|
ტროპარი:
შენ ხარ ვენახი, ახლადაყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვასურნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის – “შენ ხარ ვენახის” ავტორია პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძე, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი – ამ ხატის სულიერი ავტორი.
ხატის შექმნის იდეა კაბადოკიაში ჩაისახა. დაახლოებით ათი წლის წინ მამა არჩილის წინამძღოლობით კაბადოკიაში იმყოფებოდა მლოცველთა ჯგუფი. გამოქვაბულში ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო. ამ გადარჩენილი ფრესკებიდან იმზირებოდა ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომ მრავალი მნახველი დაატყვევა. მამა არჩილმა ირაკლი ცინცაძეს სთხოვა გონაბეში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც დაიწერებოდა ხატი.
“შენ ხარ ვენახის” ხატის დაწერის შემდეგ, მისი კურთხევა მოხდა წმ. ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს ახალი სტილით), ამიტომ ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია. კურთხევის დღესვე ხატმა პირველი სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად უამრავი ხალხი მოსულიყო. ერთ-ერთი მრევლს ძალით მიუყვანია უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, რომელსაც ხალხის ტალღამ გადაადგილების საშუალება არ მისცა. იგი “შენ ხარ ვენახის” ხატთან შეჩერდა და იძულებული შეიქმნა სხვებთან ერთად ხატისთვის ამბორ ეყო. მან იმწამსვე იგრძნო განკურნება და ტაძრიდან გასვლის შემდეგ მეტად მორწმუნე გახდა.
ხატმა კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა: განკურნა მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც და რაც ყვალაზე მნიშვნელოვანია – უშვილობა. (ყოფილა ასეთი შემთხვევაც: კაცი წყალში იხრჩობოდა. იგი ამ ხატს შევედრებია გადარჩენას და რაღაც ზებუნებრივ ძალას ნაპირზე გამოუყვანია).
ხშირად ხატის ასლებიც ახდენს კურნებას. ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი გაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს.
“შენ ხარ ვენახის” ასლები 2002 წლის ზაფხულში პერტე-პავლეს ეკლესიის წიმანძღვარმა რუსეთში წააბრძანა. ერთ-ერთი ფსკოვის, პეჩორის მონასტერში დაუტოვა მამა ვასილს, რომელიც მხცოვანი მოძღვარია (დაახლოებით 90 წლის). მამა ვასილს წმინდა ცხოვრების გამო უფალმა სასწაული მოუვლინა და მის ყველა ხატს მირონი წამოუვიდა, მათ შორის – “ივერიის ღვთისმშობლის” ხატსაც. ყველაზე მეტი მირონი “შენ ხარ ვენახის” ხატს წამოუვიდა. ის ისე იღვრებოდა, როგორც წყალი ოდნავ მოშვებული ონკანიდან. საერთო ჯამში ხატებს 200 ლ-მდე მირონი გადმოედინათ.
მანამდე საქართველოში ამ ხატის ფოტოასლებიდანაც მომხდარა მირონდენა, კერძოდ, ზემო ბეთლემის ტაძარსა და კიდევ ორ ადგილას. ერთ-ერთი ასლიდან ხატის კონტურები გადავიდა მუყაოს ქაღალდზე. ერთმა დაბრმავებულმა მორწმუნემ, როდესაც აღნიშნული მუყაო და ხატი ერთად მიიდო სახეზე, ოქროსფერი სინათლე დაინახა.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ “შენ ხარ ვენახი” ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელშიც ნათლად ჩანს ქართული სული.
ნიშანდობლივია ისიც, რომ წმ. დამიანემ ანუ დემეტრე მეფემ (დავით აღმაშენებელის ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა) დაწერა საგალობელი “შენ ხარ ვენახი” და ამ საგალობლის დაწერას მოჰყვა ივერიაში “ოქრის ხანის” (წმ. თამარ მეფის ხანის) დადგომა, ანუ ქვეყნის გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების წინათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი “შენ ხარ ვენახი” გახდა საქართველოში “ოქრის ხანის” დადგომის წინამორბედი. იმედი ვიქონიოთ, რომ ხატი “შენ ხარ ვენახი”, რომელიც ახლახან დაიწერა, იმ ბედნიერი ხანის წინამორბელი გახდება, რომელსაც ივერიის გაბრწყინება ჰქვია. ა მ ი ნ !
|
|