„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სვეტიცხოველში, წმიდა მღვდელმოწამე თევდორესთან ერთად წმიდანებად შეირაცხნენ ახალი დროის ღვაწლმოსილი საეკლესიო მოძღვარნი: გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე), ალექსი ბერი (შუშანია), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), მღვდელმოწამენი - მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასითურთ და არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე). წმიდანთა კანონიზირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ უწყებაში ნათქვამია: „...ამ ღირსი მამების ღვაწლის, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალის მოხსენიება გვმართებს არა იმდენად მათთვის სათანადო პატივის მისაგებად (რასაც მათი ქრისტიანული თავმდაბლობა სრულად გამორიცხავდა), არამედ უფრო ჩვენი მშფოთვარე და გზააბნეული ახალგაზრდობის ასაღორძინებლად და აღსაზრდელად. სამწუხაროდ ქართველმა ერმა ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა: ერთი, რომ ეს მხარე მისთვის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც ამ გზის მნიშვნელობის გათვითცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა... და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამეობრივი გზის მნიშვნელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთი ორიენტირი“. დღეს, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური ძალების მიმართ უნდობლობა დაუფლებია, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური ფანატიზმი ღვივდება და ყალბი, რიგორისტული პათეტიკით მრევლს კარდახშულობისა და სიბნელისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება სწორედ იმ ღვთივმოვლენილ ადამიანთა მოღვაწეობისა და გამოცდილების გაცნობა და გააზრება, რომელნიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი იყვნენ და ისეთივე სეკულარიზებულ სამყაროში უხდებოდათ საღვთო უღლის ზიდვა, როგორშიაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. წმინდა გრიგოლის პიროვნების სიდიადესა და უნიკალურობას აღიარებს ნებისმიერი: მორწმუნეც და ათეისტიც, ქრისტიანიცა და სხვა აღმსარებლობის მიმდევარიც, ინტელექტუალიცა და უმეცარიც. მოკრძალებულმა პატივისცემამ და სიყვარულმა წმიდა მამისადმი შეგვაძლებინა არაერთგზის ვწვეოდით თბილისში მცხოვრებ წმიდა გრიგოლის ძმის შვილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის დოცენტს ბ-ნ რომანოზ ფერაძეს კიდევ ერთხელ გაეხსენებინა წმიდა გრიგოლის ოჯახზე, ცხოვრებასა და ღვაწლზე. - მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში, დედამისი მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ, მისი მამა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო - მამა ბესარიონი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად, ამის თაობაზე სოლომონ ყუბანეიშვილი გვაწვდის ცნობას. კურსდამთავრებულებისთვის იან ლეხ-კომენსკის იმხანად ძალზე პოპულარული წიგნი „ “ გადაუციათ, რომელიც დღემდე ჩვენს ოჯახში ინახება. შიდა ყდაზე მამა რომანოზს წაუწერია: „1882 . 16 . “. მამა რომანოზს სამი ვაჟი ჰყავდა: უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი და უმცროსი - ვასილი - მამაჩემი, რომელიც 1903 წელს დაბადებულა. საერთოდ ჩვენი გვარი სამღვდელო ყოფილა. ამის შესახებ მამა გრიგოლი ერთ-ერთ თავის მოთხრობაში ასეთ ლეგენდას ჰყვება: „ჩემი წინაპრები იყვნენ მწყემსები, წლიდან წლამდე რამდენიმე თვით ისინი იმყოფებოდნენ ოჯახიდან შორს, მწყემსავდნენ თავიანთ საქონელს უდაბნოში (ალბათ გარეჯი უნდა იგულისხმებოდეს - რ. ფ.), რომელიც მწვანდებოდა მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ერთ საღამოს მათ მოვლენიათ ზეციური სასწაული, რომელმაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანის ბედი. შესაძლებელია, ეს მოხდა შობის ღამეს, ამ დროს უდაბნოში, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, ზამთრის საღამოები ძალიან წყნარი იცის. მწყემსები კოცონის მოელვარე ენის ცქერისას საუბრობდნენ თავიანთ დიდებულ წინამორბედებზე, რომელთაც ოდესღაც, სხვა შორეულ უდაბნოში, ვარსკვლავიან ღამეს გამოეცხადათ ანგელოზები. მათ ამცნეს უდიდესი საკვირველება - მხსნელის დაბადება და ადამიანური მოდგმის ახალი ცხოვრების დაწყება. მწყემსები იმ ღამეს აღვსილნი იყვნენ მორჩილებით. გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები ჩვეულებრივ აღვიძებენ დაღლილ ბერებს და მოუწოდებენ მათ დილის ლოცვისაკენ, უეცრად გაისმა ზარების სასწაული მელოდია. მწყემსები ადამიანთა საცხოვრებლებისაგან შორს იმყოფებოდნენ. უახლოესი ეკლესია მათგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო. ეს კი ანგელოზთა ზარები რეკდნენ. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებდნენ დილის ლოცვაზე. ხოლო მას, ვინც მამაზეციერმა მუდმივი ცხოვრების ღირსად მოავლინა შეუძლია გაიგონოს ანგელოზთა ზარების ხმები. ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული, ციური ნიშანსვეტი მოასწავებდა სანუკვარი სიზმრების ასრულებას, მათი ოცნების განხორციელებას, დედამიწაზე ხეტიალის დასასრულს ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და გაემართა იმავე უდაბნოს მონასტრის ნანგრევებისკენ, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს არ ჩაეხშო მასში ანგელოზთა ზარების სასწაულებრივი მელოდიები. ხოლო მეორემ - ვისაც სოფელში დარჩა ცოლი და ვაჟი, სასწაულებრივი მელოდიის ბგერებში მან შეიმეცნა ნიშანი თავისი შთამომავლობისთვის, რომ ისინი ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად. მან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა, შეიყვანა თავისი ვაჟი სკოლაში. ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ ბავშვებს ზამთარში საღამოობით გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე - ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე, რომელიც გაშორდა მიწიერ ცხოვრებას“. მამა რომანოზი გარდაიცვალა 1905 წელს. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები, მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. გრიგოლი ერთხანობას მასთანაც იზრდებოდა, მაგრამ შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე დედას აწვებოდა, მან შუათანა შვილი, მამა გიორგის რჩევით, მამის კვალზე დააყენა. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი - სასულიერო სემინარია. სემინარიას იმჟამად კორნელი კეკელიძე რექტორობდა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათალიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათალიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ გერმანიაშიც იმჟამად რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა. გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. როგორც მამა გრიგოლის ბიოგრაფი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავს, კორნელი კეკელიძეს გრიგოლი შესაძლოა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიით, ძველი ქართული ლიტერატურითა და ლიტურგიკული ტექსტებით. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921). მოგეხსენებათ ამ წლების სიმძიმე. სამივე ძმა იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად. მანავში გატარებული დროის შესახებ ბევრს წერს თავის დღიურებში. მანავი და იქაური ყოფა ასე აქვს დასურათებული: „სოფელი მთის ფერდობიდან დაცილებული იყო, ნაგებობებს ემუქრებოდა ღრმა ნაპრალები და ბზარები, რომლებიც გადაკვეთდნენ ნაკვეთებს, ქუჩებს და ეზოებს. რამდენიმე სახლი უკვე თავზე ენგრეოდათ არხეინ სოფლელებს. ამ მომავალ საფრთხეში ეს ყოვლად გულგრილი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტ ძალებს ჭვრეტდა და არავითარ ღონისძიებას არ მიმართავდა მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად“. თავისუფალ დროს გრიგოლი, უსახსრობის გამო, ერთ სომეხს ედგა მოჯამაგირედ. მანავს იგონებს მოთხრობაში „ბედისწერა“, რომელიც შემდეგ ლეიტმოტივად დაედო მამა გრიგოლის შესახებ გადაღებულ პოლონურ-ქართულ ფილმს „თეთრი ანგელოზის ძიებაში“ (რეჟისორები ეჟი ლუბახი და თამარ დულარიძე). მოთხრობის ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი ხის ჩრდილსაა შეფარებული და წიგნს კითხულობს, ამ დროს მოჯამაგირის ძმა - მწყემსი მიხა მოაკითხავს. წიგნიდან ფურცელი გამოფრიალდება, რომელსაც ანგელოზი ახატია, მწყემსი მიხა აიღებს ფურცელს და გაოცებით ეტყვის: ასეთ ანგელოზს მეც განახებ, უდაბნოში ერთ-ერთ ტაძარში სახლობსო. დათანხმდება, შემოაჯდება მწყემსი მიხას მეორე სახედარს და უდაბნოსკენ გაეშურებიან. გზად მიხას სახედარს გველი დააფრთხობს, ჩაიმუხლება, მიხა ჩამოვარდება. უხსენებელი დავარდნილს ქუსლზე უკბენს. მისი მეგზური გვიანღა მოისაზრებს ქუსლიდან შხამის გამოწოვას. „ჩემი ბაგე თითქოს რაღაც სიწმიდეს შეეხოო“ ასე წერს გრიგოლი - და ბოლოს ამბობს: „რომ მოვიყვანე, სოფლად უკვე მომაკვდავი მიხას თვალებიდან თეთრი ანგელოზი შემომცქეროდაო“. 1921 წელს, გარე კახეთის სამღვდელოება გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლს აგზავნის წარმომადგენლად, სადაც მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი წყდება მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული. „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე, - წერს გრიგოლი. ეს იყო 1921 წლის პირველი მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე. შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც“. საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის ნოემბრის დამდეგს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გააგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია. უცხოეთში სწავლის წლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ჩემთვის ცნობილი პუბლიკაციებიდან დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის ბიოგრაფიული ხასიათის ნარკვევი იქცევს ყურადღებას - სიმწყობრითა და სისრულით გამოირჩევა. გრიგოლის ხსოვნისა და მისი ნაღვაწის პატივსაცემად მამა ჰენრიკისა და საერთოდ, პოლონელების მიერ წარმართულ ფასდაუდებელ საქმიანობაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. „არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე“ ასე ჰქვია სტატიას. მეც ამ ბოლო პუბლიკაციის მოშველიებით ვეცდები მამა გრიგოლის სწავლის პერიოდისა და სამეცნიერო მუშაობის ძირითადი ეპიზოდების გადმოცემას. 1922 წლის 12 მაისს გრიგოლ ფერაძე ევროპული აკადემიური ცოდნის კარს აღებს, - ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაზე ირიცხება. მანამდე კი გენერალური მდივნის შაფერის ოჯახში გაუტარებია მოლოდინით აღსავსე ხუთი თვე. აქვე დაუხვეწავს გერმანული ენის ცოდნაც. ბერლინის უნივერსიტეტში ისმენს აღიარებული სპეციალისტების: ადოლფ ფონ ჰარნაკის, ადოლფ დაისმანის, კ. ჰოლის, კარლ ბროკელმანისა და ბრუნო მაისნერის ლექციებს. ეუფლება ძველებრაულ, ძველბერძნულ, სირიულ, არაბულ, კოპტურსა და ძველსომხურ ენებს. მოგვიანებით ლათინურსა და თანამედროვე ენებს: ინგლისურს და ფრანგულს სწავლობს. ამათ გარდა, იცის რუსული და ძველსლავური. ხოლო 1933 წლისთვის კი პოლონურადაც ამეტყველდა. როგორც მამა ჰენრიკი აღნიშნავს: „ეს უჩვეულო, მართლაცდა განსაკუთრებული ცოდნა ენებისა საშუალებას აძლევს უშუალოდ გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურის მთელს იმ საუნჯეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანობის გავრცელებას შეეხება“. ბერლინის უნივერსიტეტს თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით ამთავრებს. იქ გატარებული წლების განუყრელი თანამგზავრი ფინანსური შეჭირვება იყო. ამას თბილისის უნივერსიტეტის რექტორის - ივანე ჯავახიშვილის სახელზე მოწერილი ბარათი მოწმობს, სადაც გრიგოლი სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას ითხოვს. 1925 წლის 29 აპრილიდან გრიგოლი ბონის უნივერსიტეტის სტუდენტია. პაულ კალეს, ანტონ ბაუმშტარკისა და სახელმოხვეჭილი ორიენტალისტის ჰაინრიხ გუსენის ხელმძღვანელობით იღრმავებს რელიგიის ისტორიისა და აღმოსავლური ენების ცოდნას. იწყებს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას - გერმანულად თარგმნის „წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებას“, გამოკვლევას ურთავს და უდარებს ცნობილი მეცნიერის პაულ პეეტერსის მიერ შესრულებულ ლათინურ თარგმანს. სწორედ ამ ნაშრომითაა მოტივირებული მისი სადოქტორო დისერტაციის თემაც; აი, რას წერს 1927 წლით დათარიღებულ საანგარიშო მოხსენებაში: „ჩემი სწავლა-განათლების წლები გერმანიაში“: „შრომა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ მეთოდური შეცდომა დავუშვი. ქართული ეკლესიის აყვავების პერიოდიდან მნიშვნელოვანი წარმომადგენლის გამოყოფა თავისთავად შეცდომა არ იყო, რადგან ამ ეკლესიას ალბათ მხოლოდ სახელით იცნობენ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ჯერ წინა პერიოდის ბერობაზე გამეკეთებინა გამოკვლევები, რათა მეჩვენებინა თუ რატომ მოხდა, რომ პირველი გამოკვლევა სწორედ გიორგი ათონელს მივუძღვენი. ამგვარად, ნაშრომიდან „გიორგი ათონელის მოღვაწეობა“ წარმოდგა „ქართველ ბერთა ისტორია დასაწყისიდან 1065 წლამდე“. დისერტაციის სრული სათაურია „ქართველ ბერთა ისტორია 1065 წლამდე. დამატებითი ცნობები აღმოსავლური მონაზვნობის ისტორიისთვის“. 1927 წელს, 17 დეკემბერს, ხსენებული ტექსტის საფუძველზე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო - „ფრიად კარგი“. იმასაც აღვნიშნავ, რომ იგი დღემდე ერთადერთი გამოკვლევაა, სადაც თანმიმდევრულად არის გააზრებული ქართული სამონაზვნო ცხოვრება. როგორც ჩანს, სადისერტაციო თემის შინაარსმა სამეცნიერო საზოგადოება გააკვირვა - ქართველ ბერთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. რამ განაპირობა მამა გრიგოლის დაინტერესება ქართული მონაზვნობის ფენომენით? ამ კითხვაზე თავადვე პასუხობს ზემოხსენებულ საანგარიშო მიმოხილვაში: „კითხულობენ და ალბათ არც უსამართლოდ, რატომ მაინცდამაინც ბერობა ქართული ეკლესიისა, რომელიც ასე უცნობია? მართებულია პირველი ნაშრომი ბერობას რომ ეხება? ამის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ნიშნავს ბერობა აღმოსავლეთის ეკლესიისთვის. არსად აღმოსავლეთში ბერობას ისეთი დიდი როლი არ შეუსრულებია, როგორც საქართველოში. ბერობის ისტორია იმავდროულად ნიშნავს მისიის ისტორიას, რამეთუ ბერები ცნობიერად, თუ შეუცნობლად სახარების მქადაგებლებად გვევლინებიან. ბერობის ისტორია ნიშნავს კულტურის, საერო ლიტერატურისა და ეკლესიის ისტორიასაც. პარადოქსია, რომ პიროვნებები, რომლებიც ისტორიასა და ადამიანებს ჩამოშორდნენ და სიმარტოვეში დაისადგურეს, რომლებსაც სურდათ დავიწყებას მისცემოდნენ, ღვთივკურთხეულნი და ცნობილნი გახდნენ“. 1926-27 წლებში ახალგაზრდა დოქტორი ბრიუსელში ბოლანდისტებთან მუშაობს (მეცნიერ კათოლიკე ბერთა ორდენი). სწორედ აქ გაიცნობს და დაუმეგობრდება პაულ პეეტერს, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით, მეტად საყურადღებო რეკომენდაციებს აწვდიდა ხოლმე. ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექციების მოსმენის შემდეგ ინგლისში მიემგზავრება და 1927 წლის აპრილ-ივლისში ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში ქართულ ხელნაწერებს ეცნობა. დაუახლოვდება ცნობილ ორიენტალისტს - პ.ვ. კოდრინგტონს, რომლის თხოვნით რამდენიმე წლის შემდეგ მამა გრიგოლი ფრანგულად თარგმნის წმიდა პეტრე მოციქულის ლიტურგიის ქართულ ვერსიას. უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობის გარდა გრიგოლი აქტიურად არის ჩაბმული სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც; 25-27 მაისს ვენაში გამართულ უნიის ყრილობაში მონაწილეობს. წერს მის შესახებ სტატიას, რომელსაც მართალია, მიმოხილვითი ხასიათი აქვს, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, ვინაიდან ეკლესიათა გაერთიანების შესაძლებლობის საკითხს ეხება. 3-დან 21 აგვისტომდე გრიგოლი ლოზანაში გამართული საერთაშორისო კომისიის („რწმენა და ცხოვრება“) კონფერენციის მონაწილეა. აქ სიტყვითაც კი გამოდის. ამ ორგანიზაციის წევრი ცხოვრების ბოლომდე დარჩა და სწორედ მისი დახმარებით დაფუძნდა პარიზში წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე ერთადერთი ქართული სამწყსოა საზღვარგარეთ. 1927 წელი უმნიშვნელოვანესია გრიგოლის ცხოვრებაში. 18 ივლისს, ბონის უნივერსიტეტის ორიენტალისტური სემინარიის დირექტორმა, პროფესორმა პაულ კალემ თხოვნით მიმართა ფილოსოფიის განყოფილების დეკანს, პროფესორ ფრინგსს, რათა გრიგოლ ფერაძე ამავე უნივერსიტეტში ქართულ-სომხური ენების ლექტორად მიეღოთ. მოგვიანებით ხსენებული დისციპლინების პრივატ დოცენტი გახდება და გუსენის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილს დაიკავებს. სისტემატურად იბეჭდება სამეცნიერო პერიოდიკაში. მამა ჰენრიკი წერს, რომ „ამ გამოკვლევებმა იმთავითვე მოუხვეჭეს დოქტორ გრიგოლ ფერაძეს ახლო აღმოსავლეთის ადრეული ქრისტიანობის პრობლემატიკის ერთი უთვალსაჩინოესი სპეციალისტის სახელი“ და იქვე იულიუს ასფალგის სიტყვებიც მოყავს: „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება... გუსენის, ფერაძის, ბაუმშტარკის და დეეტერსის გარდაცვალების შემდგომ, აგრეთვე ი. მოლიტორისა და კ. შმიდტის სხვა უმაღლეს სკოლებში გადასვლის შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ქართული ენა აღარ ისწავლება“. 1928 წლის 25 აგვისტოს ბონში ორიენტალისტთა V კონფერენციაზე კითხულობს მოხსენებას: „წინარებიზანტიური ქართული ლიტურგია“, ხოლო 1930 წლის ორიენტალისტთა კონფერენციაზე გამოდის თემით: „სახარების ქართული თარგმანები“. 1929 წელს გრიგოლი ბერლინში დაუპატიმრებიათ (დაკავების მიზეზი ჩემთვის უცნობია), თუმცა პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გათავისუფლების შემდეგ ინგლისში სურდა გამგზავრება, მაგრამ ვიზა ვერ მიიღო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1929 წლის 21 ივლისს ქართული ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა; გრიგოლ ფერაძის თაოსნობით ჩატარდა პარიზის ქართული სამწყსოს კრება, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაარსდა ევროპაში პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია. 28 აგვისტოს კი რეგისტრაცია გაიარა „ჟურნალ ოფისიელ დე ლა რეპუბლიკ ფრანსეზში“. რაც შეეხება მის სასულიერო მსახურებას: 1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადებულა. სიკვდილის პირას მისულს ხილვაში გაცხადებია, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. კვლავ მამა ჰენრიკს დავესესხები: „ამ დროიდან მოკიდებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. მისი უკანასკნელი ხელმოწერა ქართული ეკლესიის სამეტრიკო წიგნში 1939 წლის 1 იანვარს გვხვდება“. მამა გრიგოლის უძირითადესი საზრუნავი და გაუნელებელი ტკივილი, ბუნებრივია, საქართველო იყო. თითოეული მისი ნაბიჯი სამშობლოში დასაბრუნებელ გზას ეძიებდა. აი, რას წერს ერთ-ერთ წერილში კორნელი კეკელიძეს, რომელთანაც ხშირი და, ძირითადად, სამეცნიერო ხასიათის მიმოწერა ჰქონდა: „...საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?“ ვიქტორ ნოზაძემ 1952 წელს ბუენოს აირესიდან პარიზში ქართველთა საბჭოს შეატყობინა, რომ „გრიგოლი სწავლის დამთავრების შემდეგ დაჟინებით მოითხოვდა სამშობლოში დაბრუნებას... როდესაც მას საქართველოში დაბრუნების იმედი გადაეწურა, ბატონ კორნელი კეკელიძეს მისწერა: „ვინაიდან სამშობლო უარს მეუბნება დაბრუნებაზე, იძულებული ვარ შევეგუო ემიგრანტის მძიმე ხვედრს“. სამშობლოს გასაჭირი, ემიგრაციის ბედი, სამეცნიერო შრომა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი მამა გრიგოლისთვის მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის პრიზმაში გარდატეხით იძენდა საზრისს. მის მიერ 1931 წელს დაარსებული ქართულენოვანი სამეცნიერო-რელიგიური წელიწადეული „ჯვარი ვაზისა“, რომელშიაც თითქმის ყველა პუბლიკაცია მამა გრიგოლის კალამს ეკუთვნის, ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გამოდგება. აქ დაბეჭდილი მასალის იდეური ბირთვი ქადაგებებია, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: „განმარტება მამაო ჩვენოსი - შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა“, სხვათა შორის, ნაწილი ამ ქადაგებათა ციკლისა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“. „როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, - ამბობს მამა გრიგოლი, - ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს, და რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თავისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ გზაზე. და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს, - ეხმარება ამ ანდერძის აღსრულებაში, და ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზე - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. ეს ანდერძი დღეს პირველ რიგში სულიერ რელიგიურ-კულტურული ხასიათისაა და მას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთაც, ვიდრე ჩვენს სამშობლოში“. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ „ემიგრაციას არ აქვს პოტენცია შემოქმედებითი, - იგი არის ჯამი, სინთეზი ყველა იმ მუშაობისა, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ. რა სულიერი მუშაობა სწარმოებდა ჩვენს ერში, რომ დღეს მას სინთეზი გავუწიოთ? რა საუნჯენი მოვიტანეთ ჩვენ ჩვენი ქვეყნიდან აქ, რომ დღეს ესენი სისტემურად დავალაგოთ და თაიგულად შევკრათ? ვიწრო აზროვნებას, რომელიც აქამდისინაც არ მოგვყვა. და ეს იმიტომ, რომ სუბიექტად ჩვენი სურვილებისა იყო ან სამშობლო ან ამ სამშობლოს და მის შვილთა ეკონომიური წარმატება და არა ღმერთი. და ამიტომაც დღეს ვსხედვართ აქ, ბაბილონის მდინარეზედ - შევცქერივართ ერთმანეთს, წვრილ ინტრიგებში ამოგვდის სული და ერთი მეორეს ხელს უშლის, თუკი მას (მეორეს) რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს. აქ, ემიგრაციაში, მაინც ჩვენს აზროვნებას უნდა ფართო ჰორიზონტი მიეცეს, რომ რაღაც გავაკეთოთ, რომ სრულიად უმიზნოდ და უშედეგოდ, უკვალოდ არ გაჰქრეს ჩვენი ცხოვრება... მიზანი მოქალაქის ცხოვრების და მოქალაქეობის უნდა იყოს ღმერთი. ისიც დავინახეთ, რომ თუ ამ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი, გინდაც ეს სხვა რამე იყოს ისეთი, როგორიცაა სამშობლო, პატრიოტიზმი, ბრძოლა და მუშაობა ერის თავისუფლებისათვის და ეკონომიკური განვითარებისთვის, მაშინ ეს პირველი სიტყვა მისი ლოცვის იქნება უკმარისი. რომ ადამიანის ცხოვრება და კეთილდღეობა, აგრეთვე - კეთილდღეობა და წარმატება მისი ქვეყნისა იყოს მადლიანი და ჭეშმარიტი ან ხანგრძლივი, მან თავისი მისწრაფებანი უნდა დაუმორჩილოს უმაღლეს პრინციპს. და ეს უმაღლესი პრინციპი ღმერთია. ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეპციებში ე.ი. მოქმედება და ცხოვრება უნდა დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლს და ძლიერებას არავითარი საზღვარი არა აქვს, რომლის ცა მთელს მსოფლიოს ჰფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანს და მისწრაფებას, - რა გინდა ლოკალური იყოს იგი და ადგილობრივად განსაზღვრული და შემოზღუდული, - უნივერსალურსა და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს. ის ადამიანი და ის ერი, რომელიც ესე ჰმოქმედობს, პოულობს ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიზანს იმ საზღვრებს გარედაც, რომელსაც იგი სტოვებს“. „ჯვარი ვაზისა“ 1934 წლამდე გამოიცემოდა. სულ ოთხი კრებულია. საინტერესო მასალაა შეკრებილი. წარმოდგენილია წმიდა ნინოს სამწყსოს წესდება, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ქრონიკა - შესავალი წერილითა და კომენტარებით, ძველებრაულიდან თარგმნილი „ქებათა ქება“, რომელსაც მამა გრიგოლი „შაირთა შაირს“ უწოდებს, წერილი ქართული წარმართობის შესახებ, სადაც დასაბუთებულია წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემის უნიკალურობა საქართველოში, ბესარიონ გაბაშვილის მანამდე უცნობი ლექსი და სხვა. დაბეჭდილია აგრეთვე მამა გრიგოლის სულიერი ძიებებისა და ინტერესების ამსახველი მეტად საყურადღებო პოემა: „რომელი ქერუბინთა“. პოემიდან მხოლოდ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ამ პატარა ლექსში მოძღვრის მოწოდებაა გააზრებული:
მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხეილ წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. ბონში ხვდებოდა ნიკო მარს, რომელსაც შემდეგ წერილობით უკავშირდებოდა საბჭოეთში, როგორც ამერიკაში აკაკი პაპავასა და ინგლისში ანდრია გუგუშვილს, ჟურნალ „გეორგიკას“ გამომცემელს. ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“. საქართველოში კორნელი კეკელიძისა და ივანე ჯავახიშვილის გარდა, ბარათებს უგზავნიდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, წერდა დედასა და ძმას - ვასილს. არჩილი - უფროსი ძმა, დაოჯახებული იყო და ცალკე ცხოვრობდა, ჩემი ბებია და ვასილი - ერთად. 1933 წელს ბებია გარდაიცვალა. გრიგოლმა კარგად იცოდა საბჭოთა საქართველოში შექმნილი ვითარება; ძმის სიცოცხლის მოფრთხილების მიზნით, ვასილთან მიმოწერის შეწყვეტა სურდა. მამაჩემი კი თვლიდა, რომ გრიგოლი მისი სულიერი ძმაც იყო და ვიდრე შესაძლებლობა ექნებოდა შეინარჩუნებდა ურთიერთობას. არჩილი წითელ არმიაში მსახურობდა და უმცროსი ძმის პოზიცია აშფოთებდა: არაფერი დაგვიშავდესო. 1936 წელს მამა გრიგოლისგან ბოლო ბარათი მოსულა, რომელშიც დაჟინებით მოითხოვდა მიმოწერის უკეთესი დროისათვის გადადებას. 1937 წელს არჩილი და მისი მეუღლე დააპატიმრეს, მაგრამ ამაში მამა გრიგოლს ბრალი, ალბათ, არ მიუძღვის, რადგან ვასილი რეპრესიებს გადაურჩა. ოჯახისადმი გამოგზავნილი ბარათები მამაჩემმა, თუ არ ვცდები, ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა. მამა გრიგოლი ხვდებოდა, თუ რა სცენარით განვითარდებოდა მოვლენები საბჭოეთში. „სულიერი ცხოვრება დღევანდელ საბჭოთა საქართველოში მხატვრული ლიტერატურის სარკეში“ ნარკვევში განიხილავს რა მ. კახიანი წერილს „იდეოლოგიური ფრონტი“, შენიშნავს: „რაჟდენ კილაძეზე ნათქვამია, რომ ის ტროცკისტია, ამავე დროს ცნობილია, რომ ეს იარლიყი მას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს“. მიმოხილვაში წარმოჩენილია კომუნისტური რეჟიმის ანტიჰუმანურობა, ათეისტური მსოფლმხედველობის დამანგრეველი გავლენა ცნობიერებასა და კულტურაზე: „საბჭოთა პოეტებსა და მწერლებს აკლიათ დიდი და ძლიერი წარმოსახვითი სამყარო. მათთან არ ჩანს არავითარი ცდა დუმილით, დაფიქრებით და დინჯი თვითშემოწმებით, ასევე ბეჯითი და სერიოზული სწავლით მიაღწიონ რაიმე დიდს. მათ წარმოდგენაც არა აქვთ ჭეშმარიტი კულტურისა და პოეზიის ნამდვილ წყაროებზე, რომლებიც აღაფრთოვანებდნენ დანტეს, შექსპირს, გოეთეს. ისინი ყველა, დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ძალიან ბევრს წერენ და პატივმოყვარულად ისწრაფვიან სახელისკენ! მაგრამ რაშიაც კომუნისტები სიხარულს პოულობენ და თავიანთი არსებობის მიზანს ხედავენ, ესაა ტექნიკა - ბოლშევიკური მეცნიერება და ტექნიკა! კომუნისტების გაგებით ტექნიკამ უნდა დაიკავოს რელიგიის ადგილი... პირდაპირ მსხვერპლშეწირვა სრულდება ამ ტექნიკის საკურთხეველთან, გამოუცდელ ახალგაზრდას უეცრად გლეჯენ, მაგალითად, მთის სამყაროდან, რათა ქალაქში „კულტურას“ აზიარონ! ის ტაქსის მძღოლი უნდა გახდეს... ერთი კრიტიკოსი ერთ ავტორს დანაშაულად უთვლის, რომ ის VI საუკუნეში აგებულ ჯვრის მონასტერს თავის მონუმენტალობით და კულტურით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე იქვე გვერდით ახლად აშენებულ ელექტროსადგურს. მეორე პოეტი ამ ელექტროსადგურს სვეტიცხოვლის ტაძარს ადარებს ე. ი. ტაძარს, სადაც ქართული კულტურის აკვანი იდგა, სადაც ქრისტეს წმიდა კვართია დაკრძალული და სადაც ანგელოზები საქართველოს მოქცევის ღამეს დედამიწაზე დაეშვნენ“. ნარკვევს, საქართველოში ეკლესიისა და ზოგადად რელიგიის იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ყურადსაღები მსჯელობით ასრულებს: „როცა პოეტი გალაკტიონ ტაბიძე წერს: „ყური დაუგდე რას ამბობს მღვდელი, ის ხომ უფლის ენით ლაპარაკობს“; ხოლო ვინმე მეწისქვილე, სახელად ბესარიონი, სახალხო კრებაზე ამბობს: „ღვდელი კიდო უფრო ტყუოდა მოლაზე. ბერი ფეხზე ეჟვანს იბამდა, კაი კაცი გამოვიდეო, სახში ღამე კი ბარიშნა ყავდა და კატლეტებს ჭამდა“, - ეს ნიშნავს, რომ პოეტიცა და მეწისქვილეც რელიგიაში შინაარსსა და ფორმას ძალიან ზუსტად განასხვავებენ ერთმანეთისგან. შინაარსის საწინააღმდეგო მათ არაფერი აქვთ, ისინი ებრძვიან ფორმას, - ცხოვრებას, რომელიც სახარების წესებს და ეკლესიის ნორმებს არ შეესაბამება“. „შეიძლება გვეფიქრა, რომ საქართველოს ეკლესიის მმართველობა ბოლშევიკური თავდასხმის დროს, თუკი მოქნილობას გამოიჩენდა და თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა საშინელ დევნას ძველი რუსული მთავრობის მხრივ შეძლებდა ასე თუ ისე თვითდამკვიდრებას. მაგრამ ეკლესია სრულიად მოუმზადებელი იყო კომუნისტურ სახელმწიფოში მუშაობისთვის, ამასთანავე დამოუკიდებელი რომ გახდა, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ხალხის მასებში ესროლა დიდი ლოზუნგი: დავუბრუნდეთ ძველ ქართულ ეკლესიას! სინამდვილეში კი ჩვენი პატრიარქები რუს ეგზარქოსებს ბაძავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მისაბაძი მაგალითი ძველ ქართულ ეკლესიაში ეძებნათ. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ ემიგრანტებთან მოლაპარაკება გამართა და ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები დააყენა წინა რიგში, იმის მაგიერ, რომ თავის მუშაობაში მხოლოდ ეკლესიის დაარსების სფეროთი შემოფარგლულიყო. ისტორიაში არის ხოლმე ძალიან მძიმე გამოცდის ჟამი, როცა ეკლესია მხოლოდ საკუთარი რწმენის საკითხებით უნდა შემოიფარგლოს. ასეთ დროს ის უნდა იყოს მხოლოდ შუამავალი ხალხსა და ქრისტეს შორის... პატრიოტებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს საკითხი და არ უნდა მოითხოვდნენ ეკლესიისგან იმას, რამაც შესაძლოა ეკლესიის რღვევას შეუწყოს ხელი“. 1931 წელს მამა გრიგოლი ბონის უნივერსიტეტს გამოეთხოვა. 1934 წლამდე პარიზში ცხოვრობდა, სამოძღვრო მსახურებასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ოქსფორდის, სორბონის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში. ლექციებსა და მოხსენებებს კითხულობდა ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ. ინგლისის, პარიზისა და ლაიპციგის ბიბლიოთეკებში ეძიებდა და იკვლევდა ქართულ ხელნაწერებს, რაც ზეადამიანურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული: რადგან „ასეთი მასალის შეკრება მთელი სამეცნიერო ინსტიტუტის ან საზოგადოების საქმე გახლავთ და არა ერთი კაცისა, ...სჭირდება მრავალი წინასწარი კვლევა, მოგზაურობა და გაუთავებელი ძიება ბიბლიოთეკებში“ („გრიგოლ ფერაძე“, 1995 წ. თბ. გვ.23). 1939 წელს სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ მიიწვია ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის მოადგილედ. მამა გრიგოლი დათანხმდა და საცხოვრებლადაც ვარშავაში გადავიდა. თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით გამოვიდა მოხსენებით: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. პარიზში, როგორც ჩანს, ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავად უხდებოდა ეკლესიის შენახვაც, პოლონეთში კი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამას გარდა, იქ ქართული დიასპორა იყო, რომელიც ძირითადად კონტრაქტის ოფიცრებისგან შედგებოდა და სულიერი მზრუნველობა მათაც ჭირდებოდათ. ვარშავაში გადასვლით წმ. ნინოს სამწყსოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. 1938 წლამდე - პოლონეთის ოკუპაციამდე, არდადეგებს ძირითადად პარიზში ატარებდა და დიდ დღესასწაულებზეც იქ აღავლენდა წირვას. 1934 წელს, ლონდონში, წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტის წოდება მიიღო, დუბლინში კი, მიტროპოლიტ დიონისეს დავალებით, ეპისკოპოსმა საბამ მიტრით შეამკო. 1934-35 წლებში ვარშავის უნივერსიტეტში „თეოლოგიურ მეცნიერებათა შესავალს“ ასწავლის, სასწავლო წლის ბოლოს კი უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. პიენკოვსკი თხოვნით მიმართავს სახალხო განათლების სამინისტროს გრიგოლ ფერაძისთვის „საგანგებო პროფესორის“ წოდების მინიჭების თაობაზე. პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება არ იყო მართლმადიდებლობის ხელშეწყობით დაინტერესებული და თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ერთი წლის შემდეგ რექტორმა განმეორებით მიმართა ხსენებულ სამინისტროს, ამჯერად სენატის მეშვეობით, თან აღნიშნა: გრიგოლ ფერაძის კანდიდატურა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებსო, მაგრამ ეს წერილიც უპასუხოდ დარჩა. ვარშავის უნივერსიტეტში მამა გრიგოლის მოღვაწეობას ასე ახასიათებენ: „უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან, მისი ლექციები კი გამსჭვალული მამების შემოქმედებითი სულით, თავის ფიქრებში ხშირად გადიოდა იქ, სადაც მოღვაწეობდნენ ეკლესიის მამები. ხშირად ფიქრობდა პოლონეთის ეკლესიის კანონიკური სიცოცხლის აღდგენაზე... მზრუნველობას იჩენდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ და მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს“ (დეკანოზი ლენჩევსკი. მამა გრიგოლის მოწაფე); „კითხულობდა საინტერესო მოხსენებებს პატროლოგიაში, რისთვისაც იყენებდა როგორც ბერძენი, ქართველი, პოლონელი და რუსი თეოლოგების შრომებს, ასევე დასავლელ მეცნიერთა აბსოლუტურად უეჭველ მიღწევებს. უაღრესად ერთგული იყო ეკლესიის მამათა ტრადიციებისა, რაც მრავალგზის დადასტურდა მის პუბლიკაციებში. ცდილობდა გამოემუშავებინა სტუდენტებისთვის ეკლესიის მამათა ტექსტებზე მუშაობის ჩვევები. რჩევითა და საქმით მუდამ მხარში ედგა სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, რომელსაც სურდა მამა გრიგოლი ეპისკოპოსის ხარისხში აეყვანა“ (დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი). „დოქტორმა ფერაძემ გამოამჟღავნა ღრმა თეოლოგიური ცოდნა და დიდად შეუწყო ხელი მართლმადიდებლური თეოლოგიური მეცნიერების განვითარებას პოლონეთში. პროფესორისთვის დამახასიათებელი პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა მან გამოაქვეყნა მთელი რიგი სამეცნიერო შრომები და სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საზღვარგარეთ“ (ფაკულტეტის ხელმძღვანელობა). მამა გრიგოლის მოგზაურობანი ცალკე თემაა. ქართველთა ნაკვალევს მიყვებოდა რუმინეთში, ბულგარეთში (სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში პეტრიწონის ტიპიკონის ქართული ვერსია აღმოაჩინა), საბერძნეთში. ბალკანეთზე მოგზაურობას მიმოიხილავს ნარკვევში: „ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“. ორიოდ ფრაგმენტს გავიხსენებ დასახელებული ნაშრომიდან: „ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე, როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი, ვითარცა მოღვაწეს მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემნა იქაური ცხოვრება. ამასთან, მსურდა ივერიის მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა. ზოგი მათგანი გადამეწერა: შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; და ბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და, თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც“. „ათონზე მცხოვრები ქართველები (ისინი სულ ხუთნი არიან) ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ნაკლებად უჩივიან. მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონის მთაზე... იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, ალბათ, ამას აკეთებენ ქრისტიანული კეთილშობილების გამო (რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული). ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე, ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა“. ათონზე დიდმოწამეთა: ანტონის, იოანესა და ევსტათის ბერძნულ ვერსიას მიაკვლია და ილარიონ ქართველის (ახლის) ცხოვრება გადაწერა. შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. ამბობდა, რომ „უწმიდეს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ შემორჩენილი ფრაგმენტების მოძიება და შესწავლა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის შესწავლასა და ქართული ელემენტის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ამასთანავე მოგვანიჭებს ძალას დღევანდელობის უკეთ გააზრებაში“. 1936 წელს, 5 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე სირია-პალესტინაში იმყოფებოდა. წმიდა მიწაზე, მონასტრებსა და ბერძენთა საპატრიარქოში მოიძია 162 ქართული ხელნაწერი, შავ მთაზე და დამასკოში 24 ქართული ხელნაწერი ფურცელი შეიძინა. აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი. „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“ - წერს ვიქტორ ნოზაძე. იმჟამად ევროპაში მცხოვრები ბეჟან გიორგაძის თქმით 1935 წელს იერიქონის მიდამოებში, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ეკლესიას სამონასტრო მშენებლობისათვის 1 ჰექტარი მიწა გამოუყვეს. მამა გრიგოლი აღმოსავლელ პატრიარქებს შეხვედრია და ამის დამადასტურებელი საბუთიც მიუღია. 1937 წელს ქართულ ხელნაწერებს სწავლობს იტალიისა და ავსტრიის ბიბლიოთეკებში. ვენაში დიონისე არეოპაგელის ნაწარმოებთა შემცველი ქართული კრებული აღმოაჩინა... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოგზაურობები და სამეცნიერო მუშაობა, სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანისთვის, მასთან მიახლების ერთ-ერთი გზა იყო, თუმცა, კარგად თუ ჩავუკვირდებით, მამა გრიგოლის ფენომენს, ვნახავთ, რომ საქართველო სწორედ იქ მკვიდრდებოდა, სადაც მამა გრიგოლი იმყოფებოდა: კითხულობდა ლექციას, იკვლევდა პალიმფსესტს, წირავდა თუ ქადაგებდა; ეს იმიტომ, რომ უმთავრესი იპოვა - სულიერი მამული და გააცნობიერა, რომ „ქართლის ბედი ჩვენშია და ჩვენშია სამშობლო“ („რომელი ქერუბინთა“). მისი სამეცნიერო შრომებიდან სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებულია „ეპისტოლე წმიდისა დიონისიოსი, ბრძენმთავრისა და ათონელთა ეპისკოპოსისა “, „ძველქართული ლიტერატურა და მისი პრობლემა“, „ძველი ქრისტიანული ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“, „ბიბლიის ქართული თარგმანის საკითხისათვის“, „ძველი საეკლესიო მწერლობის პრობლემა“, „ბიზანტიამდელი ქართული ლიტერატურის საკითხისათვის“, „ქართველი ბერები და ქართული მონასტრები პალესტინაში“ და სხვა. გერმანულად თარგმნა „შობის განჩინება“ იერუსალიმური წარმომავლობის ქართული კანონარიდან, პოლონურად - ქართული აპოკრიფული და მონოფიზიტური სახარება, ვერ მოასწრო „სამი ლიტველის წამების“ ბერძნული ვერსიისა და დიონისე არეოპაგელის ნაწამოებად ცნობილი უძველესი აპოკრიფების პოლონურად თარგმნა. არ დასცალდა ოცნების ასრულებაც: პატროლოგიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელშიც მთელი სისავსით იქნებოდა განხილული საგნის პრობლემატიკა, მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრის მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მკვლევარების მემკვიდრეობის გათვალისწინებით. ვიქტორ ნოზაძის ცნობით, დაწერილი ჰქონდა დიდი გამოკვლევა იოანე ბატონიშვილისა და იოანე ხელაშვილის შესახებ. „სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა - წერს დეკანოზი ჰენრიკი - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან“. მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას. ვიტენბერგის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი არსებობს, რომელსაც პროფესორი ჰოლცი ხელმძღვანელობს. პოლონურად ითარგმნება მისი გამოკვლევები. მამა გრიგოლი ერთი იმ რჩეულთაგანი გახლავთ გულს - გონებასთან, რწმენას - საქმესთან, პირადს - საზოგადოსთან რომ ამთლიანებენ. ყველაზე თვალსაჩინოდ მის შემოქმედებითსა და საზოგადოებრივ აქტივობას შემდეგი ნუსხა ასახავს:
როგორც ხედავთ, მამა გრიგოლი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა ევროპის სამეცნიერო და რელიგიურ წრეებში. მაგრამ სრულიად განსაკუთრებული სიყვარული მისდამი გამოხატეს პოლონელებმა. პოლონეთს მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა. დაფასება არც ქართველი ემიგრანტებისგან აკლდა, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. გესტაპოს ხელში სწორედ ფაშისტებთან სამსახურში მყოფი ქართველების უშუალო „დამსახურებით“ ჩავარდა. ეს ფაქტი დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით დეკანოზმა ჰენრიკმა გამოწვლილვით გამოიძია. გიორგი ნაკაშიძემ კი აი, რა უამბო რევაზ თაბუკაშვილს: „პოლონეთი მონაწილეობდა მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ შოთა რუსთაველის იუბილეში 1937 წელს. ამ ქვეყნის უნივერსიტეტებში მოხსენებით გამოვდიოდით მე და ფერაძე. გამოვეცით ბროშურა (მეტის საშუალება არ გვქონდა). ფერაძე იშვიათი განათლებული კაცი იყო, მაგრამ ჩვენებმა დაუწყეს ბრძოლა და მტრობა. განსაკუთრებით უკიდურესად სახალხო დემოკრატიის ჯგუფი ებრძოდა, ბევრი ცილი დასწამეს მას ამ ბრძოლაში. ყველაფერს კადრულობდნენ. როდესაც გერმანელები შემოვიდნენ იგი დააბეზღეს. შემდეგ ფერაძე უკვალოდ დაიკარგა. ვინაიდან ფერაძე იყო მღვდელი და ამავე დროს ეკლესიის მდივანი, მისი დაპატიმრებიდან მესამე დღეს მიტროპოლიტმა დიონისმა დამიბარა და მითხრა, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა მის გასათავისუფლებლად. მაგრამ გათავისუფლება კი არა, მისი ნახვაც ვერ შევძელით. შემდეგ მივიღეთ ცნობა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. უბედური ადამიანი იყო, გულახდილი და ძალზე უბრალო, კაცი მიხვდებოდა, რომ იგი ასე განათლებული იყო. მისი დაღუპვა ჩვენი ბრალია, ქართველების ბრალი. ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გახვეული, მაგრამ არ ვიტყვი, ანდა რას უშველის თქმა?! ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და იქ უთარგმნიდნენ გერმანელებს ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი“... ომის დაწყების შემდეგ იზოლაციაში აღმოჩნდა. ვერ ახერხებდა პარიზში ჩასვლას და ვერც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მეცნიერებსა და მეგობრებს უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას და არც სულიერი მხნეობა დაუკარგავს. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იგონებს, რომ ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა, ქუჩებში მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველ დახმარებას უწევდა. შესაძლოა პოლონეთის ანტიფაშისტურ მოძრაობაშიც იყო ჩაბმული. პოლკოვნიკი ველი ბეკ იედიგერი მამა გრიგოლის დაღუპვის მიზეზად ანტიპოლონურად განწყობილი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს. უმძიმესი ბრალდება იყო ებრაელების ქომაგობაც. მამა ილია მელიას წერილში ასეთ ცნობას ვხვდებით: „მღ. ფერაძის ბინაში ჩხრეკა აწარმოეს გერმანელმა პოლიციელებმა და ბიბლიოთეკაში წიგნების უკან აღმოაჩინეს ამერიკული დოლარები და ინგლისური გირვანქა სტერლინგი, რაც ვითომ შეადგენდა ებრაელების დასახმარებელ ფონდს“. 1994 წელს პოლონეთ-ისარელის მეგობრობის საზოგადოებამ ვარშავის მიტროპოლიას გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია: „გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგოლ ფერაძის დიდებული სული, რომელიც ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს ებრაული ოჯახების შეფარებისა და დახმარების აღმოჩენისათვის“. გესტაპომ მამა გრიგოლი სექტემბერში დააპატიმრა. ბინის გაჩხრეკის შემდეგ დაიკარგა ძვირფასი ქართული ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები, პირადი დღიურები. მას ჯერ პავიაკის ციხეში ამყოფებდნენ. მისი ბედ-იღბლით დაინტერესებულებს განუცხადეს, რომ დაპატიმრების ბრძანება პირდაპირ ბერლინიდან მოდიოდა. ციხიდან მიმოწერა ჰქონდა დიაკონ გიორგი ბერკმან-კარენინთან, რომელიც მის ბინას მეურვეობდა. გრიგოლის ერთ-ერთი წერილი ანდერძს ჰგავს: „ბინა და ავეჯი გადაეცით კანცელარიის მუშაკს. ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ბიბლიოთეკას ვუანდერძებ მიტროპოლიას. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე, ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას“. თავის მხრივ, დიაკონი ტყვეობაში მყოფ მოძღვარს წერდა. „ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი თქვენი ხილვით, ყველა ჩვენს საეკლესიო და მიტროპოლიის მსახურს, ისე როგორც მის უწმიდესობას, გადავეცით თქვენი მოკითხვა და იძულებული ვიყავი დიდხანს მომეთხრო, როგორ გიპოვეთ, როგორ განწყობაზე ბრძანდებით და რას ამბობდით. ყველამ, მათაც ვინც თქვენ ნაკლებად გიცნობდნენ, ისე გულით შეგიყვარეს, როგორც საკუთარი მამა...“ „ჩქარა დადგება შესაძლებლობა ამ ქვეყნის (იგულისხმება საქართველო რ. ფ.) განახლებისა და მაშინ - მე ეს მწამს, თქვენ იქნებით პირველი მათ შორის, ვინც ამ საქმეს მთელ ენერგიასა და სიყვარულს მოახმარს“. „...შევთხოვ თქვენს წმიდანებს ლოცვასა და თვით ვეაჯები მამა ღმერთს, რომ დაგამშვიდოთ თქვენს მწუხარე ყოფაში და მოგანიჭოთ დიდი ძალა. გსურთ გამოგიგზავნოთ პალტო? მომწერეთ ძვირფასო უფალო არქიმანდრიტო, გულწრფელად მომწერეთ, რა გჭირდებათ თქვენ? ყველას უყვარხართ, ვითარცა ჭეშმარიტი მოძღვარი და ბედნიერი ვიქნებით, რომ გამოგადგეთ. თქვენი მოყვარული ქრისტესმიერი ძმა, დიაკონი გიორგი („ერი“, 17/VI, 1991). 1942 წლის ნოემბრის დამდეგს მამა გრიგოლი ოსვენციმში („ბირკენაუ“) გადაიყვანეს. მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ბანაკში პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. მამა გრიგოლის მოწამებრივი აღსრულების შესახებ ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე სარწმუნო, ვერსიით იგი გაზის საკანში დაიღუპა - ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. ამის თაობაზე მიტროპოლიტ დიონისეს ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა აუწყა, რომელმაც მიტროპოლიტს მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა. „მამა გრიგოლი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სახარების, ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას. ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ეკიდა ტაძარში მისი სამოსელი. ის მოგაგონებდათ ადამიანს, რომელმაც თავის ცხოვრებაში განასახიერა სახარების იდეალი“ - ამბობს ჰენრიკ პაპროცკი. საბჭოთა საქართველოში, დიდი ხნის მანძილზე, გრიგოლ ფერაძის ხსენება მკაცრად იკრძალებოდა. გაიოზ იმედაშვილის გამოკვლევა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ტაბუდადებული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ გრიგოლის წერილი იხსენებოდა. 1968 წელს გაზეთ „სამშობლოში“ დაიბეჭდა იოსებ მეგრელიძის სტატია, სადაც მოკლედ იყო მიმოხილული მამა გრიგოლის მოღვაწეობა, მაგრამ გაზეთი, ძირითადად, უცხოეთში ვრცელდებოდა. ოთხმოციან წლებში, განსაკუთრებით ე. წ. „გარდაქმნის“ დროს, საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად შეიტყო მის შესახებ. ბატონმა რევაზ თაბუკაშვილმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომელშიც ზურაბ ჭავჭავაძის მიერ გადაღებული მასალებიცაა გამოყენებული. ერთ-ერთი საუბრისას ბ-ნმა რეზომ მითხრა, „ბირკენაუს“ ოქმებში, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს არქივში რომ ინახება, ამოხეულია სწორედ ის ადგილი, სადაც მამა გრიგოლის დაკითხვისა და დაღუპვის თაობაზე უნდა ყოფილიყო ჩანაწერებიო. არსებობს გოჩა საითიძის დოკუმენტური კინოფილმიც. სამოცდაათიან წლებში უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ პოლონეთის მიტროპოლიტისგან წერილი და მამა გრიგოლის ფოტო მიიღო. წერილში მამა გრიგოლის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი. მე ხშირად ვსტუმრობდი მის უწმინდესობას. ერთ-ერთი შეხვედრისას ფოტოსურათი ვთხოვე გასამრავლებლად; „ვერ გენდობი, ფოტოაპარატი აქ მოიტანეო“ - მიპასუხა პატრიარქმა. ფოტო საკმაოდ დიდი ზომის იყო, მისაღებში ეკიდა. ჩემი აპარატის შესაძლებლობისდაგვარად გადავიღე კიდეც. ფოტოზე კარგად ჩანს ჩარჩოზე დამაგრებული წერილიც. ავთო იმნაძემ, დაპატიმრების წინა დღით, ეფრემ მეორისგან წერილი წამოიღო, დაბრუნება კი, გასაგები მიზეზის გამო, მე მომიწია. უწმიდესს ძალიან გაუხარდა; „ვნერვიულობდი, კგბ-ში არ აღმოჩენილიყოო“ - მითხრა. ჩვენს ოჯახში ინახება „ლექსთა კრებული“ სამახსოვრო წარწერით: „სოფლის მოღვაწეს გრიგოლ ფერაძეს გ. სიდამონიძისაგან“. ეს პატარა წიგნი ეფრემ მეორის ნაჩუქარია. პოლონელებთან დაკავშირებას ვერაფრით ვახერხებდი, რამდენიმე ბარათი გავაგზავნე და უკანვე დამიბრუნდა. არადა, ვარშავიდან საპატრიარქოს სახელზე რამდენჯერმე კიდევ მოვიდა წერილი იგივე თხოვნით. პოლონელთაგან განსაკუთრებით აღვნიშნავ დეკანოზ ჰენრიკის დამსახურებას. იგი სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის თანაშემწეა. ოთხმოციან წლებში პარიზის სასულიერო აკადემიაში მამა ილია (მელია) გაიცნო (პარიზის ქართული ტაძრის წინამძღვარი). სწორედ მან თხოვა დეკანოზ ჰენრიკს გრიგოლის შესახებ ცნობების მოგროვება. ამის შემდეგ მას ეს საქმე აღარ მიუტოვებია. ეჟი ლუბახისა და თამარ დულარიძის ფილმის „თეთრი ანგელოზის ძიებაში“ მთავარი კონსულტანტი მამა ჰენრიკია. ამ ფილმზე მუშაობისას საქართველოში ჩამოვიდა, მომიძია და შემხვდა კიდეც. „თეთრ ანგელოზში“ მამა გრიგოლის მოთხრობის („ბედისწერა“) მიხედვით გადაღებულ ეპიზოდში მთხრობელის როლს ჩემი შვილი - გრიგოლ ფერაძე ასრულებს. გარეგნობით წმიდა გრიგოლს ჩამოჰგავს, რაც დეკანოზ ჰენრიკს არ გამორჩა და ვაჟის ფილმში მონაწილეობაც მისი იდეა გახლავთ. 1999 წელს, საქართველოს პოლონელი ეპისკოპოსი მირონი ეწვია. სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქმული ქადაგებისას აღნიშნა: „თქვენ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. ჩვენთან ახალ ტაძრებში ხშირად ნახავთ მის ხატებს, მას ფრესკებზეც გამოსახავენ. უფლება მომეცით, მოგითხროთ ამბავი, რაც უფრო მეტად დააკავშირებს ჩვენს ორ ეკლესიას. პოლონეთში არსებობს წმიდა გრიგოლის საძმო, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, მეცნიერებს, ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს. ისინი იწვევენ კონფერენციებს, ორგანიზებას უკეთებენ მომლოცველობას“. ეპისკოპოსმა მირონმა უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს „გრიგოლ ფერაძის საძმოს“ საპატიო მეთაურის წოდება გადასცა. საქართველოში გრიგოლ ფერაძის სახელობის პოლონელი ექიმების საზოგადოებაც არსებობს. პოლონეთის მიტროპოლიტის საბას თაოსნობით ვარშავაში მამა გრიგოლის სახელზე საკათედრო ტაძარი შენდება. საუბარი რომანოზ ფერაძესთან მოამზადეს
| |
| |
ნანახია: 123 | | |
სულ კომენტარები: 0 | |