ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

იგავი ათ ქალწულზე

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25:40).

გავიხენოთ ათი ქალწულის იგავი: ქალწულებს ზეთის მოგროვება ევალებათ, რათა სიძის მოსვლისას ზეთით სავსე ფიალები აანთონ - მხოლოდ რწმენა და ღვთის მოლოდინი ადამიანს ვერ გადაარჩენს, თუ უფლის მოსვლის ჟამისთვის ზეთი - კეთილი, სათნო საქმეები არ ექნება დაგროვებული. ამის გარეშე "სიძე იგი" არ მიიღებს ქალწულებს ქორწილში, - გვასწავლის იგავი. ქორწილში სასუფეველი იგულისხმება, ქალწულებში კი ადამიანები.

უფალი არ გვაუწყებს თავის მოსვლის დროს და ჟამს. ამიტომ ყოველწამს მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.
 

მათე 25, 1–13

1. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. 3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. 5. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. 7. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. 9. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. 10. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. 11. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! 12. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. 13. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.

 

 

კატეგორია: მარხვანი | დაამატა: vasoelis (02.04.2017)
ნანახია: 118 | ტეგები: დიდი სამშაბათი, ვნების შვიდეული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0