდორეს სახელობის ახალი, ქვის ეკლესია ააგო და სასწაულებრივად გადარჩენილი ხატი კვლავ საკურთხეველში დაასვენა. რამოდენიმე წლის შემდეგ რუსეთს კვლავ თათრები შემოესივნენ. მათ ჩვეულებისამებრ მოსრეს და იავარჰყვეს ყოველივე ნაშენები. იგივე ხვედრი კოსტრომასაც ელოდა. თავადი გიორგი ვასილის ძე, მოსახლეობა და მეომრები, თევდორესეულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ცრემლებით და მხურვალე ლოცვით გადარჩენას ევედრებოდნენ. ზეციურმა დედოფალმა მორწმუნეთა ლოცვა შეისმინა. თავადმა ხატი ლაშქარს წინ გაუმძღვანა და ბრძოლაში გაეშურა. თათრებმა მახვილები იშიშვლეს და მშვილდები მოზიდეს, მაგრამ იხილეს რა რუსთა ლაშქრის წინამძღოლი მზესავით სხივთამფრქვეველი ხატი, რომლებიც, როგორც ცეცხლი, ისე სწვავდა მათ რიგებს, თათრები ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ მაშინვე სავლტოლველად აიშალნენ და უკანმოუხედავად გაიქცნენ. ასე სასწაულებრივად იხსნა კოსტრომელები დედა ღვთისმშობლის თეოდორესეულმა ხატმა. იმ ადგილას, სადაც ბრძოლის დროს ხატი იყო დაბრძანებული, მადლიერმა ხალხმა ჯვარი აღმართა, ხოლო იქვე მდებარე სოფელს და ტბას უწოდეს სახელი – წმიდა.
გამოხდა ხანი და კოსტრომის ეკლესიას კვლავ სასტიკი ხანძარი გაუჩნდა. მცხოვრებთაგან ხატის გადასარჩენად გამძვინავარებულ ხანძარში შესვლა ვერავინ შესძლო, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა მოულოდნელად იხილეს, რომ ხატი ტაძრის გუმბათს ზემოთ ჰაერში იყო გაჩერებული და მას ცეცხლის ენები ვეღარ წვდებოდა. სასწაულით თავზარდაცემულმა მოქალაქეებმა ცრემლებით შესთხოვეს დედა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა ისინი. მოულოდნელად ხატი ძირს დაეშვა და ქალაქის მთავარ მოედანზე გაჩერდა. გახარებული ხალხი დღე და ღამე ხატის წინ მხურვალე ლოცვებს აღავლენდა. თავადმა სასწრაფოდ ხატისათვის დროებითი ხის სალოცავის აგება ბრძანა, ხოლო თავად ხალხთან ერთად ახალი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესიის მშენებლობას შეუდგა. ტაძარს წმიდა თევდორე სტრატილატის სახლეობის მინაშენი აუგეს და ხატი ახლადაგებულ ეკლესიაში გადააბრძანეს, სადაც ხატი კვლავ ახალი სასწაულებით გაბრწყინდა. განვლო დიდმა დრომ და XVII საუკუნეში რუსეთს კვლავ მძიმე ჟამი დაუდგა. ამჯერად მას პოლონელები და ლიტველები შეესივნენ. დედოფალი მარია რომანოვა თავის ერთადერთ ძესთან – მიხეილთან ერთად მოსკოვიდან კოსტრომაში გადავიდა და გულმხურვალე ლოცვას მიეცა. ამავე დროს მოსკოვი მტრისაგან გათავისუფლდა და იქ შეკრებილმა მთელი რუსეთის წარმომადგენლობითმა კრებამ მეფედ ერთხმად მიხეილი აირჩია. მათ საგანგებო დელეგაცია კოსტრომაში გამოაგზავნეს და დედოფალ მარიას მისი ძის გამეფებს სთხოვეს. დედოფალი მისი ერთადერთი შვილისათვის ამ მძიმე ხვედრის დაკისრების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მაშინ კოსტრომის მთავარეპისკოპოსმა თევდორესეული ღვთისმშობლის ხატი ხელთ იპყრა და დედოფალს მისი სახელით თავისი ძის მოსკოვს გაგზავნა სთხოვა. სასწაულთმოქმედი ხატის ხილვამ დედოფალი შეძრა. მან ხატის წინ დიდხანს ილოცა. მერე მიხეილი ხატთან მიიყვანა და ყოვლადწმიდა დედოფალს თავისი ძის მფარველობა შეევედრა.
მიხეილ რომანოვი (ისტორიაში რუსეთის დამამშვიდებლად ცნობილი) მოსკოვს გაემგზავრა, სადაც იგი ტახტზე დაუყოვნებლივ აიყვენეს. ეს 1613 წლის 14 მარტს მოხდა. ამიტომაც ეს თარიღი კოსტრომის თევდორესეული ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულად არის დადგენილი. 1636 წელს, მეფე მიხეილ თევდორეს ძემ რუსეთის პატრიარქ ფილარეტთან შეთანხმების შემდეგ თევდორესეული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის განახლება ბრძანა. ხატი ოქროთი და ძვირფასი ქვებით შეიმკო და კვლავ თავის უწინდელ ადგილას ტაძრის მარჯვენა კლიროსის წინ იქნა დაბრძანებული.
თარგმნა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი” № 47 2000 წ.
|
|