ავგაროზი (სინური თარგმანი)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ავგაროზი
(სინური თარგმანი)

გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა.

მთავარის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზესასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: "ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არაგიხილავ და გრწმენე... შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისათვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ – ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებსაც შენთან ერთად."

გახარებული ანანია ედისისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცზოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით , რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომცხვარ კეცს შორის ჩაასვენა.შუაღამისას ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ხელში მოხვდა. იგი იქ ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ატცამეტ მამათაგან ერთერთმა და ეს დიდ სიწმინდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოაბრძანა. როცა წმიდა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლოებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით მე-7 ულუ(1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი მე-7-ს (1393-1407) მეფობაში, ტემურ ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსგულოთა შიშით ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამყოფელის საიდუმლო, რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს , იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისგან განთავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისაგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათდაგანი მოციქულის, თადეოზის ჩასვლამდე., რომელმაც სახარება უქადაგა და ნატელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს, შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა.

მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმინდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ –ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა.გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.

გავიდა მრავალი წელი. ქალაქის მაცხოვრებლებმა სრულებით დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმინდის მფლობელები იყვნენ. 539, სხვა ცნობით -545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესას. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელთმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმინდე გამოასვენა.მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა და ლიტონიობის შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა.

630 წელს ედესა უკვე არაბებმა დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე მე-7 პორფიროგენეტმა (912 -959) გადაწყვიტა, სიწმინდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში – კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი – ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

მაცხოვრის ხატი კონსტანტილოპოლში მე-13 საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო- ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული.

მე-13 საუკუნის დასაწყისში კონსტანტილოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა- მაჰმადიანური სამყაროს გარდა მას კათოლიკური ეკლესიაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტილოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა.

სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი მე-9 კონსტატინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო, რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივ გადავიდა; იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმიდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს, ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები.

1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი – თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათალიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული.




ებისტოლე ავგაროზ მთავრისაჲ,
რომელი მიუწერა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა


ავგაროზ მთავარი ქალაქისა ედესისაჲ, იესუს მაცხოვარსა მეუფესა სახიერსა, გამოჩინებულსა ქალაქსა იჱრუსალიმსა, გახარებ: მესმის შენთჳს და საკჳრველებათა შენთათჳს, რამეთუ თჳნიერ თივათა და წამალთა იქმ კურნებათა, რამეთუ სიტყჳთ ხოლო განჰკურნებ: ბრმათა თუალთა აღუხილავ, მკელობელთა ავლინებ, კეთროვანთა განსწმედ და სულთა არაწმიდათა იოტებ, და თჳთო სახეთა სენთაგან გუჱმულთა განაცოცხლებ, და დედაკაცსა წიდოვანსა შეხებითა სამოსლისა შენისაჲთა ულხინებ და მკუდართა აღადგინებ.

ესე ყოველი რაჲ მესმა შენთჳს, გონებასა ჩემსა დავიდევ ერთი ორთაგანი: ანუ თუ შენ ხარ ღმერთი, რომელი გარდამოჰჴედ და იქმ ამათ ესევითართა საკჳრველებათა, ანუ ძე ხარ ღმრთისაჲ, მოქმედი ამათ სასწაულთაჲ, ანუ წინასწარმეტყუელი დიდი.

აწ უკუე გევედრები, რაჲთა თავს-იდვა შრომაჲ და მოსლვაჲ ჩემდა მომართ და ვნებაჲ ესე, რომელ არს ჩემ თანა, განჰკურნო, ხოლო მესმა, თუ ჰურიანი დრტჳნვენ და ჰნებავს მოკვლვაჲ შენი. უკუე ჩემდა ქალაქი მცირე, რომელი ესე კმა გუეყოს ორთავე - შენდა და ჩუენდა. და მშჳდობაჲ შენდა


ებისტოლე უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტესი,
რომელი მიუწერა ავგაროზ მთავარსა და მიუძღუანა ჴელითა ანანიაჲსითა

ჯერ არს ჩემდა პირველად აღსრულებად განგებულებისა ამის, რომლისთვისცა მოვლინებულ ვარ მომავლინებელისაგან ჩემისა. და აღვასრულო, რაჲთა ავმაღლდე ზეცად. და შემდგომად ამაღლებისა ჩემისა მოგივლინო შენ ერთი მოწაფეთა ჩემთაგანი, სახელით თადეოზ, რომელმან განგკურნოს შენ და შენთანი. და ცხორებაჲ მოგცეს შენ და ქალაქსა შენსა, რომელსა ეწოდების ედესაჲ, რამეთუ არა ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მას.          რამეთუ წერილ არს ჩემთჳს: ნეტარ არიან, რომელთა მიხილონ და ვჰრწმენე. ხოლო სამგზის სანატრელ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. და შენცა, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენა, განმზადებულ არს შენდა ცხორებაჲ სულისა და ჴორცთაჲ და სახლსა შენსა და საცხორებელად ყოველთა, რომელნი გხედვიდენ შენ. რამეთუ მე მოვდრიკენ ცანი და გარდამოვჴედ ნათესავისათჳს კაცთაჲსა და საშოჲ ქალწულისაჲ დავიმკჳდრე, რაჲთა გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, რომელი იქმნა სამოთხეს შინა, აღვჴოცო. თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აღგამაღლნე.

ხოლო რომელ მოსლვისათვის ჩემისა მოგეწერა ჩემდა, ჯერ არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა ჯუარცმად და მესამესა დღესა აღდგომად.

ხოლო ებისტოლე ესე ჩემი სადაცა იპოვოს-გინა თუ გზასა ზედა, გინა თუ ზღუასა შინა, ანუ თუ სამშჯავროსა შინა, გინა თუ ვისმე აჴურვებდეს, ანუ აძრწოლებდეს, ანუ მტერისაგან შეპყრობილ იყოს, ანუ მწამლველობისაგან, გინა სხჳსა რაჲსაგანმე სნეულებისა, ყოველივე დაიჴსნას.

ხოლო რომელსა ეტჳრთოს ებისტოლე ესე ჩემი, არს-მცა წმიდა და განყენებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რამეთუ ყოველივე ჴელითა ჩემითა დაწერილ არს და დავბეჭდე ესე შჳდითა ბეჭდითა, რომელნიცა ქუჱმოწერილ არიან.


ესე არიან შჳდნი იგი ბეჭედნი:


თარგმანი თჳთოეულისა ბეჭდისაჲ:


ხოლო  ჯუარი ამას გამოაჩინებს, რომელ ნეფსით დაემსჭუალა მას ზედა.

ხოლო  ფარი ფარვილ-ყოფასა საჲდუმლოთასა მოასწავებს, რამეთუ კაც იქმნა ჭეშმარიტებით განცხადებულად და არა ფარულად.

ხოლო  ქანი ქერობინთა საყდართა განსუჱნებასა მისსა მოასწავებს.

ხოლო  ენი იტყჳს: "ესე არს ღმერთი პირველი და სხუაჲ თჳნიერ მისსა არა ვინ არს ღმერთი."

ხოლო  ინი მეტყუელებს, ვითარმედ იგი არს მეუფე მაღალი და ღმერთი ღმერთთაჲ.

ხოლო  რაჲ იტყჳს, რამეთუ მჴსნელ ვეყავ მე ნათესავსა კაცთასა.

ხოლო  დონი იტყჳს: "დიდ ვარ მე და მაღალ და საშინელ და ცხოველ ვარ მე უკუნისამდე"

"ზღუდე ვარ მე ედესიისაჲ
და უტყუველისა მის აღთქუმისა წინდი"

მიიწია რაჲ ებისტოლე უფლისაჲ ავგაროზის მიმართ მთავრისა, ესმა, ვითარმედ მოსწრაფე არიან ჰურიანი მოკლვად იესუსსა, წარავლინა ავგაროზ მთავარმან მალემსრბოლი და ჴელოვანი მხატვარი, რაჲთა გამოსახოს მან ხატი უფლისაჲ და მოჰგუაროს მას.
          მიიწივნეს რაჲ მხატვარი და მალემსრბოლი ბჭეთა იჱრუსალიმისათა, აჰა უფალი შეემთხჳა მათ და სიტყუა-უგო და ჰრქუა მათდა მიმართ: "კაცნო, მსტოვარნი ხართ თქუენ?" მიუგეს და ჰრქუეს მათ: "წარმოვლინებულნი ვართ ავგაროზისნი ხილვად იესუჲს ნაზარეველისა, რაჲთა ვიხილოთ ხატი მისი".
          და აღუთქუა მათ უფალმან შესაკრებელად მისლვად. და ესე რაჲ ჰრქუა მათ, თანაწარჰჴდეს მას. ხოლო ხვალისა დღე წარვიდოდა უფალი შესაკრებელად და დაჯდა მუნ და ასწავებდა სიმრავლესა ერისასა.
          ხოლო მხატვარი შევიდა და დადგა დამართებით მისა და იწყო წერად სახესა იესუჲსსა და ვერ ძალ-ედვა მას გამოხატვაჲ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ხატსა პირისა მისისასა გულისჴმის-ყოფად და ვერცა განიცდიდა მსგავსებასა მისსა.
          მაშინ ვითარცა იხილა მოყუასმან მისმან, აჭენა და ჰრქუა მას: "შევედ შორის მისსა და მიეც ტილოჲ ეგე, რომელ გაქუს ავგაროზისგან, ჴელთა მისთა".
          ხოლო იგი შევიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ყოველივე გამოუცხადა წინაშე ერისა მის და მისცა ტილოჲ იგი. ხოლო უფალმან მიიღო წყალი ჴელითა და დაიბანა პირი და დაიდვა ტილოჲ იგი პირსა ზედა თჳსსა. და მეყსეულად გამოისახა ხატი პირისა მისისაჲ მას ზედა. დაუკჳრდა ყოველთა მუნ მსხდომარეთა, რომელთაცა იხილეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა.
          ხოლო ტილოჲ იგი მისცა თადეოზ მოციქულსა და უბრძანა შემდგომად ამაღლებისა მისისა წარსლვად ედესე ქალაქად და განკურნებად სენსა და ყოველსა ცისად-ცისად გუჱმულებასა. და შემდგომად ამაღლებისა უფლისა წარვიდა სიტყჳსაებრ უფლისა.
          ხოლო მიიწივნეს თადეოზ და მისთანი იგი ქალაქსა ერთსა, რომელსა ეწოდების იერაპოლი. და დადგეს იგინი გარეშე ქალაქსა, სავანესა მას მეკეცეთასა. და დადვეს წმიდაჲ იგი ტილოჲ შორის ორთა კეცთაჲსა და დაფარეს, რამეთუ ეშინოდა. და ვითარცა დაიძინეს, მახლობელად მათსა, აჰა ესერა, ღამესა მას გამოჩნდა სუჱტი ცეცხლისაჲ ზეცით და დაადგრა ზედა ადგილსა მას, სადა იყო ხატი უფლისაჲ.
          და ვითარცა იხილეს მცველთა მათ ქალაქისათა სასწაული იგი, აუწყეს მთავარსა მას ქალაქისასა. და გამოვიდა მთავარი იგი ერითურთ. და პოვეს მათ ხატი უფლისაჲ შორის ორთა მათ კეცთაჲსა, სადა-იგი დგა სუჱტი ცეცხლისაჲ. და ენება მიღებაჲ ხატისაჲ მის. ხოლო კაცმან მან მალემსრბოლმან და მხატვარმან მიუგეს და ჰრქუეს, ვითარმედ ავგაროზისნი არიან. და ვითარცა ძიება-ყვეს, განიზრახვიდეს წარღებასა მისსა და მეყსეულად პოვეს ერთსა მას კეცსა ზედა გამოხატული ხატი უფლისაჲ, ვინაჲ-იგი მიეახლა წმიდასა მას ტილოსა, რომელთა შორის დაეკრძალა კაცთა მათ.
          მაშინ კეცი იგი აღიღო მთავარმან ქალაქისამან და დადუმნა, ხოლო ტილოჲ იგი მისცა მოციქულსა და მალემსრბოლსა მას. და ვითარცა წარვიდა თადეოზ და მისთანი იგი, ვინაჲ-იგი მოივლინნა უფლისა მიერ და ვითარცა მიეახლნეს უტევან ერთ ქალაქსა მას, პოვეს ვინმე განრღუჱული ქუჱმდებარე, რომელი ითხოვდა პურსა და დასდვა ჴელი მას ზედა და შეეხო ხატსა მას უფლისასა და მეყსეულად აღდგა, ხლდომით ვიდოდა და სრბით შევიდა ქალაქად და მივიდა იგი დედისა თჳსისა. იხილეს იგი ყოველთა და დაუკჳრდა და იტყოდეს: "არა იგი არსა ქუჱმდებარე და ბდუნევით მავალი, ქურივისა მის ძე?"
          და მყის მიიწია სიტყუაჲ ესე ავგაროზის მთავრისა. ხოლო მან მიუწოდა ყრმასა მას და ჰკითხა: "ვინ განგკურნა შენ, ყრმაო?" მიუგო და ჰრქუა: "კაცმან ვინმე მპოვა გარეშე ქალაქისა, ჴელი შემახო და განვიკურნე".
          ჰგონებდეს ავგაროზ, ვითარმედ უფალი არს. და მსწრაფლ წარავლინა, რაჲთა ცნას. და პოვა თადეოზ მის მიერ მივლინებულთა მათ თანა. და მი-რაჲ-ვიდეს პალატად, შეიწყნარნეს სიხარულით.
          ხოლო ავგაროზ დაჴსნილ იყო და მდებარე ცხედარსა ზედა ექუს წელ. მაშინ მიიღო ტილოჲ იგი ჴელითა მისისა, რომელსა ზედა გამოეხატა ხატი უფლისაჲ და ამბორს-უყო მას სიხარულით და მეყსეულად განიკურნა იგი. მასვე ჟამსა აღდგა და ვიდოდა უვნებელად სრულად. და ჰრქუა თადეოზ მოციქულსა: "რაჲ ჯერ-არს ყოფად ჩემდა?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "ესრეთ ჯერ-არს პირველად ყოვლისა, რაჲთა ნათელ-იღო".
          ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა. ვითარცა უქადაგა სახარებაჲ უფლისაჲ, შთაიყვანა იგი წყაროდ, რომელსა ეწოდების კერასაჲ და ნათელ-სცა მოციქულმან თადეოზ ავგაროზს, ცოლსა და შვილთა მისთა და ყოველთა სახლეულთა მისთა სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. იხარებდეს ყოველნივე და განწმიდნა ყოველნი ყოვლისვე ვნებისაჲ და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


ანჩისხატი

ნამდვილი ხელითუქმნელი ედესიის ხატი



წარწერა ანჩისხატის კარედზე ადასტურებს მის ხელითუქმნელობას


კათალიკოზ-პატრიარქის დომენტი III წარწერა
ხატის კუბოს დაბლა პირზედ:

"ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ჴელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატთ-მბრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულ იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართუჱლოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ წ. "კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ წ. ქორონიკონსა ფიგ."


"ნუ სცთებით ღუთისმბრძოლნო ჩუენდა მომართ დაღაცათუ ხელით უქმნელ არს, საშინელი ესე ბეჭედი"

"პირი-ღვთისა ანჩისხატი, უაღრესი სიწმიდეა მთელი ქრისტიანობი¬სა. ვინც დააკვირდება შენიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გა¬მო¬სახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადათ სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა; შუბლის გარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი. პირი-ღვთისა ანჩისხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი. ამის სა¬ბუ¬თად მომყავს: ა) რომ ძველთგანვე ქართველი ერი უწო¬დებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხა¬ტისა იმთავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 (29) აგვისტოს, ე. ი. სწორეთ იმ დღეს, რომელიც პირველში¬ვე ედესიიდგან კონსტანტინეპოლში მოს¬ვე¬ნებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღე¬სასწაულოდ; გ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩის ხატს, როგორც პირი ღვთის, ხელითუქმნელს ხატ¬სა; დ) საქრისტიანო საზოგადო გარდმოცემით, ედესიის ხელით¬უქ¬მნე¬ლი ხატი საბერძნეთიდამ (კონსტანტინეპოლიდან) გად¬მო¬ტანილია და იმ¬ყოფება საქართველოში. ამას უამრავი წყარო ადასტურებს. XVII ს-ში დომენტი კათალიკოზმა ქვემო ჭალიდან ხატი დიდის ლი¬¬ტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.

* * *
ტროპარი ანტონ მარტყოფელისა

ხატად ღვთისა შექმნილმან, წმიდაო არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი. თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუჱნისა ანტონ მარტყოფელისა (მესუჱტისა) შემოკლებით

...და შემდგომად უკანასკნელთა დღეთა და ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე (613 წ.) მოადგა ედესია ქალაქსა და უწყო თხრა ქუჱშე ზღუდესა და ეგრეთ შევიდეს, რომელ ვერა აგრძნან თუ ჰბრძავსო. მაშინ ღმერთმან არა დაიდუმა უტყუჱლი აღთქმა, რომელ აღუთქვა, ვითარმედ ,,ზღუდე ვარ მე ედესიისა" და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღუთისა და ჰრქუა, ვითარმედ ,,მას, რომელსამე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით უქმნელი და დაფარული" და ვითარცა განიღვიძა ეპისკოპოსმან, გულის ხმა ჰყო ჭეშმარიტით ძილსა შინა ჩუჱნებულსა მას და განთიად წარვიდა ლიტანიით, ადგილსა მას და ჰპოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყუნელი და კანდელი იგი წინაშე მისსა აღნთებული ეგო, ეგე ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა და გარდააწუჱთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა და მეყუსეულად, ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს და ვითარცა მტუჱრი განიბნივნეს და უჩინო იქმნნეს; ხოლო რომელი იგი კეცი საფარუჱლად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა, რომელი იგი სწორებით პატივ იცემებოდეს და ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა დაესვენნეს.
          მაშინ წმიდამან ამან ანტონიმ იძია მოძღურისა თჳსისა გზა და ისწავა ჭეშმარიტი და ცნა, რამეთუ წარვიდა სომხითის ჩრდილოეთით კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიხსენნეთ, დავით და დოდო და შიო ანტიოქიელი და რვანი სხუანი მოწაფენი იოანესნი, ერთისა საზღურისანი: ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესეცა ეძვინებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა იყუნეს საუფლონი იგი ხატნი და აღიყუანა კეცი რომელ საფარუჱლად მის ხატისა ყოფილ იყო და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინრად წარმოიღო, წინა ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედა, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ, ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა: იოანეს ახილვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით, დოდოს ათ სამეტ მილიონ. ოდეს ყოვლად სანატრელი დაემკჳდრა იოანესა თანა მთასა ზედა ზედაძენისასა, შემდეგ რაოდენისამე დროსა, ბრძანებითა ღუთისმშობლისათა, წმ. იოანემ განუტევა ნეტარნი მოწაფენი თჳსნი საქადაგოთ; რაოდენნი მათგანი წარვიდნენ ქართლს, მიემთხვივნეს მთასა დვალეთისასა, ზოგნი წარვიდეს კახეთს, რომელთა შორის იყო ეს სანატრელიცა მამა ანტონ. ოდეს ესმინა მას ბრძანებაჲ მამისა თჳსისისა წარსვლა საქადაგოთ, იპყრა ხელსა შინა თჳსსა წმ. ხატი უფლისა, რომელიც აქუნდა მას მარადის, სიხარულით შეუდგა კუალსა სამოციქულოსა. პირუჱლად მოვლო ქადაგებითა ჩრდილოეთის არენი მთისა ზედაძნისანი და მკჳდრთა მათთა კერპთმსახურთა უქადაგა უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე. მრავალნი მათგანნი მოაქცივნა და ნათელს ჰსცა, სახელითა წმ. სამებისათა. შემდეგ ამისა, ოდეს განავრცო სარწმუნოებაჲ, დაუტევა აქ მღუდელნი, წარვიდა თჳთ საქადაგოდ კახეთს, განვლო მთა იალდოსი, მივიდა და მოიკითხა თანა მოღუაწე თჳსი ღირსი და ნეტარი მამა ზენონ იყალთოელი. შემდეგ რაოდენისამე დროსა ნეტამან ანტონ დაუტევა იყალთო, მივიდა თანა მოღუაწესთა თჳსთა და მოიკითხა ღირსი და ნეტარი იოსებ ალავერდელი. მასთანა ღირსმან დაჰყო ფრიადი დრო, დამტევებელმან რაოდენისამე შემდეგ დროსა სხუათა თანა მოღუაწეთთა, დაემკვიდრა ხევსა შინა ლოპოტანისასა, აქა დამკჳდრებისა შემდეგ, მოვლო სანატრელმან ქადაგებითა ყოველნი სანახებნი მის ადგილისანი და დაარწმუნებდა ყოველთა მათ მრავლითა საკჳრუჱლებითა, რომელნი იქმნებოდენ ხატისაგან მის საუფლოსა. მობაძავნი მის მოღუაწებისანი მრავალნი დაუტევებდენ სოფელსა და მონაზონ იქმნებოდენ, რომელნი დაემკჳდრებოდენ მას ღელესა შინა, - არა დამტევებელი ადგილი იგი მრავალთა მომსვლელთა, ნეტარმა აღურჩია სხუა ადგილი ალაზნისა გაღმა, რომელთა აღუშენა მათ მონასტერი. შემდეგ ამისა, არა უდებ ქმნილი - ნეტარმა დაუტევა მონასტერი თჳსი, მოვლო ქუჱმო კახეთი ქადაგებითა და დაემკჳდრა უვალსა მთასა ზედა ახმეტისასა. შემდეგ რაოდენისამე დროსა პოვნილ ქმნილი მცხოვრებთა მიერ ახმეტისასა და რათა შეაწუხებდნენ მას; დაუტევა ადგილი იგი თჳსი და მიემთხჳა მთასა აკრიანისასა, ანუ აწინდელ მარტმყოფისასა. ხოლო მუნ თქუჱსვე, რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზრდელად გუამისა თჳსისა ირემნი და იყო მთა უღაღი და სერტყიანი და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე და ესე ირემნი წარჳდიან ველსა და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წუჱლის; ვითარ მწყემსნი, მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მიიწივნეს უჟამოდ და ფრთხინ და უკან ნუკრი მოსდევდა, ჴორც შეკუჱთილი და ესე და უკჳრდა წმიდასა მას და თქუა გულსა შინა თჳსსა, თუ ,,სადა ვინ შეემთხჳა". რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა და მყის ვითარცა კაცთა თუალ მმრუმედ ხედვასა თანა ჰრქუა ,,რა არს ეგე" და მათ ვითარცა პირ მეტყუჱლთა თავ მიზიდვით ჰრქუჱს. შემომიდექ და გიჩვენოთ და შეუდგა კუალსა მათსა და მიიწია მას ადგილსა სადა იგი შემთხვეულ იყო მათდა და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხვია და ჰრქუა. ვინ ხარ: ხოლო წმიდა იგი ჴელითა უჩუჱნებდა სადა იგი იყოფოდა და ყოველსავე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა: მაშინ მთავარმან ჰრქუა. მე შენი არა მესმის და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგეცა მოგკუჱთო: და ჰრქუა. წარიყუანეთ მჭედლისა თანა და ვითარცა მიიყუანეს, მჭედელმან შანთი გაახურვა და გამოიღო, რათა ხელი მოჰკჱთოს და დავარდა ქვე და ხელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ხელი, და ვითარცა ნაკუჱრცხალი ხელითა აღებული მიუპყრა და ჰრქუა. ,,ჰყავ ადრე ბრძანებული შენდა" და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა და ჰრქუჱს ყოველი ხილული და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყუანონ და ვითარცა მიიყუანეს, ჰრქუა მას. რა ჰგნებავს სთქუ და ყოველი მიგცე; ხოლო მცირედი ქუა უჩუჱნა მან, ვითარ სამეული და ილოკდა და ცნეს რამეთუ მარილი უნდა და მოართუჱს ორი ოდენ ქუა განუტეხელი და მან მოახლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა და ალოკა ფურთა თჳსთა და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა მისისა და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცუალა და ჩუჱნ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად და სასწაულთა მოქმედამს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღჳს ქჳშათა ვიდრე საკჳრუჱლებათა საუფლოსა მის ხატისათა; გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მანვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა და უკეთუ სოლომონცა იყო, ვერცა მან შეუძლოს აღრიცხვად თჳნიერ ღუთისა მხოლოჲსა.
          ღირსი მამის - ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში შემობრძანებული კეცის ხელითუქმნელი ხატის ანუ კერამიონის დღესასწაული აღინიშნებოდა ფერიცვალებას (ახ. სტ. 19 აგვისტო). აბუსერისძე-ტბელის განმარტებით: "ვინაჲთგან მიემადლა ნათესავსაცა ჩუენსა მოწყალებითა ღმრთისაჲთა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტყოფელისა მიერ. და დღესა ფერისცვალებასა ვემთხუევით კეცსა ზედა გარდამოტKფრულსა ტილოჲსა მიერ."
          ასწლოვან ისტორიაში დავით ულუს მეფობის აღწერისას ორგან ვხვდებით ცნობას კეცის ხატის შესახებ:
          ა) "დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას Pელითუქმარსა, რომელი თKთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ, კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე."
          ბ) სიბადიდან მომავალ მეფე დავითს "მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა, და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და, ვითარ მკუდარი, იდვა უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა Pორცშესხმულისა ღმრთისასა."
          ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთი რ. კიკნაძემ, თბილისი, 1987 წ. გვ. 142 და 156.



ქაშუეთის ტაძარში მინაზე გადასული
მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი

ტროპარი
ლიტანიობდით და გალობდით, აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული, ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩის-ხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი იეროპოლით მოვიდა ხატი ესე საშინელი! ჩვენ მოსავთა მისთა მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა.


კონდაკი
მზეებრ მზისა ღმერთი გამოგვიჩნდა, ვითარცა თაბორს. ეგრეთვე აქა და ვითარ პირველ ტილოსა. ეგრეთვე კუალად კეცსა ზედა. მაცხოვრად მღაღადებელთა. შენ თაყვანისგცემთ ხატო საშინელო!


პორტ-არტურის ღვთისმშობლის ხატის ისტორია



"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა
მობრძანდა თავის მამულში"

2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “პორტ-არტური”. იგი იმ ხატის ასლია, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა. ხატის ისტორია ასეთია: ერთხელ ღამით მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. მან თავად ღვთისმშობელი დაინახა, რომელიც ანგელოზებით იყო გარშემორტყმული. მათ სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. იგი მეზღვაურს უცქერდა და, ამავე დროს, ზურგით ზღვის ყურისკენ იდგა. მას ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელსაც გარს იასამნისფერი არშია ჰქონდა შემოვლებული, შუაში კი მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი იყო გამოსახული. ღვთისმშობელს ლურჯი სამოსი ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი თავსაბური ებურა. შორიდან ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეზღვაური მიხვდა, მეზღვაური მიხვდა, რომ დედა ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული. ამ ყოველივეს ზევით კი – თავად უფალი საბაოთი, უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული და გაისმოდა სიტყვები: “და იყავნ თქვენ ერთ მწყემსს და ერთ სამწყსო”. ღვთისმშობელი თავისი ფეხებით თელავდა გაშიშვლებულ და გადატეხილ ხმლებს.
          ამ ხილვით თავზარდაცემული მეზღვაური ძლიერ შეცბუნდა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: “შორეული ზღვის სანაპიროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე იგი პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი მოთავსდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენ”. შემდეგ არაჩვეულებრივმა, დამაბრმავებელმა სინათლემ მოიცვა ოთახი და ჩვენება გაქრა.
          ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადჭმიდა ღვთისმშობლის ხატი მართლაც შეიქმნა და “პორტ-არტურის” ღვთისმშობელი ეწოდა. 1980 წელს ხატმწერმა მიქაელ ოსიპენკომ ნახა იგი ქალაქ კირჟაჩში მოქმედ ერთადერთ ტაძარში და გადაწყვიტა შეექმნა მისი ასლი. 2003 წელს, როდესაც უკვე ასი წელი გავიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადები შემდეგ, ხატის ასლი დასრულდა. გადაწყდა ეს ხატი რუსეთიდან ჩინეთში, პორტ-არტურში გადაესვენებინათ, რათა აღსრულდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სურვილი, რომელიც რატომღაც 100 წლის მანძილზე ვერავინ შეასრულა. თბილისში ეს ხატი ღვთის განგებით ციმბირიდან მოასვენეს. კითხვაზე თუ რა მიზნით ჩამოაბრძანეს ხატი მაინცდამაინც საქართველოში, მომლოცველებმა შენიშნეს: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა მობრძანდა თავის მამულში”. ამ ხატის ისტორია საქართველოს ტყუილად როდი დაუკავშირეს. გარდა იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც – ჩვენი მხსნელი ანჩისხატიც ხომ აქ ბრძანდება და როგორც ღვთისმშობელი გატეხილი ხმლებით მიგვანიშნებს, მოწევნულ ჟამს მართლმადიდებლებისგან ბოროტის ძლევა იარაღით კი არა, სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მეშვეობით უნდა მოხდეს. ღვთისმშობლის თავზე დამდგარი ცისარტყელებიც ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა. ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის, რათა ჭეშმარიტად ვიყოთ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო. პორტ-არტურის ხატის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოსა და სამართლმადიდებლოს.



აპოკრიფები "ავგაროზის ეპისტოლის" შესახებ


"ავგაროზის ეპისტოლის" სახელწოდებით ცნობილი თხზულება აპოკრიფული მწერლობის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია, რომელმაც ასახა, ერთი მხრივ, ადრეული, აღმოსავლური ქრისტიანობისა და, მეორე მხრივ, შუა საუკუნეების ბერძნულ-ბიზანტიური სამყაროს სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობა. თხზულების ლიტერატურული ისტორია ძალზე საინტერესოა. მას საფუძვლად უდევს III ს-ით დათარიღებული სირიული გადმოცემის ცენტრალური მონაკვეთი - ავგაროზისა და იესო ქრისტეს ეპისტოლეები. თავად გადმოცემა მოგვითხრობს სირიის ერთ-ერთი ქალაქის, აღმოსავლური ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრის - ედესის მოქცევისა და პალესტინელი ებრაელის - ადეუსის (ბერძნული ტრადიციის მიხედვით - თადეოზ მოციქულის) მოღვაწეობის ამბავს. ძეგლს პირველად წერილობით ვხვდებით ევსები კესარიელის ,,საეკლესიო ისტორიაში", V ს-ის სირიულ ძეგლში ,,ადეუსის სწავლანი". გადმოცემა მეტად პოპულარული იყო. მას ეხებოდნენ, როგორც ეკლესიის მამები, ასევე ისტორიულ თხრობათა, ,,ქრონოგრაფთა," შემდგენლები. სირიულ მწერლობაში ძეგლმა მიიპყრო ეფრემ ასურის (IV ს.), იაკობ საგურელის (V-VI სს.), იოსებ სტილიტის (VI ს.), დიონისე ტელმარას (IX ს.) და სხვათა ყურადღება, ხოლო ბიზანტიელ ავტორთა გადმოცემით დაინტერესდნენ პროკოფი კესარიელი (VI ს.), ევაგრე სქოლასტიკოსი (VI ს.), გიორგი ამარტოლი (IX ს.), სვიმეონ მეტაფრასი (X ს.), ლეონ გრამატიკოსი (XI ს.) და სხვანი.

          ეპისტოლეთა ტექსტებს ვხვდებით უძველეს პაპირუსებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებში (IV-V სს) ჩრდ. ანატოლიაში, ედესაში, მაიუმში, ნესანში, ეფესოში. მათი შინაარსი სიტყვა-სიტყვით იმეორებს სირიული ლეგენდის შესატყვის ეპიზოდს.

          უკვე VI ს-ის ბიზანტიელი ავტორი ევაგრე სქოლასტიკოსი ,,საეკლესიო ისტორიაში" ვრცლად უთმობს ყურადღებას იესო ქრისტეს ხატის საკვირველმოქმედ ძალას, რომლის წყალობითაც ხოსრო სპარსთა მეფის შემოსევის დროს ედესა გადაურჩა მტრის დარბევას. ამ პრობლემის გაშლას კი ხელი შეუწყო VIII-IX სს-ში ბიზანტიაში ხატთმებრძოლთა და ხატთა თაყვანისცემის მომხრეთა შორის ფართოდ გაშლილმა ქრისტოლოგიურმა კამათმა. იოანე დამასკელის ,,სიტყუა წმიდათა ხატთათჳს" და ,,გარდამოცემა უცილობელი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა" მიმართული იყო სწორედ ხატთმებრძოლთა წინააღმდეგ. ხატი ასახვაა განკაცებული ღმრთისა. მისი მეშვეობით მოკვდავს შეუძლია ღვთაებრივი ენერგიის შეგრძნება და მასთან მისტიკური მიახლოება,- ამბობს თეოდორე სტუდიელი (ეპისტოლეები პაპ ლეონ III-ის, პავკრატესა და პასქალის მიმართ). თხზულება ქართულ სამწერლობო ტრადიციაში დაცულია ორი რედაქციით: მოკლე და ვრცელი. ორივე ეს რედაქცია შესრულებულია XI ს-ში და უკავშირდება შავი მთისა და სინის მთის ქართულ სამწიგნობრო კერათა ისტორიას. თხზულებამ XIXს. ბოლოს მიიპყრო ქართველ მკვლევართა ყურადღება. გამოიცა გელათისა და ალავერდის ოთხთავებზე დართული ტექსტები. 1914 წ. ლ. მელიქსეთ-ბეგი შეეხო ,,ავგაროზის ეპისტოლის" ქართული და სომხური რედაქციების მიმართების საკითხს.

          გელათური ტექსტის მთარგმნელ-რედაქტორად აღიარებული იქნა გიორგი ათონელი. რაც შეეხება ,,ეპისტოლის" ალავერდული თარგმანის მთარგმნელ-რედაქტორის ვინაობას, თავად ალავერდის ოთხთავზე დართული ანდერძის საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ თხზულების ეს ქართული ვერსია ექვთიმე ათონელის სახელს უკავშირდება.

          ,,ავგაროზის ეპისტოლის" ძველი ქართული რედაქციების შესწავლისას გამოიყო 8 ძირითადი ხელნაწერი, რომელთაგან 4 - ადრეული, X-XIII საუკუნებისაა.
АA 484-1054 წელს კალიპოსზე, ღვთისმშობლის ლავრაში გადაწერილი მდიდრულად მოკაზმული და მინიატურებით შემკული ალავერდის ოთხთავი.
შინ 78-XI ს-ის, ორი განსხვავებული ხელნაწერის საფუძველზე შედგენილი ნუსხა, რომლის I ნაწილი უნდა წარმოადგენდეს ლიტურგიკული კრებულის ფრაგმენტს. სწორედ აქაა მოთავსებული ,,ავგაროზის ეპისტოლის" ტექსტი.

QQ 908-XII ს-ის მდიდრულად შემკული, კონსტანტინოპოლური რედაქციის გელათის ოთხთავი.
AA 496 - XIII ს-ის ლარგვისის ოთხთავი
AA 1110 - XIV - XV სს. კურთხევანი
HH 1331 - XIV - XV სს. კურთხევანის ტიპის კრებული
HH3027 - XVI - XVIII სს. კურთხევანი

XV - XVII სს დათარიღებული ბერძნულ-ქართული კრებული, დაცული პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში.

         ამ რვა ხელნაწერიდან არჩევანი შევაჩერეთ სინურ თარგმანზე, რადგანაც იგი ყველაზე გავრცელებული ტექსტია - შესრულებული XI ს-ში და წარმოადგენს ბერძნული არქეტიპიდან მომდინარე ვრცელ ქართულ რედაქციას. მას ვხვდებით ყველა სხვა ნუსხაში (გარდა ლარგვისის ოთხთავისა).


ს ი ნ უ რ ი:
სინური თარგმანი არის აღვსების კვირის ლიტურგიის ნაწილი. შინ 78 - ში აპოკრიფი ჩართულია ზიარების ლოცვებსა და სახარების თავთა საკითხავებს შორის, რომელთა შესწავლამ და ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში მათმა გარკვეული სისტემით დადასტურებამ გვავარაუდებინა თხზულების, როგორც ლიტურგიკული ტექსტის, გააზრების ფაქტი. აპოკრიფის ამ ქართული თარგმანის პოპულარობაც, როგორც ჩანს, მისმა პრაქტიკულმა შინაარსმა განაპირობა, ოღონდ გვიანდელ ნუსხებში (AA 1110, HH 1331, HH 3027) ტექსტი ჩართულია სამკურნალო ლოცვათა შორის, სიტყვა ,,ავგაროზი" ზოგადი სახელის შინარსს იძენს და აერთიანებს ზოგადად ამ ტიპის ლოცვებს.
 

ნ. ჩხიკვაძე.
შემოკლ. ჟურნ. "გზა სამეუფო", თბ; 1996, #1.

 

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (01.01.2017)
ნანახია: 118 | ტეგები: ავგაროზი, სინური თარგმანი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0