„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მარხვა
2. მარხვების დროს გარკვეული სახის საკვებისაგან ხანგრძლივი თავშეკავება ხომ არ აზიანებს ჯანმრთელობას? 3. როგორი სახის მარხვები არსებობს? 4. რომელი მარხვებია დაწესებული წლის განმავლობაში? 6. როგორ უნდა ვიკვებოთ ყველიერში? 7. დაშვებულია თუ არა უზეთო მარხვის დროს თაფლი, მზესუმზირა, ნიგოზი, ზეთისხილი? 8. ღვინის სმა თუ შეიძლება მარხვაში? 9. რა სახის საკვები ეკრძალება ქრისტიანს? 10. რა განსხვავებაა ქრისტიანულ მარხვასა და ვეგეტარიანელობას შორის?
1. რისთვისაა საჭირო მარხვა?ზოგადად მარხვა ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია; არსებობს სულიერი და ხორციელი მარხვა. პირველი ადამიანები – ადამი და ევა – დაეცნენ ღვთის ურჩობის გამო, თავნებობით, ამპარტავნებით; პირველი ცოდვა იყო მარხვის დარღვევა – აკრძალული ხილის ჭამა. როგორც წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: „მარხვა სამოთხეში მოგვეცა; ადამმა ეს მიიღო პირველ მცნებად: „ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან“ (დაბად. 2,17). ეს სიტყვა: „არა შჭამოთ“ არის მარხვისა და თავშეკავების მცნება. ევას რომ ემარხა და ხისგან არ ეჭამა, ჩვენთვის ეს მარხვა საჭირო არ იქნებოდა, რამეთუ „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათ. 9,12). ვინაიდან ცოდვისგან ვართ დაზიანებულნი, უნდა განვიკურნოთ სინანულით, ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულია“.[1] მარხვა გვაჩვევს ეკლესიის მორჩილებას, საკუთარ ნება-სურვილზე უარის თქმას. ვნებები (სულის სნეულებები) ადამიანს ანდომებენ საკუთარი ნებით ცხოვრებას, ცოდვებისადმი მონობას და მათ შორის საჭმელ-სასმელში ზღვარგადასულ სიამოვნებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ვნებებს და სულსაც და ხორცსაც ვნებს. მარხვა კი პირიქით, მორჩილებითა და მოთმინებით სულსაც კურნავს და ხორცსაც. თუმცა მარხვა მხოლოდ საკვებით (და ისიც მხოლოდ მარხვის დღეებში), საკმარისი არაა; ქრისტიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს დაიცვას მისი გონება, გული და გრძნობის ორგანოები ცოდვისაგან. თუ ადამიანი სასმელ-საჭმელზე დაწესებულ მარხვებს იცავს, მაგრამ არ ცდილობს სული დაიცვას მრისხანებისგან, შურისგან, პირფერობისგან, სიცრუისგან, ბილწი სანახაობებისგან, ბილწი სიმღერებისა და ამაო საუბრებისგან, მოყვასის განკითხვისა და დაცინვისგან, სიძუნწისგან, მაცდუნებელი ჩაცმულობისგან, ცრურწმენებისგან, – ასეთი მარხვით სულიერად ვერ განიწმინდება. წმ. ბასილი დიდი გვარიგებს: „საქები მარხვისთვის საკმარისი არაა მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება; არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი, სათნო ღვთისა. ჭეშმარიტი მარხვაა – განშორება ბოროტებისგან, ენის მოთოკვა, მრისხანების დათრგუნვა საკუთარ თავში, განდევნა გულისთქმებისა, ავსიტყვაობისა, სიცრუისა, ფიცის დარღვევისა“.[2] წმ. გრიგოლ პალამა ასე გვმოძღვრავს: „ვინაიდან თავშეუკავებლობა ყველა გრძნობის საშუალებით გამოვლინდება, ამიტომ ყველა მათგანს განუჩინოთ თავშეკავება. თუკი შენ საკვებით მარხულობ, მაგრამ თვალების ცდუნებას დაჰყოლიხარ სულის კუნჭულებში მრუშობისათვის, ცნობისმოყვარეობისა და ავსიტყვაობისათვის; სმენა – შემწყნარებელია უწესოებისა, მრუშული სიმღერებისა და უკეთური ცილისმწამებლური ჩურჩულებისა; და სხვა გრძნობებიც მიმდევრობით მავნებლობენ, – რაღა სარგებელია მარხვისაგან? – რა თქმა უნდა, არავითარი!“[3] სულის ვნებები (სნეულებები) გამუდმებით ითხოვენ საკვებს. თუ ვაძლევთ საკვებს, ძლიერდებიან, თუ არა – სუსტდებიან; შესაბამისად, სულიც ან უფრო ავადდება, ან იკურნება. სიძვის ვნება ამ ცოდვის აღსრულების გარდა ითხოვს ბილწ სანახაობებს, ვნებიან საუბრებს ან საკითხავებს, ამგვარივე ოცნებებს და ა.შ.; ნაყროვანებისა და გემოთმოყვარების ვნება ითხოვს ბევრ და გემრიელ საჭმელ-სასმელს და მასთან დაკავშირებულ საუბრებსა და ოცნებებს; ვერცხლისმოყვარების ვნება – ფულის დაგროვებას, ძვირფასი ან გასართობი ნივთებისა და ქონების შეძენას, სიმდიდრეზე ოცნებას; მოწყინების ვნება – ზედმეტ ძილს, ნებივრობას და უსაქმურობას; მრისხანების ვნება – ჩხუბსა და ყვირილს, გულში მტრობისა და ღვარძლის დამარხვას; დიდებისმოყვარების ვნება – თავის გამოჩენას, ტრაბახს, ყველაფერში საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას; ამპარტავნების ვნება – ადამიანთა შეურაცხყოფას, მბრძანებლობას, საკუთარ განსაკუთრებულობაზე ოცნებებს და ა.შ. ვნებათა ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ზოგადად მარხვაა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია ჭამა-სმაში თავშეკავება. ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმ. იოანე ოქროპირი ლოცვისა და მარხვის შესახებ ამბობს: „ნახე, რა სიკეთეები წარმოიშობა ამ ორი სათნოებიდან: ვინც ლოცულობს, როგორც საჭიროა, და თან მარხულობს, ის ბევრს არ ითხოვს, ხოლო ვინც მცირედით კმაყოფილდება, ის არ იქნება ვერცხლისმოყვარე, და ვინც ვერცხლისმოყვარე არაა, მას უყვარს მოწყალების გაღება. ვინც მარხულობს, ის მსუბუქდება და ფრთებს ისხამს, და კარგი განწყობით ლოცულობს, ბოროტ გულისთქმებს აქრობს, ღმერთს მოწყალე-ყოფს და თავის ქედმაღალ სულს ამდაბლებს. ამიტომაც მოციქულები თითქმის მუდმივად მარხულობდნენ“.[4]
[1] წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ, პირველი სიტყვა. [2] წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ, მეორე სიტყვა. [3] Св. Григорий Палама, "Во время поста и молитвы". омилия 9. [4] წმ. იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, საუბ. 57, მათ. 17,10-21.
2. მარხვების დროს გარკვეული სახის საკვებისაგან ხანგრძლივი თავშეკავება ხომ არ აზიანებს ჯანმრთელობას?მარხვა, თუ სწორად იქნება დაცული, ჯანმრთელობას აუმჯობესებს; მაგრამ თუ ადამიანი მარხვაში მიირთმევს ზედმეტ ტკბილეულს და ცომეულს, შემწვარ-მოხრაკულს, ზედმეტად ცხარე და მლაშე საკვებს, ზედმეტ ყავას, სპირტიან სასმელებს, კოკა-კოლას, ფანტას, ე.წ. ჩიფსებს და სხვა არაჯანსაღ საკვებს, შიმშილის შემდეგ გაძღომამდე ჭამს, – ასეთი „მარხვა“ დააზიანებს როგორც ხორციელ, ისე სულიერ ჯანმრთელობას. წმ. ათანასე დიდი გვასწავლის: „ხედავ, რას შვრება მარხვა? ჰკურნავს სნეულებებს, აშრობს სინოტივეს, აძევებს დემონებს, სპობს ბოროტ აზრებს, გულს განსწმენდს“.[1] აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მარხვაში, ასევე ნებისმიერ ღვაწლში საჭიროა განსჯა, ზომიერება და, რაც მთავარია, მოძღვრის რჩევა-დარიგება. როგორც წმ. კასიანე რომაელი ამბობს: „მთელი ძალითა და მონდომებით უნდა ვეცადოთ სიმდაბლის მეშვეობით განკითხვის (განსჯის, გულისხმისყოფის) ნიჭი მოვიპოვოთ, რომელსაც ძალუძს ორივე მხრივ დაგვიცვას ზედმეტობისგან. როგორც მამები ამბობენ, უკიდურესობანი ერთი მხრიდანაც საშიშია და მეორედანაც – ზედმეტი მარხვაც და მუცლის გადავსებაც, ზედმეტი მღვიძარებაც და ხანგრძლივი ძილიც, ასევე სხვა ზედმეტობები. ჩვენ ისეთებიც ვიცით, რომლებიც ნაყროვანებამ ვერ დაამარცხა, მაგრამ უზომო მარხვამ დასცა და შემდეგ ნაყროვანებაში ჩავარდნენ სისუსტის გამო, რომელიც ზედმეტმა მარხვამ გამოიწვია“.[2]
[1] Св. Афанасий Великий, О девстве. [2] Преподобный Иоанн Кассиан римлянин, Писания, собеседование 2, "О рассуждении", гл.16. стр.199, М.1892. 3. როგორი სახის მარხვები არსებობს?საეკლესიო ტიპიკონი (გარკვეული საეკლესიო წესების კრებული) აღწერს შემდეგი სახის მარხვებს: თავშეკავება საკვებისგან და წყლისგან (დიდ პარასკევს); ხმელი მარხვა (პურისა და უმი ხილ-ბოსტნეულის მიღებით); უზეთო მარხვა; მარხვა ზეთიანი საკვების და ღვინის მიღებით; მარხვა ზეთიანი საკვების, ღვინის და თევზის მიღებით; მარხვა მხოლოდ ხორცისგან თავშეკავებით (ყველიერის კვირა). დღევანდელი ქრისტიანები, ხორციელი სისუსტისა და სხვა მიზეზთა გამო, ძველ ქრისტიანებთან შედარებით ძირითადად შემსუბუქებულად მარხულობენ.
4. რომელი მარხვებია დაწესებული წლის განმავლობაში?წლის განმავლობაში დაწესებულია შემდეგი მარხვები: დიდი მარხვა (შენდობის კვირიაკიდან (კვირიაკე – კვირა დღე) აღდგომამდე), შობის მარხვა (28 ნოემბრიდან (ახ.სტ.) შობამდე), პეტრე-პავლობის მარხვა (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან პეტრე-პავლობამდე), მიძინების მარხვა (14 აგვისტოდან (ახ.სტ.) მიძინებამდე), ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა (მთელი წლის განმავლობაში, როცა არ ემთხვევა შობა, ნათლისღება და მსგეფსი), წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე (11 სექტემბერი ახ.სტ.), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი ახ.სტ.) და ნათლისღების წინა დღე. ყველიერი მართალია მარხვაა ხორცით, მაგრამ ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევს ყველანაირი საკვებით, ხორცის გარდა, ამიტომ მარხვად არ იწოდება (იხ. „მცირე სჯულისკანონი“, კან. 16). მარხვის სიმკაცრე დამოკიდებულია მმარხველის სულიერ სიმტკიცეზე, ხორციელ შესაძლებლობებზე და ცხოვრების პირობებზე (სამსახური, ოჯახი, მოგზაურობა). ზოგადად ყველაზე მკაცრი მარხვებია – დიდი ანუ აღდგომის წინა მარხვა, ოთხშაბათ-პარასკევი და მიძინების მარხვა. ამ მარხვებში ტიპიკონით თევზეულის მიღება დაშვებულია მხოლოდ დიდ დღესასწაულებში (დიდ მარხვაში ხარებას, ლაზარეს შაბათს (ხსნილია ხიზილალით) და ბზობას; მიძინების მარხვაში – ფერისცვალების დღესასწაულზე; ოთხშაბათ-პარასკევს – თუ დაემთხვა დიდი დღესასწაული ან მსგეფსი). წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულზე, ჯვართამაღლებას და ნათლისღების წინა დღეს დასაშვებია ზეთიანი საკვების მიღება, თევზი არაა დაშვებული. მარხვის შემსუბუქება ან გამკაცრება დამოკიდებულია ეპისკოპოსის ან მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე. მარხვის წესებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები სხვადასხვა ტიპიკონებს შორის, ასევე იცვლებოდა მარხვის წესი საუკუნეების განმავლობაში. როდესაც საღვთისმსახურო წიგნებში მითითებულია, რომ დიდ მარხვაში შაბათ-კვირას არ უნდა ვიმარხულოთო, ეს ნიშნავს შემდეგს: ძველად ქრისტიანები დიდ მარხვაში მეცხრე ჟამამდე (დაახლ. ჩვენი დღის 3 საათი) არ ჭამდნენ საჭმელს და შემდეგ მხოლოდ უზეთო საკვებს იღებდნენ. შაბათ-კვირას დაშვებული იყო წირვის შემდეგ სამარხვო საკვების მიღება ზეთით და ღვინით; ამის გამო, (რადგან მარხვა შემსუბუქებული იყო), ასე იწოდებოდა, რომ შაბათ-კვირას არ მარხულობდნენ. წმ. ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილ „მცირე სჯულისკანონში“ ვკითხულობთ: „ხოლო თქუენ, მორწმუნენო, ხუთთა მათ დღეთა შვიდეულისათა ხელ-გეწიფების მარხვად და უმეტესად ოთხშაბათსა და პარასკევსა, რამეთუ ოთხშაბათსა უფლისათვის ბოროტი იგი განზრახვაჲ იქმნა ჰურიათაჲ და პარასკევსა ჯუარს ეცუა უფალი, ამისთვის განწესებულ არს ორთა მათ დღეთა მარხვაჲ. ხოლო შაბათსა ნუ იმარხავთ, რამეთუ დღე არს დაბადებისა ხსენებაჲ, და კვირიაკესა ყოველსა დღესასწაულობდით, რამეთუ დღე არს ქრისტეს აღდგომისაჲ. ერთსა ხოლო შაბათსა ჯერ-არს მარხვაჲ, დაფლვისა მის უფლისა (ანუ დიდ შაბათს). (კან. 18).[1]
[1] „მცირე სჯულისკანონი“, თბილისი, 1972. 5. რას ნიშნავს მსგეფსი?ძველ ქართულად მსგეფსი ნიშნავს შვიდეულს, კვირას. ამჟამად მსგეფსებად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათ-პარასკევი მარხვა არ არის. მსგეფსია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ყველიერის კვირა (მთელი ამ კვირის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეული, რძის ნაწარმი და თევზი დაშვებულია), ბრწყინვალე შვიდეული (აღდგომის შემდგომი კვირა), სულთმოფენობის შემდგომი კვირა, პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე (7 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ახ. სტ. 18 იანვარი მარხვაა); შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც. სხვა დიდი დღესასწაულები – ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, იოანე ნათლისმცემლის კრება, მირქმა, ხარება, იოანე ნათლისმცემლის შობა, პეტრე-პავლობა, ფერისცვალება, მიძინება, ტაძრის დღესასწაული – თუ დაემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, ხსნილია თევზით; საქართველოს ეკლესიაში თევზით ხსნილია აგრეთვე: სვეტიცხოვლობა (14 ოქტ. ახ.სტ.) და მოციქულთა კრება (13 ივლისი ახ.სტ.). ჩამოთვლილი დღესასწაულების გარდა, თევზით ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევი თომას კვირიდან სულთმოფენობამდე. დიდი წმინდანების ხსენებას თევზით ხსნილია, თუ არსებობს ამის შესახებ მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა. 6. როგორ უნდა ვიკვებოთ ყველიერში?ყველიერი არის დიდი მარხვის წინა კვირა. ამ კვირის განმავლობაში ყოველ დღე, ოთხშაბათ-პარასკევის ჩათვლით, დაშვებულია ნებისმიერი საკვები ხორცეულის გარდა (სამარხვო საკვებთან ერთად დაშვებულია რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზეული). 7. დაშვებულია თუ არა უზეთო მარხვის დროს თაფლი, მზესუმზირა, ნიგოზი, ზეთისხილი?უზეთო მარხვის დროს თაფლი, მზესუმზირა, ნიგოზი და ზეთისხილი დაშვებულია. 8. ღვინის სმა თუ შეიძლება მარხვაში?ტიპიკონით მარხვაში ღვინის და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების მიღება დაშვებულია მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა), თუ არ არის უზეთო მარხვა; გამონაკლისია დიდ შაბათს – უზეთო მარხვაა, მაგრამ მცირედი ღვინო დაშვებულია. კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე. ტიპიკონში დასაშვები ღვინის რაოდენობის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა „კერასეული“, რაც დაახლოებით 200 გრამის შესაბამისია (მაგ. რომელიმე დღესასწაულზე დასაშვებია ორი კერასეული ღვინო). სასმელის რაოდენობასთან დაკავშირებით ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძველი ქრისტიანები ჩვენთან შედარებით ფიზიკურად ძლიერები იყვნენ და ღვინოსაც უფრო აიტანდნენ. 9. რა სახის საკვები ეკრძალება ქრისტიანს?ქრისტიანს ეკრძალება ნაკერპავის (კერპებისთვის შეწირული), სისხლის, სისხლიანი ხორცის, ნამხეცავის (მხეცისგან მოკლული ან დაჭრილი) და დამხრჩვალის ჭამა. (საქმე 15,20; მოციქ. კან. 63; ტრულის კრების კან. 67). 10. რა განსხვავებაა ქრისტიანულ მარხვასა და ვეგეტარიანელობას შორის?განსხვავება იმაზეა დამოკიდებული, თუ რატომ გადაწყვიტა ადამიანმა ვეგეტარიანელობა. ქრისტიანული მარხვის ძირითადი მიზანი ეკლესიის მორჩილება და სულიერი განწმენდაა, ხოლო ვეგეტარიანელები, როგორც წესი, ხორცეულს და თევზეულს იმის გამო არ მიირთმევენ, რომ ეს მიუღებლად მიაჩნიათ რელიგიური ან ზნეობრივი პრინციპიდან გამომდინარე; ზოგიერთები რძის ნაწარმს, კვერცხს და თაფლსაც არ მიირთმევენ; ზოგი კი ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელზეც უარს ამბობს. თუ ადამიანი მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით იკავებს თავს ხორცეულისგან ან სხვა საკვებისგან, ეს არის დიეტა და არა ვეგეტარიანელობა. ვეგეტარიანელობის იდეა მოდის ინდუიზმიდან და ბუდიზმიდან და დაკავშირებულია ამ რელიგიების ცრუსწავლებებთან, ამიტომ თავისი არსით ქრისტიანული მარხვისგან განსხვავებულია. ქრისტიანებს ცოდვად ეთვლებათ, თუკი ხორცისაგან და ღვინისგან თავს იკავებენ არა მოღვაწეობის ან ჯანმრთელობის გამო, არამედ მიუღებლობის გამო, ანუ თუ თვლიან, რომ ამგვარი საკვების მიღება დაუშვებელია რაიმე მცდარი მიზეზით, როგორც მაგ. ძველი გნოსტიკოსები თვლიდნენ. (იხ. მოციქ. კან. 51, 53). ზოგიერთები ამბობენ, რომ ვეგეტარიანელობა მათ ცხოველების სიბრალულის გამო გადაწყვიტეს, მაგრამ მაშინ მცენარეებმა რა დააშავეს, ისინიც ხომ ცოცხალი არსებები არიან? ცხოველების საჭიროების მიზნით დაკვლა დანაშაული რომ ყოფილიყო, წმიდა წერილში ამის შესახებ აუცილებლად ეწერებოდა. ძველ აღთქმაზე რომ არაფერი ვთქვათ, სახარებაში ვკითხულობთ, რომ თვით მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად უარი არ თქვა ებრაელთა პასექზე, ანუ ბატკნის დაკვლა არ ჩათვალა მიუღებლად (იხ. მარკ. 14,12). არც სულთმოფენობის ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების შემდეგ შეურაცხიათ მოციქულებს ხორცის ჭამა უზნეო საქმედ. | |
| |
ნანახია: 108 | | |
სულ კომენტარები: 0 | |