ეს საოცარი ამბავი 2005 წლის 28 აპრილს მოხდა


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ეს საოცარი ამბავი 2005 წლის 28 აპრილს მოხდა

ეს საოცარი ამბავი 2005 წლის 28 აპრილს მოხდა. 20 წლის სნეული ოლღა, დედამ სრედნეურალსკის დედათა მონასტერში მიიყვანა. გოგონა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გამოწერეს ქალაქ ეკატერინბურგის ონკოლოგიური ცენტრიდან. მდგომარეობა უიმედო იყო. ამ დროისთვის მას უკვე ფეხზე დგომაც უჭირდა და გადაადგილებაში დედა ეხმარებოდა. დამწუხრებული ახლობლები მის გარდაცვალებას ელოდნენ. ბებიამ კი გოგონასთვის დასაკრძალი შესამოსლის კერვა დაიწყო, მაგრამ საქმე რატომღაც ბოლომდე ვერ მიყავდა და ძალიან უკვირდა რატომ ვერ ართმევა თავს, მისთვის ასე მარტივად შესასულებელ ხელსაქმეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ყველასთვის ცნობილი, რომ მისი შეკერვა არ იყო აუცილებელი. რადგან ის, ვისთვისაც დასაკრძალ სამოსს კერავდნენ, ამ ქვეყნიდან დიდ სქემაში შემოსილი უნდა გასულიყო. სწორედ ამ მიზეზის გამო მიეცა სნეულ ოლღას სიცოცხლის კიდევ ერთი, საოცარი წელიწადი... მონასტერში მისვლისთანავე ოლღა ამ სავანის დამაარსებელთან და წინამძღვართან, მამა სერგისთან მიიყვანეს. მან გოგონას უთხრა:
— დარჩი ჩვენს მონასტერში, თუ გსურს იცოცხლო.
მან დაუჯერა მამა სერგის და მონასტერში დარჩა. სნეულებას თან ერთვოდა საშინელი თავის ტკივილები, იტანჯებოდა, საჭმელს ვერ ჭამდა. მაგრამ მონასტერში ყოფნის პირველივე დღეებიდან, ოლღამ თანდათანობით შეძლო
არა მხოლოდ ჭამა, არამედ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი. მოგვიანებით ის დედებს მოუყვა, რომ როდესაც მას, მაგნიტოგორსკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, პირველი აზრი რაც თავში მოუვიდა მონასტერში წასვლა იყო. თუ რატომ, ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა და როდესაც მამა სერგისგან მონასტერში დარჩენის შეთავაზება მოისმინა, ოლღას სწორედ თავისი პირველი განზრახვა გაახსენდა და ამიტომაც მონასტერში დარჩენაზე უყოყმანოდ დათანხმდა.
მოგვიანებთ ოლღას სხვა სურვილი გაუჩნდა: თუ სიმსივნისგან განიკურნებოდა, მონასტერში სამუდამოდ დარჩენილიყო და ამასვე ითხოვდა თავის გულმხურვალე ლოცვებში ყოვლადწმიდა ღვთიმშობლისადმი. და ერთერთი ასეთი ვედრების დროს მონაზვნობის აღთქმაც დადო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც რომ მონასტერი, რომელიც ერთგვარ თავშესაფრად იქცა სნეული გოგონასთვის მისი მწუხარების დღეებში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელს ატარებდა. ოლღამ მამა სერგის გაუმხილა თავისი განზრახვის შესახებ და მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
— შვილო, შენ უნდა გესმოდეს იმ სიტყვების სერიოზულობა, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთხარი. ეს ხომ აღთქმის დადებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.
შემდეგ მოხდა ის, რასაც სასწაულებრივი განკურნება ჰქვია. გოგონას, რომელსაც ექიმებმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანეს და გაწერეს როგორც უიმედო, რათა თავის აღსასრულს სახლში დალოდებოდა, მონასტერში საბოლოოდ განიკურნა. სულ მოკლე ხნის წინ მან მონასტრის ზღურბლს გადააბიჯა თავის ტვინის სიმსივნით. სიმსივნე რომელმაც მას მარცხენა თვალი სრულიად დაუფარა და შუბლზე საშინელი კოპის სახით გამოიზარდა, თითქოს სადღაც გაქრა. კოპი გასწორდა, შუბლი დაეწმინდა და უკვე თვალის გახელაც შეეძლო. იგი იყო სიჩუმის, ქალურობისა და სიმშვიდის ეტალონი, იხსენებდნენ მის შეახებ დედები. არასოდეს სმენიათ მისგან რომ რაიმეზე დაეჩივლა, ეწუწუნა ან ვინმესთვის ხმა აემაღლებინა, რაც ხშირად ახასიათებთ მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანებს.
როდესაც ოლღა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მისმა თანაკურსელებმა და მეგობრებმა დაუწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ლამაზია... რომ საჭიროა სწავლა გააგრძელოს და ოჯახი შექმნას... და მერე, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, კვლავ შეძლებს დაბრუნდეს მონასტერში. ახლობლების მხრიდან ამგვარმა შეგონებებმა მისი სული შეაცბუნა და გოგონას ფიქრები სხვა მიმართულებით წარმართა. ოლღა სასწრაფოდ მივიდა მამა სერგისთან და ყველაფერში გამოუტყდა. მამა სერგიმ ოლღას დადებული აღთქმა შეახსენა...
— მოდი უბრალოდ ვილოცოთ, - შესთავაზა მოძღვარმა ოლღას,- ვევედროთ დედა ღვთისმშობელს: ის მოაწყობს ისე, რომ მიხვდები რომელი გზით წახვიდე.
ასე ილოცეს ერთად. გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნემ კვლავ იჩინა თავი და საოცარი სისწრაფით იწყო ზრდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოლღას სულიერი ზრდაც. მან მორჩილებით და უდრტვინველად იტვირთა თავისი ჯვარი. მიხვდა რომ ეს სნეულება სულის გადასარჩენად მიეცა და თუ ერში დაბრუნდებოდა, ადვილი შესაძლებელია მომხდარიყო ისეთი რამ, რასაც მისი სულის დაღუპვა შეეძლო. და ჩაეჭიდა თავის სნეულებას, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას, რომელიც მას უფალთან მიიყვანდა. ოლღა აღკვეცეს მანტიაში და უწოდეს ევდოკია. ამ დროს მას ჯერ კიდევ შეეძლო ფეხზე დგომა, ამიტომ აღკვეცის წესი ტაძარში აღასრულეს. აღკვეცის წესის თანახმად, გოგონა ჯვრის ფორმით დააწვინეს ხალიჩაზე და იესოს ლოცვის თანხლებით, მანტიით დაფარეს. დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა, ამიტომ საკურთხევლისკენ გზაზე მას მას ორივე მხრიდან იჭერდნენ მონაზონი ბარბარე და მონასტრის მომავალი იღუმენია ასევე მონაზონი ბარბარე. გავიდა კიდევ რამოდენიმე ხანი და სნეულებაში მყოფ მონაზონ ევდოკიას გამოუთქმელი მადლიერების გრძნობა დაეუფლა: იგი ჰმადლობდა უფალს ამ ჯვრის გამო, მისგან მოვლენილი სნეულების გამო. ეს ისეთი საოცარი იყო.
— ისეთი მადლობელი ვარ უფლის – ყვებოდა მონაზონი ნინო,– რომ მომიხდა საკუთარი თვალით მენახა ეს ღვთის სასწაული. დიდ სქემაში აღკვეცის წინ ვესტუმრე მას.
იგი აღკვეცეს ხარების დღესასწაულის წინა დღით, მწუხრისას. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებდა და სრულიად ნათელი გახდა აღსასრულის მოახლოვება. სწორედ სნეული მონაზონის განცდებმა - უსაზღვრო მადლიერების გრძნობამ მასზე დაშვებული განსაცდელის გამო, მამა სერგის გადააწყვეტინა, თხოვნით მიემართა მეუფესთვის, ოცი წლის მონაზვნის დიდ სქემაში აღსაკვეცად. მეც სწორედ ამ მოვლენის წინ მოვინახულე იგი. მასთან ბევრნი შედიოდნენ მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, რომ არ შეეწუხებინათ. სამაგიეროდ ეს რამოდენიმე წუთი საკმარისი იყო იმისთვის რომ სენაკიდან სულიერად გაძლიერებული გამოსულიყვნენ, რადგან ისინი გრძნობნენ ნათელს, რომელიც მადლით გასხივოსნებული მონაზვნის სულის სიღრმეებიდან მოდიოდა. და აი, მიუახლოვდი მის საწოლს და მოვიკითხე. იმ მომენტისთვის საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა და წვეთოვანი ედგა. დედაო ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ასე ძლებდა ზიარებიდან ზიარებამდე. მაგრამ როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა იგი თვითონ ითხოვდა წვეთოვანის დაყენებას. ჩვენი საუბარი გვიანი საღამოთი შედგა. ჩემს შეკითხვაზე თუ როგორ გრძნობდა თავს, მან მიპასუხა:
— როგორი ბედნიერი ვარ!
თავიდან მეგონა რომ მომესმა, ამიტომ დავიხარე და კითხვა გაუმეორე. და კვლავ მესმის პასუხად:
— ძალიან ბედნიერი ვარ!
მის პასუხში, ისეთი სულიერი სიმშვიდე, ისეთი სიხარული იგრძნობოდა... ჩვენ მშვიდად ვისაუბრეთ სიკვდილზე და მარადიული ცხოვრების შესახებ. მას სიკვდილის საერთოდ არ ეშინოდა. იქ ვიყავი, როდესაც მამა სერგი შემოვიდა. მის დანახვაზე დედაომ ხელის მტევნები მკერდზე ჯვრის სახით დაილაგა და წყნარად წარმოთქვა:
— მამაო, მაკურთხეთ, რომ გავიდე!
მან ღიმილით უპასუხა:
— რას ამბობთ სქემმონაზონო ანა, თუ ყველანი მოვკვდებით, მაშ ვინღა ილოცებს? მოდით ვიცოცხლოთ ცოტა ხანით კიდევ!
მონაზონმა მორჩილებით და მოკრძალებით კვლავ ითხოვა:
— მამაო, მაკურთხეთ, რომ გავიდე! მე იქ მინდა!
და ხელით ზევითკენ მიანიშნა. სენაკში ორსართულიანი საწოლი იდგა. მამაომ დრო იხელთა და გაეხუმრა:
—სად იქ? იქ ხომ ჩვენი მგალობლის, ირინეს საწოლია?
— არა, მამაო! მე მეორე სართულზე კი არ მინდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და უფალთან მსურს წასვლა.
ამ სიტყვებს ისე წყნარად და ისეთი სიხარულით წარმოთქვავდა თითქოს დიდი ხნის უნახავ, უახლოეს ადამიანებთან შეხვედრას ესწრაფვოდა. მე ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი,– ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ხდება? არა წიგნში, არამედ აქ, ახლა, ჩემს გვერდით რეალურ ცხოვრებაში. და კიდევ მივხვდი იმას, რომ შესაძლებელია ერთდროულად სნეულებისგან მოწყლული და ნატანჯი სხეული კვდებოდეს და ამავე დროს სული ხარობდეს. და ეს იმ დროს, როცა ადამიანი მხოლოდ ოცი წლისაა და უწყვეტ ლოცვა-ვედრებას აღავლენს უფლის წინაშე იმ ჯვრისათვის, რომელიც მას არგუნეს. და ამ უსაზღვრო მადლიერების გამო მასზე უხვად გარდამოდის ღვთის მადლი, გული კი ტკბილი სიხარულით ივსება. მოგვიანებით გაირკვა რომ მან მართლაც მიიღო კურთხევა წუთისოფლის დატოვებაზე და მამა სერგისთან ერთად აღავლინა ლოცვა ღვთისმშობლის წინაშე.
სქემმონაზონი ანა მშვიდად მიიცვალა 2006 წლის 21 აპრილს. ვნების შვიდეულის დიდ პარასკევს – სწორედ იმ ჟამს და საათს, როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გარდაიცვალა. იგი ბრწყინვალე აღდგომის დღეს დაკრძალეს, სააღდგომო საგალობლების გალობით. მამა სერგიმ კი ხმამაღლა შესძახა:
— ქრისტე აღსდგა! სქემმონაზონო ანა, ქრისტე აღსდგა!
ყველას, ვინც დაკრძალვას ესწრებოდნენ გამოუთქმელი სიხარულის გრძნობა დაუფლებოდათ.
მის გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, მონასტერს ბერი დავითი ეწვია. ის მამა სერგისთან ერთად შევიდა მონაზვნის სენაკში და შეძრა იმ ძალის
შეგრძნებამ რომელიც ''სრულად ვლინდება უძლურებაში'' და რომელც ამ ახალგაზრდა მონაზონს ჰქონდა. ის ხანგრძლივად და მთელი სერიოზულობით აკვირდებოდა მას და მონაზონმა ჰკითხა მას:
— რატომ მიყურებთ ასე სერიოზულად?
— უბრალოდ ვფიქრობ, როგორ დაგეხმაროთ.
მან იქვე მიუგო ბერს:
— მე ყველაფერი კარგად მაქვს!
ნანახით და განცდილით აცრემლებული ბერი დავითი, სასწრაფოდ გამოვიდა სენაკიდან და თქვა:
— მე ვთხოვ, რომ ილოცონ მისთვის ათონის მთაზე.
როდესაც სქემმონაზონი ანა ღვთის წინაშე წარსდგა, ათონის მთიდან დარეკეს და მონასტერს აცნობეს, რომ წმინდა მთის სამ, ღვთივგანბრძნობილ მამას ეუწყა თუ როგორ გაიარა მისმა სულმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საზვერეები და ახლა სრულიად გაბრწყინებული უფლის ტახტთან იმყოფება. მათ ასევე მიულოცეს მონასტერს, რომ სწორედ აქედან გადავიდა მარადისობაში, ასეთი წმინდა სული. იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა სქემმონაზონ ანას დაუდგინა, მან იგემა როგორც მწუხარებით, ისე ღვთის წყალობით სავსე თასი და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით მიიღო ღვთისგან ეს ყველაფერი.




კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (03.01.2017)
ნანახია: 113 | ტეგები: ეს საოცარი ამბავი 2005 წლის 28 აპრი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0