„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღიასას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, „მამაო ჩვემოს“ გალობის შემდეგ კი ტროპარის „მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი...“ გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და „საფლავში“ დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. „ღვთისმშობლის გოდებაც“ აღევლინოს. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა. ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.
დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ. ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან. და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!
| |
| |
ნანახია: 131 | | |
სულ კომენტარები: 0 | |