რჩევები მედავითნეებს


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

რჩევები მედავითნეებს

 

 ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

 

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ. ვინ მოგდევს უკან? სად მიეჩქარები? ნუთუ შეგენანება, რომ მთელ კვირაში ერთი საათი მოახმარო გულსმოდგინე, გონიერს და გულითად ღვთის ვედრებას? შეიგნე, ნუ გააჯავრებ უფალს, ნუ დაამცირებ ლოცვას, ნუ აცთუნებ ხალხს და ნუ ჩქარობ.

2. ისე წაიკითხე, რომ პირველად შენ თვითონ გესმოდეს, რასაც კითხულობ, რათა შენ მიერ კითხულმა ლოცვებმა და ფსალმუნებმა პირველად თვითონ შენს გულში აღძრან ღვთის ვედრების სურვილი, რომ შენ მარტო პირით და ენით კი არ ლოცულობდე, არამედ გულით.

3. შენს შემდეგ ნუ დაივიწყებ ხალხსაც, რომელიც დგას წმინდა ტაძარში; ისე წაიკითხე, რომ შენი კითხვა გაიგონ მლოცველებმაც, რათა მათაც შენთან ერთად, რომელიც მლოცველებს წინ უდგეხარ, ერთითა პირითა და ერთითა გულითა ილოცონ და ადიდონ უფალი.

4. თუ კარგად არ იცი კითხვა, მაშინ ეცადე, რომ სახლში ხშირად იკითხო საღმრთო და საეკლესიო წიგნები, რომ ტაძარში ყოველთვის შეგეძლოს ამ წიგნების კითხვა კეთილკრძალულებით, გარკვევით და ყველას გასაგებად.

5. როცა სხვა კითხულობს და ცდება, ხმამაღლა ნუ გაუსწორებ მას შეცდომას ღვთისმსახურების დროს, რომ ამით მლოცველების მყუდროება არ დაარღვიო; შენ თვითონ დაიხსომე ეს შეცდომა და ღვთისმსახურების გათავების შემდეგ უთხარი მას ჩუმად.

6. იმათ, რომელთაც კითხვა არ იციან, სრულებით არ უნდა წააკითხონ, ვიდრემდის ისინი სახლში არ მიეჩვევიან კარგად და კეთილკრძალულებით კითხვას.

7. ღვთისმსახურების დროს ისე არ უნდა დაახველო, რომ მთელს ეკლესიაში გაისმას ხმა, არ უნდა ილაპარაკო, მით უმეტეს, არ უნდა გაიცინო, ვინაიდგან თუ თქვენც კი, მკითხველნი და მგალობელნი, იწყებთ ლაპარაკს, სიცილს და ხმაურობას, მაშინ როგორღა ილოცავს ხალხი, რომელიც შეიკრიბა ტაძარში, რათა თქვენთან ერთად შეევედროს ღმერთს?

8. თუ ვინიცობაა, რომ ღვთისმსახურების დროს დაგჭირდეს ტაძარში გავლა, ნუ აჩქარდები, ხალხს ნუ წაჯეგავ, უმთავრესად ეცადე, რომ ფეხი ფრთხილად დაადგა, რომ წაღის ქუსლების ხმა არ გაისმას, გაიარე ჩუმად, წყნარად, კეთილკრძალულებით, რომ შენგან მლოცველებმაც ისწავლონ ტაძარში დგომა და გავლა-გამოვლა ღვთისმსახურების დროს.

9. ეცადე, რომ გალობითაც იგალობო გონიერად და წმიდის გულით, რათა შენმა გალობამ მლოცველთა გულში აღძრას ღვთის ვედრება.

10. იგალობე ისე, რომ სიტყვები ესმოდეს კაცს, ნუ ჩქარობ.

11. გალობის კილოს ნუ შეცვლი შენი ნებით: ვთქვათ, დღეს ერთი საგალობელი იგალობე ერთ კილოზე; მეორე დღეს იმავე საგალობელს სხვა კილოზე ნუ გალობ, - ამის გამო გარეშე პირს არ შეუძლიან, გალობა შეისწავლოს.

12. იკითხე და იგალობე ყოველთვის ერთგვარი კეთილკრძალულებით და მუყაითობით, მიუხედავად იმისა, ბევრი ხალხია ტაძარში თუ ცოტა. შეიძლება, ტაძარში მარტო მღვდელი, შენ და ყარაული იქნეთ, მაგრამ შენ მაინც ბეჯითად და კეთილკრძალულებით შეასრულე შენი მოვალეობა. ასე უნდა მოიმოქმედო, რადგან შენ ემსახურები ღმერთს და არა ხალხს. შენ ფსალმუნებით და სასულიერო საგალობლებით უწოდებ ხალხს ღვთისადმი და ასწავლი მათ, იცხოვრონ ღვთის სასიამოვნოდ, და როცა რაიმე მიზეზისა გამო ანუ საქმის დღეებში ტაძარში მლოცველები არ იქნება, მაშინ უფრო ვალდებული ხარ შენ, მათ მაგიერ კრძალულებით შეევედრო უფალს.

13. თუკი ვინმე მოიპოვება ისეთი, რომლისგან შეგიძლია შეისწავლო კარგი და კეთილგანწყობილი გალობა, ნუ დაიზარებ, უფრო კარგად შეისწავლო გალობა, აგრეთვე უყურადღებოდ ნუ გაუშვებ მცოდნე პირთა რჩევა-დარიგებას.

14. როცა მღვდელი გითითებს რაიმე შეცდომა-ნაკლულევანებაზე, ნუ გაჯავრდები, ნუ გაიბუტები და ნურც წინააღმდეგობას გაუწევ მას, არამედ მოისმინე და გაისწორე შეცდომა, ვინაიდგან მღვდელი ვალდებულია გაგისწოროს შეცდომა; თუ მღვდელმა არ გიჩვენა შენი შეცდომა, მაშინ იგია პასუხისმგებელი.

15. საზოგადოდ, რჩევანი და განკარგულებანი მღვდლისა ეკლესიის შესახებ სიხარულით და სიყვარულით აღასრულე, ვინაიდგან შენ ასრულებ ღვთის საქმეთა.

16. კეთილი, გამგონე, ღვთის საქმის მოსიყვარულე და გულსმოდგინე მკითხველნი და მგალობელნი აკურთხოსმცა უფალმა და შეეწიოს მათ, რათა უმეტესად შეისწავლონ თავიანთი საქმე, რომ იგინი ღირსნი გახდნენ, მოისმინონ უფლისაგან სასურველი სიტყვები: "კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათ. 25:21); ხოლო დაუდევარნი და ზარმაცნი ნუ დაივიწყებენ წინასწარმეტყველის სიტყვებს: "წყეულ არს კაცი, რომელიც უდებებით ასრულებს ღვთის საქმეთა". ამიტომ თავს ნუ დაიღუპავთ, ცოდვაში ნუ აგდებთ ხალხს, გასწორდით და აღასრულეთ საქმენი ღვთის შიშით და კეთილკრძალულებით.

 

კატეგორია: მედავითნე | დაამატა: vasoelis (02.01.2017)
ნანახია: 180 | ტეგები: რჩევები მედავითნეებს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0