სწავლა სინათლეა - უსწავლელობა სიბნელე!

+ Font | - Font

სპეციალური ლიტერატურა

  • ლიტერატურა ხალხის ჭკუა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია.

    წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


    მწერლობა ძალაა, ერთი უმთავრეს იარაღთაგანია ერის წინსვლისა, მისი გონებისა და ცხოვრების გაუკეთესებისა...

    ვაჟა-ფშაველა


    დაიხსომე ბრძენთა მიერ თქმული,
    რომ არ შვენის წიგნის მკითხველს დაღლა,
    შენ წიგნები შეიყვარე გულით,
    და ისინი აღგაფრენენ მაღლა.

    ხუტა ბერულავა


    "არ არსებობს გონების გამოცოცხლების უკეთესი საშუალება, ვიდრე ძველი კლასიკოსების კითხვაა. საკმარისია ხელში აიღო რომელიმე მათგანი, თუნდაც ნახევარი საათით იკითხო და მაშინვე თავს იგრძნობ განახლებულად, მსუბუქად და განწმენდილად, ამაღლებულად და გამაგრებულად, თითქოს სხეული ანკარა წყაროში ბანაობით გამოგიცოცხლებია."

    არტურ შოპენჰაუერი

    დამტკიცებულია, რომ კითხვა ტვინის გაჯანსაღების და კვების საუკეთესო საშუალებაა. მწერალმა და ჟურნალისტმა ენი მიულერმა წიგნომანის ნამდვილი აღსარება დაწერა, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება წიგნის გავლენით.

    სტრესსა და მოწყენილობას თავი რომ დააღწიო, ამისთვის აუცილებელი არ არის, დამამშვიდებელ ტაბლეტებსა და ალკოჰოლს მიმართო. დაზოგე საკუთარი ბიუჯეტი, აიღე წიგნი და გადაეშვი სხვა სამყაროში, გადაინაცვლე საკუთარიდან წიგნის გმირის ცხოვრებაში.

    საკმარისია, წიგნის კითხვა დაიწყო და შენ აღმოაჩენ ახალ სამყაროს, შეიძენ ახალ მეგობრებსა და ნათესავებსაც კი, ცოტა ხნით სხვისი ცხოვრებით იცხოვრებ და შთაბეჭდილებებით დაიტვირთები.

    წიგნების მეშვეობით იქცევი გლობალური ურთიერთობის ნაწილად, გაეცნობი კულტურებს, სოციალურ ჯგუფებსა და ქვეყნებს. წიგნების საშუალებით ისწავლი ლამაზად საუბარს, გაიმდიდრებ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებ მართლწერას.

    შეგიყვარდება რიგში დგომა, ტრანსპორტის გაჩერების ადგილები და მოსაცდელი დარბაზები - ნაცვლად იმისა, რომ ნერვიულად ბოლთას სცემდე, უკმაყოფილებას გამოთქვამდე და ბრაზდებოდე, შენ, უბრალოდ, შეგიძლია, ამოიღო საინტერესო წიგნი და კითხვა დაიწყო.

    გახდები უფრო სასიამოვნო ადამიანი - კითხვის სიყვარული გასწავლის, რომ უმჯობესია, ჯერ დაფიქრდე, სანამ ვინმეს გააკრიტიკებ. კითხვა გაძლევს შესაძლებლობას, გაეცნო სხვების ცხოვრებას. ისეთ ცხოვრებას, რომლის შესახებ მანამდე წარმოდგენაც არ გქონია.

    შეიტყობ ძალიან ბევრს - არ აქვს მნიშვნელობა, რას კითხულობ. მიუხედავად იმისა, ეს ფანტასტიკაა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია თუ სხვა ჟანრი, ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნობი.

    აღმოაჩენ, რომ იმაზე სულელი ყოფილხარ, ვიდრე გეგონა - სანამ მკითხველი გახდებოდი, ფიქრობდი, რომ საკუთარი შეხედულება ყველაფერზე გაქვს და იცოდი, როგორ იყო სამყარო მოწყობილი, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ეს ასე სულაც არ არის, გრძნობ, როგორ ისრუტავს ტვინი ყოველ ახალ ინფორმაციას. ყოველი წაკითხული წიგნიდან უფრო და უფრო მეტს სწავლობ.

    დაბოლოს, დაიმახსოვრე, რომ ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მოახერხებენ მათ მართვას, ვინც ტელევიზორს უყურებს.

    კითხვის მოყვარულ ადამიანს გაცილებით მეტი შანსი აქვს, წარმატებული კარიერა აიწყოს, უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს ოჯახში, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და დიდხანს იცოცხლოს.


    Copyright © 2011 ერი და ბერი
    წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები!