„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს - ღრმა სიბერეში, ზოგსაც - ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს. როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად რჩებიან ქვრივები, ობლები, უმწეო და უძლური მოხუცი მშობლები. ასეთ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: როგორ უდროოდ გარდაიცვალაო. ვკითხულობთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი. ამგვარი ლაპარაკი თანდათან უხეშ დრტვინვაში გადადის და ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზი ხდება. შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი მივიჩნიოთ „უდროოდ“ და მასზე გადამეტებული გლოვით ღვთის განგებაზე ვჩიოდეთ. ამის პასუხი მეოთხე საუკუნეში წამებული წმ. უარას ცხოვრებაში შეიძლება ვნახოთ. უარას, როცა ის ჯარისკაცად მსახურობდა, უყვარდა საპყრობილეებში ქრისტიანთა მონახულება. იგი მათ უვლიდა, ჰბანდა ჭრილობებს, აწვდიდა სასმელსა და საჭმელს. ამგვარი სიყვარულისა და დევნილ ქრისტიანთა თანადგომის გამო იგი დაკითხვაზე წარსდგა. უარამ თავისი ქრისტიანობა თამამად განაცხადა, რისთვისაც აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა, დიდი პატივით დაკრძალა უარა, ხოლო შემდგომ მის საფლავზე ტაძარი ააგო. ტაძრის კურთხევიდან მცირე ხნის შემდეგ ქალბატონს უბედურება ეწვია: გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მხედრის პატივს მიღწეული. მგლოვიარე დედა წმ. უარას საფლავთან დაემხო და მთელი სულითა და გულით ევედრებოდა მას, რათა უფალს შეესმინა მისი და მიცვალებული გაეცოცხლებინა. მწუხარებისაგან, ცრემლებისა და ხანგრძლივი ლოცვისაგან დაღლილ კლეოპატრას ჩაეძინა და იხილა საოცარი ჩვენება: წმიდა უარა გარდაცვლილ ვაჟთან ერთად ეჩვენა მას. ორივეს ნათელი სამოსელი ეცვა, თავზე გვირგვინები ედგათ და რაღაც საოცარი შუქით იყვნენ გასხივოსნებული. ამ ხილვით კლეოპატრა მიხვდა, რომ მის მიერ მოაზრებული „უდროო სიკვდილი“ შვილისა სულაც არ იყო უბედურება, არამედ უფლის წყალობა - ამქვეყნიური ცხოვრებიდან სასუფეველში დამკვიდრება, სიხარულში, ნეტარებაში დავანება, რომელსაც მისი შვილი ამქვეყნად ვერ გამოსცდიდა, თუნდაც ასი წელიწადი ეცხოვრა. კლეოპატრამ შეწყვიტა მძიმე გლოვა, თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვით კი წმ. უარას საფლავზე აგებულ ტაძარში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე მკაცრად მარხულობდა და ლოცულობდა. ასე დაემორჩილა იგი უფლის ნებას. ქრისტიანებო, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია ის, თითქოს სიკვდილი შეიძლება უდროო იყოს. ღვთის განგებულებით, ყველა თავის დროს კვდება. იმ დროს, როცა სული შემზადებულია იმქვეყნად გადასვლისათვის. ქრისტე ხომ გვასწავლის, რომ ღვთის განგების ხელი მთელ დედამიწაზეა განრთხმული და იცავს ადამიანებს. როცა გვწამს ჩვენდამი მაცხოვრის ამგვარი მოწყალებისა, ღრმადა ვართ დარწმუნებულნი, რომ სიკვდილი შემთხვევითი როდის, არამედ ღვთის ნებით დაშვებული. ღვთის ნება, სრული და მადლიანი, ყველაფერს ჩვენი ბედნიერებისა და ნეტარებისაკენ წარმართავს. ამის კვალობაზე ადამიანები ვკვდებით სწორედ მაშინ, როცა ეს ჩვენთვისაა საჭირო. მთელი ჩვენი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, ყოვლისმხედველი ღვთის წინაშეა ცხადჩენილი. დიდოსტატი ფერმწერი, რომელიც სურათს ამთავრებს, ყურადღებიანი მზერით ამჩნევს ნახატის ნაკლოვანებებს, დახელოვნებულად განმართავს მათ და მხოლოდ ამის შემდგომ გამოაქვს იგი სამზეოზე. მსგავსად ამისა უფალი თავისი ზესიბრძნით მიგვმართავს საბოლოო მიზნისაკენ და, როცა ეს საბოლოო მიზანი მიიღწევა, როცა ჩვენ მიერ აღსრულებულია ამქვეყნიური სრბა, მაშინ ღმერთი იმქვეყნად გაგვიხმობს, სხვა ცხოვრებისათვის, თუნდაც ვთვლიდეთ, რომ ეს უდროოდ იყო. ამას გარდა ღმერთი თავისი მოწყალებით განგვარიდებს იმ ცოდვებს და უბედურებებს, რომლებიც მოგველის. იცის უფალმა, რომ, ვთქვათ, რომელიმე ადამიანი, თუ კიდევ იცოცხლებს, მომაკვდინებელ ცოდვებში ჩავარდება და შეუნანებელი დარჩება. ამიტომაც გაჰყავს ასეთი ადამიანი ამქვეყნიდან. ან კიდევ - ხედავს უფალი, რომ დაუძლურდა ადამიანი, დაიღალა ცხოვრების სიმძიმით, და რომ არ დაეცეს გასაჭირთან ბრძოლაში, თავისთან მოუხმობს მას. მაგრამ ჩვენი შეზღუდული გონება ვერ ჭვრეტს შემოქმედის მზრუნველობას ადამიანთა მოდგმისადმი. ამიტომაც ვწუწუნებთ, ვღონდებით, სასოს წარვიკვეთთ და ვწყევლით გაჩენის დღეს. იმისათვის, რომ შევაკავოთ ჩვენი გაქვავებული გულის ჩივილი, როცა ღვთის განგებულება არ ემთხვევა ჩვენ სურვილებს, მოვუხმოთ ამგვარ შედარებას: ვთქვათ, რომ რომელიმე ჩვენგანს ჰყავს საყვარელი შვილი, და მამას, რომელსაც არ სურს მასთან განშორება, აყენებენ ამგვარი არჩევნის წინაშე: დარჩეს შვილი მასთან რამდენიმე წელი, ოღონდ წყალობის გარეშე, ან - გაუშვას შვილი შორეულ ქვეყანაში, მოთმინებით გადაიტანოს მასთან განშორების წუხილი, მაგრამ შვილი იმავდროულად ბედნიერი იქნება, თანაც სამუდამოდ. რომელი მამა არ აირჩევდა უკანასკნელს? რომელი იტყოდა უარს იმ მაცხონებელ განშორებაზე, რომელაც ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ მიჰყავს ადამიანი. რასაკვირველია, არავინ. ასე, მაგალითად, კლეოპატრას ვაჟიც მოკვდა, როგორც იტყვიან ხოლმე, უდროოდ, მაგრამ შესაძლოა ამით მან საუკუნო სიხარული დაიმკვიდრა. და ვინ იცის, ღრმა სიბერემდე რომ ეცხოვრა, ცხოვრებისეული ხიბლით ცდუნებულიყო და ნეტარების გვირგვინი დაეკარგა. ძმებო! ნუ მივენდობით ჩვენს ცდომილ გონებას. ნუ მივიჩნევთ უდროოდ მას, რაც ღვთის განგებისათვის დროულია და, როცა ვნახავთ სიკვდილისაგან მიტაცებულ მოყვასს, ნუ დავიწყებთ დრტვინვას, უკმაყოფილების გამოხატვას, არამედ უმჯობესია გულმოდგინედ ვილოცოთ მისი სულის ცხონებისათვის და ვევედროთ უფალს, რათა ჩვენც მოგვმადლოს ქრისტიანობითი აღსასრული. როდის? როცა ეს ღვთის წმიდა ნებისათვის იქნება სასურველი. ამინ. „საუბრები სულიერი ცხოვრების შესახებ“, თბილისი, 2003 წ.
| |
| |
ნანახია: 101 | | |
სულ კომენტარები: 0 | |