„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
სიტყვა თქმული ღირსისა მამისა ჩვენისა, რომელმაც დაგვიტოვა წერილი ესე დღესასწაულისათვის მხედართმთავარ მიქაელის სასწაულისა
მშვიდობა ღმრთისა გარდამოვიდეს თქვენზედა, ძმანო ქრისტეანენო. ამინ! ისმინეთ ძმანო, თუ რა შემემთხვა მე ტიმოთეს, მონას ღვთისასა: ერთხელ გავემგზავრე, რათა თაყვანი მეცა ცხოველსმყოფელი წმინდა ჯვრისათვის მაცხოვრის საფლავისა და ყველა იმ ადგილისათვის, სადაც კი ფეხი დაუდგამს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. და აი შევედი მახარებელ იოანე ღვთისმეტყველის საყვარელი მოწაფის, წმინდა პროხორეს სახლში. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ვიპოვე წმინდა პროხორეს მიერ დაწერილი საოცარი წიგნი, რომელშიც ამოვიკითხე ჩვენთვის სანუგეშო სიტყვები იოანე ღვთისმეტყველისა: ერთხელ ღვთის ანგელოზთან ერთად მივდიოდი. იგი მიხსნიდა ცის საიდუმლოებებს ადამიანთა შესახებ. უცებ მომესმა ხმაური მსგავსი დიდი სიმაღლიდან გადმომჩქეფარე ჩანჩქერთა. როდესაც მივუახლოვდით დავინახე უნაპირო ტბა, სადაც საშინლად ეწამებოდნენ ცოდვილნი, რომელთაც ამ ქვეყნად არ მოინანიეს დანაშაული თანამგზავრს ვკითხე: "მითხარ ეს რა ჯურღმულია ასეთი ვრცელი?" და ვიხილე კვამლში გახვეული გამძვინვარებული ცეცხლის ალები ხმაურითა და გრგვინვით რომ მიიწევდნენ 300 მეტრის სიმაღლეზე და კიდევ რაღაც უცნაური ქვეწარმავალნი ასპიტის სიგრძისანი, რომელნიც დასრიალებდნენ დასჯილთა სხეულზე ამ ტბის უფსკრულში. - "მამაო იოანე, მეგობარო ღვთისაო, ტანჯვა რომელსაც შენ უყურებ ყველა წამებაზე უარესია. ამ ტბას შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. ფსკერი მისი უძიროა. გველები და ქვეწარმავალნი, რომელნიც ცოდვილთ გესლავენ, აიძულებენ მათ ჩაყვინთონ წყლის სიღრმეში 300 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ჭოკის (გრძელი ჯოხის) საშუალებით, რომელსაც ცოდვილნი უხილავი ძალით ვერ შორდებიან, ისინი იულებით კვლავ ამოდიან ტბის ზედაპირზე." დაჯილთა ტანჯვის გამო იოანე მწარედ ატირდა. - "ნუ სტირი მამაო იოანე, მეგობარო ღვთისაო, ნუ სტირი. მთავარანგელოზ მიქაელის წყალობით მალე იხილავ უდიდეს სიხარულს. დიდია მადლი უფლისა ღვთის მთავარანგელოზ მიქაელზე..." და საუცხოო სილამაზეში დავინახე თვით მთავარანგელოზი მიქაელი უჩვეულო ნავით ქერუბიმებსა და სერაფიმებთან ერთად, ურიცხვ ანგელოზთა, წმინდანთა, დიდ წინასწარმეტყველთა და მოწამეთა თანხლებით რომ უახლოვდებოდა ცეცხლოვან ტბას. აუწერელი სილამაზით იყვნენ ისინი შემკულნი. მთავარანგელოზები მივიდნენ წამებისათვის განწირულ ცოდვილებთან. მყის ჩაქრა ცეცხლი, საშინელი კვამლი დაიშრიტა, ქვეწარმავალნი გაქრნენ... როდესაც ყოველივე დაწყნარდა მთავარანგელოზმა მიქაელმა თავისი მარჯვენა ფრთა ჩაუშვა ტბაში და იქიდან ამოიყვანა მრავალრიცხოვან ადამიანთა სულები. შემდეგ მეორეჯერ ჩაუშვა მარჯვენა ფრთა და პირველზე უფრო უმრავლესი სულნი ამოიყვანა ტბიდან. ქერუბიმნი და სერაფიმნი დაემხვნენ მის წინაშე და დაუწყეს ვედრება მესამედაც მოეღო მოწყალება. მაშინ მან აღაპყრო თავისი სათნო მვედრებელნი თვალნი უფლისადმი და შესთხოვა სულთა გადარჩენისათვის, კიდევ ერთხელ ამოეყვანა თავისი მოწყალე ფრთით ურიცხვნი სულნი. ანგელოზებმა და წმინდანებმა განბანეს ეს სულნი ნაკურთხი წყლით, სცხეს ნელსაცხებელი სიხარულისა და წარადგინეს ღვთის კრეტსაბმელის წინაშე, საიდანაც მაშინვე ისმა ხმა:"შუამდგომლობითა მთავარანგელოზ მიქაელისა და დედისა ჩემისა, ყოვლადწმინდისა ქალწულისა, ყოველთა ჩემთა ანგელოზთა რჩეულთა და საწუთოსა შინა მორჩილთა, ნებისა მამისა ჩემისათა წრუძეღ სულებს ნეტარების, მარადიულობისა და სიმშვიდის სასუფეველში. ამინ!" ამ საოცარი სანახაობისას წმინდა იოანე განაცვიფრა მთავარანგელოზ მიქაელის გულმოწყალებამ. ანგელოზმა უთხრა: "იოანე, მეგობარო ღვთისაო, ეს რაც შენ იხილე მეორდება ყოველი წლის 6 სექტემბერს (ახ. სტ. 19 სექტემბერს), მთავარანგელოზ მიქაელის მიერ მოხდენილი სასწაულის დღეს, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთმა სატანის ძალებზე გამარჯვებისათვის დაადგინა იგი ზეციურ ძალთა მხედართმთავრად." ებრაელებმა მაცხოვარი უმოწყალოდ რომ აცვეს ჯვარს, მთავარანგელოზი მიქაელი ისე შეძრწუნდა, რომ მისი მწუხარებისაგან ცა და ქვეყანა განკრთა. ოდეს მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით, მთავარანგელოზ მიქაელმა გადააგორა უფლის საფლავის ქვა და ახარა მენელსაცხებლე დედათა, მანვე შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე რაც ჰქონდა. ღმერთმა მიმადლა მთავარანგელოზ მიქაელს დიდი ძალა და დართო ნება თვით ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი სულების გადარჩენისა. უფალმა მიანიჭა მას ციურ ძალთა წინამძღოლობა და უფლება ყოველი წლის 6 სექტემბერს (ახ. სტ. 19 სექტემბერს) ქერუბიმთა და სერაფიმთა ნავით, ანგელოზთა და წმინდანთა თანხლებით მიუახლოვდეს განწირულთა სულებს. მთავარანგელოზი მიქაელი ეხმარება მათ, რომელთაც ოდესმე გაუღიათ მოწყალება წმინდანებისა და მოწამეების სახელით. ის შუამდგომლობს და სამუდამოდ ათავისუფლებს სასჯელისაგან მათ, რომელთაც დაითმინეს წყენა ან ტანჯვა უფლის სახელით. მთავარანგელოზი მიქაელი ყოველი წლის 6 სექტემბერს (ახ. სტ. 19 სექტემბერს) იწყებს ცოდვილი სულების განთავისუფლებას ვიდრე დღე არ დასრულდება. ამ დიდმნიშვნელოვან დღეს იგი მუხლმოდრეკილი ლოცულობს ტანჯული სულებისათვის მანამ ვიდრე ღმერთი არ შეიწყალებს ადამიანებსა და ყოველივე სულიერს დედამიწაზე. ამ დღეს ყველა ანგელოზი თავს იყრის მთავარანგელოზი მიქაელისა და უფლის კრეტსაბმელის წინაშე. ყოვლისმპყრობელი ღვთის კურთხევით მთავარანგელოზი მიქაელი შემოსილი მადლისა და მოწყალების სამოსით, ამცნობს ყველას რომ ღმერთმა მოიღო წყალობა და მომადლა ადამიანებს გონება სიხარულისა. - "იოანე, ახლა შენ იხილე, თუ რა ბედნიერია ის ვინც მთავარანგელოზ მიქაელის სახელით გაიღებს მოწყალებას. ასევე ვინც ამ წიგნის გადაწერით გაისჯება და მას სხვებსაც წაუკითხავს, ანდა ამ წმინდა გადმოცემას ეკლესიას მიართმევს, საკმეველს აკმევს, სანთელს, კანდელს ან ლამპარს დაანთებს, ან რაიმე გულწრფელ შესაწირავს გაიღებს მთავარანგელოზ მიქაელის სახელით. მთავარანგელოზი არ დაუკარგავს მადლს და დააჯილდოვებს შესაფერისად. თუ კაცი თავისი შემოსავლიდან ეხმარებოდა გაჭირვებულებს და სიკვდილის შემდეგ იგი მძიმე ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვდება, ღმერთი არ დაივიწყებს იმის სიკეთეს და მთავარანგელოზი მიქაელის შუამდგომლობით იხსნის მას, თუ ვინმე ყოველივე ზემოთთქმულს გადაწერს და სახლში სუფთა ადგილზე შეინახავს, ამ ბინაში მყოფნი დაცულნი იქნებიან შიმშილისა, წყლულებისა და ყოველივე სხვა უბედურებისაგან. ვერც ტყვია, ვერც ქვეწარმავალი და ვერავითარი სხვა ბოროტი ძალა ვერ შეძლებს ზიანი მოუტანოს სახლსა ამას და მკვიდრთა მას შინა. ეს წმინდა ნაწერი იქნება ფარი და მახვილი უბედურების ასაცილებლად. ბოროტი ძალა ვერ დათრგუნავს მას, რადგანაც ძალა ამ სიტყვებისა სასწაულმოქმედია. დაე გფარავდეთ უფალი და მხედარმთავარი მიქაელი. აი ეს მიამბო ღვთის წმინდა ანგელოზმა. შემდეგ მან ამიყვანა ელეონის მთაზე, მერე კი გამშორდა და ცად ამაღლდა. განცვიფრებულმა ვადიდე ღმერთი და მთავარანგელოზი მიქაელი. ასეთია მოთხრობა, რაც ვნახე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის წმინდა პროხორეს სახლში. ეს დიდი გამოცხადება მახარობელი იოანე ღვთისმეტყველისა არ უნდა დავივიწყოთ, არამედ განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ, ვმღვიძარებდეთ, მუხლს ვიდრეკდეთ, ვქველმოქმედებდეთ ქრისტესა და მხედარმთავარ მიქაელის სახელით, რათა განვშორდეთ საუკუნო სატანჯველს და მოვიპოვოთ წყალობა ღვთისა. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ განსაცდელი და უბედურება, თუ გსურთ ტაბლა თქვენი იყოს ღვთივკურთხეული, თქვენი სახლის ყოველ კუთხეში (როგორც შიგნიდან, ისე გარედან) დაწერეთ სახელი მხედართმთავარ მიქაელისა და მისი შუამდგომლობით წყალობა და მადლი ღვთისა გარდამოვა უფლის ტრაპეზზე. ამინ! | |
| |
ნანახია: 114 | | |
სულ კომენტარები: 0 | |