„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი - აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას - იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას. იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება. იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა. დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“ (II ფს. 1, 2). გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ. ვნების შვიდეულის პირველ დღეს – დიდ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. უნაყოფო ლეღვი იმ ქრისტიანების სულის სიმბოლოა, რომელნიც სინანულის ნაყოფს არ ისხამენ. საეკლესიო სწავლების თანახმად, როდესაც უფალი ბეთანიიდან წამოვიდა, მოშივდა, ლეღვის ხე დაინახა, რომელიც გაფოთლილი იყო, თუმცა ახლოს მისულს ლეღვი უნაყოფო დახვდა. იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვის ხე. იესომ ხის შერისხვით აჩვენა, რომ ურწმუნო და უნაყოფო სულები ისეთივე მიუღებელია ღმერთისთვის, როგორც უნაყოფო ხე.
18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. 19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! 21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. 22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.
| |
| |
ნანახია: 141 | | |
სულ კომენტარები: 0 | |